Home რუბრიკები საზოგადოება ერის წინსვლისა და ერთიანობისათვის

ერის წინსვლისა და ერთიანობისათვის

70

სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.

ნეტარი ავგუსტინე

“ჩვენ, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლები, რომლებიც თავს მივიჩნევთ ქართველი ერისა და ჩვენი სამოციქულო ეკლესიის მდაბალ შვილებად, პრესის, ტელევიზიისა და ყველა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ვავრცელებთ შემდეგ მიმართვას ერის, ხელისუფლებისა და პოლიტიკური სპექტრის მიმართ:

სამი ათეული წელია მას შემდეგ, რაც მრავალტანჯული ჩვენი სამშობლო სუვერენული, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზას დაადგა. ყოველი დიადი და კეთილშობილური საქმის დაწყება ძნელია და სირთულეებით აღსავსე. ვეცადეთ, აგვეშენებინა საოცნებო საქართველო, ჩვენ კი შენება, ჩვენის უმეცრებით, არსებულის ნგრევით, ურთიერთის ხოცვა-ჟლეტით, ქვეყნის გაპარტახებით დავიწყეთ. შედეგად კი მივიღეთ დღევანდელი რეალობა, რომელიც მოკლედ შეიძლება ასე გადმოვცეთ:

ჩვენი ისტორიული ტერიტორიები (ვიმედოვნებთ, რომ დროებით) მოწყვეტილია ძირძველი სამკვიდრებელიდან. გვაქვს უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა, სახეზეა ეკონომიკური უსუსურობა და ყველაზე მძიმე, ტრაგიკული რეალობა _ საშინელი, შეიძლება ითქვას, სისხლის ღვრამდე მისული ურთიერთდაპირისპირება ჩვენს საზოგადოებაში, კლანებად, პარტიებად და ბანაკებად დაყოფილი საქართველო, რომელსაც არა და არ ეღირსა დამშვიდება და დაწყნარება.

ვფიქრობთ, რომ უმთავრესი მიზეზი ჩვენი შეცდომებისა არა გარეშე, არამედ ჩვენი შიდა ფაქტორებიდან გამომდინარეობს. 90-იან წლებში ერი და შემდგომ მოყოლებული თითქმის ყოველი ხელისუფალი თუ არა სიტყვით, საქმით შორის იდგა ჩვენი მთავარი იდენტობის, ჩვენი რაობის, ჩვენი მართლმადიდებელი აღსარებლობისგან.

სწორედ ოცდაერთსაუკუნოვანი სამოციქულო ეკლესიის როლის გაუთვალისწინებლობამ სახელმწიფოებრივი მოწყობის საქმეში განაპირობა ყველა მმართველი პოლიტიკური სუბიექტის კრახი და მთლიანობაში ქვეყნის წარუმატებლობა განვლილ პერიოდში.

ერებისა და პიროვნებების კეთილდღეობისა და უკვდავების მთავარი პირობა სამყაროს შემოქმედისაგან ჩვენთვის განწესებულ ღვთიურ ცნებათა დაცვაში მდგომარეობს. გავიხსენოთ, როდის ჰქონდა ქართველებს სახელმწიფოებრივი სიძლიერისა და სულიერი აღმავლობის ხანა. ეს ხდებოდა ღვთისმოშიშ, უფლის მსასოებელ მეფეთა და ერისკაცთა ეპოქაში, დიდი ვახტანგის, დავითისა და თამარის ზეობისას. სწორედ მართლმადიდებელი სარწმუნოება და დედაეკლესია იყო სამეფოებად და სამთავროებად დაყოფილი ჩვენი ერის სულიერი ერთიანობის უდიდესი ნიშანსვეტი საუკუნეთა განმავლობაში.

ჩვენი სახელმწიფოებრივი დამცრობის მეორე დიდი მიზეზი ჩვენსავე ქართული ხასიათის უარყოფითი თვისებებითაა განპირობებული. კატეგორიული აზროვნება, მაქსიმალიზმი, ურთიერთგაუტანლობა, პირველობისაკენ სწრაფვა იმ ნეგატიულ გამოვლინებათა კასკადია, რომლითაც გამოირჩევა ჩვენი .. პოლიტელიტის უდიდესი ნაწილი. თითქმის იდენტურ პარტიათა უმრავლესობის ლიდერებს საქართველოს ერთადერთ გადამრჩენელად წარმოუდგენიათ საკუთარი პერსონები.

კვლავ ძალასა და მოქმედებაშია ქართველი კაცის ყველაზე უარყოფითი თვისება. “ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველთაგანვე თვისთა უფალთა, რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსვენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძველი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი”, რომელიც ხაზგასმული და გაშიფრულია წმინდა მეფის _ დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ.

მიუხედავად ჩვენი დღევანდელი ყოფიერების შუქ-ჩრდილებისა, დაკვირვებული თვალი აშკარად შეამჩნევს ერის შინაგან მოთხოვნილებას და მზადყოფნას ახალი თვითდამკვიდრებისაკენ.

დედამიწაზე არიან ერები და მათ შორის ჩვენც, რომელთაც განსაკუთრებული მისია არგუნა უფალმა. ვფიქრობთ, რომ ქართველი ერის მთელი არსებობა, მისი ისტორია, მართლმადიდებილი სარწმუნოების ჭეშმარიტების დამტკიცებაა.

თუ ჩვენი ადამიანური გონებით დავფიქრდებით და განვჭვრეტთ ჩვენს წარსულს, თითოეულ ჩვენგანს, გაოცებასთან ერთად, დაგვებადება კითხვა: როგორ გავუძელით ამდენ შემოსევებს, ურიცხვ დამპყრობლებს, როგორ ავღორძინდით ამდენი ნგრევისა და გაპარტახების შემდეგ, როგორ შევინარჩუნეთ და განვავითარეთ ყველა ნიშანი ერის თვითმყოფადობისა?

ქართველი ერი მისი იდენტობის მთავარი ნიშნის _ მართლმადიდებელი სარწმუნოების ძალით და ძლიერებით მოვიდა დღემდე. სწორედ ჩვენი სასულიერო დასის განუწყვეტელი ლოცვითა და ჩვენი წმინდანების მეოხებით გავუძელით საუკუნეთა ქარტეხილებს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ და მთლიანობაში მთელმა ერმა ბრწყინვალედ შეასრულა თავისი მოვალეობა ამჟამინდელი ჯერ არნახული მსოფლიო გამოწვევის პერიოდში. მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში სხვა სასულიერო კონფესიათა მსახურებანი შეჩერდა ჩვენი დედაეკლესია და ერი ღვთიური სიყვარულით ადიდებდა და ადიდებს სამყაროს შემოქმედს.

დღეს, როცა კაცობრიობა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა, საჭიროა კიდევ მეტი სიბრძნისა და გონიერების გამოჩენა თითოეული ერისა და მათ ხელისუფალთაგან. მიგვაჩნია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში მძაფრი დაპირისპირების დასაძლევად და ერის ერთიანობის განსამტკიცებლად ჩვენი სასიცოცხლო აუცილებლობაა ღვთიური სიბრძნის მატარებელი ჩვენი დედაეკლესიის კონსტიტუციური ჩართულობა ქვეყნის სამომავლო განვითარებაში, რისი კონკრეტული გამოხატულებაც უნდა მდგომარეობდეს საკანონმდებლო სივრცეში დედაეკლესიისათვის ვეტოს გამოყენებისა და ვეტოდადებულ საკითხზე საერთოსახალხო რეფერენდუმის ჩატარების უფლების მინიჭებაში.

ალბათ, არ მოიძებნება სიტყვები, იმაზე უფრო ლამაზად რომ გადმოსცემდეს დედაეკლესიის როლს ჩვენი ერის ცხოვრებაში, ვიდრე წმინდა ილია მართლისაა: საქართველოს ისტორიიდან რომ ამოვიღოთ ეკლესიის როლი, არაფერი დარჩება”. ერის ეპოქალური შვილის ნააზრევს კი დაფიქრება და ცხოვრებაში ხორცშესხმა სჭირდება.

ეკლესიის ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში შესაძლებელს ხდის ე.წ. ვენეციის კომისიაც, რომლის რეკომენდაციებში ხაზგასმულია ისტორიული წარსულის გათვალისწინება ქვეყნის საკანონმდებლო-მმართველობით მოწყობაში.

ვფიქრობთ, რომ დედაეკლესიის საკანონმდებლო სივრცეში შემოსვლასთან ერთად აუცილებელია, პარლამენტის (გარკვეული შეზღუდვებით) მთლიანად მაჟორიტარული სისტემით არჩევა, რათა ჩვენი პოლიტიკური ველი და ამომრჩეველი საზოგადოება არ იყოს სამკვდროსასიცოცხლოდ დაყოფილი, როგორ დღესაა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ჩავატარეთ თითქმის ვერც ერთი არჩევნები ადამიანური მსხვერპლის გარეშე. პროპორციული სიით პარლამენტში მოხვედრილი ბევრი ვაიპოლიტიკოსი, დაგვეთანხმებით, ნამდვილად არ წარმოადგენს ქართველი ადამიანის სახეს. შეგახსენებთ, მთლიანად მაჟორიტარულია ჩვენთვის მისაბაძი აშშ სახელისუფლო თუ ადგილობრივი არჩევნები და ეს შეიძლება წარმატებით გადმოვიღოთ ჩვენთანაც. თვალსაჩინოა და სახეზეა, რომ ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ ყოველმხრივ ამოწურა თავისი ინტელექტუალური თუ მორალური შესაძლებლობები, მაშინ, როდესაც საქართველო ნამდვილად არ უჩივის პატრიოტი, პატიოსანი, განათლებული შორსმჭვრეტელი პიროვნებების არსებობას. სწორედ ეს ადამიანები უნდა ჩაენაცვლონ დღეს ყავლგასულ ჩვენ პარტიულ ფიგურებს.

ქვეყანაში სტაბილიზაციისა და ერთიანობის მისაღწევად ზემოთ ჩამოთვლილ ორ წინადადებასთან (ეკლესიის ჩართულობა და მაჟორიტარული არჩევნები) ერთად აუცილებლად მიგვაჩნია საერთო-სახალხო რეფერენდუმის სისტემის დახვეწა და პრაქტიკაში განხორციელება, რათა ერში იყოს განცდა, გრძნობა, რომ ნამდვილად ერია უმთავრესი წამმართველი თავისი ცხოვრებისა და ბედისა. ერში კი გონიერება ყოველთვის სჭარბობს უმეცრებას. ზუსტად აქვს ეს სურათი გადმოცემული და ხაზგასმული ჩვენს უსაყვარლეს ვაჟა-ფშაველას: ამ ვაჟბატონებმა ჯერ ის უნდა იცოდნენ, რომ ერი შაერთებულად გენიოსია, იმას შაიძლება გარკვევით არ ესმოდეს თავისი მდგომარეობა, მაგრამ უეჭველია, გრძნობს კი (საუბარია ქართველ ერზე).

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის ბრძოლაში მოგიწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და სუბიექტებს, რომელთა მესვეურნიც თავს მიიჩნევთ პატრიოტებად და დედაეკლესიის შვილებად, გამოიჩინეთ სიყვარული და თავმდაბლობა ერთმანეთთან ურთიერთობაში, სულიერი სიმდაბლისათვის კი ერთხელ კიდევ გაიხსენეთ მაცხოვრის მიერ მოწაფეთათვის ფეხთაბანის მაგალითი, გაერთიანდით ერთ დიდ პოლიტიკურ გუნდად და გქონდეთ სრული იმედი, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ჩვენი არაქართველი ძმები და დები, თქვენთან დაადგებიან. დაიხსომეთ, პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს ზემომოყვანილის განხორციელებას, ოქროს ასოებით შევა საქართველოს ისტორიაში.

ერის განვითარების სხვა ალტერნატიული გზა, უცხოურ ძალებსა და კავშირებზე გათვლილი, ვერასოდეს მიგვიყვანს სიმშვიდესთან და სტაბილურობასთან, საჭიროა ქვეყნის შინაგანი რეფორმაცია, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს გრძნობა, რომ ის ერთი დიდი ოჯახის _ საქართველოს შვილია. შინაგანად მოწესრიგებული ჩვენი ქვეყანა, წალკოტი დედამიწისა, მისაბაძი და სასურველი გახდება ყველასთვის, რასაც უეჭველად მოჰყვება ქვეყნის სულიერი და ეკონომიკური აღმავლობა.

ყოვლადწმიდა სამება დაუშვებს ჩვენზე დიდ წყალობას, “რათა უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”.

პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით,

გიორგი კუპატაძე,

ეკონომისტი, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიაქალდეასნამდვილი წევრი;

გიორგი ქუთათელაძე,

საზოგადოებამამულიშვილებისთავმჯდომარე;

ვაჟა ბაკაშვილი,

ისტორიკოსი, პედაგოგი;

გიგა გუდაძე,

ბიზნესასოციაციასოლიდარობისთავმჯდომარე;

მამუკა გოგავა,

საზოგადოებაწინაპართა გზისთავმჯდომარე;

როსტომ ჭიღლაძე,

საზოგადოებაწინაპართა გზისდამფუძნებელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here