Home რუბრიკები საზოგადოება კაცი

კაცი

ფრიდონ თოდუას 70 წლისადმი მიძღვნილი წერილიდან

882
ფრიდონ თოდუა

დიდი ხნის წინათ ერთ ჩემს მეგობარს სამედიცინო დახმარება დასჭირდა და მოსკოვს გაემგზავრა. იმ დროს მეც იქ აღმოვჩნდი და, მისი თხოვნით, კონსულტაცია გავიარე კომპეტენტურ ადამიანებთან, რჩევა ვიკითხე საუკეთესო მკურნალის შერჩევის თაობაზე. ლეგენდარულმა ქირურგმააკადემიკოსმა, თბილისში დაბადებულგაზრდილმა ვლადიმერ ბურაკოვსკიმ რომ მოისმინა უარყოფითი პასუხი მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა ფრიდონ თოდუას, მირჩია: გაიცანი და ანდე შენი მეგობრის ჯანმრთელობა, ჩინებული ექიმი, ერთობ საიმედო კაციაო!

ახლაც მახსოვს, რა ინტონაციით მითხრა: “ჩინებული ექიმი”, “საიმედო კაცი”.

მას შემდეგ გავიდა ნაცნობობის, თანამშრომლობისა და მეგობრობის 35 წელიწადი.

და ამ ხნის განმავლობაში არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, რომელიც, სულ მცირე, პაწაწინა ეჭვს მაინც შეიტანდა დიდი ვლადიმერ ბურაკოვსკის რეკომენდაციაში.

ფრიდონ თოდუა დიდი დასტაქარია!

და ეს იცის არამარტო სამედიცინო საზოგადოებამ და მთელმა საქართველომ, არამედ უამრავმა კოლეგამ, მეცნიერ-მედიკოსმა ძალიან ბევრ ქვეყანაში.

ფრიდონ თოდუა ნაღდი კაცია, უღალატო მეგობარი.

და ბევრ ადამიანს რეალურად გამოუცდია მისი ექიმობის შედეგი, რაც პირდაპირ კავშირშია მის ვაჟკაცურ ბუნებასთან, რისკთან, გაბედულებასთან, უანგარობასთან. და ყველაფერი ეს იმაზე ღაღადებს, რომ იგი მართლაც დასაყრდენია, გაჭირვებულის დამხმარე, უშურველი. ასევე უღალატოა მეგობრების მიმართ. და მის ამ თვისებაზე არაფერი არ მოქმედებს _ არც პოლიტიკური კონიუნქტურა და არც ბიოგრაფიულ-კარიერული გარდატეხები.

ამ ხნის განმავლობაში მის მიმართ, ზემოჩამოთვლილის გარდა, კიდევ ბევრი სასიამოვნო და დასაფასებელი “აღმოჩენა” გაკეთდა და მათგან უმთავრესია ის, რომ ფრიდონ თოდუა საქმის(!) კაცია _ საქმისმკეთებელი, სხვისი საქმის მხარდამჭერი, წამხალისებელი, ხელისშემწყობი.

მის მიერ შექმნილი უნიკალური, თანამედროვე სამედიცინო ცენტრი და მისი კოლექტივის საქმიანობა იმაზე მეტყველებს, რომ აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გახლავთ ბრწყინვალე ორგანიზატორი, სტრატეგი, ტაქტიკოსი, შედეგზე ორიენტირებული და, რაც მთავარია, პროგრესული აზროვნების, სიახლეების მოტრფიალე და პრაქტიკაში მისი დამნერგავი, ახალგაზრდა სპეციალისტების უანგარო გამზრდელ-დამაოსტატებელი, ნამდვილი პედაგოგი.

და კიდევ ერთი, რაც, ჩემი აზრით, ღირს, რომ ახლა, სწორედ დღეს ითქვას, თანაც იმათ გასაგონად, ვისაც, საქმისა და სიკეთის კეთების მაგივრად, შური და ქილიკი ხელეწიფება: ასეთი რანგის ავტორიტეტული სპეციალისტებისადმი, მეცნიერებისადმი, კულტურის მოღვაწეებისადმი, მით უმეტეს, გამოჩენილი ექიმებისადმი “ლტოლვა” ყველა დროის ხელისუფალს ახასიათებს. გამონაკლისი არც გასული ათწლეული იყო.

ობიექტურობა მოითხოვს იმის ხაზგასმით აღნიშვნას, რომ, ყოფილი ხელისუფლების ინიციატივით, მეცნიერებათა აკადემიის პირველ ვიცეპრეზიდენტად არჩეულ ფრიდონ თოდუას მოუხდა დიდი სიბრძნის, მოქნილობის, თმენის, ზოგჯერ კი თავგანწირვამდე მისული პრინციპულობის გამოჩენაც, რათა ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისთვის აერიდებინა, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტური ჩარევა, მავანისა და მავანის უგუნურება, რომლის საბოლოო მიზანი, რეფორმა კი არა, ამ დიდი აკადემიის საბოლოო განადგურება იყო.

ასევე, თავად ვარ მოწმე იმისა, რომ აკადემიის ვიცეპრეზიდენტს ძალისხმევა არ დაუკლია, რათა აკადემიის სისტემის ცალკეული სტრუქტურების, ცალკეული მეცნიერებისთვის არ გამოეტანათ დედაუნივერსიტეტის პროფესურისადმი “გამანადგურებელი განაჩენი”, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან არათუ სუბიექტური და უსამართლო იყო, არამედ _ პრიმიტიული ანგარიშსწორების გამოვლინებაც მაშინდელი ხელისუფლების ზოგიერთი გათავხედებული მაღალჩინოსნის მხრიდან.

და ყოველივე ამას ფრიდონ თოდუა აკეთებდა უხმაუროდ, უანგაროდ, მეცნიერული სინდისისა და პატრიოტული სულისკვეთების, თავმდაბლობის, ზნეობრივი პრინციპების მაქსიმალური დაცვით.

ასე კაცები იქცევიან!

ასე ცხოვრობენ საიმედო ადამიანები!

ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს

ნუგზარ ფოფხაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here