გაზაფხული მოდის… კვირაზე ნაკლები დარჩა და დაიწყება წელიწადის ის დრო, როცა ბუნება იღვიძებს და მიწა გლეხს თუ ფერმერს ელოდება. ვაღიაროთ, საქართველოში მიწის უდიდესი ნაწილი კვლავ დაუმუშავებელია და ასევე დარჩება. არ გვავიწყდება იმის თქმა, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მხრივ შესაძლებლობის 3,5%-ს იყენებს, ანუ, პრაქტიკულად, გაჩერებულია და თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია გადასული. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ 3,5%-ზე დაბლა ვერ ჩამოვალთ, რადგან სოფელში შემორჩენილი გლეხობა ასე თუ ისე ბოსტანს მაინც ამუშავებს, მოწეული პროდუქტი ბაზარზე გააქვს და… რა თქმა უნდა, გაყიდვა უჭირს; უჭირს იმიტომ, რომ ირანულ, თურქულ თუ რუსულ პროდუქციას კონკურენციას ვერ ვუწევთ. ამ ყველაფრის გარდა, სოფლის მეურნეობაშიც იმდენი ბიუროკრატიაა, შეიძლება არც კი დაიჯეროთ.
ბოლო რამდენიმე დღეა, მზიანი ამინდია და ხეებს კვირტები დაებერათ. სინოპტიკოსებს თუ ვენდობით, მარტში სახარბიელო ამინდი არ იქნება, ყინვაც მოსალოდნელია, რაც იმას ნიშნავს, რომ, ხეხილი თუ აყვავდა, ყინვა ყველაფერს ერთ ღამეში მოსპობს და ქართულ ხილი სანატრელი გვექნება. ჰოდა, გამოცდილმა გლეხებმა გამოსავალი მოიფიქრეს – იმ დროს, როცა ყინვა იყო გამოცხადებული, ხეები მორწყეს, წყალი მიწაში რომ გაყინულიყო, შესაბამისად, გაიყინებოდა ხის ფესვიც. გაყინული ფესვი კი კვირტს გაშლის ნებას არ მისცემს და ხე გვიან აყვავდება, გადარჩება და მოსავალსაც არ დავკარგავთ, მაგრამ…
როცა ნაკვეთში რამდენიმე ძირი გიდგას (თუნდაც 20-30), ბოლოს და ბოლოს, სათლით მორწყავ, მაგრამ, როცა ხეხილის ბაღი 20-30 ჰექტარზე გაქვს გაშენებული, ხელით მორწყვა შეუძლებლია და სარწყავი არხი გჭირდება. უბედურებაც აქ იწყება – მელიორაციას გადაწყვეტილი აქვს, მოსახლეობას წყალი 20 მარტის შემდეგ ეტაპობრივად მიაწოდოს და სარწყავი არხები მთლიანად 1 აპრილისთვის შეივსება. არადა, წყალი ახლაა საჭირო, 20 მარტამდე ხე აყვავდება, შეიძლება ყინვამ დაარტყას და მოსპოს. არ დავიზარეთ, ცხელ ხაზზე დავრეკეთ, ავუხსენით მდგომარეობა და ვთხოვეთ, წყალი ახლა გამოეშვათ, მაგრამ უარი გვითხრეს. ავუხსენით, რომ მელიორაციის სამსახურთან გვქონდა დადებული ხელშეკრულება, თანხა – გადახდილი და, შესაბამისად, წყალიც გვეკუთვნოდა, მაგრამ…
„შექმნილია კომისია, რომელმაც დაადგინა, რომელ რეგიონს როდის უნდა მიეწოდოს წყალი. შესაბამისად, ქვემო ქართლს 20 მარტის შემდეგ უწევს, მანამდე არ გჭირდებათ და არ სჭირდება იმ ნარგავებს, რომლებიც ქვემო ქართლში ხარობს“,- აგვისხნეს „მარტივად“, მაგრამ, როცა ვუთხარით, რისთვის გვჭირდებოდა წყალი, განგვიცხადეს, ეგ კერძო ინიციატივააო. მაშინ კანონით მოვითხოვეთ, ანუ ხელშეკრულება გაფორმებულია (1-წლიანი, ყოველ წელს ახალი იდება), ფული გადახდილი გვაქვს და კეთილი ინებეთ, წყალი მოგვაწოდეთ, ანუ მოგვეცით ის, რაშიც ფულს ვიხდით, მაგრამ… „ეგ კი მართალია, მაგრამ წყალს 20 მარტამდე მაინც არ მოგცემთ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“-ო.
ახლა გამოვიდეს ან სოფლის მეურნეობის მინისტრი, ან მისი მოადგილე, ან მელიორაციის სამსახურის უფროსი და აგვიხსნას, რას ნიშნავს ეს. თუ წყალს არ მაძლევ მთელი წლის განმავლობაში, რატომ მთხოვ 1-წლიან ხელშეკრეულებას და რატომ მახდევინებ 1 წლის ფულს?! ამაზე არც პასუხი არსებობს და, რაც მთავარია, არც იმ ხალხს სთხოვს პასუხს ვინმე, რომელმაც დაადგინა, რომელმა რეგიონმა როდის უნდა მიიღოს წყალი. შევეშვათ სარწყავ მიწებს, იქნებ ტბორი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ გაფორმებული ერთწლიანი ხელშეკრულებით უწყვეტად მომაწვდიან წყალს. არადა, ამ დროს რა ხდება? თევზებმაც უნდა დაიცადონ და მშრალ ნიადაგზე გამოიზამთრონ? ეს ხომ აბსურდია?! ამ მიმართულებას პატრონი ჰყავს? ვინმემ მოიკითხა, შარშან (შარშანწინ, იმის წინ და კიდევ იმის წინ) სოფლის მეურნეობაში დახარჯული მილიარდები სად წავიდა და რა გაკეთდა? ვინმემ მოიკითხა, სოფლის მეურნეობის რომელ მიმართულებაში „ჩასხმულმა“ მილიარდებმა მოიტანა სარგებელი? ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ერთ დიდ ხვრელში ვყრით უამრავ თანხას, არ გვაინტერესებს შედეგი და, უბრალოდ, თავს ვიტყუებთ. ჰო, ვიტყუებთ, რადგან გვგონია, რომ ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობას შველის, მაგრამ დათვლებმა აჩვენა, რომ არც წინ მივდივართ და არც უკან, რადგან ისე უკან ვართ, რომ წასასვლელი აღარ არის – კედელს ავეკარით, ვეღარ ვდგამთ ნაბიჯს.
არ გეგონოთ, ეს არის იდიოტიზმის პიკი (მელიორაციის გადაწყვეტილებას ვგულისხმობთ). უარესიც გვინახავს და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით – რამდენიმე ათეულ ფერმერს სურდა, სახელმწიფოს კუთვნილი სახნავ-სათესი მიწები შეესყიდა, მაგრამ სახელმწიფო გაყიდვაზე უარს ამბობს და მზად არის, მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით გასცეს. იჯარით აღება კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ორ წელიწადში სახელმწიფოს უხდი იმდენს, რაც მიწის რეალური ღირებულებაა, და შენ არაფერი გრჩება. როცა საუბარია, ვთქვათ, 50 ჰექტარზე, წყლის გადასახადი მელიორაციას (რომელიც მთელი წლის განმავლობაში არ გაქვს) მიწის გადასახადი, იჯარის გადასახადი, მოხვნა, კულტივაცია, სასუქის შეტანა, დათესვა, შხამ-ქიმიკატებით დამუშავება… ერთი ჰექტარი დაახლოებით 4500 – 5000 ლარამდე ჯდება, ანუ დაახლოებით 250 ათასი ლარი მიაქვს იჯარას. ახლა იმაზე იფიქრეთ, რა უნდა მოიყვანოს ფერმერმა ამ მიწაზე, რომ მეოთხედი მილიონი ვალიც გაისტუმროს და მოგებაც დარჩეს. თანაც, თუ აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებ, სახელმწიფო გაჯარიმებს და მიწას გართმევს. ამხელა თანხა ერთიანად ცოტას აქვს და იძულებულია, ბანკს მიაკითხოს. იჯარით აღებულ მიწას ბანკი გირაოში არ იტოვებს, ამიტომ უნდა ჩადო შენი კუთვნილი ქონება (ძირითადად, საცხოვრებელი სახლი) და რისკავ ყველაფრით. შედეგად კი იღებ იმას, რომ ერთი წლის შემდეგ ვალები გაქვს, კიდევ ერთი წლის შემდეგ ბინასა და იჯარით აღებულ მიწას კარგავ…
ადრე დავწერეთ, რომ ვითარების გაუმჯობესების დიდი იმედი გვქონდა, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით სონღულაშვილი დაინიშნა. ეს კაცი თითქოს დადის, წვალობს, შექმნილ მდგომარეობას ეცნობა და პრობლემების შესახებ ყველაფერი დეტალურად იცის, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარების არც გზები ჩანს და არც არავინ ცდილობს, რამე სასიკეთოდ შეცვალოს. როგორ შეიძლება, ერთსა და იმავე პრობლემაზე წლების განმავლობაში ჩიოდეს ასობით ფერმერი და მისი მოგვარება ვერ ან არ მოხერხდეს?! როგორ შეიძლება, ყველა გაჰყვიროდეს, რომ საქართველოში ნედლი რძით დამზადებული პროდუქტები საერთო მოცულობის მხოლოდ 9%-ია, დანარჩენი რძის ფხვნილითა და პალმის ზეთით დამზადებული რაღაც მასაა, და ეს არავის აინტერესებდეს? თანაც ამ კვლევებს, ჩვენ კი არა, თავად სოფლის მეურნეობა ატარებს და რეალური სურათიც მაგიდაზე უდევს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე რჩება.
არ ვამბობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც შორს არის. აგერ, რეგიონში თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ყოველწლიურად წინ მიდიან, ყოველწლიურად არამხოლოდ ქართულ ბაზარს ითვისებენ ლამის სრულად, არამედ სხვა ქვეყნებშიც გადიან და სოფლის მეურნეობაში თანხებს სწორი მიმართულებით ხარჯავენ. 3-4 წელიწადში კონკრეტული მიზანი დაისახეს რუსეთში და ახლა ეს ქვეყანა ხორბლის ყველაზე დიდი მწარმოებელია, იგივე მოხდა თურქეთში და ახლა თურქეთი მსოფლიოში მარწყვის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, სომხეთი სამაცივრე მეურნეობებს „მიაწვა“ და ზამთარში უზარმაზარ თანხებს საქართველოში ნაყიდი ხილითა და ყურძნით აკეთებს, აზერბაიჯანმაც კი დაიწყო სუფრის ყურძნის დიდი რაოდენობით მოყვანა და საზღვრებს გარეთ გააქვს. ჩვენ რა გვეტაკა? რასაც ვაკეთებდით, იმაზეც კი ხელი ჩავიქნიეთ და აღარ გვაინტერესებს. ყურძნის მოყვანა-შენახვა-გაყიდვაში სომხეთი და აზერბაიჯანი რომ აჯობებდა ოდესმე საქართველოს, ვინმე წარმოიდგენდა? არადა, გვაჯობეს კი არა, სათვალავშიც აღარ გვაგდებენ და ჩვენ, უბრალოდ, მაყურებლად დავრჩით, ჩვენი სამეზობლოს განვითარების მაყურებლად და ვიძახოთ ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდა გვაქვსო. არ გვაქვს არაფერი, 3,5%-მდე დაეცა სოფლის მეურნეობის იმ პროდუქტების წარმოების მაჩვენებელი, რომელთა მოყვანის პოტენციალიც გვაქვს, და ახლა თეთრი ვირი, გნებავთ, ღობის იქეთ დააბით, გნებავთ – აქეთ.
ბესო ბარბაქაძე







