იქნებ იმაზეც გვეფიქრა, რომ მოზარდის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს ზარალი  მშობელმა აუნაზღაუროს?

    თუ ასე შესტკივათ გული საქართველოზე, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში რომ რიცხავენ ათასებს გაურკვეველი საქმეებისთვის, ჩამოვიდნენ აქ, მისცენ ხმა და უკან გაფრინდნენ

    საქართველოს პარლამენტში,როგორც იქნა, წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 14 წლამდე  მოზარდთა კრიმინალის პრევენციასა და რეაბილიტაციას. კანონპროექტით დაგეგმილია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნა, დახურული ტიპის სახლის აშენება, რომელშიც მძიმე დანაშაულის ჩამდენ მოზარდებს მოათავსებენ. საინტერესოა, რა წერია კანონპროექტში?

    კანონის მიზანი იქნება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წლოვანებას მიუღწეველთა (არასრულწლოვნების) რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა,  დანაშაულის პრევენცია  და არა მათი დასჯა. კანონპროექტის თანახმად, 10-დან 18 წლამდე მოზარდების მხარდაჭერის პროცესი დაეფუძნება მულტიდარგობრივ მიდგომას – სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს შეთანხმებულად. შეიქმნება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, ეს იქნება იუსტიციის სამინისტროს სისტემის  იურიდიული პირი, კონკრეტულად კი – „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“. ბავშვებს, რომლებმაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ამ ცენტრში პროკურორი „გადაამისამართებს“. ეს ცენტრი არ იქნება დახურული ტიპის დაწესებულება. ცენტრს ექნება უფლება, ბავშვის შესახებ ინფორმაცია მისი ოჯახიდან და სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამოითხოვოს. თუკი მოზარდის მშობელი, ან მისი სხვა კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლობაზე, არასრულწლოვანს სპეციალურ წარმომადგენელს დაუნიშნავენ. ცენტრი მოამზადებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის შეფასების ანგარიშს,რომელშიც შევა მოზარდის დახასიათება და საჭიროებები. ამ ანგარიშზე დაყრდნობით, ცენტრის მულტიდისციპლინური ჯგუფი ინდივიდუალურ გეგმას შეუდგენს მოზარდს, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლებაზე, არ შეასრულებს მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.რაც მთავარია, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ეს ვადა, საჭიროების შემთხვევაში, ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვისა.

    კანონპროექტით, ცენტრის მიღმა გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის აშენება. მოზარდები ამ სახლში  სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხვდებიან და მათი იქ დაყოვნება 6 თვემდე ვადით იქნება დასაშვები. თუმცა, ამ ვადის გახანგრძლივება შესაძლებელი იქნება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე 6 თვის ვადით. რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მოათავსებენ იმ მოზარდებს, რომელთა მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი აღემატება 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ბავშვებს ამ სახლის თავის ნებაზე დატოვების უფლება არ ექნებათ. მათთან იმუშავებენ ფსიქოლოგები, ჩაუტარებენ თერაპიულ მუშაობას, მისცემენ ცოდნას და მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება ექნება, ყოველდღე მოინახულოს არასრულწლოვანი.

    ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ… ფსიქოლოგებისა და უფლებადამცველების ნაწილი უკვე აკრიტიკებს ახალ კონონპროექტს. ისინი მიიჩნევენ, რომ იზოლაცია და სტიგმატიზაცია მოზარდების ფსიქოლოგიურ ტრავმას და ანტისოციალურ ქცევას გააძლიერებს. ისინი ფიქრობენ, რომ 10-დან 18 წლამდე მოზარდების დახურული ტიპის მსგავს დაწესებულებაში გამოკეტვა არასწორია. კანონპროექტის ინიციატორები კი ამბობენ, რომ ამ გზით აპირებენ ებრძოლონ 14 წლამდელ მოზარდებს შორის კრიმინალს – ქურდობას სასურსათო და ტექნიკის მაღაზიებში, ავტომობილეების ძარცვა-დაზიანებას. შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ეს არის გერმანული მოდელი და ამ გზით მოგვარდება „წუხილები, რომელიც საზოგადოებას და არაერთ კერძო ბიზნესს აქვს. 2024 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში – „კრიმინალური მენტალიტეტი და საზოგადოებაზე მისი გავლენა“ – წერია, რომ „ასეთი არასრულწლოვნების უკან დგანან კარგად ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც არასრულწლოვნებს აძლევენ მითითებებს და სხვადასხვა კრიმინალურ პრაქტიკაში რთავენ“.

    დღეს ასეთი რეალობა გვაქვს: საქართველოში მოქმედებს  „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალურ ასაკად განსაზღვრულია 14 წელი, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის – 16 წელი. ამ კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობებით უნდა იქნეს გამოყეენებული. იმ 14 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაში, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და კოორდინაციას უწევს 14 წლამდე (ანუ სისხლისსამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი) ბავშვების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ცენტრი ეფექტიანი არ არის. ამ ცენტრის სამიზნე ჯგუფი 7-დან 14 წლამდე არასრულწლოვნები არიან, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამაში 195 არასრულწლოვანი მოხვდა, მათგან 164 ბიჭი და 31 გოგონა. ახლა გეტყვით, რატომ არ ვეთანხმებით იმ ფსიქოლოგთა უმრავლესობას, რომლებიც ახალ კანონპროექტს მეტისმეტად მკაცრად მიიჩნევს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი მოზარდი სწორედაც უნდა განარიდო საზოგადოებას და უნდა განარიდო იმიტომ, რომ ბავშვია და უჩნდება დაუსჯელობის სინდრომი. მან ზუსტად იცის, რომ არ დასჯიან, არ დაიჭერენ და ერთ დანაშაულს მოჰყვება მეორე, მესამე, მეოთხე და… იმ ფსიქოლოგებმა იციან, რომ არაერთ ასეთ არასრულწლოვანს რამდენიმე ათეული ხელწერილი აქვს დაწერილი და ამტკიცებს, რომ მომავალში კრიმინალურ ქმედებას აღარ ჩაიდენს, მაგრამ მეორე და მესამე დღეს იგივეს აკეთებს. არც ის მოგვწონს, ცენტრში მიყვანის შემდეგ მასთან შესვლის უფლება მშობელს ყოველდღე რომ ექნება. თუ ვამტკიცებთ, რომ ასეთ მოზარდებს საზოგადოებისგან განვარიდებთ, მაშინ განრიდება უნდა მოხდეს ყველასგან, მშობლის ჩათვლით, რათა მოზარდი მიხვდეს,  რომ დანაშაული ჩაიდინა, რაც გააკეთა, ცუდია და ამისთვის ისჯება. არც ეს ჩანაწერი მოგვწონს – „ანგარიშზე დაყრდნობით, ცენტრის მულტიდისციპლინური ჯგუფი ინდივიდუალურ გეგმას შეუდგენს ბავშვს, რომლის შესრულებაც სავალდებულო იქნება. იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის ცენტრთან თანამშრომლებაზე, არ შეასრულებს მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებას, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“. რას ნიშნავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა? ჯარიმას გადაახდევინებენ თუ ვადას გაუხანგრძლივებენ? კიდევ რომ არ შეასრულოს, მერე რა ხდება? იქნებ იმაზეც გვეფიქრა, რომ მოზარდის მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირს ზარალი სწორედ მშობელმა აუნაზღაუროს? ასეთ შემთხვევაში, ბავშვს ეცოდინება, რომ დედ-მამას დასჯიან და დაფიქრდება,მშობლებიც მეტად გააკონტროლებენ შვილებს…

    გასულ კვირას, კიდევ ერთი კანონპროექტი მოხვდა ჩვენი ყურადღების ცენტრში. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ემიგრანტებს  უცხოეთში ხმის მიცემის უფლებას ართმევს. რატომღაც გვგონია, რომ ეს ორი კანონპროექტი ერთმანეთზე შემთხვევით არ არის მიბმული. სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის უმრავლესობას ის არასრულწლოვნები სჩადიან, რომელთა მშობლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ბავშვები  ბებია-ბაბუის ანაბარა არიან. მათ იციან, რომ მშობლები ვერაფერს ეტყვიან, ბებია-ბაბუებს კი, უბრალოდ, არ უჯერებენ. ზოგადად, ემიგრაციაში წასული ადამიანების უმრავლესობა ხელისუფლებას აბრალებს, რომ სამშობლოსა და კერას მოწყდა. არადა, ვიცი არაერთი ადამიანი, რომელიც 20 წელია, საზღვარგარეთ არის და „ქართულ ოცნებას“ აგინებს, მის გამო წავედი ქვეყნიდანო და.  რომ შეახსენებ,  20 წლის წინათ არ იყო „ოცნება“ და რა შუაში არისო, მაინც იგივეს იმეორებენ. შესაბამისად, მართებულია, როცა საზღვარგარეთ მყოფ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ, რადგან  წლების განმავლობაში აქ რომ არ ხარ, არ იცი რეალობა, არ იცი, სინამდვილეში რა ხდება და მხოლოდ დასავლურ პროპაგანდას ისმენ. ოპოზიცია რომ  გაჰყვირის, ეს დანაშაული და ადამიანის უფლებების დარღვევააო, ის არ იყო დარღვევა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში  უცხოეთის რომელიმე ქვეყნიდან ერთი ხმაც რომ წამოსულიყო ოპოზიციური, ელჩს ცვლიდნენ? ეს არ იყო ზეწოლა და ტერორი? კეთილი ინებონ, თუ ასე  შესტკივათ გული საქართველოზე, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში რომ რიცხავენ ათასებს გაურკვეველი საქმეებისა და ხარჯებისთვის, ბილეთი იყიდონ, ჩამოვიდნენ აქ,  მისცენ ხმა და უკან გაფრინდნენ. ხმებით მანიპულაციები როგორ შეუძლია დასავლეთს, უკვე ვნახეთ მოლდოვის არჩევნებზე, როცა მაია სანდუმ პრეზიდენტობა სწორედ ემიგრანტების ხმებით მოიპოვა, იმ ემიგრანტების, რომლებიც რეალურად სანდუს  გამო გაიქცნენ ქვეყნიდან და თურმე, მხარს მაინც მას უჭერენ(!). ასე არ გამოვა, ასე აღარ იქნება და… ერთი ეგაა, კანონმა ყველასთვის უნდა იკანონოს და იმედია, ხელისუფლების წარმომადგენლები მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობთ.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here