გავრცელებულმა ინფორმაციამ საქართველოს მთავრობის მიერ უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills–თან საინვესტიციო შეთანხმების, აგრეთვე, საერთო კომპანიის ჩამოყალიბებაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომელთა მიხედვით თბილისსა და გონიოში 6,6 მლრდ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს, ქართველი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რადგან ამ ხელშეკრულების შესახებ სრული და დეტალური ინფორმაცია ცნობილი არ არის.
,,პროექტის 33% საქართველოს სახელმწიფო საკუთრება იქნება. ეკონომიკა ყოველწლიურად დამატებით 1,8%-ით გაიზრდება, 5 წლის თავზე კი მხოლოდ ამ პროექტის ხარჯზე ეკონომიკის მატება 25%-ს ანუ 8-9 მილიარდ დოლარს მიაღევს”, _ წერენ საქმეში მეტ–ნაკლებად ჩახედული ადამიანები…
არაბულმა ინვესტიციამ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს და რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას საქართველოს? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი ვასილ პაპავა გვესაუბრება:
_ არაბული კომპანია საქართველოში 6,6 მილიარდის ინვესტიციით შემოდის, რომლის გარშემოც ქვეყანაში ბევრი მითქმა–მოთქმაა, რადგან კონტრაქტის პირობებს სრულად არავინ იცნობს. წაადგება კი ეს ინვესტიცია საქართველოს?
_ დუბაიში დაფუძნებული კომპანია Eagle Hills-ის 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც სულ ოთხი მილიონი ადამიანია, წლიური ბიუჯეტი კი დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს პროექტი, რომელიც, ძირითადად, თბილისსა და ბათუმში უნდა განხორციელდეს, ითვალისწინებს ყოვლისმომცველი საქალაქო სივრცეების შექმნას, მათ შორის პრემიუმკლასის საცხოვრებელი ობიექტების, სავაჭრო ცენტრებისა და დასვენების ზონების, რაც შეესაბამება კომპანიის გლობალურ სტრატეგიას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მრავალფუნქციური უბნების ჩამოყალიბების სფეროში.
ასეთი მასშტაბის ინვესტიციები მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ქვეყნის ეკონომიკას. მოსალოდნელია ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მშენებლობის სფეროში, სამშენებლო მასალების წარმოებისა და ამ დარგთან დაკავშირებული მრეწველობების გააქტიურება, აგრეთვე, უძრავი ქონების ფასების ზრდა, ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის _ გზების ქსელებისა და საზოგადოებრივი სივრცეების. ეს ხელს შეუწყოს საქართველოს მიმზიდველობის ზრდას, პირველ რიგში, ტურისტული და საინვესტიციო მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ პროექტის რეალიზაცია რიგ სისტემურ რისკებთან არის დაკავშირებული, უწინარესად, 2024 წელს დადებულ შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების არასაკმარისი გამჭირვალობის გამო. გააფორმებული კონტრაქტის დეტალებზე საჯარო წვდომის არარსებობა გონივრულ შიშს იწვევს მოსახლეობაში.
საამიროების სტილის ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც დიდ სიმჭიდროვეს გულისხმობს, თბილისის კულტურულ–ისტორიულ ლანდშაფტს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
გარდა ამისა, პროექტი დამოკიდებულია გარე ფაქტორებზე, მსოფლიო ტურისტული ნაკადის სტაბილურობასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მსგავსი ვითარება უკვე შეიქმნა რიგ აფრიკულ და ახლოაღმოსავლურ ქვეყნებში, რომლებშიც ამ არაბულმა კომპანიამ განახორციელა პროექტები. ამრიგად, თუ დაკმაყოფილდება შემდეგი პირობები: კონტრაქტის ვალდებულებების სრული გამჭირვალობა, ადგილობრივი კონტრაქტორების პრიორიტეტული ჩართვა და შემოსავლების მიზანმიმართული რეინვესტირება სოციალურ სფეროსა და რეგიონულ განვითარებაში, მაშინ ეს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს გააძლიერებს.
_ რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას საქართველოს ამ არაბულმა ინვესტიციამ, როდესაც დეველოპერი ამბობს, რომ 30 ათას მუშახელს თვითონ შემოიყვანს და აშენებული სახლების 60 %-ს თავის მოქალაქეებზე გაყიდის?
_ საქართველოში კომპანია Eagle Hills-ის პროექტის განხორციელება, რომელიც 30 000-მდე უცხოელი მუშის ჩამოყვანას ითვალისწინებს, სისტემურ რისკებს შეიცავს. ეკონომიკური რისკები მოიცავს დამოკიდებულებას უცხოურ ინვესტიციებსა და სამუშაო ძალაზე, ეს შეასუსტებს ადგილობრივი შრომის ბაზარს და შეამცირებს ეროვნული კადრების პოტენციალის განვითარების წახალისებას. გაიზრდება ახალგაზრდების მიგრაცია რეგიონებიდან თბილისში ან საზღვარგარეთ და ჩამოყალიბდება სამშენებლო სექტორის დამოკიდებულება გარე სამუშაო რესურსზე, რაც მას გარე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების (მაგ., გაერთიანებული არაბული საამიროების) მიმართ მოწყვლადს ხდის. ამასთანავე, ეს გამოიწვევს საცხოვრებლის ფასების მკვეთრ ზრდას თბილისსა და ბათუმში, მისი შეძენა შეუძლებელი იქნება საქართველოს საშუალო კლასის წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობისთვის.
_ საერთოდ, გვჭირდებოდა თუ არა ეს არაბული ინვესტიცია? ხელისუფლება ამ გარიგებით ძალიან ამაყობს…
_ პოსტპანდემიური აღდგენისა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის კონტექსტში, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის შედეგებისა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით, მსგავსი ინვესტიციები ობიექტურად პასუხობს საქართველოს სტრატეგიულ საჭიროებებს _ ფინანსირების წყაროების დივერსიფიკაციას; საერთაშორისო მიმზიდველობის გაზრდას; ზრდის სტიმულირებას საკვანძო სექტორებში.
თუმცა მათი აუცილებლობა განვითარების ალტერნატიული ვექტორების გათვალისწინებით შეიძლება შეფასდეს, როგორც ნაწილობრივი.
საქართველოს ეკონომიკური დაუცველობა, რომელიც ხასიათდება ტურიზმზე დამოკიდებულებით (მშპ-ის დაახლოებით 10%), რეექსპორტითა და შრომითი მიგრანტების გზავნილებით, აგრეთვე, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონით, რომელიც 20% აღემატება, და რეგიონული დისპროპორციებით, სადაც პერიფერიული რეგიონები ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩამორჩებიან დედაქალაქს, ხაზგასმით ასახავს გარე ინვესტიციების აქტუალურობას.
მიუხედავად ამისა, არაბული ინვესტიციების აუცილებლობა არ უნდა გადაიქცეს ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად, რადგან საქართველოს აქვს შიდა რესურსების მობილიზაციის პოტენციალი; მაგალითად, ადგილობრივი მეწარმეობის სტიმულირება საგადასახადო შეღავათებითა და სტარტაპების განვითარებით, რომელიც შეამცირებს ტურიზმზე დამოკიდებულებას და შექმნის სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებისთვის.
_ რა მოჰყვება ამ ყველაფერს საბოლოოდ?
_ გაერთიანებულ არაბთა საამიროებიდან საქართველოში კომპანია Eagle Hills-ის მეშვეობით მრავალმილიარდიანი ინვესტიციების განხორციელება ორმაგ ფაქტორს ეყრდნობა: ერთი მხრივ, სპარსეთის ყურის ქვეყნების გლობალური აქტივების დივერსიფიკაციის სტრატეგიას, სადაც გაერთიანებულ არაბულ საამიროებს, 1,5-ტრილიონიანი სუვერენული ფონდითა და ,,Vision 2031” სტრატეგიით, მიზნად უდევს ნავთობდოლარის სუპერშემოსავლების დაბანდება გლობალურ უძრავ ქონებასა და ურბანისტიკაში. მეორე მხრივ, საქართველო ამ მოდელში ჯდება, როგორც ტრანზიტული ჰაბი ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის, ლიბერალური საინვესტიციო კლიმატით, დაბალი ბარიერებითა და პოლიტიკური სტაბილურობით, რომელიც კონტრასტულად გამოიყურება ლიბანის ან იემენის მაგალითებთან შედარებით.
ამასთანავე, გაერთიანებული არაბული საამიროების, საუდის არაბეთისა და ყატარის მოქალაქეებმა 2020 წლიდან დღემდე შეიძინეს 150 000-ზე მეტი უძრავი ქონება საზღვარგარეთ, რომელთა 40% ევროპასა და კავკასიაზე მოდის, სადაც საქართველო ვიზის რეჟიმის ლიბერალიზაციით, დაბალი გადასახადებით და მომხიბლავი კლიმატით გამოირჩევა.
საბოლოო ჯამში, ეს პროექტი არის სტრატეგიული ინტერესების გათვლილი კონვერგენცია. ის შეიძლება იქცეს როგორც ეკონომიკური ზრდის ძრავად, ასევე სოციალურ–კულტურული დაძაბულობის წყაროდ. გადამწყვეტი იქნება სახელმწიფოს პრეროგატივა, ყველა მასშტაბური ინვესტიციების დროს დააწესოს გამჭირვალე და საქართველოს გრძელვადიანი ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დამცავი პირობები.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







