ამ ცოტა ხნის წინათ ვწერდით: რა ქნას ხალხმა _ ვის დაუჯეროს, ვისი იწამოს, ვის იმედად იყოს, როცა გარშემო სულ ტყუილი ესმის–თქო. რჩევისათვის ისევ ერის მამას მივადექით და მისი თვალსაზრისი თქვენც გაგიზიარეთ, მკითხველო: “მიმოვიხედე ჩემს გარეშემო, დავეკითხე ძველსა და ახალსა, აქეთ ვეცი, იქით ვეცი, მრავალი ჭკვიანი კაცი ვნახე, მრავალი წიგნი წავიკითხე და ვცან, რომ ადამიანის უბედურობა დღემდე იმაში ყოფილა და დღესაც იმაშია, რომ ვერ მიუგნია, რა არის ცოდვა და რა არის მადლი? რას ჰქვიან კეთილი და რას ბოროტი? რაც გუშინ ცოდვად აღიარებულა, დღეს ის მადლად მიგვაჩნია, რაც ერთს ქვეყანაში მადლად ჩაეთვლება ადამიანს, ის მეორეში ცოდვაა, რაც ერთს შემთხვევაში ცოდვაა მომაკვდინებელი, ის სახელოვანი საქმეა მეორეში”.
აქ არ შევუდგებით იმის განხილვას, ვის კისერზეა რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლი. დაე, უფალმა განიკითხოს და საკუთარ “გულის დავთარში” ჩაახედოს ისინი, ვინც ეს ჯოჯოხეთი დაატრიალა და ვინც ძმა ძმას წაჰკიდა. ილიას ნათქვამს გავიმეორებ მხოლოდ, რომელიც მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორებაში დაგვეხმარება.
“ყოველი ერი თვისის ისტორიით სულდგმულობსო, იგია საგანძე, საცა ერი პოულობს თვისის სულის ღონეს, თვისის სულის ბგერას, თვის ზნეობითს და გონებითს აღმატებულებას, თვის ვინაობას, თვის თვისებას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარ-ტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა”. რუსებსა და უკრაინელებს, გვარ-ტომობასა და სარწმუნოებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ერთმანეთთან აკავშირებს და ერთად კრავს სწორედ ერთად გავლილი ისტორია თავისი ჭირითა და ლხინით, თავისი დამარცხებებითა და წარმატებებით.
შესაძლოა, ეს ერთიანობა სხვადასხვა დროს გარკვეულ მიზეზთა გამო დაირღვეს ან შესუსტდეს, მაგრამ შესუსტებული გრძნობის გასაღვივებლად ისევ აუცილებელია, “იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ”. სწორედ ეს დროა ახლა რუსი და უკრაინელი ხალხის ცხოვრებაში. ელემენტარულად, ძმა ძმას ან სიყრმის მეგობრები ერთმანეთს რომ წაეკიდონ, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და ორივეს შეანჯღრევს: მეგობრებს ასე არ გეკადრებათ, მტერი არ გაახაროთო!
მაგრამ ვინმეს მოუვიდა აზრად, მსგავსი რამ რუსებისა და უკრაინელებისთვის ეთქვა? არა! პირველი შესაძლებლობისთანავე იარაღი შეაჩეჩეს ხელში უკრაინელებს. აშშ-ისა და ევროპის რიგი ქვეყნების მიერ გაბრიყვებული ზელენსკი გვიან მიხვდა “მეგობრების” ჩანაფიქრს, როცა ისინი კატეგორიულად არ ურჩევდნენ მას პუტინთან მოლაპარაკებას, ახლაც ახალ-ახალ საბრძოლო ტექნიკას სთავაზობენ და ისევ ბრძოლისკენ აგულიანებენ.
და შედეგი?
ნანგრევებად ქცეული უკრაინული ქალაქები, უამრავი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავი დაღუპული…
შექმნილი მძიმე სურათი ბევრ ღვთისნიერ ადამიანს გულწრფელად უკლავს გულს, მაგრამ უძლურია, მეგობრის საბურველში გახვეულ მტერს ნიღაბი ჩამოხსნას, რადგან თავის როლს ამ ტრაგედიაში ის შესანიშნავად ასრულებს; იმდენად კარგად, რომ ლამის ქართველებიც გააბრიყვოს: აჰა, იარაღი და თქვენც აზღვევინეთ რუსეთს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გამოო. საბედნიეროდ, ქვეყნის პრემიერმინისტრის გონიერებამ აგვარიდა ამ დიდ ხიფათს. უფალმა არ გაგვწირა არც ამჯერად, ისევე, როგორც წარსულში ქართველ ხელისუფალთა გონიერებასა და გამჭრიახობას არაერთხელ უხსნია ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მერე რა, რომ მათ მიმართ უმადურობას იჩენდა ბევრი; მერე რა, რომ ცილს სწამებდა და ტალახს ესროდა… ისტორია ყველას და ყველაფერს თავის ადგილს უჩენს, მაგრამ გვრჩება სამარცხვინო ლაქები, რომელთაც ვერასდროს ვერაფრით მოვიშორებთ. ვერა და ვერ ვისწავლეთ ერისათვის თავდადებულ ადამიანთა სიცოცხლეშივე დაფასება. ილიაც კი მოვკალით!
მწერალი და კრიტიკოსი ოთარ ჭილაძე წერილში “სხვა ვარსკვლავი”, რომელიც ილია ჭავჭავაძის ფენომენს მიუძღვნა, წერს: “ყველა ლიტერატურას თავისი განსაკუთრებული წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც ზოგად–საკაცობრიო მაგალითიც არის საერთოდ მწერლობისა და საერთოდ საზოგადო მოღვაწეობისა. აქედან გამომდინარე, მისი დანიშნულებაც გაცილებით დიდია, ვიდრე მწერლობაა, ანდა საზოგადო მოღვაწეობა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ისინი, გამორჩეულნი, გვიღვიძებენ ჩვენ, დანარჩენებს, სწავლის სურვილს, განგვაწყობენ სამოქმედოდ, გვიმძაფრებენ შექმნის ჟინს და გვიდასტურებენ “უკეთესი ქვეყნის” არსებობას, დროსა და სივრცეზე გამარჯვების შესაძლებლობას. ასე რომ, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, ისინიც, გამორჩეულნიც, ყოველთვის სამაგალითონი და მისაბაძნი იქნებიან. ხოლო რაც მათ ცალ–ცალკე შეუქმნიათ თავიანთ ქვეყნებში, საერთო, საყოველთაო სახელმძღვანელოა, საიდანაც ნებისმიერი მსურველი, უპირველეს ყოვლისა, იმას იგებს, თუ როგორი უნდა იყოს თავად.
ასეთი გამორჩეული პიროვნებაა ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ როდი იცის ეს. პირიქით, ამ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენი ზოგიერთი გაზეთი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების გადაფასებას აპირებდეს, გადაფასებას იმ ფენომენისა, ურომლისოდაც საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენი არათუ სულიერი, არამედ ფიზიკური არსებობაც, ნებისმიერი თვალსაზრისით და ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციაში”.
სანამ იარსებებს უსაფუძვლო და ბრმა სიძულვილი განუსაზღვრელი და უანგარო სიყვარულის წილ, ვერც ქვეყანას ეშველება რამე და უცხოთა თვალშიც ჩალის ფასი გვექნება, ადვილად გვატრიალებენ თავიანთ ნება-სურვილზე და ისე გადაგვაჯიშებენ, რომ ვერც გავიგებთ.
უვიცთა დაეჭვებაცა და ბრიყვთა აშკარა გამოხდომებიც მოსატანი არ არის იმ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საგულდაგულოდ შენიღბულ პოლიტიკასთან, რომელიც, წლებია, წარმატებით ხორციელდება და მიზეზია ჩვენი გაორებისა, ჩვენი ყოყმანისა, ჩვენი ეჭვიანობისა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უნდა ვენდობოდეთ და ვიცავდეთ. დღესაც არიან ბერბიჭაშვილები, რომლებიც მეორედ ცდილობენ ილიას მოკვლას; არიან ადამიანები, რომლებიც ილიას გზას მიიჩნევენ ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესად; არიან ადამიანები, რომლებიც მერყეობენ “ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. მათ ჭიდილში კი ქვეყანა თავზე გვექცევა. და ასე ვცხოვრობთ მონობაში შეძენილი წესებითა და მონობაში შემუშავებული მსოფლმხედველობით, რაც, პირველ რიგში, სწორედ “სხვა ვარსკვლავის” დანახვაში გვიშლის ხელს. “სხვა ვარსკვლავი” კი თავად ილიაა, “რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოგვიყვანოს მონობის უკუნეთიდან.
…ილია მხოლოდ სისხლიანი წარსული კი არ არის ჩვენთვის, არამედ წართმეული აწმყოცაა და სავალდებულო მომავალიც. მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, მის ნამოღვაწარს მნიშვნელობა დაეკარგოს რომელიმე ჭკუათმყოფელი ქართველისთვის…
…მისი სული საერთოდ არ აპირებს აქედან წასვლას. ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ჩვენ შორის ტრიალებს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი დანახვა. ამისთვის განსაკუთრებული აღზრდაა საჭირო, და საერთოდ, ასეთია ხვედრი იმ გამორჩეულთა, რომლებზედაც ზემოთ ვლაპარაკობდით. ისინი ცოტანი არიან, რადგან არ შეიძლება ბევრნი იყვნენ. მაგრამ მათი მეშვეობით შეიძლება ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდოს. ხოლო, რაც უფრო მეტნი იქნებიან ღირსეულნი, მით უფრო თვალსაჩინო, მით უფრო აუცილებელი გახდება მთელი კაცობრიობისთვის, ვთქვათ, ჩვენი ილია თუ რუსების ტოლსტოი, გერმანელების გოეთე თუ ფრანგების ჰიუგო _ ყოველი მათგანი, რასაკვირველია, ერთადერთია და განუმეორებელი და, ამიტომაც, ერთმანეთს კი არ ენაცვლებიან, ავსებენ ერთმანეთს, ერთმანეთის სახელს სიდიადესა და სინათლეს ჰმატებენ მხოლოდ, ერთმანეთის შუქით კიდევ უფრო ივსებიან და ნათდებიან, როგორც ერთი და იმავე თანავარსკვლავედის ვარსკვლავები”.
კაცობრიობას ყოველთვის უჭირდა იმ ჭეშმარიტების გაცნობიერება, რომ ადამიანები ერთმანეთის შუქით “კიდევ უფრო ივსებიან და ნათდებიან, როგორც ერთი და იმავე თანავარსკვლავედის ვარსკვლავები”. ამის დადასტურებაა თუნდაც ამჟამად მიმდინარე ხოცვა-ჟლეტა და დროთა განმავლობაში რუდუნებით ნაშენების ნგრევა უმოწყალოდ. იმედია, ადამიანთა გონიერება აჯობებს სატანას.
რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე
მე მომივიდა აზრად და კიდეც ამას ვამბობ მაგრამ ჩემგან რა, თუმცა თავიდანვე აღვნიშნავდი ფსბქ სტატუსთა კომენტარებში.