ევროკავშირი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ დაისჯება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხიც

    ზამთრისთვის, არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ დასავლეთი გვამზადებს ზვარაკად შესაწირად, რათა მერე იყვიროს, რუსეთი აგრესორიაო

    179

    არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და ყველა თანხმდება, რომ ეს არჩევნები მნიშვნელობით 2012 წლის არჩევნებზე მეტია. იმხანად  ხალხმა იცოდა, რომ დიქტატორული რეჟიმი  უნდა მოეშორებინა თავიდან და გაიმარჯვა უხმო აჯანყებამ; გაიმარჯვა ისე დამაჯერებლად, რომ, გაყალბებებისა და დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო, წინ აღდგომოდა ხალხის ნებას. ახლა კი საქმე გაცილებით რთულადაა. დასავლეთი  განზრახვას აღარ მალავს და ამბობს, რომ საქართველოს სათავეში არ სურს ხელისუფლება, რომელიც მას არ ემორჩილება. სწორედ დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე ოპოზიცია დიდ გულზეა, თორემ, რეალურად მათ არაფრის შესაძლებლობა და არანაირი შანსი რომ არ აქვთ, ცხადზე ცხადია.

    დავიწყოთ იმით, რომ, დასავლეთის მითითების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ ვერ აჯობეს საკუთარ თავს, ვერ გადააბიჯეს ამპარტავნობას და გაერთიანება ვერ მოახერხეს. არადა, შუამავლად დასავლეთს მთავარ მოკავშირედ ქცეული სალომე ზურაბიშვილი ჰყავდა, რომელმაც ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ყავა, ჩაი და ტკბილეული არ დაიშურა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. უფრო ზუსტად, გამოვიდა ის, რომ ოპოზიციამ დაამტკიცა – მათი მთავარი მიზანი, შეთანხმება და ხელისუფლების დამარცხება კი არა, ერთპიროვნული მმართველობაა. ჰო, ხაზარაძე და გახარია შეთანხმდნენ, რომ სიაში არც ერთი მათგანი არ იქნებოდა, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, გამარჯვების შემთხვევაში ვინ იქნებოდა პრემიერმინისტრი. ვერც იმაზე შეთანხმდნენ, რომ ორივე მხარეს, პარლამეენტში შესვლის შემთხვევაში, კოალიცია არ უნდა შეექმნა არც „ოცნებასთან“ და არც ნაციონალებთან, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ისინი მთავრობას ვერ დააკომპლექტებდნენ. ხაზარაძე და გახარია კი არა, კიდევ ათი ხაზარაძე და გახარია რომ გაერთიანებულიყო, იმდენ ხმას მაინც ვერ მიიღებდნენ, დამოუკიდებლად შესძლებოდათ მთავრობის ფორმირება. აი, ნაციონალებთან კოალიციის შექნა კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მას აბარებ, რადგან ნაცებმა კარგად იციან, როგორ უნდა წაიღონ არაფრიდან ყველაფერი და ეს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საკრებულოში გააკეთა, როცა ლეიბორისტებმა „დიდსულოვნად“ დაუთმეს თავმჯდომარის პოსტი, შალვა ნათელაშვილმა  კი მალე აღმოაჩინა, რომ  მისი პარტიის ყველა წევრი ნაციონალების დაკრულზე ცეკვავდა.

    ამ გარიგების ჩაშლის შემდეგ საინტერესო იყო  ნიკა გვარამიას განცხადება –  ახლა თანამდებობებისა და წილების გადანაწილების დრო არ არის, გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთო.  მან თქვა, რომ  ხაზარაძესა და გახარიას შორის მოლაპარაკება თანამდებობებისა და წილების გადანაწილებას შეეწირა. თავის წილად რა უნდოდა ხაზარაძეს, კარგად გამოჩნდა, როცა დაუფარავად  თქვა: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რასაც გავაკეთებ, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება იქნებაო. ვერა და ვერ დაივიწყა ხაზარაძემ ანაკლიის პორტი, პროექტი, რომელსაც მისთვის მილიარდზე მეტი უნდა მოეტანა და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბატონი მამუკა „შორსმჭვრეტელურად“ ფიქრობს, რომ, თუ მილიარდი ექნება, იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე  ბიძინა ივანიშვილმა შეძლო. აი, თანამდებობას რაც შეეხება… ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს ჰგონია, რომ პრემიერმინისტრი სწორედ ის უნდა იყოს და არა სხვა. მეტიც, მიხეილ სააკაშვილიც კი დარწმუნებულია, რომ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, მას ციხიდან გაათავისუფლებენ და მაშინვე პრემიერის სავარძელში ჩასვამენ. ისე, საინტერესოა, გათავისუფლების შემთხვევაში საით აიღებს გეზს მიშა, რომლის აწ უკვე ყოფილმა ცოლმა სანდრა რულოვსმა გამოაცხადა: სააკაშვილს დავშორდი, ახალი ურთიერთობა მაქვს დაწყებულიო. იქით ლიზა იასკომ გამოაცხადა, –  ახალი ურთიერთობა დავიწყეო… ისე ჩანს, ბოლოს მართლა გია ბარამიძეს შერჩება მიშა.

    არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა და დასავლეთი მარწუხებს ყოველდღიურად უჭერს. უკვე დაგვიანონსეს, რომ დიდი ალბათობით არჩევნებამდე სანქციებს ბიძინა ივანიშვილს დაუწესებენ. რაც მთავარია, დასავლეთი სანქციებს მხოლოდ თვითონ კი არ აწესებს, არამედ ქართულ ბანკებსაც მოუწოდებს (უფრო ზუსტი იქნება, რომ ვთქვათ: აიძულებს), სანქციები მათაც დააწესონ და კონკრეტულ პირებს, უბრალოდ, არსებობის საშუალება მოუკლან. ანუ, თუ პიროვნება ვერსად ვერ ისარგებლებს ვერც ერთი საბანკო მომსახურებით, ელემენტარულად, საარსებო ფული არ ექნება, შიმშილის პრობლემა დაუდგება და დასავლეთი ამასაც ხელს აწერს. მეტიც, ამერიკა ხომ ფინანსური სანქციებით იმუქრება და ევროპამაც გამოგვიცხადა: თუ არჩევნებს „ოცნება“ მოიგებს, ვიზალიბერალიზაციას შევაჩერებთ და ამას გარდა, არჩევნებს არ ვაღიარებთ და ზუსტად ისეთ იზოლაციაში მოგაქცევთ, როგორშიც ბელარუსიაო.   ამერიკა და ევროპა დაუფარავად ამბობენ, რომ არჩევნებში „ოცნება“ უნდა დამარცხდეს და მნიშვნელობა არ აქვს, სურს თუ არა ეს ქართველ ხალხს. ჰო, მოსახლეობის აზრი არ აინტერესებთ, მათ მმართველი გუნდი უკვე გამოაცხადეს  დამარცხებულად და ახლა ამის გაფორმება სურთ. სწორედ ამიტომ არის ოპოზიცია დიდ გულზე. მას სჯერა, რომ მმართველი ძალა დამარცხდება და მერე თანამდებობებს ის პარტია „მოაჯდება“, რომელიც უფრო „ივარგებს“. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ხაზარაძე და გახარია ვერ შეთანხმდნენ, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ გვარამია და მელია ნაციონალებთან არ მიდიან, რადგან ზუსტად იციან, ნაცები ბოლოს პირში ჩალას (საუკეთესო შემთხვევაში) გამოავლებენ; იმავე ალეკო ელისაშვილმა იცის, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში პარლამენტში ერთ კაცთან ერთად მოხვდება, ზუსტად ისე, როგორც ანა დოლიძე, მაგრამ ამ ერთკაციან პარტიებს დამოუკიდებლად ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ და „ლელოს“ ამიტომ მიეკედლნენ.

    სასაცილო, იცით, რა არის? ამ არარეალური და გაუგონარი წნეხის ფონზე დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევიან. ჰო, ამას ამბობენ ხმამაღლა და თანაც სურთ,  ეს დავიჯეროთ. აგერ, 30-მა ევროპარლამენტარმა წერილი გააშანშალა, რომელშიც მთავარი მოთხოვნები 4 პუნქტადაა ჩამოწერილი. პირველი პუნქტი ევროკავშირის დახმარების შეჩერებას გულისხმობს (რაც უკვე ისედაც გააკეთეს), მეორე პუნქტი მაღალჩინოსნების სანქცირებაა, მესამე – კანდიდატის სტატუსის გადახედვა (რომელიც უკვე დაპაუზებულიაა) და მეოთხე... აი, მეოთხე პუნქტია ძალიან საინტერესო და ყურადსაღები: „ევროკავშირმა აქტიურად უნდა განიხილოს პრობლემური საკითხები არა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან, არამედ ქართველ ხალხთან…“

    რას ნიშნავს ეს? ევროკავშირი  მიგვანიშნებს, რომ დაისჯება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხიც და ეს იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ხმას მმართველ გუნდს მისცემს. იგივე ევროკავშირი და ამერიკა კატეგორიულია ამ მოწვევის პარლამენტის მიერ ბოლო სხდომაზე მიღებული კანონპროექტის, რომელიც ლგბტ თემის პოპულარიზაციის შეზღუდვასა და არასრულწლოვანთა გარემოცვაში რაიმე ღონისძიების ჩატარებას კრძალავს. დასავლეთი პირდაპირ გვეუბნეება, რომ ეს ლგბტ თემის უფლებების დარღვევააო; და მერე რა, თუ ლგბტ პირები სკოლებსა და ბაღებში (ჰო, ბაღებში) შევლენ და მომავალ თაობას გარყვნიან… თურმე ამით მათი უფლებები არ შეიზღუდება, აი ბავშვების უფლებები კი.. ბავშვი ხომ დამოუკიდებელი უნდა გაიზარდოს და თავად უნდა აირჩიოს, როგორი უნდა იყოს  და ამიტომ, არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს, უნდა ნახოს და გაიცნოს ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსი, გეი და ა.შ. რაოდენ სამწუხარო და გულისამრევიც უნდა იყოს, ოპოზიცია ამაზეც თანახმაა. ისინი პირობას დებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირველი, რასაც გააკეთებენ, სწორედ ამ კანონის გაწვევა და საკონსტიტუციო ცვლილება იქნება. დასავლეთის მოთხოვნით, კონსტიტუციიდან უნდა გაქრეს ჩანაწერი,  რომ მამა მამრობითი სქესის წარმომადგენელია, დედა – მდედრობითის და არანაირი ლგბტ თემი.

    ჰო, ოპოზიცია თანახმაა ამ ყველაფერზე და ამომრჩეველსაც უხსნის, რომ დასავლეთისკენ სავალ გზაზე ეს აუცილებელი პირობაა. მერე რა, თუ მომავალი თაობა გაირყვნება და მერე რა, თუ ვეღარ გავიგებთ, წინ ქალი გვიდგას თუ კაცი. მთავარი იქნება ის, რომ დასავლეთი ბედნიერებისგან იკრუტუნებს და მათი ხელის ერთ აქნევაზე მზად ვიქნებით ყველაფრისთვის, ომის დაწყებისთვისაც კი.

    აი, ომი ცალკე საუბრის თემაა. უკრაინამ დააანონსა: ზამთარში რუსეთი სერიოზული შეტევისთვის ემზადებაო.  დასავლელმა ლიდერებმა კი ერთ ხმაში უპასუხეს: ზამთარში რუსეთს შეიძლება უკრაინისთვის აღარ ეცალოსო. რატომ? მიზეზი მარტივია, მას სხვა პრობლემა უნდა შეექმნას, სხვა მოსაზღვრესთან უნდა აერიოს ვითარება და ეს „სხვა“ საქართველო უნდა იყოს. სწორედ ზამთრისთვის, არჩევნებიდან ერთ თვის შემდეგ,  დასავლეთი ზვარაკად  შესაწირად გვამზადებს, მერე რომ  იყვიროს: აი, რუსეთი აგრესორიაო. მერე აღარავის ემახსოვრება ის, რომ „ოცნების“ პირობებში ომი არ ყოფილა, პირიქით, სწორედ „ოცნებას“ შეტენიან: ლოიალური დამოკიდებულება რომ გქონდა მეზობელთან, ომის დაწყება იმიტომ გაბედაო.

    ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი თვეღა დარჩა.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here