ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, სერიოზულად გადაწყვიტა პროდუქტებზე ფასების გაკონტროლება. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პრემიერი უხელმძღვანელებს, და მასში ეკონომიკური გუნდის მინისტრებიც შედიან. ჰოდა, ძნელი წარმოსადგენია, ასეთმა შემადგენლობამ ზერელედ მიხედოს საქმეს. მეორე მხრივ, უქმად არც შემომტანები სხედან და უკვე აცხადებენ, რომ პროდუქტები გაუძვირდათ. უფრო კონკრეტულად: აქცენტი ბურღულეულზე კეთდება, ანუ იმ პროდუქტებზე, რომლებიც კარგად იყიდება და დიდი გასავალი აქვს.
შემომტანები ამბობენ, მაგალითად, მაკარონი 39%-ით გაძვირდა და ამიტომ იძულებულნი ვართ, ფასს მოვუმატოთო. დაკლების ნაცვლად უმატებენ, მაგრამ… იცით, აქ ყველაზე საინტერესო რა არის? მაკარონის ძირითადი მომწოდებელი არის რუსეთი, რომელსაც მოწოდების ფასი არ გაუზრდია. რა გამოდის? ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ გამოსავალი დროზე იპოვონ, ახლავე დაიწყონ ფასების მომატება, რადგან, როცა კომისია დასკვნას დადებს და თითს დაუქნევს, ახლა მიღებულ ფასნამატს შეამცირებენ და იტყვიან, გავაიაფეთო. სინამდვილეში კვლავ დიდ მარჟაზე იმუშავებენ. ვიმედოვნებთ, ეს ყველაფერი ხელისუფლებამაც კარგად იცის და შემომტანებს არ მისცემს შესაძლებლობას, ისე მოიქცნენ, როგორც აპირებენ. კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო დეტალი – თუ გახსოვთ, წინასაახალწლოდ კვერცხის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო ნაახალწლევს კვერცხის გაძვირება მოუწევდათ. ჰოდა, მარკეტებში კვერცხი მართლაც გაძვირდა, მაგრამ…
„მართალია, ვთქვით, რომ ახალი წლის შემდეგ კვერცხის ფასი 2 თეთრით მოიმატებდა, მაგრამ ჯერჯერობით ფასი არ აგვიწევია და რატომ გაძვირდა მარკეტებში პროდუქტი, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მეფრინველეობის ასოციაციის შეფმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა. რა გამოდის? დაანონსებული გაძვირება არ მომხდარა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სადისტრიბუციო კოპანიებისა თუ ქსელური მარკეტებისთვის, ფასი მოემატებინათ. თუ გახსოვთ, როცა ფასების მომატებაზე საუბრობდა პრემიერი, აქცენტი სწორედ სადისტრიბუციო კომპანიებზე გააკეთა.
არანაკლები პრობლემაა ის, რომ მაკარონი ლამის სრულად შემოგვაქვს და ადგილობრივი წარმოება არ არსებობს. როგორც გვეუბნებიან, პროდუქტი, რომელიც ქართულად არის შეფუთული, სინამდვილეში შემოტანილია, შემდეგ აქ იფუთება და თითქმის ყველა შეფუთვაზე წერია, რომ „წარმოებულია რუსეთში, შეფუთულია საქართველოში“. ესეც ხომ კოსმოსური ხომალდის ნაწილი არ არის, აქ რომ ვერ დავამზადოთ?! ბოლოს და ბოლოს, მაკარონის დამზადებას წყალი, კვერცხი, ფქვილი და მარილი სჭირდება, შემდეგ – ყალიბი, საშრობი და… მივდივართ იქამდე, რომ მუშახელის პრობლემა გვიდგას. ადგილზე წარმოებას შემოტანა სწორედ მუშახელის გამო სჯობს, რადგან აქ უფრო ძვირი ჯდება. პარადოქსია, მაგრამ ასეა და ამის გამოც არის, ევროპა ბოლო ხანს ინდუსებმა რომ წალეკეს, ისინი იქ სწორედ იაფი მუშახელის სტატუსით შეუშვეს. ქართველებიც სამუშაოდ ევროპას ამჯობინებენ და მერე რა, რომ იქ მათხოვრულ ხელფასზე არიან, იქაური ჯამაგირი ურჩევნიათ და კარგი იქნება, ყბადაღებული შრომის კოდექსი, რომელიც ვითომდა მიიღეს და დახვეწეს, მართლა დახვეწონ, და რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს ეს ყველაფერი, ერთხელ გადავიტანოთ და ადამიანებს ღირსეულ სამსახურთან ერთად ღირსეული ჯამაგირიც მივცეთ. ისე, ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობის გაზრდა პირდაპირ არის მიბმული საკვები პროდუქტის ფასებზე და, პროდუქტი თუ გაიაფდება, ეგებ ამჟამინდელ ხელფასსაც გამოუჩნდეს მსურველი. ცოდვა გამხელილი სჯობს და ხშირად არ არის ურიგო ჯამაგირი, მაგრამ ცოტა გავზარმაცდით ქართველები, ეს განსაკუთრებით მამაკაცებზე ითქმის. ბევრს გაუტკბა საზღვარგარეთიდან ცოლისა თუ დედის გამოგზავნილი ფული და ახლა ვერ ხვდება, რატომ უნდა იმუშაოს, რისთვის უნდა შეიწუხოს თავი, როცა საკვებიც აქვს, ტანსაცმელიც და უბანშიც დომინოს თუ ჯოკერის კარგი მოთამაშე ჰქვია.
ისევ ბაზარს დავუბრუნდეთ. გაგიკვირდებათ და, ადგილობრივი მწვანილი აქაურ ბაზარზე ნაკლებად იყიდება, მიუხედავად იმისა, რომ შემოტანილზე იაფია. როგორც გამყიდველები გვიხსნიან, შემოტანილს უკეთესი სასაქონლო „ვიდი“ აქვს და, რაც მთავარია, გაცილებით მძაფრი სურნელი, ვიდრე ადგილობრივს. ეს ამბავი კარგად მოვიკითხეთ და ქინძის მაგალითზე გეტყვით. თურმე ქინძის ძირითადი შემომტანი საქართველოში ისრაელია და იქაური პროდუქტი მართლაც საუცხოოდ გამოიყურება დახლზე, მაგრამ…
„ვერ გეტყვით, რას იყენებენ, მაგრამ კონკრეტულად ისრაელში მოყვანილი მწვანილი ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ, უბრალოდ, აკრძალა იმ ქიმიკატების გამო, რომელთაც მათ მოსაყვანად იყენებენ. სუნიც და გემოც ისრაელის მწვანილს ისეთი აქვს, შეიძლება ნესტოები დაგეწვათ, ანუ ძალიან მძაფრია და ადვილი მისახვედრია, რომ ქიმიკატების მეტისმეტად დიდი დოზა აქვს, მაგრამ შესახედავად ისეთია, უკეთესს ვერ ინატრებ. ჩვენთან კი ხომ იცით, თვალი ჭამს და თვალი სვამს. აქაური მწვანილი თითქოს შუხედავია, მაგრამ გაცილებით ჯანმრთელი“, – გვეუბნება პირი, რომელსაც, წლებია, მწვანილის ბიზნესი აქვს და… ყიდის იმას, რაზეც უფრო მეტი მოთხოვნაა.
ჰოდა, შესაბამისი კომისია, ფასის გარდა ხარისხსაც თუ გააკონტროლებს და შეეცდება, აკრძალოს ის, რაც 35-მდე ქვეყანაში აკრძალულია, ურიგო არ იქნება. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ იაფს, არამედ ჯანსაღ პროდუქტსაც მივიღებთ და სავარაუდოდ, ონკოლოგიური დაავადებების მზარდი სტატისტიკაც შემცირდება. ონკოლოგია ტყუილად არ გვიხსენებია. აღარავინ მალავს, რომ გაიაფებული მედიკამენტები ისევ გაძვირდა და ისევ უზარმაზარი ფასნამატი აქვს. საუბარი 300 და 400 პროცენტზეა, მაშინ, როცა მოქმედ პრემიერს პროდუქტებზე 86%-იანი ფასნამატი არ მოეწონა. თანაც, იცით, როგორ არის? საკვები შეიძლება მოიკლო, ხორცი და თევზეული არ იყიდო და კარტოფილი შეჭამო კვირიდან კვირამდე, მაგრამ, როცა საქმე წამალს ეხება, ვერ იტყვი, რომ სხვა წამალს მიიღებ, იმას, რომელიც უფრო იაფი ღირს, უნდა მიიღო ის, რომელიც ექიმმა გამოწერა და სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ჰოდა, ლოგიკურად შიში თუ ეჭვი გვიჩნდება, რომ პროდუქტებზე ფასების დარეგულირების (გვჯერა, რომ დარეგულირდება) შემდეგ იგივე არ მოხდეს, რაც მედიკამენტების შემთხვევაში და ისევ ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდეს ყველაფერი. რატომღაც გვგონია, რომ ეს თავხედობა (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ), რომელიც სააფთიაქო ბიზნესში ჩართულებმა ჩაიდინეს, დაუსჯელობის სინდრომით არის გამოწვეული. ანუ იმაზე, რომ წლების განმავლობაში მოსახლეობას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ატყავებდნენ და კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებოდნენ, პასუხი არავინ აგო და ამიტომ გაბედეს ეს ყველაფერი. შესაბამისად, იმავეს მოიმოქმედებენ პროდუქტებზეც, თუ კონკრეტული ადამიანები არ დაისჯებიან. არ ვამბობთ, გინდა თუ არა, ციხეში ჩასვითო, მაგრამ ფინანსური სანქციები უნდა შეეხოს და თანაც ისე, რომ იგრძნონ.
სხვა, აბა, რა გითხრათ?! აგერ, ერთ-ერთმა ქართველმა ფერმერმა, ნიდერლანდელებისგან მაგალითი აიღო და 50 ჰექტარზე ჯერ კარტოფილი მოიყვანა, შემდეგ კი მეორე მოსავლად ჭარხალი მოიწია. კარტოფილის გაყიდვა არ გასჭირვებია, მართალია, იმ ფასად არა, რომელსაც ელოდა, მაგრამ გაყიდა. აი, ჭარხალი დღემდე უწყვია და არ იცის, 150 ტონა პროდუქტს რა მოუხერხოს, ვის და რა ფასად მისცეს. არავის უნდა აქაური ჭარხალი, შემოტანილს ეტანებიან და ეს იმის მიუხედავად, რომ გემოვნური თვისებებით, ფასითა და ხარისხით აქაური სჯობს. უბრალოდ, როცა 150 ტონა გაქვს, აზრი არ აქვს 20 და 30 კილოგრამის გაყიდვას, დიდი ოდენობით კი არავის მიაქვს. სხვათა შორის, ანალოგიური რამ ხშირად ხდება ხოლმე კომბოსტოზე, დიდი რაოდენობით მოდის და შემდეგ მწარმოებლები 10 და 20 თეთრად გაყიდვას იხვეწებიან და ეს მაშინ, როცა კომბოსტო ბაზარში, სულ ცოტა, 1 ლარი ღირს. გამოდის, რაღაც პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ და რაღაცები არ მოვიყვანოთ, მაგრამ პრიორიტეტების ძიებაში იქამდე მივედით, რომ სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი შემოგვაქვს და შემოტანილი ადგილობრივ ნაწარმს უსწრებს. გამონაკლისი ამ ეტაპზე ვაშლატამა, ატამი და ყურძენია, მაგრამ, თუ ასე გაგრძელდება, არც ის დროა შორს, როცა ღვინის ქვეყანაში შემოტანილი ყურძენი უფრო მეტი იქნება. სუფრის ყურძენი უკვე იმაზე მეტი შემოგვაქვს, ვიდრე ვაწარმოებთ, და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა პროდუქტის განადგურებამდე მივედით.
ბესო ბარბაქაძე







