4 ოქტომბერს დესტრუქციული ძალების მიერ დაგეგმილი ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის ჩაფლავების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი (მათ შორის პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები) გახარებული ამბობდნენ, რომ საქართველომ ნეოლიბერალური ფაშიზმი დაამარცხა და დასავლეთი საქართველოში დასრულდა, ამიტომ დროა, ჩვენმა ქვეყანამ თავი დაანებოს ევროპის დაკეტილ კარზე კაკუნს… მაგრამ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოება გააოცა, როცა განაცხადა შემდეგი: ,,დიფ სთეითს,” აქვს ერთი მარტივი მოდელი და მიდგომა _ ან ხარ აგენტი, ან ხარ მტერი. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის ეს. ვერ გავხდებით აგენტები, მაგრამ ნუ გვიყურებთ, როგორც მტრებს, გვიყურეთ, როგორც პარტნიორებს. თუ ასე შემოგვხედავენ, მაშინ ყველაფერი შეიცვლება”.
,,საქართველო ღიად გადაიხრება ,,3+3” ფორმატისკენ, ორგანიზაცია ბრიჩს–ისკენ, და ქვეყანაში გაჩნდება ახალი რეალური ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოს უფრო სწრაფი განვითარების შესაძლებლობათა რეალიზაციაზე… საქართველო რეგიონში ჩამოყალიბდება ერთ–ერთ ლიდერად და მულტიფუნქციურ სახელმწიფოდ “, _ დაწერა სოციალურ ქსელში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა თემურ მაისურაძემ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება:
_ პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ჩვენ არც მტრები ვართ, არც აგენტები, ჩვენ გვინდა სრულყოფილი პარტნიორობაო, რაც ნორმალური და გასაგებია. ,,დიფ სტეიტი” არის ყველაზე დიდი კაპიტალის მფლობელი და მმართველი ძალა, რომელსაც ჩრდილოვანი გავლენა აქვს მსოფლიოზე. მას ჰყავს მონები, აგენტები, კობახიძე კი პარტნიორობას მოითხოვს და ეუბნება, რომ, თუ ასე არ იქნება, თქვენთან ურთიერთობას გავწყვეტ და მიხედეთ დანარჩენ მსოფლიოსო. ასე გავიგე კობახიძის განცხადების შინაარსი.
ვითარებას ვაფასებ გარემოებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ხიდის ერთი მხრიდან გადასვლას ვაპირებთ მეორე მხარეს. ეს ხიდი ჩაინგრა, ვერ გადავდივართ. რამდენი ხანი დავიწყებთ ლოდინს? მოვძებნით გზას, როგორ ავუაროთ გვერდი ამ ხიდს ან, საერთოდაც, გადავიფიქრებთ მასზე გადასვლას…
რუსეთსა და უკრაინას შორის ომამდე სულ სხვა ვითარება იყო, სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა დასავლეთს საქართველოსთან, შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. ჩვენ ჯიუტად ვერ ვიდგებით დაკეტილ კართან მაშინ, როდესაც ღიაა უამრავი კარი, რომლებშიც შეგვიძლია შევიდეთ…
_ პრემიერის განცხადებაზე პასუხს, დიდი ალბათობით, ვერ მივიღებთ. რა მოხდება ამის შემდეგ _ დათანხმდება საქართველოს ხელისუფლება ,,3+3” ფორმატში შესვლას ან ბრიჩსში გაერთიანებას?
_ თუ გვინდა გადავრჩეთ, ქვეყანა თავზე არ დაგვემხოს, დაკეტილ კარს უნდა მოვშორდეთ და ღია კარისკენ წავიდეთ. ეს არის გამოსავალი. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც პარტნიორად აღგვიქვამენ და მტრად არ მივაჩნივართ; არ გიყენებენ ისეთ მოთხოვნებს, როგორსაც ,,დიფ სთეითი” გვიყენებს; არ გვთხოვენ ტრადიციების შეცვლას…
ევროპა და ამერიკა ძალიან დაბალი რანგის ქვეყნად და ადამიანებად მიგვიჩნევენ. ჩვენ მათ ჯუნგლებს შეგვადარეს, თვითონ სამოთხედ მიიჩნევენ თავს და მოითხოვენ, მათ პირობებს დავთანხმდეთ. ჩვენ კი დიდი და ძველი ოჯახი გვაქვს და არ ვთვლით თავს ჯუნგლებად.
ღალატად მიმაჩნია, ჩვენ კიდევ რომ ვახსენებთ ევროპასა და ამერიკას. ისინი ადამიანებად არ გვთვლიან, ჩვენ კი მათ სახლში შეშვებას ვეხვეწებით.
პრემიერმა კობახიძემ ზემოაღნიშნული განცხადებით ,,დიფ სთეითის” მიუღებლობა დაადასტურა და თქვა, რომ საქართველო თავის გზას გამონახავს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი