Home ახალი ამბები საქართველო ვიზალიბერალიზაცია სამომავლოდ ჩვენი შანტაჟისთვის მოგვცეს და ამას აკეთებენ კიდეც – პირველი, რითაც გვემუქრებიან,...

ვიზალიბერალიზაცია სამომავლოდ ჩვენი შანტაჟისთვის მოგვცეს და ამას აკეთებენ კიდეც – პირველი, რითაც გვემუქრებიან, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა

დასავლელებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ისევ სჯერა ევროკავშირში გაწევრების, ნატოში მიღების; ჰგონიათ, რომ ის, რაც 30 წლის განმავლობაში ვჭამეთ, ისევ ამართლებს

ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრანტები გვიყვებიან, რომ ბოლო პერიოდში ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე –  რკინიგზისა და  მეტროსადგურებში, დიდ მაღაზიებში, ზურგსუკან გესმის ხმა: „ძმაო, დაიკო, ჯიმა, მუხბე“ და, თუ ქართველი ხარ, ამ დაძახილზე მიიხედავ. ამ დროს შენთან მოდის გერმანელი სამართალდამცველი, რომელსაც გვერდით ქართველი სამართალდამცველი უდგას და საბუთებს გთხოვენ. თუ სავიზო რეჟიმი გაქვს დარღვეული, საექსტრადაციო ციხეში გადაჰყავხარ, იქიდან კი ორ კვირაში სამშობლოში გაბრუნებენ ევროპაში 2-წლიანი შესვლის აკრძალვით. ჰოდა, ყოველთვე  ევროპიდან ათასობით ქართველს აძევებენ  და ამას არავინ აპროტესტებს, იმიტომ, რომ პროტესტს აზრი არ აქვს, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა საქართველოს პრეზიდენტი ირწმუნება: ჩვენთან ყველაფერი რიგზეა და ვერ ვხვდები, ქართველები ევროპაში რატომ მიდიანო. უფრო ზუსტად კი, სალომე ზურაბიშვილს ვერ გაუგია, რისთვის აკითხავენ ქართველები ევროპულ საავადმყოფოებს, აქაოდა, საქართველოშიც კარგი სერვისი გვაქვსო.  სწორედ მისი ამ განცხადებების შემდეგ ასეულობით ქართველი, რომლებიც ევროპაში მკურნალობდნენ, უკან გამოაბრუნეს…

საქსტატის ცნობით, ბოლო პერიოდში საქართველოს  მოქალაქეები  რუსეთში უფრო მიდიან, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.  ამ სტატისტიკას ვერაფერს მოუხერხებ, ვერ დამალავ, მაგრამ დასავლეთისთვის ცუდი მოსასმენია, რომ ქართველები რუსეთს ირჩევენ და ეს მაშინ, როცა რუსეთში ომია, იქ  თურმე ეკონომიკა ჩამოიშალა, იქიდან ყველა ევროპული თუ ამერიკული ბრენდი გავიდა, სამუშაო ჭირს… ეს ევროპელებისა და ამერიკელების მონათხრობით, თორემ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების  თქმით, ისინი ვერ გრძნობენ, რომ ქვეყანა ომშია ჩართული და, რაც მთავარია, ვერ გრძნობენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ან ჩამოიშალა, ან რომელიმე ბრენდი არ არის. ნელ-ნელა ყველა დაბრუნდა და დაბრუნდნენ ისინიც, რომლებმაც თავის დროზე ხმაურით დატოვეს რუსეთი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთში „კოკა-კოლა“ საქართველოდან შედის, კომპანია, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც იქაური ბაზარი დატოვა და ამ კომპანიის აქაური წარმომადგენელი თემურ ჭყონია  ამბობდა: რუსული ბაზარი არ გვინდა, ევროპა უნდა დავიპყროთო. ჰოდა, ახლა ევროპაში იმის მეათედიც  არ იყიდება, რამდენიც რუსეთში.  დაპყრობის რა მოგახსენოთ და გადაფურთხებულის ალოკვა კი გამოვიდა.

ერთი შეხედვით პარადოქსია, ყველა „სტრატეგიული პარტნიორი“ გვიკიჟინებს, ამერიკა და ევროპა გაცილებით  უკეთესიაო. ამას ამბობს ყველა პოლიტიკოსიც, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციონერია თუ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ… მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მაინც რუსეთს ირჩევს და ბედის საძებნელად მაინც იქ მიდის. ისე, მდგომარეობისა თუ სტატისტიკის ოდნავ გამოსასწორებლად ამბობენ ხოლმე რუსეთი და ევროკავშირის ქვეყნებიო, თითქოს ევროკავშირის ქვეყნები 2-3 იყოს. ჰო, რუსეთს 27 ქვეყანას ატოლებენ და ამ  27 ქვეყანაში შედის 85-მილიონიანი გერმანია, 66-მილიონიანი საფრანგეთი, 60- მილიონიანი იტალია, 50-მილიონიანი ესპანეთი…და, ამის მიუხედავად, რატომღაც რუსეთი უფრო მომხიბვლელი და მისაღებია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ერთ საინტერესო სტატისტიკაზე დავფიქრდეთ – საქართველოს რამდენმა მოქალაქემ იშოვა რუსეთში მილიონები (მილიარდებზე არაფერს ვამბობთ) და ევროპაში ან ამერიკაში წასულ საქართველოს რამდენ მოქალაქეზე გსმენიათ, მილიონი იშოვაო? ისე ხომ არ არის, რომ იქიდან მხოლოდ ოჯახის სარჩენ ფულსა და 10 წლის ნახმარ მანქანებს გზავნიან? სულ ეს არის, რისი მოცემაც ევროპას შეუძლია? არა, აშკარად  გაცილებით მეტის მოცემა შეუძლია ბებერ კონტინენტს, მაგრამ თითქოს არ ემეტება, თითქოს იმაზე მეტს არ გვაძლევს, ვიდრე საარსებოდ გვჭირდება; ჰო, საარსებოდ და არა წელგამართული ცხოვრებისთვის.

ისეც ხომ არ არის, რომ  რუსეთში უფრო მარტივია ბიზნესის დაწყება, სამუშაოს პოვნა და ოჯახის წაყვანა-დაბინავება, ვიდრე ევროპაში? იქნებ რუსები უფრო მეტ პატივს სცემენ ქართველებს და უფრო მისაღები ვართ მათთვის, ვიდრე ევროპელებისთვის?

პოლიტიკოსების, სამწუხაროდ, სტატისტიკას ვერსად გავურბივართ და ჯერჯერობით ვერც ვაყალბებთ, ამიტომ ისინი მხრებაწურული დგანან ხოლმე დასავლელი პატრონების წინაშე და ცდილობენ იმის ახსნას, რომ ქართველებს რატომღაც ჭკუა არ ჰყოფნით, უპირატესობა ევროპასა და ამერიკას მიანიჭონ. მერე რა, რომ რუსებმა საქართველოში ბიზნესი წამოიწყეს და ყველა, ვინც მათთან არის დასაქმებული, არ მალავს კმაყოფილებას ღირსეული ანაზღაურების გამო. მერე რა, რომ რუსები უფრო მეტად აფასებენ ადამიანურ შრომას და იციან, რა და როგორ უნდა გადაიხადონ.

დასავლელებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ისევ სჯერა ევროკავშირში გაწევრების, ნატოში მიღების, მაპზე უკეთესის პერსპექტივის.  ჰგონიათ, რომ ის, რაც 30 წელი ვჭამეთ, ისევ ამართლებს და ამიტომ ისევ იმავეთი გვაშინებენ, გვაიმედებენ და ახლის მოფიქრებაზე არც კი ფიქრობენ. თუ ატყობთ, ნატოში შესვლის პერსპექტივამ ჩაილურის წყალი ისე დალია, არც არავის გამოუტირებია. ანუ, თავისთვის ყველა მიხვდა, რომ ნატოში ინტეგრაცია სისულელე იყო და ამიტომ გაჩუმდა დასავლეთი და გაჩუმდნენ ქართველი პოლიტიკოსებიც. არც ნატოს წვრთნებია საინტერესო, აღარც ნატოს მისიები და, საერთოდ, არის ნატო თავისთვის,  ჩვენ – ჩვენთვის.

აი, ევროკავშირის წევრობაზე ცოტა უფრო რთულად არის საქმე. ვიზალიბერალიზაციამ ამ პროცესს ერთი შეხედვით კი დაგვაახლოვა, მაგრამ თურმე მხოლოდ ერთი შეხედვით. ახლაღა მივხვდით, რომ ვიზალიბერალიზაცია სამომავლოდ ჩვენი შანტაჟისთვის მოგვცეს და ამას აკეთებენ კიდეც –  პირველი, რითაც გვემუქრებიან, სწორედ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაა და ეს რეალურად არის ბევრისთვის საშიში პერსპექტივა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ევროპაში ვიზის გარეშე წაუსვლელობაზე, აქ ევროპაში მყოფი ქართველების გამოძევებაზე (ყველას გამოძევებაძე) არის ლაპარაკი.  ევროპელები არც მალავენ, ამ ყველაფერს ვიზამთ, თუ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ წახვალთ და ხელისუფლებას არ შეცვლითო.  რა მოჰყვება ხელისუფლების შეცვლას, ეგ სხვა თემაა, მაგრამ დეტალებში აღარავინ შედის, რადგან ქართველების უმრავლესობას ეს დეტალები ძალიან არ მოეწონება.

ისევ მიგრაციის პროცესს დავუბრუნდეთ. თურმე ამერიკაში ქართული ღვინის გაყიდვამ, გასულ წელთან შედარებით, 66%-ით მოიმატა. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ ქართული ღვინო იყიდება და ქართველები ხეირობენ, არც 66%-ია ურიგო რიცხვი, მაგრამ… როცა ამერიკაზე ამდენს ვსაუბრობთ, იქვე რომ ვთქვათ,  მსოფლიოში არ იყიდება იმდენი ქართული ღვინო, რამდენიც რუსეთშიო, არ შეიძლება? არა, არ შეიძლება, დასავლელებს ეწყინებათ და მათი წყენინება ხელს არ გვაძლევს. ამ დაძაბულ ვითარებაში ერთი რუსი პოლიტიკოსის განცხადება მაინც გსმენიათ, ხელისუფლებას ან ოპოზიციას დაუჭირეთ მხარიო? და როგორ გგონიათ, რა მოხდება, თუ რომელიმე რუსი პოლიტიკოსი საკუთარ აზრს გამოთქვამს?  -ოპოზიციაც და დასავლეთიც მაშინვე ერთ ხმაში აყაყანდებიან და იტყვიან: რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში ერევაო. სინამდვილეში კი ჩარევა სწორედ ის არის, რასაც დასავლეთი აკეთებს.

 ცნობისთვის: რამდენიმე ქართველისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ირაკლი კობახიძემ (რომელიც არჩევნებამდე ამერიკაში ვიზიტს გეგმავს) ამერიკის ელჩს ახსნა-განმარტებები მოსთხოვა და მან კი – მე რა შუაში ვარო?! არადა, როცა ქვეყნის ბედი წყდება, მაშინ ერევა ამერიკის საელჩო და, როცა პასუხს სთხოვენ რამეზე, გულუბრყვილო სახით ხელებს შლის: ჩვენ არაფერ შუაში ვართო.

ეჭვი გვაქვს,  ამერიკელებმა  კარგად იციან ქართველი ხალხის განწყობა, ისიც იციან, რომ სამართლიანად ჩატარებული არჩევნების უსამართლოდ გამოცხადება და არაღიარება რთული საქმე იქნება, ამიტომ ახლა სწორედ ირაკლი კობახიძესთან შეეცდებიან, რამე ისეთი „მოაყომარონ“, მერე უკან დასახევი გზა რომ ჰქონდეთ, რადგან ხალხმა ერთი თუ იხუვლა, ამერიკა და ევროპა კი არა, მთელი მსოფლიო ვერ დაიჭერს.

მანამდე კი… ერთმა რუსმა მეგობარმა მითხრა: ზამთარში, რომ მოთოვს, ნებისმიერ ქალაქს დაადე ხელი, წავიდეთ, დავისვენოთ, რუსეთში სხვანაირი თოვლი და ზამთარი იცისო. ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რუსეთში საგუნდაოდ წასვლას ქვეყნის ღალატად ჩამითვლის ოპოზიცია თუ უბრალოდ დასვენებად? ასეა, დასავლეთის გადამკიდეთ, გუნდაობიდან სახელმწიფო ღალატამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს თურმე.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here