ახალი წლის შემდეგ უმრავლესობას იმ მძღოლებისა, რომლებსაც მართვის მოწმობა ჰქონდათ ჩამორთმეული, მოწმობას დაუბრუნებენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა (მისი ინიციატივა იყო), ეს იქნება ერთგვარი საახალწლო საჩუქარი. კარგია, რომ არ დაუბრუნებენ მართვის მოწმობას იმ ადამიანებს, რომლებმაც შემთხვევის ადგილი მიატოვეს, აგრეთვე, რომლებსაც მართვის მოწმობა ნარკოტიკული თრობის გამო ჩამოართვეს და რომელთა დაუდევრობასაც მსხვერპლი მოჰყვა. ისიც კარგია, რომ სამომავლოდ, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და სასჯელის დაკისრების შემდეგ, არავის ექნება სასჯელის ვადის შემცირების უფლება. აქამდე ასე იყო: თუ პირობითად ერთწლიან სასჯელს მოგცემდნენ, 6 თვის გასვლის შემდეგ შეგეძლოთ, განცხადება დაგწერათ მოწმობის დაბრუნებაზე და, თუ შემთხვევა პირველი იყო, მოთხოვნა კმაყოფილდებოდა. ახლა კი, არ ექნება მნიშვნელობა, შემთხვევა პირველია თუ მეხუთე, ვადის გასვლამდე მართვის მოწმობას არავის დაუბრუნებენ.
ბევრის აზრით, ნარკოტიკულ თრობასა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ მიღებაზე გამოაშკარავებული მძღოლები, ერთი და ორი წლით კი არა, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ მართვის მოწმობას. ეს იქნება მართებული და სამართლიანი. ყველას ეცოდინება, რომ მანქანის მართვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართვის მოწმობის სამუდამოდ ჩამორთმევით დაისჯება; საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ასეთ შემთხვევაში საფრთხეს აღარ შეუქმნიან არც საკუთარ და არც სხვის ჯანმრთელობას.
ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ პრემიერმა ამას საახალწლო საჩუქარი დაარქვა. მართალია, არაფერი დაურქმევია, მაგრამ ერთი საახალწლო „საჩუქარი“ მარეგულირებელმა კომისიამაც მოგვიძღვნა. როგორც კომისიის შეფმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი წლიდან ელექტროენერგიის გადასახადი მოიმატებს. უფრო კონკრეტულად კი, ბატონმა დავითმა თქვა, გადასახადი ისე უმნიშვნელოდ მოიმატებს, მოსახლეობა ვერც კი იგრძნობსო. ახლა შევეცდებით, ავხსნათ, რატომ „იგრძნობს“ ელექტროენერგიის გაძვირებას მოსახლეობა და რატომ ვერ იგრძნობს თვითონ ბატონი დავითი: ხომ გაგიგონიათ, მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო და…

2800 ლარი, 321 ლარი, 22 190 ლარი, 219 970 ლარი – ეს არის შემოსავლები, რომლებიც ბატონმა დავით ნარმანიამ შარშან მიიღო. ყველაზე დიდი რიცხვი სემეკში მისი წლიური ჯამაგირია, დანარჩენი პროფესორობითა და ტრენერობით მიიღო. 65 000 ლარი აქვს მიღებული კონსულტანტად (არ წერია სად) მომუშავე მის მეუღლეს, ქალბატონ თინათინ თინიკაშვილს. უხეშად რომ დავთვალოთ, წყვილის წლიური შემოსავალი 300 000 ლარზე მეტია. ახლა მითხარით, რამდენი უნდა იყოს ელექტროენერგიის გადასახადი, რომ ბატონმა დავითმა მისი მატება იგრძნოს? ამიტომ გვგონია, რომ ის ვერ ხვდება ან არ ხვდება, ნებისმიერი მატება როგორ ურტყამს რიგითი მოქალაქეების ჯიბეს და რატომ ვერ გრძნობს ის და მისი ოჯახი ტარიფების ცვლილებას? თუ ასეთი უმნიშვნელოა ელექტროენერგიის გადასახადის მატება, რომ ვერც კი ვიგრძნობთ, დავტოვოთ უცვლელად და მართლა ვერ ვიგრძნობთ, იმავეს რომ გადავიხდით, რასაც ადრე. ნარმანია ვერ და არ ხვდება, რომ ბევრისთვის თვეში 5 და 10 ლარი 2-3 დღის პურის ფულია. ამას გარდა, ისიც ვთქვათ, რომ ელექტროენერგის ტარიფის „უმნიშვნელო“ მომატებით გაძვირდება ყველაფერი, რაც დენზეა მიბმული, და „მნიშვნელოვნად“ შეეტყობა ჩვენს ჯიბეებს (თქვენსას არა, ბატონო დავით, თქვენ არ ინერვიულოთ). ეს არის რეალობა, რომლის დანახვაც ან არ სურს მარეგულირებლის შეფს, ან მართლა ვერ ხვდება, რომ ასე მოხდება. ორივე შემთხვევაში პრობლემაა, თუმცა უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფერზე სახელისუფლო გუნდიდან არავინ საუბრობს. გასაგებია, რომ განცხადება ნარმანიამ გააკეთა, მაგრამ ხომ შეიძლება სხვამაც აგვიხსნას თუნდაც ეკონომიკური გუნდიდან, რატომ ძვირდება ელექტროენერგია, რისი ბრალია ეს და რას უნდა ველოდოთ? მით უმეტეს, სწორედ ის ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში, რომელიც დაგვპირდა, რომ ტარიფებს, სულ ცოტა, 1/3-ით შეამცირებდა, მაგრამ შემცირებას ვინ ჩივის, მეოთხედ თუ მეხუთედ გვიძვირებს. ერთხელ თქვეს, რაღაცები კარგად ვერ დავთვალეთ და მაგის ბრალია, დენი რომ არ გაიაფდაო. გასაგებია, რომ ვერ დათვალეს და ისიც გასაგებია, რომ რეალურად არც ელოდნენ ხელისუფლებაში ასე მოსვლას, ამიტომ დაპირებებსაც ადვილად იძლეოდნენ, მაგრამ ერთხელ ვერ დათვალეს, მეორედ, მესამედ, მეოთხედ… არადა, ეჭვი გვაქვს, რომ ამ ხელისუფლებამ და მისმა ლიდერმა, წესით, ყველაზე კარგად სწორედ თვლა უნდა იცოდნენ…
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო ხშირად ისმის ბაზრის დახლთან თუ მაღაზიაში მისული იმ ადამიანების მოთქმა, რომლებიც ხვდებიან, რომ ამ ფასების პირობებში ახალ წელს სრულფასოვნად ვერ შეხვდებიან, ვერ გაშლიან ისეთ სუფრას, როგორსაც მიჩვეულნი იყვნენ ადრე… ოღონდ ადრეს როცა ვამბობთ, დამოუკიდებელ საქართველოს არ ვგულისხმობთ, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე სახალხო დღესასწაული ვეღარ და აღარ არის ისეთი, როგორიც მანამდე იყო, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ქუჩები უფრო მორთულია ვიდრე უწინ, მაინც სხვა ხალისი და ხიბლი ჰქონდა, სტუმრის მიღებას; სტუმრად სიარული მაშინ უფრო უხაროდათ და, იმის მიუხედავად, რომ სათამაშოების ამხელა არჩევანი არ იყო, ბავშვები იმხანად თითქოს უფრო ბედნიერი იყვნენ. ჰო, ალბათ, არც იმის თქმაა საჭირო, რომ იმხანად არც სემეკი არსებობდა და არც ტარიფები ძვირდებოდა ყოველწლიურად. გადასახადებს ყველა ოჯახი მარტივად იხდიდა და მომავლის არ ეშინოდა, რაც მთავარია, იყო სტაბილურობის განცდა, იმის განცდა, რომ ხვალ და ზეგ არაფერი გაუარესდებოდა.
ისევ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას დავუბრუნდეთ. ვარაუდობენ, რომ გაძვირება მხოლოდ ელექტროენერგიას შეეხება და არ გაძვირდება ბუნებრივი აირი, მაგრამ, თუ მათი ვარაუდი არ გამართლდება, შეიძლება „უმნიშვნელო“ გაძვირება ბუნებრივ აირსაც შეეხოს და მერე უკვე მართლა „ავშენდებით“. რატომ ვერ თუ არ ხვდება ნარმანია და მთლიანად სემეკი, რომ დენისა და ბუნებრივი აირის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს ყველა პროდუქტის გაძვირებას? გვესმის, რომ იქ მინიმალური ხელფასი 10 000 ლარიდან იწყება, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენ საქართველოშიც ანალოგიური ხელფასებია? ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ნებისმიერი გაძვირება უკიდურესი გაჭირვების ტოლფასია არაერთი ოჯახისთვის? როდემდე უნდა ითმინოს ერმა ის, რასაც სხვა ქვეყნებში არ ითმენენ? ახლა ფერმერების გაფიცვაა ევროპაში და როგორ გგონიათ, ჩვენი ფერმერები ყველაფრით კმაყოფილნი არიან? არა, ბატონებო, შეიძლება ითქვას, ფერმერთა კასტა ყველაზე უკმაყოფილოთა შორისაა საქართველოში, მაგრამ ითვალისწინებს ყველაფერს და ჩუმად არის. ზუსტად ისე არიან ჩუმად, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლები, როგორც რიგითი ადამიანები, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ამ ადამიანებს ყოველდღიურად თუ ყოველწლიურად მარწუხები მოვუჭიროთ. ზღვარზეა მისული ხალხი და გვერწმუნეთ, ბატონებო, სრულიად საქართველო არ არის ის, რასაც ყოველდღიურად რუსთაველზე ხედავთ. საქართველო სულ სხვაა, სხვა ხალხია და ეს ხალხი არ უნდა გაბრაზდეს, ეს ხალხი არ უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რადგან მშიერმა კუჭმა შინაურისა და გარეულის გარჩევა არ იცის. ევროპაში ფერმერების გაფიცვა ტყუილად არ ვახსენეთ, ისინი საკუთარ უფლებებს იცავენ, კოორდინირებულად მოქმედებენ და არც ძალოვნები არიან მათ მიმართ აგრესიული, იმიტომ, რომ პოლიციელებმა იციან, რომ ეს ადამიანები მართლები არიან, რომ ისინი საკუთარ უფლებებს იცავენ და პოლიტიკური ინტერესი არ აქვთ.
ჰოდა, ანალოგიური პროცესი თუ დაიწყება საქართველოში, მისი შეჩერება რთული იქნება. ფასები რომ შემცირდა წამლებზე, საჯაროდ რომ გვეუბნებოდნენ, მედიკამენტების გაიაფებით საქართველოს მოსახლეობამ მხოლოდ ერთ წელიწადში 100 მლნ ლარზე მეტი დაზოგაო, ახლა რატომ აღარ ექცევა ყურადღება იმას, რომ ძველ ფასებს დავუბრუნდით და წამლები კვლავ გაძვირდა?
მოთმინების ფიალა სავსეა და ბოლო წვეთებს ნუ დაამატებთ, ბატონებო, თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი. ხალხი ყავლგასულ პოლიტიკოსებს კი არ გაჰყვება, თვითონ გამოვა პოლიტიკური მოთხოვნების გარეშე თავისი უფლების დასაცავად, ცხოვრების უფლების!
ბესო ბარბაქაძე







