იდიოტი პატრიოტი

    ეს ორი სიტყვა – იდიოტი და პატრიოტი რაღაცნაირად ირითმება, თუმცა არა იმდენად ფონეტიკურად, რამდენადაც საზოგადოებრივად და პოლიტიკურად. ალბათ, არასოდეს, არც ერთ სფეროში არ მოუყრია თავი იმდენ იდიოტს, რამდენიც პოლიტიკაში მოგროვდა. საქართველოს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, თუმცა იმავეს თქმა მსოფლიოზეც შეიძლება.

    შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუქგვერდს, რომელზეც ერთი სტატუსის ქვეშ წარმოუდგენელი რაოდენობის იდიოტს მოეყარა თავი. ამ საქმეს რამე განხილვა, ანალიზი ან კომენტარი არ სჭირდება. პირდაპირ მომაქვს და მთელი სტატიაც ეგ არის, რადგან ამ ადამიანთა სირეგვნეზე, მე კი არა, თვით გენიალური დოსტოევსკიც ვერ იღაღადებდა ისე მჭევრმეტყველურად, როგორც ამას ეს იდიოტები თვითონ აკეთებენ. მათ სახელებსა და გვარებს ვშლი, რადგან კონკრეტიკა არაფრისმომცემია, მთავარი მათი განზოგადებული სახეა. სანამ გაგაცნობდეთ სტატუსს, რომელსაც ეს შემზარავი კომენტარები მოჰყვა, შეგახსენებთ წინაპირობას, რომელიც ყოველივე ამას საფუძვლად დაედო: აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თითქმის გადაწყვიტა, რომ უკრაინას შორი რადიუსის რაკეტები („ტომაჰავკები“) მიაწოდოს. ერთ-ერთ „პატრიოტ” ქართველს ამ თემით სოციალურ ქსელში კოლექტიური თამაშის  წამოწყება განუზრახავს. მისი სტატუსიც ამას ეძღვნება (კომენტარი ბევრია, რის გამოც მხოლოდ ერთი ნაწილი ყოველგვარი შერჩევის გარეშე წამოვიღე. სტილი, რა თქმა უნდა, დაცულია):

    „მოდი ერთგვარი თამაში მოვაწყოთ  

    უკრაინისათვის ტომოჰავკების გადაცემის შემთხვევაში სავარაუდო სამიზნეები დავასახელოთ, რომელთაც უკრაინა პირველ რიგში დაარტყამს ტომოჰავკებს

    ამ ეტაპზე თითო კომენტატორმა დაასახელოს თითო სამიზნე

    თამაში დასრულდება უკრაინის მიერ ტომოჰავკების პირველი გამოყენების დღეს.

    ჩემი ვარიანტია ირანულრუსული კამიკაძე დრონების «Герань-2» (Shahed 136) საამწყობო განთავსებული განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაალაბუგაშიტატარსტანის ქალაქ ელაბუგაში

    კომენტარებში დაწერეთ თქვენი ვარიანტები

    * მოსკოვი

    * ენგელსი

    * ფსბ-ს შტაბ-ბინა იასენევოში

    * ელაბუგა უნდა გადაიბუგოს… კრემლი და ნოვოროსიისკის პორტები

    * მოსკოვი, არზამასი!!! ან პირიქით!

    * აფხაზეთი

    * ალაბუგა დაიბუგება? 

    * სტრატეგიული ავიაციის რომელიმე აეროდრომს ვვარაუდობ.

    * მე პირადად ოსტანკინოს ანძას დავადუღებდი და ნახევარ რუსეთს მაგათი ფაშისტური პროპაგანდის გარეშე დავტოვებდი. თან უდიდესი რეზონანსი მოყვებოდა მთელს რუსეთში

    * ელაბუგა, გერანისტანი.

    * სევასტოპოლის საზღვაო შტაბი

    * პეტერბურგი, ბალტფლოტი

    * უნდა მოხდეს ერთობლივი დარტყმა: კრემლზე, აბსოლუტურად ყველა ბუნკერზე (თუკი ერთი დარტყმით სრულად ვერ განადურდება, ის მაინც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მიწიდან ამოსვლა შეუძლებელი გახდეს, ანუ ჩასასვლელ-ამოსასვლელის მიხედვით), უნდა მოკვდეს ყველა რუსი გენერალი, უნდა განადგურდეს ყველა სამხედრო საწყობი და ქარხანა, აუცილებლად უნდა მოხდეს ძლიერი დარტყმა ყველა ბირთვულ ობიექტზე (ესაა შახტები მიწის ქვეშ) და მის (ყველა) საკომუნიკაციო ქსელებზე! ასევე, უნდა განადგურდეს რუსების ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისთვის არსებული საშუალებები და ვირუსების საწყობები!!!! რასაკვირველია, უნდა მოისპოს რუსული საზღვაო, წყალზედა და წყალქვეშა, საშუალებები!!!

    რა თქმა უნდა, უნდა მოკვდეს რუსეთის ხელისუფლების ყველა წევრი!!! აქვე, ინფორმაციისთვის, გეტყვით, ბირთვული და ატომური ბომბი რომ ჩააგდო იქ, სადაც ვულკანია, მოხდება მისი გაუვნებელყოფა, თითქოს ქაღალდის ფურცელი ჩაგიგდია! არც მისთვის ასაფეთქებლის სროლის უნდა შეგვეშინდეს!!! ასე რომ, რუსეთი ბოროტებაა, ამიტომ რუსეთი უნდა მოისპოს და განადგურდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    * კინჟალისა და სხვა ტიპის დამამზადელი საწარმოები და საწყობები, აქვე, სტრატეგიული ავიაციის თავშეყრის აეროდრომები და ბაზები.

    * ყირიმის ხიდი.

    * შაიკოვკის აეროდრომი.

    * გუდაუთას უნდა ხიოს და მერე ცხინვალში მეოთხე ბაზას და ჯავას კიდე უფ რა მაგარი იქნება არ გამოხტეთ ეხა საქართველოს შეურაცყოფაა ესო

    * აქ უკვე დაიწერა და მეც ყირიმის ხიდზე მაქვს ეჭვი 

    * მისცეს ჯერ, ტრამპის იმედად მტერი იყოს

    * სტრატეგიული ბომბდამშენის აეროპორტი. მიგ31, ტუ22,ტუ95,ტუ160 სადაც დგანან.

    * ნოვოროსისკის პორტი- შავი ზღვის ფლოტის გემს დაარტყამენ

    * ტრანს ციმბირული მაგისტრალი… უკრაინელების ადგილზე N1 სამიზნე იქნებოდა..

    * ძაან პანიკაში არიან რუსები, სოლოვიოვთან დიმიტრი საიმსმა (სოლოვიოვი ნულია ამის ერარქიულ ლეველთან მოსკოვში) ტრამპის გარშემო 1 პასუხისმგებლიანი ჭკვიანი ტიპი არ არის რომ გააჩეროსო, აქამდე პუტინი ამითი იგებდა, მე გიჟი ვარ და დამითმეთ, თქვენც გიჟები ხომ არ ხართო, ეხლა ამბობენ გიჟია ეს ჩემისაო

    * უფაში და ვოლგოგრადშია ყველაზე დიდი ნავთობპროდუქტების სტრატეგიული მარაგები. კარგი იქნება თუ მანდ დაუბრაგუნებენ.

    * მე შენს სამიზნეს დავუმიზნებ 

    ვფიქრობ, რომ საკმარისია. ავადმყოფი პოლიტიკური ცნობიერების მქონე ადამიანის განზოგადებული პორტრეტი, მათივე ხელით, შესანიშნავად არის დახატული.

    ქართველი იდიოტი პატრიოტი ხუთი ძირითადი ნიშნით ხასიათდება:

    1. პრიმიტივია.

     შეპყრობილია რუსოფობიით;

    2. გონების დაკარგვამდე შეყვარებულია არამხოლოდ დასავლეთზე, არამედ ნებისმიერ სიბინძურეზე, რომელიც ამერიკიდან და ევროპიდან მოდის;  

    3. ვერც იმ იდეის მართებულობაზე ფიქრობს, რომელიც აიკვიატა, და ვერც იმ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მის მიერ მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს;

    4. ვერ აზროვნებს, სამაგიეროდ მოჭარბებული აქვს ემოციები და დარწმუნებულია, რომ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად ეს საკმარისია;

    5. აგრესიულია განსხვავებული აზრის მიმართ.  

    ეს ზოგადად.

    რაც შეეხება კონკრეტიკას: ამ ტიპებისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ამ ფსიქიკის მქონეთ მიაჩნიათ, რომ ამერიკული ,,ტომაჰავკების’’ მიწოდების შემდეგ  უკრაინელები რუსეთს დაანგრევენ. თუ დააკვირდით, იმ ბრიყულ კომენტარებში, რომლებიც ზემოთ წარმოგიდგინეთ, მხოლოდ იმაზეა ლაპარაკი, რომელ ქალაქებსა და ობიექტებს უნდა დაარტყან უკრაინელებმა რუსეთში, მაგრამ არც ერთს არ გასჩენია შეკითხვა –  რა პასუხი მოჰყვება ამგვარ დარტყმებს რუსეთიდან? რატომ? იმიტომ, რომ დარტყმა რუსეთზე პირველი ნაბიჯია. რუსეთის საპასუხო რეაქცია კი მეორე ნაბიჯი უნდა იყოს. ამ „პატრიოტების” გონებრივი შესაძლებლობა მეორე ნაბიჯამდე ვერ სწვდება. ამდენი გათვლა არ შეუძლიათ. რას უქადის ეს მსოფლიო უსაფრთხოებას? ეს უკვე მესამე ნაბიჯია, რაც მათი პრიმიტიული გონებისთვის საერთოდ მიუწვდომელია. საკითხის დასმა იმის შესახებ მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში რა მდგომარეობა შეიქმნება საქართველოში, ხომ საერთოდ… მათთვის იგივეა, რაც პირველკლასელებისთვის უმაღლეს მათემატიკაში ლექციების კითხვა იქნებოდა.

    ოთხი ათეული წელიწადია, რაც ამ იდიოტ პატრიოტს უპყრია პოლიტიკური სადავეები, რაც ტერიტორიების დაკარგვის, ეკონომიკური და სულიერი საყრდენების მორყევის, დემოგრაფიული კოლაფსის, მოსახლეობის განახევრებისა და ყოველგვარი პერსპექტივის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა. იდიოტ პატრიოტს კი რუსთაველის პროსპექტი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სოციალური ქსელები  აქვს ოკუპირებული, იგი საღი აზრის გამოთქმის საშუალებას არ იძლევა, დემოკრატიული განვითარების უფლებას არ ტოვებს და, საერთოდ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით სუნთქვაც კი აკრძალული აქვს ადამიანებისთვის. თვითონ კი ყველგან არის და ყველაფრის უფლება აქვს – სიცრუის ქადაგების, კანონის დარღვევის, ძალადობის, სახელმწიფო გადატრიალების… ერთი სიტყვით, ნამდვილი იდიოტები არიან, ოღონდ ვერავინ შეძლებს ამაში მათ დარწმუნებას. მიშკინის ფილოსოფიური მსჯელობა მახსენდება დოსტოევსკის ზეგენიალური რომანიდან  „იდიოტი”: „რატომღაც ყველა იდიოტად მნათლავს, მართალია, ოდესღაც კი ვიყავი ისე ავად, რომ იდიოტს ვგავდი, მაგრამ ახლა სადაური იდიოტი ვარ, თუკი ვამჩნევ, რომ იდიოტად მთვლიან. სადმე რომ შევდივარ, ვფიქრობ: მათ იდიოტი ვგონივარ, მე კი ჭკვიანი ვარ, მხოლოდ ესენი ვერ ხვდებიან”. ჰო, აი ასეთი ჭკვიანი იდიოტები თუ იდიოტი ჭკვიანები არიან ეს არამზადები. იმდენ ფიქრს კი ახერხებენ, რომ თავი ჭკვიან არსებებად მოგვაჩვენონ, მაგრამ ჭაბუა ამირეჯიბისა არ იყოს, „მეტი ფიქრი არ იცის მგელმა, ნადირია და იმიტომ”. რა უჯდება სამშობლოს მათი „ჭკვიანური” აზრები, ამაზე ისინი არც დაფიქრებულან და არც მომავალში დაფიქრდებიან, რადგან ფიქრი არ არის მათი ძლიერი მხარე. მიშკინის პერსონაჟში საოცარი ხელოვნებით არის შერწყმული ორი ნაკადი – მაცხოვრისა და დონ კიხოტისა. ამ ჩვენს „მიშკინებში” მაცხოვრის ნაკადს რა უნდა, დონ კიხოტს კი მხოლოდ ერთი რამით თუ დაემსგავსებიან:  მუდმივად საქართველოს ევროპული მომავალი რომ აკერიათ პირზე, ბოლოს (სიკვდილის წინ) ლამანჩელი რაინდის გულწრფელობით მოუწევთ აღიარება: “სანჩო, ეს ყველაფერი – დევები, რაინდობა და სხვა რაღაცები ტყუილი იყო და მაპატიე!”

    ვალერი კვარაცხელია

    P. S. მადრიდი, 3 ნოემბერი, 2025 წ. ესპანური გამოცემა Rebelion-ი წერს: „რუსეთის მიერ განუსაზღვრელი სიშორის ახალი ფრთოსანი რაკეტის („ბურევესტნიკი”) გამოცდა დასავლეთის პოლიტიკოსებს აიძულებს, რომ დამშვიდდნენ და რეალობის გათვალისწინებით იმოქმედონ.

    ვ. კ.

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here