1 აპრილიდან პლასტმასის ჭიქების, თეფშების, ჩანგლების, კოვზების, კონტეინერების გაყიდვა იკრძალება. ჯერჯერობით უცნობია, ქაღალდზე გადავალთ თუ ხეზე, მაგრამ ის კი ცხადია, რომ პროდუქცია გაძვირდება, ის პროდუქცია, რომელიც ასეთ პლასტმასში იყო შეფუთული. მავანი ამტკიცებს, ქაღალდი ჩაანაცვლებს და უფრო იაფი დაჯდებაო, მაგრამ ახლავე აგიხსნით, რატომ ვერ ჩაანაცვლებს ყველაფერს ქაღალდი, რატომ არ დაჯდება უფრო იაფი და რაში მდგომარეობს ამ აკრძალვის აბსურდულობა.
მაიონეზს, რომელიც ორგანიზმისთვის არც ისე სასარგებლოა, უმრავლესობა ყიდულობს და მოიხმარს. რაშია ჩასხმული მაიონეზი? – იმ მასალაში, რომელიც 1 აპრილიდან აიკრძალება, იგივე ეხება კეტჩუპებსა და სხვადასხვა სოუსს. ეს პროდუქტები მინის ქილებშიც იყიდება, მაგრამ ფასში დიდი სხვაობაა და იცით, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში მინის ქილებს არ ვაწარმოებთ, შემოგვაქვს, ისევე როგორც თუნუქის თავსახურავები და ეს ყველაფერი (ყიდვა, ტრანსპორტირება, განბაჟება) საკმაო თანხებთან არის დაკავშირებული. ჰოდა, ახლა პლასტმასი რომ აიკრძალება, მაიონეზი, კეტჩუპი და სხვადასხვა სოუსი მინაში უნდა მოთავსდეს, მინაში, რადგან ხესა და ქაღალდში არ გამოვა. შესაბამისად, მათი ფასი აუცილებლად მოიმატებს, რადგან არავის უთქვამს, შუშის ქილებისა და თუნუქის თავსახურავების წარმოებას საქართველოში დავიწყებთ და გაიაფდებაო. ჭიქებს უფრო მარტივად ეშველება (ჩანგლებსაც და კოვზებსაც). ქაღალდის ჭიქები ისედაც იყიდება, ფასშიც დიდი სხვაობა არ არის, ხის კოვზები და ჩანგლები უკვე გამოჩნდა მაღაზიებში და ფასიც ასე თუ ისე მისაღებია, მაგრამ…
ე.წ. დრაივი, რომელიც დედაქალაქსა თუ რეგიონებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგას, 1 აპრილიდან ლუდს, გაზიან სასმელებსა თუ მინერალურ წყალს პლასტმასის ბოთლებში ვეღარ გაყიდის. არ აქვს მნიშვნელობა, ცნობილი ბრენდია თუ უცნობი, ყველაფერი მინაში უნდა იყოს, მაგრამ ქსელურ მარკეტებსა თუ უბნის მაღაზიებს პლასტმასის ბოთლებში წყლის, გაზიანი სასმელებისა და ლუდის გაყიდვის უფლება აქვთ. სად არის ძაღლის თავი დამარხული? ადრე თქვეს, რესტორნები რომ არის სავსე, რესტორანში სიარული ერთეულთა ხვედრი უნდა იყოს, დღესასწაულს უნდა ჰგავდეს და არა ისე, ყველა ხშირად რომ დადისო. ასეც მოხდა – რესტორანში შესვლას უკვე სოლიდური თანხა სჭირდება. ჰოდა, „დრაივებიც“ აღარ იქნება რიგითი მოკვდავებისთვის, ჭიქა ყავა ისედაც ხუთი ლარი ღირს და ახლა გაზიანი სასმელიც ამდენივე ეღირება… არ გაგეცინოთ და თურმე „დრაივი“, თუ ძვირი სიამოვნება გახდება, საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს და ავტომობილები რიგში არ ჩამოდგებიან. ესეც იდიოტიზმის პიკი გვგონია, მაგრამ არც ეს არის ყველაფერი.
აფრიკის უღარიბეს ქვეყნებშიც კი დიდი თუ პატარა კომპანიები პლასტმასის გადასამუშავებელ მინი ქარხნებს აშენებენ ან თვითონ სახელმწიფო ცდილობს ასეთი ქარხნის აშენებას, რათა თავიდან აიცილოს ნიადაგში პლასტმასის ნარჩენების მოხვედრა. სახელმწიფო ცდილობს, ცალკე მეორადი პლასტმასით იხეიროს და ცალკე ნიადაგის სისუფთავე შეინარჩუნოს. ყველამ იცის (ალბათ, ჩვენთანაც იციან), რომ მიწაში მოხვედრილი პლასტმასის ბოთლის დაშლას 400 წელი სჭირდება, ანუ 4 საუკუნე და ის ამ ხნის განმავლობაშიც არ ქრება ბოლომდე – მიკრონაწილაკებად იშლება და მერე კიდევ რამდენიმე ათეული წელი სჭირდება, რომ ეს ნიადაგი გამოსაყენებლად ვარგისი და უსაფრთხო იქნეს. გადახედეთ ბოლო წლების საქართველოს, არაფერს ვამბობთ დაბინძურებულ ტყეებზე, მდინარეებზე, ელემენტარულად, ქვეყნის მთავარ მდინარეს ყოველდღიურად ათასობით პლასტმასის ბოთლი მიაქვს… ისიც გავიხსენოთ, რამდენი ნაგავსაყრელი დახურეს ბოლო წლებში საქართველოში იმის გამო, რომ იქ ადგილი აღარ იყო. ჰო, დახურეს, დააკონსერვეს, მიწა მიაყარეს და იქაურობა მომდევნო 4-5 საუკუნის განმავლობაში არაფრისთვის ივარგებს. ანალოგიური რამ ხდება ახლა იმ ნაგავსაყრელებზე, რომლებსაც დღეს ვიყენებთ და იქ ვეზიდებით ყველაფერს, რისი გადაყრაც შეიძლება და არ შეიძლება. ევროპა რომ გვინდა და ვეტოლებით, იქ ხომ ცალ-ცალკეა პლასტმასის, შუშის, რკინისა და ქაღალდის გადასაყრელი ურნები? აქაც დგას ზოგიერთ ადგილას, მაგრამ ხალხს სასაცილოდ არ ჰყოფნის, იქ კი სასწაული უნდა მოხდეს, პლასტმასის სანაგვე ურნაში სხვა რამ რომ ჩააგდონ. ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნები შოულობენ მეორად პლასტმასზე ფულს – ავზებსა და დიდ აუზებსაც კი ამზადებენ და მერე ყიდიან. ვერ მოვაბით თავი, რომ პლასტმასის გადასამუშავებელი მინი ქარხანა აშენდეს. ახლა ვიღაც იტყვის, არის ასეთი ქარხანაო, მაგრამ ნურას უკაცრავად – ისინი მხოლოდ წყლის თეთრ ბოთლებს იბარებენ და თან თავსახურის გარეშე. აი, ევროპაში კი ნებისმიერი ფერის ბოთლი შეგიძლია ჩააბარო და სანაცვლოდ ფული მყისვე მიიღო. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ეს პრობლემა პლასტმასის აკრძალვით მოვაგვაროთ, რაც სასაცილოც კი აღარ არის. თანაც, აპრილის ბოლოს ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს და ძალიან საინტერესოა, ეს პროდუქტი აპრილში რომ გაუძვირდებათ, რას იტყვიან: ჩვენი ბრალი არ არის, მინა რომ არ გვაქვს და იდიოტური გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, იმის ბრალიაო? ადამიანები კოსმოსში ისე დაფრინავენ, როგორც ჩვენ ერთი უბნიდან მეორეში ვმგზავრობთ, და რა გახდა ისეთი ქარხნების აშენება, აუცილებლად რომ გვჭირდება?! თუნუქის სახურავს რა პროფესორობა და დანადგარი უნდა ისეთი, რომ ვერ ვაკეთებთ და ვყიდულობთ? არადა, შუშის ბოთლებს ყველას თუნუქის სახურავი აქვს, მარინადებს, კომპოტებსა და საწებელს, ანუ ათიათასობით სჭირდება ხალხს… ქარხნის გახსნას კი ვერ მოვაბით თავი და ეჭვიც გვაქვს, რატომ.

საქართველოში არმატურის არაერთი პატარა თუ დიდი ქარხანა არსებობს, მაგრამ ქართული ჯართი აღარ გვაქვს. რაც შეგვეძლო დავანგრიეთ, ჯართად ჩავაბარეთ დანადგარებიც კი, მიწიდან სარწყავი წყლის მილები ამოვიღეთ, ისიც ჯართად გავუშვით და რკინა აღარ არის. შესაბამისად, შუშის ქილებისთვის თუნუქის სახურავების წარმოება რომ დაიწყოს ვინმემ, მის დასამზადებლად პროდუქცია საზღვრებს გარედან უნდა შემოიტანოს, რაც ძვირი დაუჯდება და ისე გამოვა, რომ შემოტანილს უფრო ძვირი ფასი ექნება, ვიდრე ადგილზე წარმოებულს. კომუნისტების ნაშენები ქვეყანა 1990-იანებში რომ დავშალეთ და მოვსპეთ, შედეგებს ახლა ვიმკით და ვაი, რომ იმხანად ჩადენილზე პასუხსაც ვერავინ ვერავის მოსთხოვს – ჯერ ერთი, ხანდაზმულობის ვადაა გასული და მეორეც, მაშინ ერი გადარჩენისთვის იბრძოდა და იპარავდა ყველა – დიდი თუ პატარა, ჩინიანი თუ უჩინო…
ნამდვილად ვერ გეტყვით, რის და ვის იმედად მივიღეთ ასეთი რეგულაციები. არადა, უფრო მარტივი იქნებოდა ერთი ისეთი ქარხნის აშენება (თუნდაც სახელმწიფოს ბალანსზე), რომელიც პლასტმასს გადაამუშავებდა და შემდეგ მოსახლეობა ნაგავში კი არ მოისროდა მას, არამედ შეინახავდა, ჩააბარებდა… თუნდაც ქსელურ მაღაზიებში რომ დაიდგას მიმღები კონტეინერი, როგორც ევროპასა და ამერიკაშია, მაღაზიაში შესვლის წინ დაიცლიდნენ ხელს მოქალაქეები და გვერწმუნეთ, 3-4 ლარიც რომ მიეღოთ, იმაზეც კმაყოფილი იქნებოდნენ. ამ ფასად ერთი დღის სამყოფ პურს იყიდდა ოთხსულიანი ოჯახი. დროა (დაგვიანებულიც არის), სახელმწიფომ არა მხოლოდ ბანკი შექმნას, რომელიც ადამიანურ პროცენტში დაიწყებს სესხების გაცემას, არამედ შექმნას სახელმწიფო საწარმოები, რომლებშიც ადამიანები იმუშავებენ და ღირსეულ ხელფასს მიიღებენ. რაც მთავარია, ეს ქვეყნის ეკონომიკას წაადგება. ძალიან ბევრი სახელმწიფო საწარმოა დღემდე ბელარუსში და რამდენიც უნდა იძახოს დასავლეთმა, ლუკაშენკო დიქტატორიაო, რამდენი სანქციაც არ უნდა დაუწესოს „ბატკას“ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეალობაა, რომ ბელარუსში არც ომის ეშინიათ და არც შიმშილის, სამსახურიც არ არის პრობლემა და ხალხიც ბედნიერად და სტაბილურად ცხოვრობს, ვიდრე თუნდაც ჩვენთან (უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ).
მანამდე კი კიდევ ბევრჯერ დავინახავთ ქარის დროს ცელოფნებით მოფენილ ქუჩებს, მდინარეებში მოტივტივე ბოთლებს, რომლებიც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს ანადგურებს. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს, ჩვენ გარდა, ხედავენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხელეწიფებათ მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ თითს თითზე არ ადებენ და სულ სხვა მიმართულებით ფიქრობენ. ჩვენ კი ამ „სხვა მიმართულებით ნაფიქრის“ შედეგებს ვიმკით დღემდე.
ლევან გაბაშვილი







