არ იქნება მართებული იმისი თქმა, რომ კაცობრიობის ისტორია მხოლოდ ომების ისტორიაა, მაგრამ თქმა იმისა, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი წილი სწორედ ომებზე მოდის, თავისუფლად შეიძლება. კი, კაცობრიობის ისტორიის განუყოფელი ნაწილია კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების განვითარება, საერთოდ, აღმშენებლობა, ანუ ყველაფერი, რაც შექმნილა, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ ომებს დღემდე განსაკუთრებული ადგილი უკავია კაცობრიობის ისტორიაში.
შესაძლებელია, ცინიკურად ისმის, მაგრამ ომი ერთ-ერთი უდიდესი გამოგონებაა. ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კაცობრიობას ცეცხლი არ ჰქონდა და ბორბლის მიგნებამდეც დიდი დრო იყო დარჩენილი, ადამიანები მასობრივად ხოცავდნენ ერთმანეთს, ანუ ნამდვილ ომებს აწარმოებდნენ. ალბათ, პარადოქსულია, მაგრამ კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გონი, ლოგიკის (აზროვნების) მამა არისტოტელე ამბობდა: „ომის მიზანი მშვიდობაა”. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის ამ ნათქვამს ეხმიანება ძველი რომაელი მოაზროვნის კორნელიუს ნეპოსის ცნობილი ნათქვამი: „მშვიდობა თუ გსურს, ემზადე ომისთვის!” საყოველთაოდ ცნობილი ეს ორი ნათქვამი რაკი გავიხსენე, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ მეცხრამეტე საუკუნის გენიალურმა რუსმა მწერალმა ლევ ტოლსტოიმ შემთხვევით როდი დააწყვილა დიდებული რომანის სათაურში ორი ურთიერთგამომრიცხავი ცნება – ომი და მშვიდობა. მთავარი ის იყო, რომ ეპოქის გააზრება ომისა და მშვიდობის კონტექსტის გარეშე ვერ მოხდებოდა, არამხოლოდ გნოსეოლოგიური, არამედ ონტოლოგიური თვალსაზრისითაც. ტოლსტოისთვის ომი და მშვიდობა არა მხოლოდ დიალექტიკური მთელი და საზოგადოებრივი ცნობიერების შემადგენელი ნაწილია, არამედ საზოგადოებრივი ყოფიერების ორი განუყრელი ფრაგმენტია. აქ კი შეუძლებელია, კიდევ ერთი გენიალური ნათქვამი არ გავიხსენოთ – მეოცე საუკუნის გერმანელი მწერალი ბერტოლტ ბრეხტი: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ!” ძველი საბერძნეთიდან და ძველი რომიდან მოყოლებული, კაცობრიობა ომისა და მშვიდობის რეალობაში ცხოვრობს და ჯერ კიდევ (არ დამდგარა კი არა), ალბათ, საეჭვოა საერთოდაც დადგეს ის დრო, როდესაც ადამიანები იტყვიან: დამთავრდა ომების ეპოქა და დადგა პერმანენტული მშვიდობის ეპოქა. სამწუხაროდ, არ უჩანს ასეთი პირი. თუ იყო დრო, როდესაც ველური ტომი მეორე ველურ ტომს ეომებოდა, დადგა დრო მსოფლიო ომებისა; თუ იყო დრო, როდესაც ადამიანები ქვებითა და ჯოხებით ომობდნენ, დადგა დრო, როდესაც წყალქვეშა გემების, ტანკებისა და ავიაციის მეშვეობით ომობდნენ; ბოლოს ბირთვული იარაღი შექმნეს, რომელიც, გარდა იმისა, რომ საშინელი შესაძლებლობების მქონეა, დამაბალანსებელსა და შემაკავებელ ფაქტორსაც წარმოადგენს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ამ საშინელი იარაღის შექმნაში განსხვავება მხოლოდ ოთხი წელიწადი იყო, ამერიკელებმა მაინც მოასწრეს მისი გამოყენება 1945 წელს იაპონიის ქალაქებში: ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რამაც ჯოჯოხეთი დაატრიალა.
ყველა ომს აქვს გამომწვევი მიზეზები. ყველა ომს აქვს ახსნა. ზოგიერთი ომი თავდასხმითია, ზოგიერთი – თავდაცვითი. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ომი უსამართლოა, ზოგიერთი – სამართლიანი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ომი სისხლი, ცრემლი და ტრაგედიაა. ომი – ეს არის შეიარაღებული კონფლიქტი სახელმწიფოთა შორის, მაგრამ არსებობს სამოქალაქო ომიც, რომელშიც მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორე ნაწილს შეიარაღებული ძალით უპირისპირდება. ომის გამომწვევ მიზეზთა შორის გვხვდება პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური, რელიგიური და სხვა მიზეზები. ომის დროს ხორციელდება ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის საკუთარ ნება-სურვილთა ძალადობრივი თავსმოხვევა; ტერიტორიის წართმევა; სუვერენიტეტის შეზღუდვა; მატერიალური სარგებლის ნახვა. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მცდელობა, რევანში, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის სურვილი და სხვა იწვევს ომის გაჩაღებას. ნებისმიერი ომი ძალადობაა. ძალადობაზე კი მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს – ძალადობა.
ჩნდება შეკითხვა – ნუთუ კაცობრიობამ ვერ მიაღწია განვითარების იმ საფეხურს, სადავო საკითხები ომით კი არა, მოლაპარაკების ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით რომ დაარეგულიროს და არ იდგეს ძალადობისა და სისხლისღვრის აუცილებლობა? პასუხი ერთია – ერთი და სამწუხარო: კაცობრიობა არათუ არ მისულა, ახლოსაც არ არის ამ სანატრელ მდგომარეობასთან. მაშ, რა აზრი აქვს და რისთვის იქმნება საერთაშორისო ორგანიზაციები, რატომ ტარდება შეხვედრები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, თუკი ამას პრაქტიკული შედეგი ვერ ექნება? რისი გამკეთებელია გაერო და მისი უშიშროების საბჭო მუდმივმოქმედი ხუთი წევრით? რატომ ჩაიდო ამხელა ძალისხმევა და რატომ იხარჯება ამდენი რესურსი ამ ორგანიზაციის შენახვაში, თუკი იგი უძლურია მშვიდობის დამკვიდრების საქმეში? ამ შეკითხვებზე პასუხი, გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს შეუმდგარობაში, ფუნქციის დაკარგვაში, დაშვებულ შეცდომებში ან მიდგომებსა და მუშაობის მეთოდების უვარგისობაში კი არა, თანამედროვე ადამიანის ზოგად ტიპში, ზნეობრივ სტატუსსა და განვითარების საფეხურშია საძებნი. როგორი მასშტაბურიც უნდა ჩანდეს კაცობრიობის ცნება, იგი კონკრეტული ადამიანებისგან შედგება, ამიტომ მისი ხარისხი, საბოლოო ჯამში, ვერაფრით ვერ იქნება საშუალო სტატისტიკურზე უკეთესი. მუხრანის ცნობილი ლექსს გავიხსენებ და ისევე ჩამოვთვლი კაცობრიობის ზოგად პერსონაჟებს, როგორც პოეტმა „თბილისის ფართო ქუჩებში” მოსიარულე ქართველი პერსონაჟები ჩამოთვალა: „ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი”. როგორებიც არიან ეს პერსონაჟები, ზუსტად ისეთივენი არიან სახელმწიფოთა სათავეში აღზევებული ძლიერნი ამა ქვეყნისანი, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მოლაპარაკე თავები და სხვები და სხვები, რომლებიც ლეილა, ლონდა, ნათიასგან განსხვავებით საკითხთა გადაჭრის უფლებამოსილებით კი არიან აღჭურვილნი, მაგრამ მათზე მეტი ჭკუა, მორალი და ღირსება არ გააჩნიათ, დაახლოებით ისეთივე არიან, როგორიც ჩვენი ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი ან ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და სხვანი და სხვანი. ჰოდა, აგერ „თბილისის ფართო ქუჩებშიც” ვხედავთ, რასაც წარმოადგენენ ეს ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და – გაეროს ტრიბუნაზეც. ცოტა უკეთესი და ცოტა უარესი არაფერს ნიშნავს, ზოგადი ტიპია ერთნაირი – ეგოისტი, მოძალადე, გარყვნილი და ბრიყვი. შეჯიბრება, როგორც ასეთი, უკვე ომია ადამიანთა შორის; სპორტი ეროვნული ნიშნით უკვე ომია სახელმწიფოთა შორის. იქნებ კარგად ვერ ვაყალიბებ აზრს ან იქნებ რთული გასაგებია, რასაც ვამბობ? კაცობრიობას ამა თუ იმ ნიშნით (რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, კულტურული) ჩემად და სხვისად როდესაც ვყოფთ, ომიც იქ იწყება – ომი ჩემიანსა და უცხოს, მისაღებსა და მიუღებელს, ჩემნაირსა და სხვანაირს შორის. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს სხვანაირობას ანუ ადამიანის ამ ტიპისგან განსხვავებულობას ვიჩემებ. არა, მეც ჩემად და სხვისად ვყოფ სამყაროს. მეც დანაწევრებული საქართველო მტკივა; მეც მართლმადიდებლის უფრო მესმის; მეც „წინწყაროზე” მომდის ცრემლი; მეც ხვიჩა კვარაცხელიასა და ლაშა ტალახაძეს ვგულშემატკივრობ, მაგრამ იმას კი ვახერხებ, რომ აქედან სხვის სიძულვილამდე არ მივიდე. სამწუხაროდ, ბევრი, ძალიან ბევრი, საკუთარის სიყვარულს სხვის სიძულვილამდე მისვლის გარეშე ვერ ახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ომის გარეშე ცხოვრებას ვერ ახერხებს. კიდევ კარგი, რომ ომის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ცალკეულ პიროვნებათა პრეროგატივა არ არის, თორემ მშვიდობის ეპიზოდები საერთოდ აღარ გვექნებოდა და მუდმივ ომში ჩავიძირებოდით. გამონაკლისები, ცხადია, არსებობენ, მაგრამ ისინი ამინდს ვერ შექმნიან, ამიტომ მიდგომები ხელუხლებლად დარჩება დიდხანს. „აბა, ომი გინდათ?!” – ამ ფრაზით ქირქილებენ ომის ქართველი მოციქულები. მშვიდობის შენარჩუნებას დასცინიან ისინი, რადგან ომის გაჩაღების მხარდამჭერ რიტორიკაში ფულს უხდიან ომის უფრო დიდი (საერთაშორისო) მოციქულები.
ეს ყველაფერი საკითხის ერთი მხარეა. საკითხს სხვა მხარეებიც აქვს. ღმერთმა შექმნა ძლიერი და სუსტი, რაც ყველაფერში ვლინდება, ადამიანიდან სახელმწიფომდე. ძლიერის ინტერესები ფარავს სუსტის ინტერესებს. აშშ-ის ინტერესები მაღლა რომ დგას, სწორედ ეს უთხრა პრეზიდენტმა ტრამპმა კანადას, ირანს, ვენესუელას, კუბას, დანიას, გრენლანდიას… ჩვენ კი (ადამიანები) იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ ვიზიარებთ ტრამპის პოზიციებს და დამოკიდებულებებს, შინაგანად (რომელიღაც ნერვით) მაინც შეგუებული ვართ ძლიერის ინტერესების პრიმატს; იმიტომ კი არა, რომ კარგები ვართ ან ცუდები, არა, ჩვენც ადამიანის იმ ტიპს წარმოვადგენთ, რომელიც ასე აზროვნებს, ან, შესაძლებელია, ასე არ აზროვნებს, მაგრამ ასე აზროვნებას მიაჩვიეს. „არ შეიძლება საზოგადოებაში ცხოვრობდე და მას არ ეკუთვნოდე!” (ვ.ი. ლენინი). საზოგადოება კი (ფართო გაგებით) ასეთია. აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი ტრილიონს უკაკუნებს, თავდაცვის სამინისტროს კი ომის სამინისტრო ჰქვია. რა უნდა აკეთოს ომის სამინისტრომ, რომელსაც ყოველ წელიწადს თითო ტრილიონი დოლარი აქვს ასათვისებელი? გასაგებია, ხომ?! „თბილისის ფართო ქუჩებში” კი დადიან ლეილა, ლონდა, გიორგი, გივი, რომლებსაც ფული გადაუხადეს იმაში, რომ იქირქილონ: „აბა, ომი გინდათ?!” ნუ ქირქილებთ, შვილებო, თქვენ ომი არ გინახავთ და ღმერთმა არც განახოთ! ომი თქვენ კი არა, უკრაინელებსაც არ უნახავთ, რომლების ეწირებიან სწორედ მაგ ქირქილს: აბა, ომი გინდათ?! შეაცდინეს, წაახალისეს, თავიანთი ბანდიტური ორგანიზაცია (ნატო) და არანაკლებ ბანდიტური ევროკავშირი გაუფეტიშეს და გადაჩეხეს სულელური პატრიოტიზმის ლოგიკურ შედეგში, ომის სასაკლაოში, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ომი ჯერ არ უნახავთ. ნამდვილი ომი მათმა ბაბუებმა და ბებიებმა ნახეს – ევროპელ ფაშისტებთან და დასავლურ კაპიტალიზმთან, რომელმაც სამოცდაათ მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. ნამდვილი ომი იაპონური ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის მცხოვრებლებმა ნახეს, სადაც წამში დაიფერფლნენ ასი ათასები. ნამდვილი ომი ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდების იმ წინაპრებმა ნახეს, რომლებმაც საკუთარი მკერდითა და სიცოცხლით დაიცვეს ის, რასაც დასავლური ფაშიზმისგან გადარჩენა და ნანატრი მშვიდობა ჰქვია. დღეს კი „თბილისის ფართო ქუჩებში დადის ლეილა, ლონდა, ნათია, ნანი, ელისო, ვაჟა, გიორგი, გივი და… იარონ, იარონ, იარონ”, მაგრამ ცოტა უფრო გონებაგახსნილებმა, ცოტა უფრო მიხვედრილებმა, ცოტა უფრო ზნეობრივებმა, ცოტა უფრო გამოფხიზლებულებმა, ვიდრე ე.წ. ილიაუნში მიღებული იდეოლოგიური საწამლავით გაბრუებულებმა,..
იარონ!
ვალერი კვარაცხელია







