საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვითარება ძალიან დაიძაბა. ევროპელებიც და ჩვენს ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალებიც საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებენ. ევროკავშირმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვს, რომ გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლის გაუქმებით გვემუქრება…
,,სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება „დიფ სთეითის“ კარგად აპრობირებული ხელწერაა. ამისათვის ის ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად იყენებს მედიას, რომელიც ევროპაში „დიფ სთეითის“ ტოტალურ კონტროლსა და ცენზურას ექვემდებარება. მონოპოლიზებული მედიის წყალობით მარტივად შეუძლიათ, ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი იმიჯი შეუქმნან”, _ განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მას შედეგ, რაც აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ ბრალდება ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამას გამოგონილი იყო. ტულსი გაბარდმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპის დისკრედიტაციის კამპანია „დიფ სთეითმა“ დაგეგმა და მის წარმოებაში სახელმწიფო სტრუქტურები სრულად იყო ჩართული. ტულსი გაბარდს „დიფ სთეითის“ მხილებისთვის უშუალოდ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაუხადა მადლობა, რომელმაც მასალები შემდგომი რეაგირებისათვის იუსტიციის დეპარტამენტს გაუგზავნა. ტულსი გაბარდს მადლობა ირაკლი კობახიძემაც გადაუხადა…
რა არ მოსწონს ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებში და რატომ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:
_ იმ ორ კანონს, რომელთა გაუქმებასაც დასავლეთი საქართველოსგან მოითხოვს, გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
დამზაფრა პრემიერისთვის ზოგიერთი ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვებმა. მათთვის, როგორ ჩანს, მნიშვნელობა არ აქვს, რას მოიტანს აღნიშნული კანონების გაუქმება და რა მოხდება საქართველოში. მათთვის მთავარია, ვიზალიბერალიზაცია. კანონები, რომელთა გაუქმებასაც გვთხოვენ, ჩვენს იდენტობაზე, სულიერებაზე, უფლის რწმენასა და, საერთოდ, საქართველოს არსებობაზე მოქმედებს… აღნიშნული კანონები მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ და ეს მართებული იყო, მაგრამ, ვფიქრობ, დაგვიანებული…
_ ,,ევროპელები კურსის შეცვლას გვთხოვენ,”, _ ამბობს სახელისუფლო გუნდი, მაგრამ გაურკვეველია, რა კურსს მიჰყვება ხელისუფლება, ისიც ხომ ევროპულ გზას ადგას?
_ ხელისუფლება დასავლეთს აჩვენებს, რომ კურსს არ ცვლის _ მიდის ევროპისკენ, მაგრამ თვითონ ევროპა არ გვიღებს თავის რიგებში და ისეთ პირობებს გვიყენებს, რომლებიც ჩვენი იდენტობისთვის მიუღებელია, ამიტომ ბუნებრივად მოხდება საქართველოს კურსის შეცვლა. რასაც ჩვენი ხელისუფლება ამჟამად აკეთებს, პოლიტიკური სვლაა და მეტი არაფერი.
_ აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელ ტულსი გაბარდის გამოსვლის თაობაზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ გაბარდიც ,,დიფ სთეითზე” აპელირებს და რომ ანტირუსული განწყობები ,,დიფ სთეითის” შემოგდებულია…
_ ირაკლი კობახიძემ კარგად ახსნა, რომ ხდება ვიღაცის დემონიზება და მერე ეს პრობლემებს ქმნის. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. საბედნიეროდ, ლუსტრაცია მოხდა… ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტის ჩარევაზე რომ ისაუბრეს, მაშინ ვთქვი: რა გინდათ, მაგარი ყოფილა პუტინი-მეთქი. ალოგიკურობა ზოგიერთი ადამინისთვის ძნელი მისახვედრია. ასე ხდებოდა ფაშიზმის დროსაც, ნაცისტები ზუსტად ისე მოქმედებდნენ ებრაელების მიმართ, როგორც დღეს მოქმედებენ რუსების წინააღნდეგ _ ხდება მათი დემონიზება.
_ დღეს, როდესაც კავკასიაში მწვავე ვითარებაა, ზოგიერთი ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ; ზოგის აზრით კი, პირიქით _ წყნარად უნდა ვიყოთ და ეს ურთიერთობა თავისით მოგვარდება…
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, რუსეთთან დალაპარაკების დრო აუცილებლად მოვა. ხელისუფლებას ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს. ვმსჯელობ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელსაც ვხედავ. თუ პრობლემების მოგვარება გვინდა, რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, რადგან საქართველოს სამხედრო ძლიერება არ აქვს. ქვეყნებმა, რომლებიც გვერდით გვედგნენ, ვერ მოახერხეს ჩვენი დაცვა; რუსეთი კი ერთადერთია, რომელსაც ძალუძს ჩვენი პრობლემების მოგვარება.
მცდელობებია, რომ კავკასია აირიოს, ცუდად იქცევიან აზერბაიჯანიც და სომხეთიც, მაგრამ რუსეთს აქვს ბერკეტები, რომლებითაც შეუძლია მათი შეჩერება. არსებობს გეოპოლიტიკური კოდი, რომლის შეცვლა შეუძლებელია.
სომხეთი, როგორც ქვეყანა, რომ არსებობს, რუსეთის დამსახურებაა; აზერბაიჯანს კი, თუკი რუსეთმა მოინდომა, წარმოუდგენელი ზარალი მიადგება და ეს იციან სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც…
_ კავკასიაში არეულობაა, საქართველოს შეიძლება რამე შეეხოს?
_ კავკასიაში არეულობა შემოიტანეს. ირანსა და ისრაელს შორის ომი რომ დაიწყო, ისიც სანერვიულო იყო, რადგან ჩვენი რეგიონია. მიკვირს იმ ხალხის, რომელსაც ეს ყველაფერი ახარებს.
ბუნებრივია, კავკასიაში ვითარება სანერვიულოა, ალიევს ნაბიჯების გადადგმას აიძულებს ბრიტანეთი, ფაშინიანი მეორე სააკაშვილია, მაგრამ გვარდება ყველაფერი, ობიექტური რეალობა მოითხოვს ამას.
ჩვენს ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, ამიტომ ადეკვატურად იქცევა, ანუ ისე, როგორც საჭიროება მოითხოვს. რაც მთავარია, ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა აგურს თავში არ იცემენ, როგორ ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დანგრევისას.
ევროკავშირში კრიზისია, ამიტომ შორს უნდა დავიჭიროთ თავი, ჩვენები ფაქტების კონსტატაციას ახდენენ და ეს ამ ეტაპზე საკმარისია…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი