„– წაიყვანე ესენი და ჩაყარე ციხეში!
– ბატონო ყვარყვარე, არ ეტევა ციხეში ამდენი პატიმარი.
– კარები თუ დაკეტე?
– კარები დაკეტილია.
– ჩატეულან და ეგ არი!”
პოლიკარპე კაკაბაძე
“სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რომელსაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე”, – განაცხადეს სუს-ში.
„საქართველოს პროკურატურის ცნობით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა; და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს’’, – ამ თემაზე ბრიფინგი მოქმედმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გამართა.
მისი თქმით, „ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფული“. 17 ოქტომბერს, დილის 10:00 საათზე, ჩხრეკა ერთდროულად ჩატარდა რვა ადამიანის ბინებსა და სახლებში, ჯამში 22 მისამართზე. პროკურატურის ცნობით, ჩხრეკა ჩატარდა „სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე“.
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის, გიორგი გახარიას, ბრალეულობა“, – განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
პირველი ეპიზოდი: გენერალური პროკურორის თქმით, „ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ ღამეს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს დაავალა სპეციალური საშუალებების ერთობლივად გამოყენება ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას“.
მეორე ეპიზოდი: გენერალური პროკურორის თქმით, „ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ასევე იკავებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრთან შეუთანხმებლად მიიღო და არ აცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ… შედეგად საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი… ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ყობისა და წნელისის, მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები“.
ბოლო პერიოდში არამხოლოდ ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებებია თვალში საცემი, არამედ „ქართული ოცნების” ერთგვარი მაზოხისტური ბრძოლაც საკუთარ თავთან, რომელიც შეიძლება თვითგანწმენდის ელემენტებსაც შეიცავდეს, მაგრამ არის მასში რაღაც შემაშფოთებელიც. კერძოდ, ეს პროცესი დაიწყო და მიმდინარეობს იმ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის (როგორც ევროპის, ასევე აშშ-ის) ღია ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებასთან ანუ „ქართულ ოცნებასთან” ჯერ არ დამთავრებულა. მმართველ პარტიას ქვეყნის გარეთ არათუ საყრდენი არ გააჩნია, როგორც იტყვიან, სიტყვის დამსველებელიც კი არავინ ჰყავს. არც ერთ საერთაშორისო სტრუქტურაში მათ დასაცავად ხმის ამომღები არავინ იქნება. ახლა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში აგენტურული პარტიების აკრძალვის საკითხი იხილება, რამდენად დროულია თუნდაც თვითგაწმენდის (თანაც ასე მასშტაბურის) დაწყება? თუ ეს, თვითგაწმენდა კი არა, რეღაცის გამო ქურდული ანგარიშსწორებაა ან თუნდაც ყბადაღებული კორუფციასთან ბრძოლა, არის ეს დროული, გამართლებული, მიზანშეწონილი, შედეგზე გათვლილი? (რომელი სიტყვაც გნებავთ, ის აირჩიეთ). საკუთარ გუნდის წევრებს (თუნდაც სამართლიანად) ასე თუ დაერევი, ამით იმ ნაწილშიც ხომ აჩენ ეჭვს და ხომ ნერგავ უნდობლობას, რომელიც ჯერ კიდევ გენდობა (გენდობოდა)? რა თქმა უნდა, ასე აკეთებ. ეს საკუთარ გუნდში დეზორგანიზაციისა და დეზორიენტაციის შეტანაა. ამასთანავე, ასეთი ქმედების ფორსირება მტრის ბანაკში გამაერთიანებელ და დამრაზმველ გავლენას ახდენს. „ერთი მოღაღადე ფაქტი, რომელიც მთელ ისტორიას გასდევს: რეპრესიები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რეპრესირებულები ერთმანეთთან დააკავშიროს და გააძლიეროს”, – ამბობდა ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი.
ძნელი სათქმელია, რა პროცესი დაიწყო საქართველოში, მაგრამ ერთი რამ ამთავითვე ნათელია: მთლად კარგად გათვლილი არ ჩანს ის, რასაც ვუყურებთ. „ქართული ოცნების” (ბიძინა ივანიშვილის) საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. მის მიერ შერჩეული და მოყვანილი პრეზიდენტები (ეს ჯერჯერობით ყაველაშვილს არ ეხება, მაგრამ არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ახლო მომავალში ისიც წინამორბედთა ბედს არ გაიზიარებს), რბილად რომ ვთქვათ, უვარგისები აღმოჩნდნენ, ხოლო მის მიერ მოყვანილი პრემიერმინისტრები, რომლებზეც თვითონ ივანიშვილსა და მთელ „ქართულ ოცნებასაც” მზე და მთვარე ამოსდიოდათ, არამხოლოდ უვარგისები, სისხლის სამართლის დამნაშავეებიც ყოფილან. ერთადერთი, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია და გადაცდენა არ ჰქონია, თვითონ ბიძინა ივანიშვილია. უხერხული სიტუაციაა. წარსულში ირგვლივ ყველა დამნაშავე თუ გყავდა, ხალხმა როგორ დაგიჯეროს, რომ დღესაც ანალოგიური ვითარება არ გაქვს?! სად არის გარანტია, რომ დღევანდელი პრემიერმინისტრის თუ პრეზიდენტის საქმიანობა ხვალ ისევე არ შეფასდება დანაშაულებრივად, როგორც დღეს ფასდება ყოფილი პრემიერმინისტრებისა და პრეზიდენტების საქმიანობა?! არაოფიციალურად დღეს ყველა ეჭვმიტანილია, ყველას ჩრდილი მიადგა, ყველას რეპუტაცია შეელახა. ჩნდება შეკითხვა: რა აუცილებელი იყო ამისი დაწყება ახლა, როდესაც მთელი დასავლეთი მტრად მოგვეკიდა და მისი აქაური აგენტურა მზად არის ყოველგვარი სიბინძურის ჩასადენად? იმას კი არ ვამბობ, რომ მიზანშეწონილობის გამო ვინმეზე დანაშაულის პატიების ინდულგენცია უნდა გავცეთ, მაგრამ იმაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ სამართლის აღსრულებამ უფრო მეტი ზიანი არ მოგვაყენოს, ვიდრე დამნაშავეთა დასჯის პროცედურის გადავადება მოგვიტანდა?
არ დავიწყებ მოყოლას, რა დითირამბებით ამკობდნენ წარსულში „ქართული ოცნების” ლიდერები იმ პრემიერმინისტრებსა და პრეზიდენტებს, რომლებიც დღეს ასე სავალალოდ გამოიყურებიან, მაგრამ ეს ყველას გვახსოვს. რა გამოდის? მათ სიტყვას ფასი არ ჰქონია, რადგან ეს შეფასებები, პიროვნებათა ყოველმხრივი შესწავლის შედეგად გაკეთებული დასკვნა კი არა, მხოლოდ სარეკლამო ტექსტი ყოფილა, რომელსაც ხალხის შეცდომაში შეყვანის გარდა სხვა მიზანი არ გააჩნია. მეტიც: გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მიუტევებელი დანაშაულები თუ ჩაიდინა, ამას მმართველი პარტია და მთავრობა ვერ ხედავდა?! კი ბატონო, საქმე სანამ არ აიკინძება, გამოძიება არ იმუშავებს და სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, დანაშაული მთელი სიგრძე-სიგანით არ ჩანს, მაგრამ დამნაშავე შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერმინისტრად დაწინაურების პროცესში მთავრობის თუნდაც ერთ წევრს მაინც ხომ უნდა გამოეთქვა ეჭვი მის კანდიდატურაზე? არ მომხდარა ასეთი რამ. ვინმეს თუ ეჭვი ეპარება, ალბათ, არსებობს სტენოგრამა და შეუძლია ნახოს, მაგრამ იმ სტენოგრამაშიც ასეთი ნათქვამები იქნება, ყველას რომ დაამახსოვრდა: „ყველა ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის!”
არ ვამბობ, რომ საკადრო შეცდომა მთლიანად რატომ არ არის გამორიცხული „ქართული ოცნების” პრაქტიკაში-მეთქი. ადამიანის გამოცნობა ურთულესი საქმეა და ამ საკითხში შეცდომები ყველაზე გენიალურ მმართველებსაც მოსდიოდათ, მაგრამ გააჩნია, რა შემთხვევაში და რა დოზით. არ გეპატიება, მუდმივად ავაზაკების გარემოცვაში თუ ხარ; არ გეპატიება, მუდმივად შეცდომას თუ უშვებ, და არც ის გეპატიება, მუდმივად პოსტ ფაქტუმ თუ ცდილობ უმძიმესი ლაფსუსების გამოსწორებას. აქ ერთი მძიმე საკითხიც უნდა დავსვა: ის, ვისაც პოტენციური დამნაშავეები თავიდან ანგელოზებად ესახება, უდანაშაულო ადამიანებსაც მარტივად გამოაცხადებს დამნაშავეებად. ეს კი საკადრო საკითხებში დაშვებულ შეცდომენზე გაცილებით დიდი და მომაკვდინებელი ცოდვაა. ასეთ შემთხვევაში სხვა რთული შეკითხვა იბადება: რატომ ვანდობდით, რატომ ვანდობთ ან როდემდე უნდა ვანდოთ უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატების შერჩევა იმ პიროვნებას (ბიძინა ივანიშვილს), რომელსაც ამ საქმეში ასეთი მძიმე შეცდომები მოსდის? დღეს მე ეს შეკითხვა დავსვი, მაგრამ ამ საკითხს არ ვაყენებ, ვინაიდან ეს არ იქნება მისი დროული წამოწევა. დასავლეთის აგენტურასთან დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანამდე ივანიშვილის პიროვნებისა და პოლიტიკაში მისი როლის საკითხის წამოწევა აგენტურისთვის გამოცხადებული მხარდაჭერა და მის სასარგებლოდ ბრძოლა გამოგვივა. დასავლეთთან ურთიერთობის გარკვევამდე „ქართული ოცნებისთვის” ბრძოლის გამოცხადება დასავლეთის იმ ავანტიურისტებისთვის ხელის შეწყობა გამოგვივა, რომლებიც საქართველოდან რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნისკენ გვიბიძგებენ. ოთხი ათეული წელიწადია, დაუფიქრებლად მოქმედებების შედეგს ვიმკით, ამიტომ ამგვარი რეციდივებისგან თავის დაცვის მცირეოდენი იმუნიტეტი აქამდე უნდა გამომუშავებულიყო ჩვენში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეროვნული იმუნოდეფიციტის პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზულად გვიდგას, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ვალერი კვარაცხელია







