განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის განცხადებას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთების შესახებ ამ სასწავლებლების თანამშრომლებისა და სტუდენტების პოროტესტი მოჰყვა.
ამ ფონზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: ,,ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი _ ოქსფორდი… რა თქმა უნდა, კამპანია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ, არის ისევ და ისევ სიყალბეზე აგებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სპეკულაციურ ბუნებაზე. რაც შეეხება კონკრეტულად ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ დისკუსიას, არის მხოლოდ ზოგადი განცხადებები და არც ერთი კონკრეტული განცხადება იმაზე, რა მინუსი შეიძლება ჰქონდეს ამ გაერთიანებას. პლუსი, დადებითი მხარე არის უამრავი.“
განათლების რეფორმა აუცილებელი იყო _ ამას ქართველი საზოგადოების გონიერი ნაწილი ყოველთვის მოითხოვდა. მაშ, რატომ არის მიუღებელი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:
_ რეფორმა საჭიროა განათლების სისტემაში და ამაზე ყველა ვთანხმდებით. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, მაღალი სტანდარტის განათლება ჰქონდეს. რეფორმა უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღიდან და სკოლის მერხიდან, რადგან ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში სათანადო ცოდნით არ მიდიან. მე ვმუშაობ საგანმანათლებლო სისტემაში და ვიცი, რეფორმა ზემოდან არ უნდა დავიწყოთ.
ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა აპირებს, კარგად უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული. როდესაც 104 წლის უნივერსიტეტის გაუქმებით იწყებ ცვლილებას, ეს უნდა ახსნა. 104 წლის უნივერსიტეტი ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს და თხზავენ ისტორიას სასწავლებლის შესახებ, რათა მას სახელი მოუხვეჭონ… როდესაც გაქვს ისეთი ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო ააშენა და რომელსაც მშენებლობაში საბჭოთა კავშირის მასშტაბით აქვს უდიდესი წვლილი შეტანილი, მისი გაუქმების გადაწყვეტილება ასე ხელაღებით არ უნდა მიიღო.
აუცილებელია, გასაჯაროვდეს ემპირიული კვლევის მასალები, რატომ მივიდნენ ასეთ დასკვნამდე. ჩვენ მეცნიერები ვართ, მე უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის დიდი სტაჟი მაქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამიხსნან გადაწყვეტილების სისწორე.
პრემიერმა განაცხადა, რომ საზოგადოებასთან დებატებს გამართავს, ეს კარგია, დაგვიძახონ პროფესორ-მასწავლებლებს, მათ, ვისაც რეფორმის მომზადებაში მონაწილეობა არ მიგვიღია, და დაგველაპარაკონ, დაგვისაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილების მართებულობა და მოგვისმინონ ჩვენც.
_ რატომ გადაწყვიტეს ორი უდიდესი უნივერსიტეტის შეერთება, რა მიზანი აქვთ?
_ არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან ეს საკითხი საჯაროდ არ განხილულა, ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. ერთ დღეს მივედით სამსახურებში და გამოგვიცხადეს, უნივერსიტეტები უნდა გაერთიანდესო. გვეუბნებიან, რომ უკეთესი იქნება, მაგრამ ვერავინ გვიხსნის, რატომ?
_ სამეცნიერო საზოგადოება ძალიან გააღიზიანა უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ ინფორმაციამ, გაჩნდა პროტესტის კერები, პროფესორ-მასწავლებლების ასეთ გაღიზიანებას რა შეიძლება მოჰყვეს?
_ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მოგვიწოდა, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავიდეთ. არც მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სამართლებრივი ჩარჩოდან გავა, კანონმორჩილი ვარ. გარდა ამისა, კარგად მესმის, რომ რთული საერთაშორისო ვითარებაა, ნებისმიერი არეულობა და პროტესტი საქართველოსთვის კარგი არ იქნება.
_ გამოდის, დათმობას აპირებთ?
_ ვეცდებით, სხვა ფორმით ვიბრძოლოთ, არსებობს სამართლებრივი გზებიც.
ხელისუფლებას აქამდე არ მივუწვევივართ სალაპარაკოდ, სათათბიროდ, მაგრამ, როგორც გითხარით, რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დებატები გაიმართება საზოგადოებასთან. სწორედ ამ ფორმატში ვითხოვთ მთავრობის წევრებთან შეხვედრას.
_ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული ფაკულტეტებიც არის, ეს ფაკულტეტები გაეუქმებინათ და სასწავლებელი კვლავ საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტად გადაეკეთებინათო, _ ამბობს ბევრი, რადგან ამ ინსტიტუტს თავის დროზე მართლაც ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია.
_ არა, ასე რატომ უნდა მოხდეს? უამრავი ტექნიკური უნივერსიტეტია, რომლებშიც ჰუმანიტარული ფაკულტეტებია, როგორც სტუ-ში; მაგალითად, მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი სოციალური მეცნიერების უდიდესი სკოლაა და ეს ნორმალურია.
ბოლო პერიოდში ტექნიკურ უნივერსიტეტში ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. რექტორი ძალიან აქტიური პიროვნებაა, რომელიც ცდილობს, უნივერსიტეტმა წარმატებას მიაღწიოს.
_ პრემიერმა კობახიძემ ცინიკურად განაცხადა: ,,უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი _ ოქსფორდი”. როგორც ჩანს, ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს. ასეთ ვითარებაში მიაღწევთ რამეს?
_ ამ შემთხვევაში ცინიზმი მოსაწონი არ არის. ბევრი ჩვენი კოლეგა, რომლებსაც განათლება მხოლოდ საქართველოში აქვს მიღებული, არაფრით ჩამოუვარდება არც ოქსფორდელებს, არც კემბრიჯელებს, არც ჰარვარდელებს და არც სხვა რომელიმე ცნობილ უნივერსიტეტში განათლებამიღებულს. მე სხვაგანაც მაქვს მიღებული განათლება, მაგრამ საბაზისო ცოდნა საქართველოში მივიღე და თავს არავისზე ნაკლებად არ ვთვლი…
ამ საკითხზე საჭიროა დიალოგი და მასში პროფესურის ჩართვა აუცილებელია, ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ და დაინტერესებულები ვართ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის განვითარებით.
ესაუბრა ეკანა სყიდაშვილი







