Home რუბრიკები ეკონომიკა თუ ხელისუფლება რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს, ვერც პროდუქტების გაძვირებას შეაჩერებს და ვერც...

თუ ხელისუფლება რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს, ვერც პროდუქტების გაძვირებას შეაჩერებს და ვერც ვალუტის გაუფასურებას

601
თუ ხელისუფლება რადიკალურ ცვლილებებს არ განახორციელებს, ვერც პროდუქტების გაძვირებას შეაჩერებს და ვერც ვალუტის გაუფასურებას

ზოგჯერ გვგონია, რომ ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს და რეალურად, რამდენიმე თვეში ვხვდებით, რომ უარესზე უარესი დროება გვიდგას. ვერ გეტყვით, ვინმე თუ გაიხსენებს რომელიმე პროდუქტის ისე გაიაფებას, რომ რამდენიმე დღეში კვლავ არ გაძვირებულიყოს. ასე, გაძვირებიდან გაძვირებამდე ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა და, რაც მთავარია, არანაირი პერსპექტივა იმისა, რომ პროდუქტების გაძვირების პარალელურად მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს, არ არსებობს. მოსახლეობა ზოგავს ყველაფერზე _ კომუნალურ გადასახადებზე, ტრანსპორტზე, ტანსაცმელზე, საკვებზე და წელში წყდება, ამ მოთმინებისა და ტანჯვის სანაცვლოდ კი ვერაფერს იღებს.

ბოლო ნახევარი წელიწადია, გაზეთის ყოველ ნომერში თუ არა, ყოველ მეორეში მაინც ვწერთ იმ საფრთხეებზე, რომლებიც გველოდება, კონკრეტულად _ პროდუქტის გაძვირებაზე. პირველადი მოხმარების პროდუქტებს ვგულისხმობთ, თორემ, თევზი და ხორცი სანატრელი რომ აქვს მოსახლეობას, ახალი ამბავი არ არის. ხელისუფლება კი გვიმტკიცებს, ყველაფერი რიგზე იქნებაო, მაგრამ არც არაფერია რიგზე და არც იქნება.

დავიწყოთ იმით, რომ ეროვნული ვალუტა ისევ თავისუფალ ცურვაშია გაშვებული და, როგორც გვიხსნიან, ეს კარგია, მაგრამ იმას კი აღარ გვეუბნებიან, სულ აღმა რატომ მიცურავს ლარი და ერთხელ დაბლა რატომ არ ჩამოდის.

თუ გახსოვთ, პანდემიის პირველი შემოტევისას ხელისუფლებამ პირობა დადო, მთავარი მოხმარების რვა ძირითად პროდუქტზე ფასების სუბსიდირებას დავიწყებ და მოსახლეობა გაძვირებას ვერ იგრძნობსო. სუბსიდირების რა გითხრათ, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონებში მაღაზიები სწორედ იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებს ისეთ ფასად ჰყიდდნენ, როგორსაც მოისურვებდნენ.

რეგულაციების გამკაცრება ახლაც დაგვიანონსეს და ეს რეგულაციები იმაზე მკაცრი იქნება, ვიდრე 9 ნოემბრიდან ამოქმედებული კომენდანტის საათია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომავალი კვირიდან, შაბათს ან კვირას (ან ორივე დღეს ერთად), საერთოდ ჩაიკეტება ქვეყანა და გართ გამოსვლა აეკრძალება მოსახლეობას. ჰოდა, პროდუქტებზე ფასები აუცილებლად მოიმატებს და ეს მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ბიზნესმენები სწორედ კრიტიკულ პერიოდში იღებენ სარგებელს, არამედ უფრო იმიტომ, რომ ლარი რეკორდულად არის გაუფასურებული, ჩვენ კი ყველაფერი უცხოეთიდან შემოგვაქვს. ჰო, ყველაფერი _ ჩვენს სამყოფს ვერაფერს ვაწარმოებთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 15 რესპუბლიკიდან 14-მა მოახერხა საკუთარი ეკონომიკის ასე თუ ისე განვითარება და ერთი ისეთი პროდუქტი მაინც აქვს, რომელსაც თვითონ აწარმოებს და რომელზეც არის ჩამოკიდებულდამოკიდებული. საქართველომ კი ასეთი ვერაფერი მოიფიქრა, ვერაფერი ააწყო და გააწყო. წყალიც კი, რომელიც, თითქოს საბჭოთა კავშირში კი არა, ლამის ევროპაში საუკეთესო გვაქვს, ვერ გავიტანეთ საჭირო ოდენობით და გატანას ვინ ჩივის, იმდენს ვერ ვაწარმოებთ, რომ ადგილზე გვეყოს და ბაზარზე სასმელი წყლის 20% შემოტანილია. ბიზნესინტერესების გამო ვერ გავცდით კვერცხის წარმოების 30%-ს, ანუ კვერცხის 70% იმპორტირებულია და ეს იმის მიუხედავად, რომ ასი პროცენტით ქართული კვერცხის წარმოების შესაძლებლობა გვაქვს, რაც დასაქმებულების რაოდენობასაც გაზრდის, მაგრამ მერე ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები მილიონებს დაკარგავენ და ვის აინტერესებს ხალხის კეთილდღეობა, როცა საქმე 3-4 კაცის მილიონებს ეხება?!

მთავრობის კულუარებში ამბობენ: ოღონდ კი ახალი ბიუჯეტი დავამტკიცოთ და გაძვირებული პროდუქტების სუბსიდირებას ისევ მოვახდენთო. გადაწყვეტილია, რომ აუცილებლად გამოიყოფა სუბსიდია პურზე. ადრე მხოლოდ ჩვენ შემოვკარით განგაშის ზარს, რომ რუსულ მხარესთან ხორბალზე ესაუბრათ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ახლა კი ტონა ხორბალი 250 დოლარი ღირს ადგილზე, ჩვენთან კი ამ ოდენობის ვალუტის საყიდლად 850 ლარზე მეტია საჭირო. ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს? ტრანსპორტირების თანხა, დაფქვის შემდეგ 30% ქატო და მხოლოდ 70% ფქვილი და გამოდის, რომ ერთი კილო ფქვილი 1.50 ლარი ღირს და პურის გაძვირება ნუ გაგიკვირდებათ. აი, დანარჩენი პროდუქტების სუბსიდიებს რაც შეეხება

შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით, პირველადი მოხმარების (და არამხოლოდ) პროდუქტები შემდეგნაირად არის გაძვირებული: წიწიბურა _ 76,63%-ით, ნიორი _ 27,27%-ით, ხმელი ლობიო _ 26,75%-ით, მზესუმზირის ზეთი _ 25.60%-ით, ბოსტნეულის კონსერვი _ 22.21%-ით, მანანის ბურღული _ 22,20%-ით, მწვანე ლობიო _ 21,10%-ით, თევზის კონსერვი _ 20,99%-ით, ნაყინი _ 18,72%-ით, მაკარონი და მაკარონის ნაწარმი _17,05%-ით. ახლა ვიანგარიშოთ, რა დაუჯდება სახელმწიფოს ამ ყველაფრის სუბსიდირება. ამას დაამატეთ პურის სუბსიდია, რომელიც ყოველდღიურად, შესაძლოა, რამდენიმე ასეული ათასი და მილიონიც კი იყოს. რა გამოდის? ჩვენი გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხები ქვეყნის განვითარების, საწარმოების შექმნის ან, ელემენტარულად, პენსიების მომატების (ხელფასის მომატებაზე არაფერს ვამბობთ, მაინც არავინ მუშაობს) ნაცვლად, მიდის იმაში, რომ პროდუქტები ვიყიდოთ იაფად, დანაზოგით გადავიხადოთ გადასახადები, შემდეგ სახელმწიფომ ისევ გამოყოს სუბსიდიები პროდუქტებზე დააზრი? შედეგი? წინსვლის პერსპექტივა? სამივე კითხვაზე პასუხი ნულია.

შექმნილი რეალობის მიუხედავად, ხელისუფლება გვიმტკიცებს: ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, ვალუტა რომ უფასურდება, ცუდი მოლოდინის ბრალია, თორემ საგანგაშო არაფერი ხდებაო. პირველად ვინ მოიფიქრა, რომ ლარის გაუფასურება ცუდი მოლოდინებისთვის დაებრალებინა, არ ვიცი, მაგრამ… ორიოდე დღის წინათ აზერბაიჯანმა სტრატეგიული ქალაქი შუშა აიღო, მაგრამ სომხურ დრამს არაფერი დატყობია. აზერბაიჯანული მხარე სომხეთის ეკონომიკას ყოველდღიურად ურტყამს _ უნადგურებს სამხედრო ტექნიკას, ცოცხალ ძალას და ცუდის მოლოდინი რეგიონში თუ სადმე შეიძლება იყოს, სწორედ სომხეთშია, მაგრამ იქ არც არავინ ამბობს, _ დრამი ცუდი მოლოდინების გამო გაუფასურდაო და იცით, რატომ? არ უფასურდება! თუ სომხეთის ეკონომიკა ისეთი მყარია, რომ ომიც ვერაფერს უშვრება, მაშინ ყოჩაღ მათ და ვაი ჩვენს პატრონს!

ზამთარი კარს მოგვადგა და ეს იქნება ერთერთი მძიმე ზამთარი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. არ ვამბობთ, რომ ნავთის რიგში მოგვიწევს დგომა, მაგრამ შიმშილის ზღვარზე ნამდვილად მივალთ. ცალკე ეპიდემია გვიტევს, ცალკე _ ლარის კურსი და ცალკე კიდევ _ პროდუქტების გაძვირება. უმუშევრობაზე აღარაფერს ვამბობთ, რადგან ეს პრობლემა, 30 წელია, გვიდგას და ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს მივეჩვიეთ. მოსახლეობას აღარც სჯერა, რომ რომელიმე ხელისუფალი მათ დასაქმებაზე იზრუნებს და რეალურად აღარც აღარავინ ითხოვს საჯაროდ და სახალხოდ დასაქმებას. ყველა თვითდასაქმებაზეა გადასული დავიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის მოწოდებას, დისტანციურად იმუშავეთო, ტაქსის მძღოლი გამოეხმაურა: კლიენტებს დავანახვებ, საჭეს როგორ ვატრიალებ და ადგილამდე ფეხით მივლენ, ალბათო. ევროპაში არ უჭირთ რეგულაციების დაცვა, გარანტირებული სამსახურები, მიღებული კომპენსაციები, მყარი ეკონომიკა და, რაც მთავარია, მოქალაქეების დანაზოგი ამის შესაძლებლობას აძლევთ. ჩვენთან კი არც ერთია, არც მეორე, არც მესამე და მეოთხე. რა მწარე მოსასმენიც უნდა იყოს, უნდა ვთქვათ, რომ პროდუქტები ამ თვეშიც გაძვირდება, მომავალშიც და, საერთოდ, ყოველთვიურად მოიმატებს ფასები; ნუ მოგატყუებთ ის, რომ სეზონურად რაიმე პროდუქტი შეიძლება გაიაფდეს, მაგრამ რაღა გაიაფდეს, ოქტომბერში ნაყინი რომ გაძვირდება, როცა, წესით, უნდა იაფდებოდეს, რაღაზე უნდა ვისაუბროთ?!

თუ ხელისუფლებამ ახლი წლიდან არ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ რაიმე ისეთი შექმნას, რასაც ასეთი კრიზისისას დაეყრდნობა, თუნდაც წყალი, რომელიც მართლა შეიძლება ევროპის ბრენდად იქცეს და კარგად გაიყიდოს. ოღონდ საამისოდ ამბიციები დიდმა ევროპულმა კომპანიებმა უნდა დაიცხრონ და ხომ გვქვია პარტნიორები, უნდა შეგვიშვან ბაზარზე. აქამდე არ გაუკეთებია ეს და, სავარაუდოდ, არც მოგვითხოვია. არადა, უნდა მოვითხოვოთ, იმ უაზრო დაპირებების სანაცვლოდ უნდა მოვითხოვოთ, რომლებზეც, ამდენი წელია, თავს ვუქნევთ, ევროკავშირში ამაო დაპირების რომ გვჯერა, ამიტომ უნდა დათმონ. სხვაგვარად მუდმივად კარდაკარ მოარული მათხოვარი იქნება ჩვენი ქვეყანა და მათხოვრის ბედი ხომ იცით, მოწყალებას ხან გაიღებენ, ხან _ არა.

ძალიან ვწუხვართ, რომ პროდუქტების ჩვენ მიერ ნაწინასწარმეტყველები გაძვირება და ლარის გაუფასურება ასი პროცენტით ახდა. ახლა იმას ვიტყვით, რომ, თუ რამე რადიკალურად არ შეცვალა ხელისუფლებამ, ვერც პროდუქტების გაძვირებას გააჩერებს, ვერც ვალუტის გაუფასურებას და, “ლოქდაუნისგამოცხადებას რომ ერიდება მთავრობა, სწორედ დასავლელი პარტნიორები გამოგვიცხადებენლოქდაუნსდა დაგვხურავენ. ჰო, დაგვხურავენ ზუსტად ისე, როგორც რომელიმე საწარმოს, და თუ გგონიათ, საწარმოზე მეტი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე, ძალიან ცდებით.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here