რუსეთისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა _ ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლას მადურომ სატელეფონო საუბარში დაადასტურეს თავიანთი განწყობა მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო საკითხებში. ამას გარდა, როგორც ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მადურომ პუტინისგან რუსეთში ჩასვლის მიწვევა მიიღო.
“პრეზიდენტმა მადურომ რუსი კოლეგისა და მისი ქვეყნისადმი სოლიდარობა გამოხატა და დაგმო რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციებისა და მანიპულაციების დაწყების მცდელობა. ამასთანავე, მადურომ მადლობა გადაუხადა რუსეთის მთავრობას ვაქცინებისა და მედიკამენტების მიწოდებით კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერისთვის”, _ ნათქვამია ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აშშ-თან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში არ გამორიცხა რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება კუბასა და ვენესუელაში. ამასთანავე, რუსეთმა აშშ გააფრთხილა, ნატოს მხრიდან წამოსულ საფრთხეებზე საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ზომებით უპასუხებს.
The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთის დელეგაციამ ჟენევაში აშშ-თან გამართულ მოლაპარაკებებზე აშშ-ის მის საზღვრებთან ახლოს, ანუ სამხრეთ ამერიკაში ბირთვული რაკეტების განლაგებაზე მიანიშნა. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა ტერიტორიაზეც რუსეთს შეუძლია რაკეტების განლაგება, არის კუბა, ვენესუელა და ნიკარაგუა (სხვათა შორის, 18 იანვარს პუტინი ტელეფონით ესაუბრა ნიკარაგუის პრეზიდენტ დანიელ ორტეგას).
strana.best–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ