თითქოს ძალიან მარტივად და გასაგებად გვითხრეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივა ნულს ქვემოთაა. მორჩა დაპირებები, მაპ-ი, მასზე უკეთესი და ა.შ. გასაგებად თქვეს, რომ უახლოესი 50 წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს, ისე უკრაინას, ნატოში გაწევრების პერსპექტივა არ აქვთ. ჰოდა, ძალიან გაგვიკვირდა, როცა საქართველოში ნატოს ერთობლივი სწავლება-წვრთნები დაიგემა. მით უმეტეს, რომ ამერიკელებს ეს პროგრამა შეჩერებული ჰქონდათ, უფრო ზუსტად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა, აქაოდა, არ იმსახურებთ ნატოს წვრთნებში მონაწილეობას, გზას ხართ აცდენილიო.
საქართველოში მიმდინარე წვრთნებში, ჩვენ გარდა, აშშ-ის, თურქეთის, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვისა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, დამკვირვებლებად კი სომხეთისა და იაპონიის სამხედროები არიან წარმოდგენილნი. ომს აშკარად არ ვაპირებთ და რა საჭიროა ამ ეტაპზე ეს წვრთნები, როცა ჩრდილოელი მეზობელი ომშია ჩაბმული და, ზოგადად, არც რეგიონშია ვითარება დალაგებული? ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის გაღიზიანების მცდელობას – აგერ, შენს ყურის ძირში წვრთნებს ვატარებ და თანაც მასშტაბურსო. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს დასავლეთს რუსეთის გაბრაზება სურს, ხელისუფლება კი იძულებული შეიქნა, დასავლეთის მოთხოვნას დათანხმებულიყო, მაგრამ… წვრთნების დაწყება-გახსნის ცერემონიას არც პრემიერი დაესწრო, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც თავდაცვის მინისტრი. რატომღაც გვგონია, რომ ეს იყო პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ ხელმძღვანელი პირები ამ ყველაფერს გულგრილად უყურებენ და, რაც ხდება, მათი სურვილი ნამდვილად არ არის. წვრთნების გახსნას ქართული მხრიდან „ვალოდია ჯინჭარაძე“ რომ დაესწრო, დასავლეთიც უნდა მიმხვდარიყო, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ სურთ, თუმცა ფაქტია – საქართველოში ვატარებთ იმ ორგანიზაციის წვრთნებს, რომელშიც უახლოესი 50 წლის განმავლობაში არ მიგვიღებენ…
წვრთნების დაწყებამდე კი გაირკვა, რომ ამერიკულ პიარკომპანიას საქართველოდან 360 ათასი დოლარი გადაერიცხა, აქედან 87 ათასი პირადად ჯო უილსონს ერგო, იმ უილსონს, რომელმაც „აქტი მეგობარი“ დაარეგისტრირა კონგრესში და რომელიც ყოველ დილას „ქართული ოცნების“ კრიტიკით იწყებს. საინტერესოა, რომ უილსონის ჯამაგირი FARA-ს კანონის მეშვეობით შეიქნა ცნობილი. არადა, FARA-ს ზუსტი ანალოგი საქართველოს პარლამენტმაც მიიღო და იგივე ჯო უილსონი მას რუსულ კანონს ეძახის.
„ყველა ხვდება, რაც ხდება. უილსონმა ფული რომ მიიღო, გავიგეთ, თუმცა, მის გარდა, ჩვენ ევროკავშირის ელჩიც გვებრძვის. ჩემი ნება რომ იყოს, მას საქართველოდან დღესვე გავაძევებდი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბატონი კახა მხოლოდ დედაქალაქის მერი რომ იყოს, ეგებ ხმაც არ ამოგვეღო, მაგრამ ის მმართველი პარტიის გენერალური მდივანია; გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით, მეორე თუ არა, მესამე კაცი მაინც არის სახელმწიფოში და რას ნიშნავს „ჩემი ნება რომ იყოს?“ ჩვენ რომ გვიყვება ტელევიზიით, ასე და ისე ვიზამდიო, ერთხელ მაინც დააყენა პოლიტსაბჭოზე ევროკავშირის ელჩის გაძევების შესაძლებლობის საკითხის განხილვა? ერთხელ მაინც უთხრა თანაგუნდელებს, ეს კაცი ჩვენი მტერია და ქვეყნიდან გავაძევოთო? სწორედ მისი და მისი მეგობრების ნებაზეა დამოკიდებული საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო კურსი და ამიტომ ვერ ვხვდებით მისი განცხადების აზრს – „ჩემი ნება რომ იყოს…“
აგერ, ემანუელ მაკრონმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა და მართალია, ამერიკა და ისრაელი გაანაწყენა, მაინც ჯიუტად „აწვება“ პირველ ჩვენებას. მაკრონი ებრაელმა თუ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს რაღაც გათვლა აქვს და ეს აღიარება მომავალში საფრანგეთს სიკეთეს მოუტანს. ჰოდა, როცა ქვეყნის ბედი გაბარია, არ უნდა იფიქრო იმაზე, ვის რა ეწყინება ან არ მოეწონება, ის უნდა აკეთო, რაც ქვეყნისთვის არის სასარგებლო და დანარჩენი „დაიკიდო“. რამდენჯერ გამოჩნდა, რომ დასავლეთს სამი რამ შეუძლია: აღშფოთება, შეშფოთება და ომი. თუ ინტერესი აქვს, ომს იწყებს; თუ არ აინტერესებს, უბრალოდ შეშფოთებას გამოხატავს და დიდ წერტილს სვამს. აგერ, დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს ორ თვეში დავასრულებო, საპნის ბუშტივით გასკდა და დასრულებას ვინ ჩივის, ახლო აღმოსავლეთში ომი გააჩაღა. დიახ, რომ არა ამერიკის მხარდაჭერა (ღია თუ ფარული), რომ არა ამერიკის დაპირება, ისრაელი ვერ გაბედავდა ასეთ ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვას.
ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელია ისე, როგორც არასდროს და გადაწყვეტილებები მიიღება თბილისში და არა სხვა ქვეყანაში. ეს სიმართლესთან ახლოსაა. ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთი შეხედვით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სხვის დაკრულზე არ იცეკვონ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თითქოს ავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილება მათი მისაღებია და თითქოს ვითარებას „ტესტავენ“, ადგილობრივი მოსახლეობისა თუ დასავლელი პოლიტიკოსების რეაქციებს აკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას მერე იღებენ. ცოტა არ იყოს, სასაცილოა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებსა თუ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტოების გამო ატეხილი აჟიოტაჟი, რომლებზეც ჩანს, საქართველოს ახალი ელჩი ამერიკაში თამარ ტალიაშვილი როგორ გადასცემს რწმუნებათა სიგელს ამერიკის პრეზიდენტს. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამისთვის დიდი ფული გადაიხადა. „ოცნება“ პირიქით ამტკიცებს, რომ ყველაფერი მოგვარდა, აგერ, „აქტი მეგობარის“ მიღებაც შეჩერდაო. სინამდვილეში ეს არის დიპლომატიური პროტოკოლი, პრეზიდენტმა რწმუნებათა სიგელები მიიღო და წერტილი. ხომ ხვდებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი რა დღეშია, რისი მტკიცება მიდის და რაზე დავობენ? არადა, სოციალური საკითხები უნდა იყოს მთავარი, მოსახლეობას პურის ფული რომ უჭირს, იმაზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, გაიღიმა თუ არა მარკო რუბიომ და როგორი სახე ჰქონდა დონალდ ტრამპს ტალიაშვილის დანახვისას. სადმე გინახავთ ან გსმენიათ, რომ რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსები ასეთ საკითხებს განიხილავდნენ? ბაღის აღსაზრდელების ჩხუბს ჰგავს ეს ყველაფერი და გვერწმუნეთ, ბატონებო, მაინცდამაინც კარგი საყურებელი არ არის.
საქართველოს საგარეო კურსი თითქოს გარკვეულია, მაგრამ იმდენი კითხვა ჩნდება, პასუხების გაცემა რიგითი ადამიანებისთვის ძნელია. თუ ვიცით, რომ ნატოში არ მიგვიღებენ, რატომ ვატარებთ აქ წვრთნებს? თუ ვიცით, რომ ევროკავშირში არ გვიღებენ, რატომ ვნერვიულობთ მათ რეკომენდაციებზე და, საერთოდ, რატომ არის „მაგარი ტიპი“ ჰერჩინსკი, კაცი, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენს და ყველაზე კარგად მან იცის, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პერსპექტივა ამ ეტაპზე სასაცილოდ მოჩანს? სწორედ ამ ურთიერთობებში უნდა გავერკვეთ და ზუსტად განვსაზღვროთ, რა გვინდა, რისი რეალური შანსი გვაქვს და თავი არც თვითონ მოვიტყუოთ და არც დასავლეთს მოვატყუებინოთ. ჰოდა, როცა მმართველი პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, ჩემი ნება რომ იყოს, ჰერჩინსკის საქართველოდან გავაძევებდიო, ამ თემაზე მმართველი გუნდის ლიდერებმა აუცილებლად უნდა იმსჯელონ, რადგან ისინიც ხშირად აკრიტიკებენ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში და აკრიტიკებენ იმის გამო, რასაც ის აკეთებს ევროკავშირის სახელით. ჰერჩინსკი არ არის ობიექტური და არ იცავს ნეიტრალიტეტს. ის გახლავთ მიკერძოებული და მხოლოდ ოპოზიციისთვის საამო ამბებს ლაპარაკობს. ის, რომ ევროკავშირმა ჰერჩინსკის სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისიც ოპოზიციის მხარესაა. ჰოდა, ასეთი კაცი რისთვის არის საჭირო, როცა ის მიკერძოებულია, ტყუილების გავრცელებას უწყობს ხელს, საერთაშორისო ასპარეზზე თავს გვჭრის?! ამიტომ ადექი და გააძევე. აგერ, გუშინ, ესპანეთში ერთ-ერთი ლაინერიდან ებრაელი მასწავლებელი და მისი 15 მოსწავლე ჩამოსვეს და უკან გააძუნძულეს იმის გამო, რომ პალესტინელების შეურაცხმყოფელ სიმღერებს მღეროდნენ. მებაჟეებმა განაცხადეს, რომ ეს ტერორისტული სახელმწიფოს წარმომადგენელთა პოზიცია იყო და არ ჰქონდათ სურვილი, მათ მომსახურებოდნენ. ეს ამბავი მხოლოდ ისრაელმა და ამერიკამ გააპროტესტეს, დანარჩენებმა კი დუმილი არჩიეს. ასეა, როცა რაღაც არ მოგწონს და ამბობ, უნდა იმოქმედო კიდეც, თორემ ჰერჩინსკი არჩევნების მოახლოეებასთან ერთად უფრო მეტ სისულელეს იტყვის, უფრო მეტად მოატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ 4 ოქტომბერს გასამართ არჩევნებს ის უარყოფითად შეაფასებს.
ბესო ბარბაქაძე