ეუთომ 12 მარტს გამოაქვეყნა 100-გვერდიანი დასკვნა, რომელსაც ,,მოსკოვის მექანიზმი” ეწოდება. ამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციებით საქართველომ უნდა გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი; „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” აქტი და „გრანტების შესახებ” კანონის ის დებულებები, რომლებიც უცხოურ გრანტებს ეხება; „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები უცხოურ დაფინანსებასა და მაუწყებლობის შინაარსზე დაწესებულ შეზღუდვებზე (54-ე მუხლი); კანონი „ოჯახური ღირებულებების შესახებ”.
სახელმწიფო ღალატის დანაშაულის საფუძვლები უნდა შევიწროვდეს და გახდეს უფრო კონკრეტული, რათა გამოირიცხოს ისეთი ინტერპრეტაცია, როგორითაც შესაძლებელი იქნება ხელისუფლების კრიტიკისთვის იმ სუბიექტების დევნა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ან „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” აქტის მოქმედების სფეროში ხვდებიან…
რეკომენდაცია ბევრია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, როგორც თავშივე აღვნიშნეთ, დოკუმენტი ასფურცლიანია.
ეუთოს ამ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცილისწამება და ჭორზე დაფუძნებული უწოდა. მისი თქმით, „ეს დოკუმენტი კარგი მაგალითია იმისა, როგორ გამოიყენება საერთაშორისო ინსტრუმენტები სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად. ორი დღით იყო ჩამოსული ადამიანი, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია, და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ ასგვერდიანი დასკვნა დაწერა, დაწყებული, როგორც ის ეძახის, წამების საკითხებით და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ადამიანი ყველაფერში კომპეტენტურია… ასგვერდიანი პასუხი გაიგზავნა შენიშვნებისა საქართველოს მთავრობის მხრიდან, მაგრამ ერთი დღითაც კი არ დაიტოვა ექსპერტმა, რათა წაეკითხა, დაფიქრებულიყო და გადაეწყვიტა, რამე კორექტივი შეეტანა თუ არა”.
ეუთოს ამ დასკვნამ ძალიან გაახარა ე.წ. ოპოზიციონერები. თუ რატომ უხარიათ მათ ამ დოკუმენტის მიღება და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ამ „მოსკოვის მექანიზმით” საქართველოსა და მის ხელისუფლებას, გვესაუბრება პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე:
_ ,,მოსკოვის მექანიზმით” ისევ იმას მოითხოვენ, რასაც აქამდე მოითხოვდნენ და რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მიუღებელია.
მოითხოვენ ,,ოჯახური ღირებულებების კანონის” გაუქმებას, რომელიც უმთავრესია ჩვენი ხალხისთვის; ასევე მოითხოვენ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს საკითხები საქართველოსთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა და მას ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მხარს არ დაუჭერს.
ე.წ. ოპოზიცია, როდესაც ეკითხები, რა აზრის არის ,,ოჯახური ღირებულებების” კანონის გაუქმებაზე, პირდაპირ პასუხს არ გცემს, მიკიბულ-მოკიბულად საუბრობს…
,,მოსკოვის მექანიზმით” გათვალისწინებული რეკომენდაციები თუ ულტიმატუმები, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისიაა საქართველოსთვის, რადგან არ წაადგება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას.
ბევრმა ქვეყანამ ამ ე.წ. მოსკოვის მექანიზმს მხარი არ დაუჭირა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თვითონ ეუთოშიც არ არიან ერთ აზრზე.
ე.წ. ოპოზიციას რომ დავუჯეროთ, სანქციებს დაგვიწესებენ, უვიზო რეჟიმს გაგვიუქმებენ, მაგრამ ქართველს ამ შემთხვევაში არჩევანის საშუალება არ აქვს,ჩვენ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გავაკეთოთ. დისკომფორტი შეგვექმნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთმოთ ჩვენი პრინციპები, განსაკუთრებით ოჯახური ღირებულებების საკითხში…
_ რისი გაფუჭება შეუძლია ე.წ. მოსკოვის მექანიზმს საქართველოს ხელისუფლებისთვის?
_ შესაძლოა, სანქციები დაგვიწესონ, მიმოსვლის უვიზო რეჟიმი გაგვიუქმონ… სამწუხაროა, ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალების, ე.წ. ოპოზიციის სიხარული, რადგან ისეთი წარმოდგენა შემექმნა, თითქოს ისინი ქართველები არ არიან…
,,მოსკოვის მექანიზმით” ხელისუფლებას ვერ შეეხებიან, თუმცა გამორიცხულიც არაფერია…
ის ინსტიტუციები, რომლებიც აქტიური იყო წინა მსოფლიო წესრიგის პირობებში, დასრულდა, ყველაფრის ნიველირება ხდება. დასავლური ძალების მცდელობები ამ ეტაპზე გარკვეულწილად განწირულია…
_ გამოდის, ,,მოსკოვის მექანიზმი” იმისთვის დაიწერა, აქ ვიღაცები რომ დაემშვიდებინათ და საკუთარი ეგო დაეკმაყოფილებინათ?
_ არა, მთლად ასეც არ არის, იქნება მტკივნეული გადაწყვეტილებები, მაგრამ დროებითი. საქართველოს ხელისუფლების მოქმედება კი, ჩემი აზრით, მართებულია…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







