Home რუბრიკები საზოგადოება ვცხოვრობთ მონობაში შეძენილი წესებითა და მონობაში შემუშავებული მსოფლმხედველობით

ვცხოვრობთ მონობაში შეძენილი წესებითა და მონობაში შემუშავებული მსოფლმხედველობით

ქვეყნის პოლიტიკურ ველზე შარშან სარეველამ ისეთი თავთავი გაიკეთა, რომ წელს მისგან “უკეთეს მოსავალს” მივიღებთ, უდავოდ. უკვე “ამოიწვერა” კიდეც “ნაცმოძრაობის” “ახალი ყლორტები”...

106

ესეც ჩვენი გაზეთის პირველი ნომერი, მკითხველო. დიდი სურვილის მიუხედავად, რომ 2022 წლიდან მაინც შევცვლიდით რუბრიკასმწარე სიმართლე”, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. არ მოხერხდა, რადგან ის არასასურველი რეალობა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო 2021 წლისგან არათუ სასიკეთოდ შეიცვალა, უფრო მეტად დამძიმდა. ასე რომ, ილიასი არ იყოს, “რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”…

თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ

* ახალი წლიდან პენსიების გაზრდა მთავრობის მიერ გადადგმული სასიკეთო ნაბიჯია, მაგრამ რა შეღავათს მისცემს მომატებული 20-25 ლარი მოხუცებს, ამაზე, სჯობს, არ ვისაუბროთ, თორემ ოთარაანთ ქვრივივით მწარე სიმართლის მიხლა მოგვიწევს პირში ხელისუფლებისთვის: ეგ შენი გროშები ძონძებში გამოიკარ, არსად დაგეკარგოსო!

* ჰო, კიდევ: 200 ლარს რომ ჩუქნის ხელისუფლება 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, თუკი აიცრის, ესეც კარგია, მაგრამ…

აი ისევ მაგრამ! რატომ? ეს შემთხვევით იმას ხომ არ გაგონებთ, ვირს ცხვირწინ ბალახს რომ ჩამოუკიდებენ, ნაბიჯის გადადგმა რომ აიძულონ?

ფულის გამო რომ აიცრის ადამიანი, სწორედ ესაა ტრაგედია; მერე კიკუსავითაც შეიძლება გაიხადოს ფულის დანახვაზე… ჩვენს მთავრობას კი უხარია, თავმოყვარე ერი კიკუდ რომ გადააქცია.

აქაც მწარე სიმართლე წამომცდა.

* თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური მგზავრთა სასიკეთოდ შეიცვლებაო. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ესეც თუ იმგვარადაა მოფიქრებული, როგორც “ავერსმა” წამლის შესაძენად მისულ ადამიანებს თვალში ნაცრის შეყრა მოუნდომა, აქაოდა, სამ ამპულას თუ იყიდით, ორს გაჩუქებთო. სინამდვილეში კი სამი ამპულა საჩუქრის გარეშე უფრო იაფი ჯდება, ვიდრე საჩუქრით, რადგან საჩუქრის გაცემის შემთხვევაში ფასდაკლების აქცია თურმე არ მოქმედებს… რატომ თურმე? იმიტომ, რომ ამაზე მყიდველთან კრინტს არ ძრავენ.

ასეთ რამეს მოფიქრება არ უნდა?!

ჰოდა, ახლა იმტვრიოს უნდა თავი ხალხმა, _ ნეტა, სად მარხია ძაღლის თავიო.

პოლიტიკურ ბრძოლის ველზე კი გახედვაც არ ღირს, თუმცა შუბლისძარღვგაწყვეტილი ადამიანები თავიანთი საქციელით საზოგადოების გაოცებას კვლავაც ახერხებენ. ასე უფრო იოლია მათთვის ცხოვრება, ხალხისთვის კი _ რთული. სულმნათმა ნოდარ დუმბაძემ ბავშვობაში სოფლის მეველისგან მიღებული დარიგება ცხოვრების დევიზად გაიხადა და დიდობაშიც ბევრჯერ გაუმეორებია მისი სიტყვები: “ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება, მერე “იოლია” ძალიან ცხოვრება.

_ ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვს და ნუგაიიოლებცხოვრებასო.

ვცდილობ, რომ ნამუსის ეს შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო არასდროსო”.

მაგრამ ამ ნამუსისძარღვგაწყვეტილების ამ ჭკუაზე დაყენება, მგონი, დაგვიანებულია. მათ სხვაწამალისჭირდებათ, რომლის რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ხალხს შეუძლია და, ალბათ, ეს დროც დადგება.

“რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, აბა ერთი გვიბრძანეთ, _ რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს”?! _ ილიას ამ სიტყვებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს გასულ წელს და, იმავე დილემის წინაშე რომ არ აღმოვჩნდეთ ამ წლის ბოლოსაც, ამაზე აქედანვე უნდა ვიზრუნოთ. ახლა კი უნდა დავჯერდეთ იმ მწარე ნაყოფს, რომელიც წინა წლებში ჩვენმა დარგულმა თუ დათესილმა მოგვცა.

რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ პროცესებს, ქვეყნის პოლიტიკურ ველზე შარშან სარეველამ ისეთი თავთავი გაიკეთა, რომ წელს მისგანუკეთეს მოსავალსმივიღებთ, უდავოდ. უკვეამოიწვერაკიდეცნაცმოძრაობის” “ახალი ყლორტები”…

დავანებოთ თავი ქარაგმებს და პირდაპირ ვთქვათ: “ნაცმოძრაობაში” საკადრო ცვლილებებია. მართალია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლებაო, მაგრამ… სააკაშვილმა საკუთარ პარტიაში გავლენის გასაძლირებლად პირადი კადრების დაწინაურების გზა აირჩია. სურათი ასეთია: ნიკა მელიას ნაცვლად _ კობა ნაყოფია (თუმცა ამას არ აღიარებენ, რადგან მელია პარტიის ფიქტიურ თავმჯდომარედ დატოვეს); პეტრე ცისკარიშვილი კი _ რამდენიმე წლის წინათ გაუქმებულ, გენერალური მდივნის პოსტზე.

და ისევ გაისმა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები: კონსულტაციები გვაქვს ჩვენი გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთანო, რათა გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც არამხოლოდ პარტიას, პირველ რიგში, ქვეყანას უდგას, ჩვენი პარტია ოპოზიციიდანაც უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებსო. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ გამარჯვების (ნეტა რომელ გამარჯვებაზე საუბრობენ?!) მერე ხალხს დავანახვებთ, რა ხედვები გვაქვს, რა მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას და რა იქნება ჩვენი პრიორიტეტებიო.

ნეტარ არიან მორწმუნენი…

დღეს ბავშვიც კი ხედავს, რომნაციონალური მოძრაობისრესურსი იწურება. ხალხის თვალში მათ, კარგა ხანია, კიტრის ფასი აქვთ. ეს, პარტია კი არა, ძალაუფლებისთვის მებრძოლთა ერთგვარი კასტაა და განხორციელებული შიდაკოსმეტიკური ცვლილებებიარაჟნებიანი ტრალერით საქართველოში შემოპარულ სააკაშვილს ავტორიტეტს ვერ შეუქმნის, უფრო _ პირიქით. 2003 წელს სააკაშვილს მოსახლეობის 94% უჭერდა მხარს; ამ ცოტა ხნის წინათ ნაცების ბოლო აქციაზე კი ორასი კაციც არ შეკრებილა. ეს არის რეალობა. იმასაც ამბობენ, მელია მოამწყვდიეს ალყაშიო. მას რომ ღირსება ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა იმ პოლიტიკურ პარტიას და გვერდზე გაიწეოდაო. აგერ თქვენ და მე, ცოტა ხანში სხვანაირად ილაპარაკებს და იტყვის, _ სხვა გზა მაქვს და სხვა მეთოდიო. შესაძლოა, “ლელოში” გადავიდეს ხოშტარიასავით ან 4-5-კაციანი პარტია შექმნას და ისევ ლიდერი იქნებაო…

კიდევ ათასი ჭორ-მართალი ითქვა და კვლავაც ითქმება, ამიტომ აქ ჩვენი დიდი წინაპრის ნააზრევს შევახსენებ მავანთ: ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირიდავინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია”, ხოლოქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!”…

საქართველოში თითქმის ყველა განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკური პარტია პრეტენზიას აცხადებს, რომ მისი იდეოლოგია ილიას მსოფლმხედველობას ემყარება. ამასვე ამბობდა წლების წინათ მიხეილ სააკაშვილიც. მან ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ ილია იყო ყველაზე პროგრესული და ერთ-ერთი პირველი ადამიანი დასავლური გზისკენ მიმავალი, რომლის საქმესაც სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” განაგრძობს.

ალბათ, საფლავში ბრუნავდა ერის მამა, როცა ნაციონალები ამას ამბობდნენ და თან ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, ლგბტ პროპაგანდას ეწეოდნენ, ისედაც შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ ქართულ მიწებს ასხვისებდნენ, წინაპართა ტრაიციებსა და ისტორიას ივიწყებდნენ… არადა, ილიამ თქვა სწორედ, რომ ერის გათახსირება მაშინ იწყება, როდესაც ის ისტორიას ივიწყებსო.

პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დღესაც გამუდმებით მანიპულირებს ილიას სახელით, რათა საზოგადოებას დაუმტკიცოს საკუთარი იდეოლოგიის ჭეშმარიტება და ხელისუფლების ანტიეროვნულობა.

ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ ამ გაზაფხულზეო, _ სასამართლო დარბაზიდან გვაუწყა პრეზიდენტყოფილმა, რომელიც, უკვე მერამდენე გაზაფხულია, ხელისუფლებაში დაბრუნებას გვიანონსებს. იმედია, მართლაც დასრულდება ეს სამარცხვინო სპექტაკლი, მაგრამ არა ისე, როგორც სააკაშვილს სურს, არამედ ისე, როგორც ეს ქვეყანასა და ხალხს, ქართულ სახელმწიფოებრიობას წაადგება.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რა სჯობს _ ვიცხოვროთ ილიას მაგალითით თუ სხვა გზა გამოვნახოთ: “ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, / ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი”?

თუმცა სხვა გზის გამონახვა, “სხვა ვარსკვლავის დევნაუკვე ილიას მაგალითით ცხოვრებას ნიშნავს, ოღონდ ჯერჯერობით ერთი დღეც არ გვიცხოვრია ილიას მაგალითით. კი ვამბობთ, ხმამაღლაც ვიქადნით, ვიმუქრებით კიდეც, მაგრამ მაინც ძველებურად ვაგრძელებთ არსებობას, ანუ ვცხოვრობთ მონობაში შეძენილი წესებითა და მონობაში შემუშავებული მსოფლმხედველობით, რომელიც, უპირველესად, სწორედსხვა ვარსკვლავისდანახვაში გვიშლის ხელს.

თითქოს საფლავიდან ამოგვძახის ერის მამა: ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავსო”.

როგორ გგონიათ, ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვლენ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები საქართველოს ასაყვავებლად?!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here