ედიშერ გვენეტაძე: თუ ხელისუფლებამ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმა ბოლომდე ვერ მიიყვანა, დავიღუპებით!..

    ,,ახლა აუცილებელია, ე.წ. ბოლონიური პროცესისგან დავიხსნათ თავი. ეს რთული იქნება. დასავლეთი, რომელიც უკვე ცუდად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ქართულ დიპლომებს აღარ სცნობს, რაც მძიმე ვითარებას შექნის”

    ედიშერ გვენეტაძე

    პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემაში დიდ რეფორმაზე განაცხადა: ,,ვფიქრობთ, სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რომლებსაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის, როგორიც არის სახელმძღვანელოების, სტატიების მომზადება და ა.შ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ხარისხის თვისებრივად ამაღლებას უმაღლესი განათლების სისტემაში”.   პრემიერის  ეს განცხადება ერთი შეხედვით დადებითად არის შესაფასებელი, მაგრამ გაარჩევენ კი სოროსის ფონდის პროფესორებსა და ნამდვილ პროფესორებს ერთმანეთისგან?  ან, თუკი სახელმძღვანელოები არ შეიცვლება, მათ შორის საქართველოს ისტორიის, რომელიც გაყალბებულია, აზრი აქვს რამე ცვლილებას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:

    _ პრემიერმინისტრის მიერ გამოცხადებული განათლების სისტემის რეფორმა დადებითად  შეფასდა.

    ჩვენი ქვეყნის მტრებმა, პირველ რიგში, განათლების სისტემას დაარტყეს, გერმანულ-პრუსიულ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში. ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ ქართველისთვის მამული, ენა, სარწმუნოება  პრიორიტეტი არ ყოფილიყო. ამით კარგად იმუშავეს და ქართველი მომავალი თაობა გაანადგურეს. საქართველო განვითარებად, უფრო ზუსტად, ნეოკოლონიურ ქვეყნად აქციეს. ეს პროცესი შევარდნაძის პერიოდში დაიწყო და სააკაშვილის განათლების მინისტრებმა   დაასრულეს; ,,ოცნების” მინისტრმა _  ვინმე ჯეჯელავამ კი წერტილი დაუსვა.

    განათლების სისტემის რეფორმა მომავალი წლიდან დაიწყება. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში თითო ფაკულტეტი იქნება და ერთ სერიოზულ ფაკულტეტს სერიოზული სპეციალისტები უხელმძღვანელებენ. საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები უნდა გაეროვნულდეს. რეფორმა უნდა ჩატარდეს იმისათვის, რომ ქუჩაში არ ეყარონ გაუნათლებელი ახალგაზრდები. მართალია, სტუდენტი არ უნდა იყოს ხელისუფლების მხარდამჭერი, მას ყოველთვის უნდა  ჰქონდეს განვითრების სურვილი და პროტესტი, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია. მაგალითად, გრიგორიადისი, რომელმაც ცოცხლად კინაღამ დაწვა პოლიციელი, გმირად გამოცხადდა. ვინ ასწავლა ახალგაზრდებს, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლს უნდა მიაშარდონ? ვინ ასწავლა ქაშვეთის ეკლესიის წაბილწვა? ვინ უთხრა, რომ დედაქალაქს ჯალალ ად დინივით მოქცნენ? ეს ყველაფერი უცოდინრობის შედეგია. ეს ასწავლეს სოროსის სასწავლებლებში.

     სალომე ზურაბიშვილს, როდესაც ის  თავისუფლების ქანდაკების ფონზე  პოლიციელების დაწვისკენ მოუწოდებდა, მხარს უჭერდნენ ილიაუნისა და თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები, ამიტომ მათგან არც ერთი არ უნდა გააჩერო თანამდებობაზე. ტაშს ვინც უკრავდა, ყველა გასაგდებია უმაღლესი სასწავლებლიდან. პროფესორები, რომლებიც ამბობდნენ, უკრაინა ომს მოიგებსო, არც ისინი არ უნდა გააჩერო უმაღლეს სასწავლებლებში.

    _ ფაკულტეტები გააერთიანეს, მაგალითად, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს (ფილოლოგიის, ისტორიის, ჟურნალისტიკის და ა.შ.) დაარქვეს  სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, რაც ძალიან ცუდი აღმოჩნდა. ეს თუ არ მოწესრიგდება, აზრი აქვს ამ რეფორმას?

    _ ახლა აუცილებელია, განათლების სისტემის ე.წ. ბოლონიური პროცესისგან  დავიხსნათ თავი. ეს რთული იქნება. დასავლეთი, რომელიც უკვე ცუდად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ქართულ დიპლომებს აღარ სცნობს, ეს მძიმე ვითარებას შექნის. უმძიმეს პროცესში შეგვითრიეს. შევარდნაძისდროინდელ ხაფანგში ახლა ვეხვევით.

    ნეოკოლონიალიზმისგან თავის დახსნას ვცდილობთ. ახლა გამოჩნდა სინათლე, რომელიც სიბნელიდან გვიხსნის. თუ აქედან ვერ გამოვედით, ჩვენი ქვეყანა დაიღუპება.

    _ სასკოლო სახელმძღვანელოებში საქართველოს ისტორია ,,გეორგიევსკის ტრაქტატის” შემდეგ ძალიან დამახინჯებულია. ამ სახელძღვანელოებს ხელს აწერს ბევრი სახელგანთქმული ისტორიკოსი. გასაგებია, რომ ეს ადამიანები სახელმძღვანელოებს ხელს გარკვეული მიზეზის გამო აწერდნენ, მაგრამ დღეს, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა განათლების სისტემის ცვლილება, ფიქრობთ თუ არა, რომ სახელმძღვანელოებიც საფუძვლიანად უნდა გადაიხედოს და სიმართლე დაიწეროს?..

    _ სახელმძღვანელოებს ხელს აწერს როინ მეტრეველიც, მაგრამ ის შუა საუკუნეების ისტორიას მოაწერდა ხელს. ვერ დავიჯერებ, რომ ის ხელს მოაწერდა უახლეს ისტორიას…

    აუცილებელია, დაიწეროს  ნამდვილი ისტორია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ…

    საქართველოში ჩამოყალიბებული განათლების სისტემა იყო დაკვეთა  მეტროპოლიისა  და რუსეთს წინააღმდეგ   მიმართული, რათა ყოველგვარი რუსული გაეშავებინათ. ეს იყო დაკვეთა, რომელსაც  ამ სახელმძღვანელოების მეშვეობით ასრულებდნენ… არავინ წერს, რომ რუსეთმა საქართველოს დააბრუნებინა ტერიტორიები. მართალია, ეს ტერიტორიები რუსეთმა  დააბრუნა იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირში შეეყვანა, მაგრამ ეს საქართველოსთვისაც კარგი იყო. ახალგაზრდებმა არ იციან, რატომ წავიდა ერეკლე მეფე რუსეთისკენ, რატომ დაიწერა ,,გეორგიევსკის ტრაქტატი”, რამდენი იყო საქართველოს მოსახლეობა ტრაქტატის გაფორმების წინ და რამდენი ვიყავით საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ…

    დონალდ ტრამპი ამბობს, მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებმა მოიგესო, მაგრამ ამ ომში 300 ათასი ამერიკელი დაიღუპა, ქართველი კი _ 350 ათასი. ეს არ იციან ახალგაზრდებმა და ჰგონიათ, რომ ამერიკამ მოიგო ომი. ეს არის დანაშაული სამშობლოს, უფლისა და იმ დაღუპული ქართველების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც ფაშისტები საქართველოში არ შემოუშვეს. მეტსაც ვიტყვი: დღევანდელი ქართველი ახალგაზრდები იმ ადამიანებს სცემენ პატივს, რომლებიც ფაშისტების მხარეს იბრძოდნენ…

    უამრავი საქმე აქვს გასაკეთებელი ხელისუფლებას. რეფორმა სკოლიდან უნდა დაიწყოს. უმთავრესია სახელმძღვანელოების დახვეწა  და პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების შეცვლა.

    თუ ხელისუფლებამ განათლების სისტემაში დაწყებული რეფორმა ბოლომდე  ვერ მიიყვანა, დავიღუპებით!..

     ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here