Home ახალი ამბები საქართველო ვარსკვლავი თეიმურაზ გუგუშვილს

ვარსკვლავი თეიმურაზ გუგუშვილს

კიდევ ერთი აღიარება

1603
თეიმურაზ გუგუშვილი

საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზაქარია ფალიაშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ირინა არხიპოვას სახელობის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენოსანი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, თბილისის კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი _ ეს ბატონ თეიმურაზ გუგუშვილის რეგალიებია. ამ ფაქტობრივი მონაცემების მიღმა კი საყოველთაოდ აღიარებული გამოჩენილი ქართველი მომღერლის ბიოგრაფიის ფურცლებია, აღსავსე დაუცხრომელი შრომით, მუსიკის უსაზღვრო სიყვარულით, სიახლეების ძიებით, წარმატებებით.

თეიმურაზ გუგუშვილის სახელი გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის მუსიკალურ ხელოვნებაში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ისტორიაში. ულამაზესი ხმა, დიდი შემოქმედებითი ნებისყოფა, უსაზღვრო შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი, დახვეწილი ვოკალური ოსტატობა, გრძნობათა უშუალობა, ემოციათა ფერადოვნება, გასაოცარი სცენური ხიბლი თეიმურაზ გუგუშვილის არტისტული თვითმყოფადობის ის ქვაკუთხედია, რომლის მეოხებითაც ქმნის მომღერალი სრულქმნილ სცენურ სახეებს ქართველ, რუს თუ დასავლეთის კლასიკოს და თანამედროვე კომპოზიტორთა თხზულებებში. ასეთი სახეები კი, ცხადია, ბევრია მის შემოქმედებაში: ალმავივა, ნემორინო, ჰერცოგი, რადამესი, დონ კარლოსი, კავარადოსი, კანიო, რუდოლფი, პინკერტონი, გერმანი, ლენსკი, აბესალომი, მალხაზი, კოტე, მინდია, არზაყანი და სხვ.

თეიმურაზ გუგუშვილი
თეიმურაზ გუგუშვილი

2017 წელი ერთგვარად საიუბილეო იყო თეიმურაზ გუგუშვილისთვის _ 40 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც იგი თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი გახდა. ოპერის თეატრში გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან წარმატებით მოღვაწე არტისტების მხარდამხარ სერიოზული, მნიშვნელოვანი ეპოქა შექმნა თეიმურაზ გუგუშვილმა, რითაც გამორჩეული წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ამ თეატრის განვითარებაში, არამედ ქართული ვოკალური ხელოვნების წინსვლისა და აღმავლობის საქმეში. საამაყოა, რომ ორმოცწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბატონ თემურს არასოდეს უღალატია თბილისის ოპერის თეატრისთვის. დიახ, თეიმურაზ გუგუშვილი საუკეთესო ქართული სასიმღერო ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია.

თეიმურაზ გუგუშვილის ხელოვნებას კარგად იცნობენ და აფასებენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც ბევრი გასტროლი გამართა და სადაც მრავალგზის წარმატებით წარმოაჩინა ქართული ვოკალური სკოლა, საგასტროლო რუკა კი დაახლოებით ასე გამოიყურება: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქები, ავსტრალია, ბელგია, დანია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, გერმანია, იტალია, ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, იაპონია, თურქეთი, ისრაელი, ჩეხეთი, სლოვაკეთი…

თეიმურაზ გუგუშვილი აბესალომის როლში
თეიმურაზ გუგუშვილი აბესალომის როლში

ასეთი გზით მოემართება ათწლეულების განმავლობაში ქართული ვოკალური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი, აღიარებული შემოქმედი, მუსიკის ერთგული მსახური თეიმურაზ გუგუშვილი _ კაცი, რომელიც საკუთარ კვალს ავლებს ქართული მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში და არაერთ შემოქმედებით წარმატებასაც ზეიმობს.

დღევანდელი გადასახედიდან სრულიად არგუმენტირებულად შეიძლება ითქვას, რომ თეიმურაზ გუგუშვილი იმ ბედნიერ არტისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც უყვარს ხალხს, ეს სიყვარული კი ყველაზე დიდი ჯილდოა შემოქმედისთვის.

და აი, გამოჩენილი მომღერლის ღვაწლის კიდევ ერთი ჭეშმარიტად დამსახურებული აღიარება: 4 თებერვალს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნება თეიმურაზ გუგუშვილის ვარსკვლავი.

წინამდებარე წერილის წერისას ინტერნეტში ამოვიკითხე საყოველთაოდ აღიარებული, წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე ახალგაზრდა ქართველი მომღერლების კომენტარები, ნათლად ჩანს მათი დამოკიდებულება თემურ გუგუშვილისადმი და იმდენად საგულისხმოდ მივიჩნიე, რომ გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს: სულით და გულით ვულოცავ ბატონ თემურს ამ დამსახურებულ ჯილდოს და სახალხო აღიარებას! ყველამ ვიცით, რომ მართლაც ფენომენალურია მისი ფიზიკური თუ ვოკალური შესაძლებლობები. უკვე რამდენი ათეული წელია, მისი ვოკალური საშემსრულებლო ტექნიკა და დონე ურყევია, რაც მის მაღალპროფესიონალურობაზე მიუთითებს. ის კიდევ მრავალი წელი იქნება მის ჩვეულთოპ Fორმ”-აში, და ალბათ, დაამკვიდრებს ვოკალური დღეგრძელობის გამოთქმას: “გუგუშვილის ფენომენი”. მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი, მამას რომ დავყავდი ოპერის თეატრში, ბატონი თემური უკვე წამყვანი მომღერალი იყო. მას ცხოვრების მანძილზე უამრავი მსოფლიო მიწვევები ჰქონდა, შეეძლო ევროპაში ფუფუნებაში განეგრძო კარიერა, მაგრამ, მახსოვს, მითხრა: რას ამბობ, ყოველდღე ჩემს ქუჩაზე რომ არ ავიარო, ცუდად გავხდები, დიდიდიდი ერთიორი კვირა დავტოვო ჩემი უბანიო. ასეთი ადამიანები ათმაგად დასაფასებლები არიან…” _ წერს თამარ ივერი.

“ძალიან დამსახურებული და დროულია ჩვენი მგოსანისა და არაჩვეულებრუვი პროფესიონალის _ თემურ გუგუშვილის ვარსკვლავის გახსნა, მასთან ბევრჯერ მომიწია პარტნიორობა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე და ასევე ბევრი რამ შემძინა ამან, კარგი ადამიანი და კარგი კოლეგაა”, _ ასე აფასებს თემურ გუგუშვილს გიორგი გაგნიძე.

“ნამდვილად იმსახურებს ყველა ჯილდოს! ვულოცავ ბატონ თემურს _ ფენომენალურ მომღერალს! ამდენი წელი იდგე სცენაზე, იმღერო ურთულესი და ძალიან განსხვავებული რეპერტუარი უმაღლეს დონეზე, ძალიან ძნელია. პოსტსაბჭოთა სივრცეში როგორ უყვართ და აფასებენ, ეგ ცალკე საკითხია _ აღმერთებენ!” _ ეს კი გიორგი ონიანის სიტყვებია.

ბატონო თემურ, გულითადად გილოცავთ კიდევ ერთ აღიარებას! გილოცავთ ისეთივე წრფელი გულითა და გრძნობით, როგორითაც თქვენ ხართ გამსჭვალული სამშობლოსა და მშობელი ხალხის მიმართ, ისეთივე სიყვარულით, როგორიც გაკავშირებთ თქვენს მშობლიურ თეატრთან. დღეგრძელობას გისურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მრავალჯერ აღაფრთოვანებთ თქვენს ერთგულ თაყვანისმცემლებს.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

ზურაბ ოიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here