ედიშერ გვენეტაძე: ჩარლი კირკის _ მორწმუნე ახალგაზრდა კაცის, მკვლელები აფინანსებენ საქართველოში ქვეყნის დამაქცევრებს, აკაცუკებს!..

    ,,ნაცი არის მკვლელი და ნაცი არის ბნელი”, _ განგვიმარტა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დაპატიმრებებიც დაიწყო, მაგრამ რამდენიმე ათეულ ადამიანს, რომლებიც დედაქალაქის მთავარ ქუჩას თვითნებურად კეტავენ, ვერაფერს უშვრებიან. ამ დაჭერებისა და ჯარიმების ფონზე მაინც არის საშიშროება, რომ დესტრუქციულმა ძალებმა  ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობა შეძლონ, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე იმუქრებიან და ხელისუფლებაც ხალხს ამაზე ელაპარაკება.

    ნაცი  ვინ არის, ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის, ისიც იცის, რომ  2012 წელს თითქმის დასამარებული  ნაცები  თვითონ ხელისუფლებამ გააცოცხლა…

    ქვეყანაში მიმდინარე დაძაბულ ვითარებაზე ისტორიკოსი და ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:  

    _ საქართველოში ახლა ყველა დესტრუქცია მიზანმიმართულად ხდება გარედან დაკვეთით. ჩვენი მტრები ხედავენ, რომ საქართველოში ლგბტ-ს გასავალი არ აქვს, ამას ქართველი არ დაუშვებს, არამართლმადიდებლურ იდეოლოგიას არასოდეს მიიღებს. ქართველი წინააღმდეგია, ვინმემ გარედან მართოს ჩვენი ქვეყანა. გარე ძალებს ადამიანების ქუჩაში დგომისთვის, გაწვრთნისთვის დიდძალი ფული აქვთ გადახდილი. მათ პატრონებმა დაუკვეთეს ჩვენი ქვეყნის არევა და ახლა ამ ფულის სანაცვლოდ მოითხოვენ, დაიწყოს ქვეყნის დესტაბილიზაცია, მეტიც _ სისხლი დაიღვაროს, რაც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს…

    პატარა საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთი ომს აწარმოებს. ეს რომ ომია, ამაზე, ალბათ, აღარავინ დავობს. ვინც გვებრძვის, საშიში ხალხია.  რამდენიმე დღის წინათ ვიხილეთ, რა სასტიკად მოკლეს ამერიკაში ჩარლი კირკი _ კონსერვატორი, მორწმუნე ახალგაზრდა კაცი. აი, სწორედ მისი მკვლელები აფინანსებენ საქართველოში დესტრუქციულ ძალებს, ჩვენი ქვეყნის დამაქცევრებს, აკაცუკებს… ეს უსაშინელესი ძალაა, რომელსაც დიდძალი ფული აქვს…

    თბილისის საკრებულოს საარჩევნო სიის მე-10 ნომრად აკაცუკი ჩასვეს, მაგრამ რატომღაც ეს არ მიკვირს. ბოლო რამდენიმე წელიწადში, ამ ხელისუფლების პერიოდში, ორი მოღალატე პრეზიდენტი გვყავდა _ მარგველაშვილი და ზურაბიშვილი, ასევე, ორი მოღალატე პრემიერმინისტრი,  პარლამენტის მოღალატე თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრები. როგორ შეიძლება, ამის შემდეგ  რამე გაგიკვირდეს?! ამ მოღალატეების მხარდამჭერები გარკვეულ თანამდებობებზე მაინც სხედან, ამიტომ გასაკვირიც არაფერია.

    _ საარჩევნო სიაში ამა თუ იმ გვარის ჩაწერა, მგონია, რომ კონტროლისა და კონსულტაციის გარშე ვერ მოხერხდება, ამიტომ მეეჭვება, ეს ვინმე ძაძამია შეპარებული იყო და მისი ვინაობა ვინმესთვის არ იყო ცნობილი…

    _ ეს ,,ჩაძინების” ამბავი მგონია, რაც ძალიან ცუდია. სიმართლე გითხრათ, ვიკითხე, რატომ არ ამოიღეს სიიდან მისი გვარი. იურისტებმა ამიხსნეს: ახლა არ შეიძლება, როდესაც საკრებულოში მოხვდება, თავად განაცხადებს უარს საკრებულოს წევრობაზე და წავაო…

    _ რომ არ დაწეროს განცხადება და უარი თქვას წასვლაზე?

    _ მაშინ აქ ვართ ყველანი და არ გავჩუმდებით. ის აკაცუკი რომც არ იყოს, 20 წლის ბავშვი როგორ უნდა იყოს არჩევით თანამდებობაზე?! 25 წლამდე არ შეიძლება მსგავს თანამდებობაზე ადამიანის არჩევა, ისედაც დარღვევაა 20 წლის ბავშვის საარჩევნო სიაში ჩასმა.

    რომ მიყურებთ და მისმენთ, გგონიათ, ყველაფერი მომწონს, უბრალოდ, ვიცი, ახლა ჩვენი ხელისუფლება, ფაქტობრივად, ომშია ჩართული და ხმას ამიტომ არ ვიღებ. შემდეგ, როდესაც კიდევ ერთხელ არჩეული ხელისუფლება იქნება და არაფერს გააკეთებს, მოვთხოვთ პასუხს ყველანი, მოვთხოვთ _ რატომ, რისთვის?..

    ქუჩაში მდგომი დესტრუქციული ძალების წარმომადგენლებს ადრე თუ გვიან ხელისუფლება ციხეში გაუშვებს, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ ხელისუფლებამ არჩევნები წააგოს… ქუჩის პროტესტანტების ადგილი მაინც ან ციხეშია, ან სიკვდილი ემუქრებათ. ასე იყო ყოველთვის. ჩვენ მომსწრენი ვართ 90-იანი წლების და ვიცით, რომ  იმჟამინდელი ლიდერები, აკაცუკები  კი არა, ვაჟკაცები იყვნენ, მაგრამ არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, რადგან გამოიყენეს და მერე მოიშორეს…  განათლების სისტემის დანგრევამ გაანადგურა ჩვენი ახალგაზრდები, აღარც კაცობა შერჩათ, აღარც ადამიანობა, აღარც ეროვნულობა და რწმენა….

    _ ,,ნაცი არის მკვლელი და ნაცი არის ბნელი”, _ განაცხადა პრემიერმინისტრმა. ნაცები  2012 წელს მოიშორა ხალხმა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი რეანიმირება ქოცების სინდისზეა. რას გვიხსნის პრემიერი, ვის უხსნის? თვითონ არის ყველაფრის ბატონ-პატრონი…

    _ ჩვენი ქვეყნის პრემიერი და ხელისუფლება უთანასწორო ბრძოლაში არიან ჩაბმულნი, ამიტომ ვერ ვაკრიტიკებ. შეიძლება, მიმდინარეობს პროცესები, რომლებზეც არაფერი ვიცით, და ამიტომაც ხდება ის, რაც ხალხისთვის მოსაწონი არ არის. ჩაივლის ეს დღეები, ეს დაძაბულობა და პასუხი მერე მოვითხოვოთ, ყველას თავისი უნდა მოეკითხოს, როდესაც ქვეყანა სამშვიდობოს გავა. პრემიერი 2022 წლიდან ცდილობს, ქვეყანაში მშვიდობა გვქონდეს, ამიტომ ხმას ვერ ვიღებ…

    _ ლიბერალები კუდს მოიქნევენო, _ ამბობდით. შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს ეს ე.წ. კუდის მოქნევა?

    _ ადამიანები უნდა გამოფხიზლდნენ. გადავხედოთ ისტორიას, რამ გამოიწვია 1930-იანი წლები? ტროცკისტები ვიღაცის წერილის საფუძველზე შევიდნენ ერთ-ერთი მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში და გადაწვეს _ ეს ხომ ასე იყო? კოლმეურნეობაში მომუშავე გლეხებს მოწამლული საკვები მიუტანეს _ ეს ხომ ტყუილი არ არის? ახლა ვინც ქვეყნის არევას ცდილობს, ტროცკისტია, ტროცკიზმია ქვეყანაში, მაგრამ ტროცკი ვინ იყო, ახალგაზრდებმა არ იციან. ის, რაც ამჟამად ხდება მსოფლიოში, ტროცკიმ იწინასწარმეტყველა. ის ამბობდა, დავხოცოთ 15 წლის ზემოთ ყველა, დანარჩენები კი კომუნისტური სულისკვეთებით აღვზარდოთო. მიშა სააკაშვილიც ამბობდა, _ 40 წლის ზემოთ ხეც არ მინდა ამ ქვეყანაშიო.

    1925 წელს მოსკოვის ქუჩებში შიშველი ახლაგაზრდები დადიოდნენ და გაიძახოდნენ, ძირს ოჯახიო. იგივე გააკეთა სააკაშვილმაც, როდესაც ბავშვებს ურჩია, აგერ არის ბუჩქები და გაიარეთო… სახე დააკარგვინეს ახალგაზრდებს, ქალი ქალს არ ჰგავს და კაცი _ კაცს…

    რაც ახლა ხდება, მსოფლიოს პრობლემაა. მართალია, ლიბერდებილიზმი კუდს იქნევს, მაგრამ კაცობრიობა დარტყმას აიცილებს, ეს ისტორიული პრეცესია, მაგრამ მტკივნეული გარდამავალი პერიოდია.

    მჯერა, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით გადავრჩებით. წელიწადზე მეტია, ქუჩაში არეულობაა, მაგრამ უფლის წყალობით მძიმედ არავინ დაშავებულა, ამიტომ ვიმედოვნებ, ამ პროცესებს მშვიდობიანად გავივლით…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here