Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა შათირიშვილი: ევროკავშირს დღეს კრიზისი აქვს და კრიზისი სამედიცინო ტერმინოლოგიით ნიშნავს მდომარეობას,...

ზაზა შათირიშვილი: ევროკავშირს დღეს კრიზისი აქვს და კრიზისი სამედიცინო ტერმინოლოგიით ნიშნავს მდომარეობას, როცა პაციენტი ან გადარჩება ან არა

4860
ზაზა შათირიშვილი

ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე განცხადებას ავრცელებს. ტექსტში, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ მომავალში საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს: „ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისითდანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს“.

იმავე ტექსტში საუბარია სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველომ კომპლექსურად უნდა განახორციელოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის. გეგმა ეფუძნება 6 ძირითად დებულებას:

ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელებას;

ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაციას;

ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდას;

ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლას;

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებულ დიალოგს;

პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ინტეგრაციასთან ერთად, ფიზიკურ ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან.

კონკრეტულად რა ცვლილებებისა და რეფორმების განხორციელება მოუწევს საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის, რას ნიშნავს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გარკვეული სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით და რა გარდაქმნებს უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს დაუკავშირდა.

ზაზა შათირიშვილი: თვითონ ევროკავშირი ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა და აქედან გამომდინარე, ჩვენი გაწევრიანება მათ დღის წესრიგში არ დგას. მეტიც, ევროკავშირს დღეს კრიზისი აქვს და კრიზისი სამედიცინო ტერმინოლოგიით ნიშნავს მდომარეობას, როცა პაციენტი ან გადარჩება ან არა. მარტივად რომ ვთქვათ, ვითარება არის ძალიან ბუნდოვანი და არავინ იცის, რა იქნება ვთქვათ, ხუთი წლის შემდეგ. ვერავინ, ვერც ექსპერტები, ანალიტიკოსები, პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ამდენად, საუბარი იმაზე, თუ რამდენად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ნაადრევი მგონია. თვითონ ევროკავშირის პერსპექტივაა ბუნდოვანი…

_ ვიზალიბერალიზაციაზე რას ფიქრობთ? რამდენად ადეკვატურია ის ეიფორია და აჟიოტაჟი, რომელიც ამ მოვლენამ გამოიწვია ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში?

_ თავისთავად ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ თუ ვინმე გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ ეს რაღაც ფუნდამენტურ ცვლილებებს გამოიწვევს, ცოტა არ იყოს, ნაადრევი დასკვნა მგონია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპაში წასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენ, მაგრამ ეს არავის უკვირდა. მაგალითად, შესანიშნავი ქართველი ფილოსოფოსი, მოსე გოგიბერიძე ისე წავიდა გურიიდან ბერლინში, თბილისი ნანახი არ ქონდა… მე რის თქმა მინდა, მთავარი პრობლემა დღეს არის ის გამოწვევები, რაც დგას ევროკავშირის წინაშე და მათთვის ეს გამოწვევებია პრიორიტეტი. არავინ იცის, საით მივყავართ ამ პროცესებს, სრული გაურკვევლობაა და ყველაზე მეტად ზუსტად ამაზეა კონცენტრირებული დღეს დასავლეთი.

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სრული გაურკვევლობაა ამ გაურკვევლობასთან მიმართებაში, ანუ, მათ ჯერ ისიც კი არ იციან, რომ გაურკვევლობის ფაზაში ვართ. მხედველობაში მყავს ხელმძღვანელობა, თორემ ზოგადად ქვეყანაში იმედია, ვიღაცები ხედავენ და აცნობიერებენ, რეალურად რა მდგომარეობაა მსოფლიოში, რა გარდაქმნები მიდის და რა მიმართულებით შეიძლება მომავალში პროცესები წავიდეს…

3 COMMENTS

  1. ,,ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სრული გაურკვევლობაა ამ გაურკვევლობასთან მიმართებაში, ანუ, მათ ჯერ ისიც კი არ იციან, რომ გაურკვევლობის ფაზაში ვართ” —- და როდესაც თავად ხელისუფლებაა ამ დღეში ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყანაც ამ დრეშია ? ამიტომ . —— დროა იმისა, რომ დამთავრდეს განუსაზღვრელი მრავალგვარობიდან განსაზღვრულ ერთგვარობაზე გადასვლა. დროა ერთხელ და სამოდამოდ დაედოს საზღვრულობა ისტორიულ ჩვეულებად ჩამოყალიბებულ ერის ცხოვრების გზას. განა ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესების დადგენა ჩამოყალიბებული შემეცნების შემდეგ არ დავიწყეთ?. ამიტომ — განა ახლა ერის შემეცნება მზად არაა იმისათვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი ჩვენსავე მიერ ერთხმად წილნაყარი და რუსეთთან დადებული ტრაქტატის ( ანუ ჩარჩო ხელშეკრულების ) წესებით წავიყვანოთ?! იმის მაგივრათ. რომ პრეზიდენტისა და პრემიერის ემისრებს ატალახებული ჰქონდეთ კრემლის ტალნები, ესენი მაინც ჯიბრით არ ესაუბრებიან.

  2. ზაზა შათირიშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: „თავისთავად ეს დადებითი მოვლენაა…“
    ვერ დავეთანხმები ბ-ნ ზაზას, თითქოს ვიზალიბერალიზაცია დადებითი მოვლენა იყოს. ნათქვამია, თაფლი კარგია, მაგრამ ძაღლის გუდაში დევსო, და ძაღლის გუდაა რეადმისია. მე მხედველობაში მყავს ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გადარჩენის წინაშე დგანან და ხსნას „სამშობლოდან“ გაქცევაში („ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის…“) ხედავენ, და საშინელებაა, როდესაც „სამშობლოდან“ გაქცეულ ადამიანს ძალით უკან „სამშობლოში“ აბრუნებ! ადამიანს, რომელმაც უკანასკნელი სახლი გაყიდა, რომ გაქცეულიყო, და უკან აბრუნებ, 3000-ევროიანი ჯარიმით, რომ უსახლკარო „სამშობლოში“ ახალგაზრდა კაცი (ძირითადად ახალგაზრდები გარბიან) ცოცხლად დამარხო! ევროკავშირისათვის ეს ტურიზმია – დამატებითი შემოსავლის წყარო, საქართველოსათვის კი – ბოლო კაპიკების ევროკავშირში გადასროლა-გაფლანგვა და საბოლოო კატასტროფა. ევროკავშირში გაქცევას ვიზალიბერალიზაციამდე ჰქონდა აზრი, როცა შეიძლებოდა თავშესაფრის მოთხოვნა და მუშაობის ლეგალური ან არალეგალური უფლება. ეხლა ყველაფერმა აზრი დაკარგა. ამიტომ ჩემი, როგორც გამოცდილის, ერთადერთი კეთილი რჩევაა: თუ გაქცევას არ დაიშლით, სახლებს მაინც ნუ გაყიდით და იმ ფულით ნუ წახვალთ!

  3. საბჭოთა კავშირმა იძულებით ძლივს გაძლო 70 წელი,ევროკავშირი ამდენხანს ვერ გაქაჩავს რადგან უფეო დემოკრატიულია,ამიტომ ნატოზე და ევროკავშირზე უფრო რეალურზე ფიქრი გვმართებს თორემ ერთ დღეს რუსეთიც და ამერიკაც გვერდზე დაგვრჩება და ჩინეთის პატარა გუბერნია გავხდებით.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გუჯა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here