დემოგრაფიული საკითხები არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. სადმე თუ გვაქვს უარყოფითი ტენდენციები, ეს არის სწორედ დემოგრაფია, შობადობა, ქორწინება-განქორწინება. სამწუხაროდ, აქ ნაკლებად ეფექტურია ეკონომიკური ზრდა და ფინანსური პრივილეგიები, ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლმხედველობრივი ტენდენციების ცვლილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონმდებლობაში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა, თუმცა ესეც არ არის საკმარისი.
„კანონმდებლობაში გატარდა ცვლილებები. გენდერული პოლიტიკა – რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული უზენაესი ღირებულებაა. გენდერული პოლიტიკის, როგორც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის მთავარი მიზანი იყო სწორედ დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში უკვე შევიდა ცვლილებები. მოვახერხეთ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამ ასპექტისგან, მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობის გათავისუფლება, ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, შეიცვალოს ჩვენი საზოგადოების მსოფლმხედველობა, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა პრემიერმა.







