Home რუბრიკები საზოგადოება დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა

482

25 თებერვალი ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები გადამალულ ხატებს ეძებდნენ და ანადგურებდნენ.

ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი, რომელიც ფარულად ინახავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. იმპერატორის გამოგზავნილმა მხედრებმა იპოვეს ეს ხატი, ერთერთმა მათგანმამახვილი დასცა პირსა ხატისა”. მოხდა სასწაული: ნაიარევიდან სისხლმა იფეთქა.

 შეშინებული მხედრები იქაურობას გაეცალნენ.

ქვრივი მთელი ღამე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, დილით კი, ღვთის განგებით, მან ხატი ზღვასთან მიაბრძანა და ლოცვის შემდეგ წყალში ჩაუშვა. ხატი, ზღვის ტალღებზე აღმართული, დასავლეთისკენ გაემართა.

გამოხდა ხანი. ერთხელ, მიმწუხრისას, ათონის ივერთა მონასტრის ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღე გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ და თქვეს: “რაიმე იყოს მნთებარე ესე წყალთა შინა?” ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ნათლის სვეტი ღვთისმშობლის ხატს ადგა, მაგრამ, როცა მიახლოება გადაწყვიტეს, ხატი ზღვის ნაპირს გაშორდა.

ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული _ შავი, როგორც მოსე ეთიოპელი, და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი

ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი _ გაბრიელი. წმიდა მთის მამებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ივერიელი იყო ღირსი წმიდა ხატის ზღვიდან გამოყვანებისა. იმავე დროს დედა ღვთისა თავად გაბრიელსაც გამოეცხადა და უთხრა: “შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი”.

ათონის ბერებმა ქართველთა მონასტერს მიაკითხეს, მოძებნეს გაბრიელი და გალობითა და საკმევლის კმევით ზღვის ნაპირთან ჩავიდნენ. გაბრიელი ზღვაში შევიდა, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმიდა ხატი ნაპირზე გამოაბრძანა.

ეს მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი დააბრძანეს და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. იმ ადგილას ცივმა და საამო წყარომ ამოხეთქა. ამის შემდეგ ხატი ეკლესიაში შეაბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით, კანდელის დასანთებად ბერებს ხატი ადგილზე არ დახვდა. ძებნის შემდეგ იგი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენიმეჯერ. ბოლოს, ყოვლადწმიდა ქალწული ისევ გამოეცხადა გაბრიელს და უთხრა: გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღა გამხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანეს ამას შინა ხატი, არა მოგაკლდეს თქვენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა”.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

* * *

ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდა. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღვარს და უთქვამს: რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში”. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ იგი პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული.

სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისე გაავსო ყველა ჭურჭელი, რომ ღვინო ძირს იღვრებოდა. ისეთი სასიამოვნო და გემრიელი იყო, რომ ყველა დარწმუნდა, იგი სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი.

ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დავანებული საკვირველთმოქმედი ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე, მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე.

* * *

წარსულში ეგეოსის ზღვა მეკობრეთა სიმრავლით იყო განთქმული. მონასტერზე მათი ერთ-ერთი თავდასხმის დროს არაბმა მეკობრემ შუბით ჭრილობა მიაყენა ივერიის ღმრთისმშობლის ხატს, საიდანაც მეყსეულად სისხლმა იფეთქა. თავზარდაცემულმა შეინანა თავისი დანაშაული ღმრთისმშობლის წინაშე, იწამა მისი ძე და მოინათლა. აქვე დარჩა და მცირე ხანში ბერადაც აღიკვეცა. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე ტირილით ევედრებოდა მამებს, რომ მისთვის ბერობის სახელი დამასკინოსი კი არ ეწოდებინათ, არამედ “ბარბაროსი”. დაყუდებული ცხოვრებით იგი სიწმინდეს მიემთხვია, და ახლა წმიდა ბარბაროსი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარშია დახატული _ შავი, როგორც მოსე ეთიოპელი, და ხელთ პირვანდელი საჭურველი უპყრია: მახვილი, ისარი და მშვილდი.

* * *

1308 წელს ივერთა მონასტერი სასტიკად დაარბიეს სპარსელებმა, რომლებიც მიუახლოვდნენ ათონის მთას 15 ხომალდით და ალყა შემოარტყეს ივერთა მონასტერს. უსჯულოთა სიმრავლით შეშინებულმა ბერებმა გამოიტანეს ტაძრებიდან წმინდა ჭურჭელი, მათთან ერთად კარიბჭის ხატიც და ციხე-კოშკს შეაფარეს თავი.

მონასტერში შემოჭრილმა სპარსელებმა იწყეს სავანის უმოწყალო ძარცვა და მთავარი ტაძრის გუმბათის ჩამონგრევაც მოიწადინეს. ამ მიზნით გუმბათის შემკავებელ მარმარილოს სვეტებს მათ თოკები გამოაბეს და გამხეცებულნი ეწეოდნენ, მაგრამ ტაძარს ვერაფერი დააკლეს. ამის მხილველმა ბერებმა გულის სიღრმიდან ცრემლით ღაღადჰყვეს ზეციური დედოფლისადმი და მანაც, ყოვლადძლიერმა, არ უგულებელჰყო მათი ვედრება. ვერ მოასწრეს მონასტრის საუნჯით დატვირთულმა ხომალდებმა ნაპირისგან მოშორება, რომ ამოვარდა სასტიკი ქარიშხალი და მთელი ფლოტი ზღვის უფსკრულში დაინთქა. გადარჩა მხოლოდ ის გემი, რომელზეც იმყოფებოდა სპარსთა მეთაური _ ამირა. მან ეს უბედურება სავანის გაძარცვისათვის მოვლენილ ღმრთის სამართლიან რისხვად აღიარა, შენდობა და ღმრთის წინაშე მეოხება სთხოვა მამებს, დაუბრუნა მონასტერს ნაძარცვი ქონება და თვითონ გაიქცა შეძრწუნებული.

* * *

XVIII საუკუნეში ათონის მთა მოილოცა მეუფე ტიმოთე გაბაშვილმა. ივერთა მონასტერში, ერთ ადგილას მას ხანძრის კვალი შეუნიშნავს და მიზეზი უკითხავს. მისთვის განუმარტავთ: ამ ორი წლის წინათ ერთმა ბერმა ღამით შეაღო ტაძარი სალოცავად და იხილა ბრწყინვალედ მოსილი ქალი, რომელმაც გაკვირვებულ ბერს მიუგო: “წადი, აცნობე ძმებს, თქვენი მონასტერი იწვისო!” ბერმა განგაში ატეხა და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. ამგვარად გადარჩა ივერთა სავანე.

* * *

1821 წლის ბერძენთა აჯანყების საშინელ პერიოდში თურქი ჯარისკაცებით აივსო ათონის მთის ყველა სავანე, რომლებსაც დამპყრობელთა შენახვა და ხაზინაში უზარმაზარი გადასახადების შეტანა დაეკისრათ. დაცარიელდა ივერთა სავანე, აქ დარჩა მხოლოს რამდენიმე ბერი. ღამღამობით თურქები ხედავდნენ ქალს ყრმით ხელში. ამ ამბავმა მათ აფიქრებინა, რომ ბერებს იქ სხვა ქალებიც ჰყავდათ გადამალული. მოუხმეს მონასტრის დარაჯს, ბერდიაკონ გრიგოლს და მისი წამების ფასად სცადეს გამოერკვიათ, თუ ვინ იყო ის იდუმალი სტუმარი, ღამით რომ ჩნდებოდა და კვლავ უჩინარდებოდა ხოლმე. სასტიკად ნაგვემი და დასისხლიანებული ბერი კარიბჭის ღვთისმშობლის ხატთან მიუძღვა მათ და უთხრა: “ეს არის!” ჯარისკაცები შიშითა და კანკალით გაეცალნენ იმ ადგილს.

ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღმრთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვისა და პარაკლისების აღსრულება ჰქონდა დავალებული, თვალი მოჰკრა ზეციური სიმშვენიერის ქალს შავ შესამოსელში; მას ხელში ცოცხი ეკავა და მონასტერს ჰგვიდა. მღვდელი ადგილზე გაქვავდა, როდესაც მონასტერში ქალი იხილა და ისიც ცოცხით ხელში, მერე მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: “აქ რას აკეთებ, მონასტერს ჰგვი?” უცნობმა უპასუხა: “რასაკვირველია. მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელია არავის გამოუგვია!”

ეს ამბავი მოხდა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, ანუ ე.წ. თომას კვირას. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, რომ სულთანმა გამოსცა განკარგულება ათონის მთიდან თურქეთის ჯარების გამოსვლის შესახებ. მას შემდეგ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად და სამადლობლად თომას კვირას ყველა ტაძარში სრულდება ღამისთევით ლოცვა. რამეთუ ცოცხით, რომელიც ღმრთისმშობლის შეწევნის ნიშანი იყო, თურქები გახვეტილ იქნენ წმიდა მთიდან დაღმრთისმშობლის სავანე გაიწმინდა სიბილწისა და უკეთურებისაგან.

პორტაიტის, ანუ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის მადლით მრავალი სასწაული აღესრულება.

მომზადდა წიგნებიდან: “წმიდანთა ცხოვრება”, ტომი I, თბილისი, 2001 . და

ივერიის ღმრთისმშობლის ხატი”, თბილისი, 1999 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here