Home რუბრიკები საზოგადოება იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც…

იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც…

მასწავლებლებს პანდემიის გამო შემოღებული წესები აფიქრებთ, რომელთა წყალობით შარშან ჯანმრთელობის პრობლემები ბევრ მათგანს შეექმნა

119

მას შემდეგ, რაც არსებობს სკოლა და სასწავლო პროცესის წარმმართველია მასწავლებელი, ყოველთვის თავს წამოყოფს ხოლმე პრობლემები, რომელთა გადაჭრა გულმოდგინებასა და სერიოზულ დამოკიდებულებას საჭიროებს, რადგან, როგორც ერის მამა ამბობს, “სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია არამც თუ სვებედი მარტო მომავლის თაობისა, არამედ სვებედი თვითონ ქვეყნისაც, რადგანაც ქვეყნის მომავალი მომავალის თაობის კუთვნილია და, მაშასადამე, მის ხელთ იქმნება”, “განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს”.

აი რას წერდა ილია ჭავჭავაძე 1886 წელს იმხანად განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მასწავლებლისადმი დამოკიდებულებაზე, მისი შრომის ჯეროვნად დაფასებასა და წახალისებაზეც.

ქალი მასწავლებელი

პატიოსანი და ყოვლად მაღალ-ზნეობიანი ჯაფა და გამრჯელობა ოსტატისა, მასწავლებელისა, გამზრდელისა, ქალია თუ მამაკაცი, იმოდენად პატივდებული არ არის, რამოდენადაც ღირსია. ეგ რომ მარტო ჩვენში იყოს ესე, კიდევ იტყოდნენ, გაუნათლებელი, გონება-გაუხსნელი ქვეყანაა და, რასაკვირველია, აგრე იქნება ჯერ-ხანადაო. საქმე იმაშია, რომ ბევრგან სხვაგანაც ეგრეა, ჩვენდა სამწუხაროდ. სხვა, რაც უნდა მდაბიო სამსახური იყოს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რაც უნდა მცირე თანამდებობა ეჭიროს კაცსა, რაკი თანამდებობაა და სამსახურია, უფრო მომატებულის პატივისცემით ექცევიან.

ამას კიდევ როგორმე გაუძლებდნენ, თუ რომ მასწავლებლის მართლადა მძიმეს, რთულს და დიდს ჯაფას და მოვალეობას გასამრჯელო მაინც საკმარისი ეძლეოდეს. ეს ნამეტნავად ცხადია მათ შესახებ, ვისაც სასოფლო სკოლის მასწავლებლობა თავის მიდრეკილებისამებრ ამოურჩევია და მისთვის შეუწირავს თავისი უკეთესნი დღენი ცხოვრებისანი. ამათ არც სამსახური სამსახურად ეთვლებათ და არც იმოდენა გასამრჯელო აქვთ, რომ სოფლის მასწავლებელის ჭირნახულობისათვის ცოტად მაინც შეზომილი იყოს. ცოტად თუ ბევრად ნასწავლი, გონება-გახსნილი სოფლის მასწავლებელი არის სადღაც მიყრუებულ ადგილას, ქვეყნის სიამოვნებას მოშორებული, ბევრჯერ მშიერი, ბევრჯერ მწყურვალი, ბევრჯერ სიცივეში, ზოგჯერ რიგიანი სადგურიც არა აქვს, რომ ავდარს მაინც გადურჩეს გაულახველად, დილიდამ საღამომდი იბრძვის, იღვწის ბავშების მომზადებისა და აღზრდისათვის და ყოველ ამისათვის ოცი და ოცდაათი თუმანი აქვს წელიწადში საცხოვრებლად.

კაცმა რომ სამართლიანად გასინჯოს ეს ყოვლად უნუგეშო გარემოება სოფლის მასწავლებლისა, დააკვირდეს მის დაუღალავს ღვაწლს ყოველის დღისას, არ შეუძლიან იმ აზრზედ არ დადგეს, რომ სოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული.

ამ მხრით უფრო უარესს ყოფაში არიან ქალები მასწავლებელნი, ნამეტნავად თუ ბედს არ ურგუნებია მათთვის სახელმწიფო სასწავლებელში სადმე რაიმე თანამდებობა. ამათი ჯაფა, იმავე თავგაწირულობით და სიმძიმით დატვირთული, უფრო ნაკლებ პატივცემულია, უფრო ნაკლებ დაზღვეულია გასამრჯელოთი და სასყიდლითა. გარდა ამისა, რაც უნდა უკეთ მომზადებული იყოს, რაც უნდა თავ-გამომეტებული თავისის თანამდებობის აღსრულებისათვის, რაკი ქალია, იშვიათად უპირატესობა მიეცემა ხოლმე მამაკაცის წინაშე, როცა ორივენი ერთს დროს წარსდგებიან ადგილის საშოვნელად. ეს გარემოება და ცილება ხშირად კარგად მომზადებულს ქალს ულუკმა-პუროდ სტოვებს და საწყალი ქალი, რომელმაც უკეთესი თვისი დრო მასწავლებლად მომზადებას მოახმარა და შესწირა იმ პატიოსანის ფიქრით, რომ ჩემს დედ-მამას მუქთამჭამელად აღარ ვეყოლებიო, მე თვითონ მოვინაგრებ რასმეო, გულდაწყვეტილი ემორჩილება უმართლოებას და გარემოების სისასტიკეს, ზნეობრივად დაჩაგრული და ღონე-მიღებული.

ასეთმა ყოფამ ქალის-მასწავლებელისამ გამოიწვია ჩვენში ერთგვარი საზოგადოება საკუთრივ ქალთა-მასწავლებელთა შემწეობისა და ხელშეწყობისათვის. სასიამოვნო ეს არის, რომ ეს საზოგადოება შესდგა თვით ქალების თაოსნობით და მეცადინეობით და 4-ს იანვარს, როცა დამტკიცებულის წესდების ძალით, პირველი კრება მოხდა ამ საზოგადოებისა, საზოგადოება მოქმედებას შეუდგა, _ საზოგადოების მმართველად და გამგებელად სულ ქალები არიან ამორჩეულნი და სწორედ ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ საქმე კეთილად წარიმართება. ქალები ამისთანაებში უფრო მხნენი, უფრო მოხერხებულნი, უფრო დაუღალავნი არიან, ვიდრე, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენ, მამაკაცნი, ვართ. ამ საქმის დამწყებთა სადიდებლად და ჩვენდა სასიხარულოდ ჩვენ ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა ჩვენში ქალების მხრით თავისის საკუთარის ძალ-ღონით ბურთის გატანისა ცხოვრების მოედნიდამ. პირველი მაგალითია, რომ ქალებს თავისი საქმე დაუწყიათ უსარგებლო ჩივილით და ხვეწნით კი არა, როგორც აქამდის ვიცოდით ხოლმე, აცა გვიშველეთ, ვიღუპებითო, არამედ თვისი საკუთარი მხნეობა, საკუთარი თაოსნობა და საკუთარი თვითმოქმედება ფარხმლად აუღიათ, რომ თავის საკუთარის ძალ-ღონით წინ აღუდგნენ ქალთა დამჩაგრავს გარემოებასა და ბედი, შეძლებისამებრ, თავისაკენ მოატრიალონ. ამ თვითმოქმედებაშია მთელი სიმძიმე ამ თავმოსაწონის და პატიოსანის საქმისა. ამასთანავე მთელი სახელოვანებაც, და ამაზედვეა დამყარებული იმედი გამარჯვებისა. თვითმოქმედება ყოვლად მხსნელი და ძლევამოსილი ძალია ყოველსფერში და ნამეტნავად მაშინ, როცა კაცს, თუ საზოგადოებას, თავისთავის შველა უნდა.

ტფილისი, 7 იანვარი,

1886 .

* * *

თუ ილიას ეპოქაშისოფლის მასწავლებლობა სწორედ თავის გაწირვაა, მსხვერპლია, ადამიანის უმადურობით უფრო გამწარებული, უფრო გამწვავებული”, რაღაა იგი დღეს, როცა სკოლაში მასწავლებელს ხმაც კი ვერ აუწევია იმის შიშით, ვინმე ინტრიგანმა მოსწავლემ არ მიჩივლოს და სამსახური არ დავკარგოო?

მეორე წელია, რაც კოვიდპანდემიის გამო ონლაინგაკვეთილები ტარდება ყველა საგანში. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ გაკვეთილების წყალობით, რომლებსაც, მოსწავლემასწავლებლის გარდა, მშობლებიც ესწრებიან და ბებიაბაბუებიც, ბევრი რამ დევს ხელის გულზე _ უპირველესად, მასწავლებლის პროფესიონალიზმი. და ცხადია, არც ისე მარტივია, ამხელა აუდიტორიის წინაშე გაკვეთილს ატარებდე.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არ არის. მასწავლებლებს პანდემიის გამო შემოღებული წესები აფიქრებთ, რომელთა წყალობით შარშან ჯანმრთელობის პრობლემები უკვე ბევრ მათგანს შეექმნა.

 ამ სასწავლო წლიდან კი ნებაყოფლობითი აცრა რეალურად სავალდებულო გახდა; ასევე სავალდებულოა ყოველ 5 დღეში სწრაფი ტესტის გაკეთება და სკოლაში გაკვეთილების პირბადით ჩატარება, ანუ მთელი დღის განმავლობაში პირბადის ტარება

და მერე რა? _ იკითხავს მავანი, ასეა ყველგან. ერთი შეხედვით მართლაც არაფერი, მაგრამ ამ დიალოგის წაკითხვის შემდეგ, რომელიც ინტერნეტში გაიმართა ერთერთი დაწყებითი კლასის დამრიგებელსა და მშობლებს შორის, რომლებიც აღშფოთებას ვერ მალავდნენ წლეულს შემოღებული ახალი წესის _ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის პირბადით გაკვეთილებზე ჯდომის გამო, დავინახავთ, რომ არც ასე მარტივადაა საქმე:

მასწავლებელი: მშობლებო, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ყველა მასწავლებელს და მოსწავლეს ეკეთოს პირბადე, გარდა იმ მოსწავლეებისა, ვისაც ექნება ექიმის ცნობა (რა, ცნობა დაიცავს ინფიცირებისგან?! _ დ. ა.).

მშობელი: მაპატიეთ, რომ ვერევი, ქალბატონო ნანა, მაგრამ ბავშვის ჯანმრთელობისთვის პირბადე, საათები თუ ეკეთება, საზიანოა.

მასწავლებელი: საქმე ისაა, რომ ამ საკითხს ჩვენ ვერ ვწყვეტთ, იმიტომ აძლევენ მშობლებს არჩევანის საშუალებას (ონლაინგაკვეთილები აქვს მხედველობაში _ დ. ა.).

მთელი დღე მიწევდა პირბადის ტარება. ზაფხულში ვიგრძენი, რომ ყურებში თითქოს წყალი ჩამივიდაო, ისეთი დახშული მქონდა. არაერთი კვლევა ჩავიტარე. ყელყურით დაწყებული და აღმოჩნდა უჰაერობა პირბადისგან. ჟანგბადიც არ მიეწოდება ტვინს. თავზეც კი გადავიღე ორჯერ.

ავიცერი, იქნებ პირბადე აღარ ვატაროთქო, მაგრამ არაო. ტესტირება ყოველ კვირას მასწავლებლებსო. ეს რომ გავიგე, რომ ყოველ 5 დღეში ტესტიო, მართლა გეუბნებით, გული შემიწუხდა. ისეთი უხეშები არიან ექთნები, რომ არ ვიცი რა.

მშობელი: უკვე აღარ მაქვს სურვილი სწავლის დაწყების.

ისე მიყავთ საქმე, ალბათ, ყველა ისევ ონლაინ გადავალთ…

მასწავლებელი: იდევ რა დამავიწყდა: ამდენი ტესტირებით დაზიანებული მაქვს ლორწოვანი და კისტა ჩამოყალიბდა. ეს გამოჩნდა მრტზე.

 მშობელი: საშინელებაა, ნანა მასწ., ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს. ტერორია, აბა, რა არის?

მასწავლებელი: ავადმყოფობა, ექიმებთან ხარჯი, წამლების ხარჯი და შედეგი ნული.

მშობელი: ერე უნდა ამოიღოთ ხმა მასწავლებლებმა, ასე როგორ შეიძლება?

მასწავლებელი: კანონია ასეთი და უნდა დავემორჩილოთ, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. სხვა გზა არ გვაქვს”.

სხვა გზა არ გვაქვსო… მერედა ვინ გადაუკეტა სხვა გზა ამ ადამიანებს? განა ამის გამო არ დავგმეთ მიშას ხელისუფლება? და რა გამოდის _ არაფერი შეცვლილა?

ეს სიტუაციადათა თუთაშხიადანერთ ეპიზოდს მაგონებს: ყაჩაღები შარაგზაზე ადამიანებს რომ ძარცვავენ და იქვე, მოფარებულში საცვლების ამარა რომ სვამენ. ერთი ქალბატონი გაბედავს და შესთავაზებს მის ბედში მყოფთ, ვიყვიროთ, იქნებ ვინმემ გაიგონოს და დაგვეხმარებაო. პასუხია აქ საინტერესო: იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც!

მართალია, იმ ერთს, რომელმაც გაბედა და იყვირა, არავინ აუბა მხარი და ყაჩაღების რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი ვარაუდი გამართლდა და მშველელი გამოჩნდა.

ახლაც ასეა: ამდენი შეწუხებული მასწავლებელი ელოდება, როდის იყვირებს ისსხვა”.

მაგრამ გაბედავს კი ვინმე ხმის ამოღებას დანარჩენების აყოლიების იმედით?

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here