დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხაზინის ქურდობა თავისი არსით ღალატია და კომუნისტების პერიოდში სიკვდილით ისჯებოდა

    „როცა 78-ე მუხლს ამოიღებენ კონსტიტუციიდან, საქართველოს გზა გაეხსნება თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისკენ, ბრიჩსისკენ, „3+3” ფორმატისკენ და საქართველო გახდება ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის”

    რამდენიმე დღის წინათ ქართველმა საზოგადოებამ ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მასთან დაახლოებული ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სახლებიდან დიდი თანხებისა და ძვირფასეულობის ამოღების შესახებ შეიტყო. მართალია, ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის, მაგრამ ხალხი ამბობს, რომ ნავსი გატყდა, პროცესი დაიწყო და ამ პატარა, ღატაკ ქვეყანაში ბიუჯეტის ძარცვა არავის შერჩება

    გაგრძელდება კი პროცესი, რომელიც დაიწყო, თუ სამართალი შერჩევითი იქნება _ ვიღაცას აპატიებენ, ვიღაცას არა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

    _ 2011 წლის 7 ოქტომბერს დიდ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და ხალხს სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა. ამ დაპირების აღმასრულებელი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების ყველა წევრი, მაგრამ ზოგიერთმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ვალდებულება ვერ შეასრულა ბოლომდე, დაუშვა შეცდომა და ამიტომ დასასჯელები არიან.

    ხაზინის ქურდობა თავისი არსით ღალატია და კომუნისტების პერიოდში სიკვდილით ისჯებოდა, ჩინეთში დღესაც სჯიან დახვრეტით, განადგურებით, ქონების კონფისკაციით…

    საბჭოთა კავშირის პერიოდის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა 96-ე პრიმა მუხლი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის ხვრეტდნენ და ამ მუხლით გასამართლებული ბევრი ვიცით. ჩინეთში ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც შემჩნეულია ქონების გაფლანგვაში, დაისჯება ძალიან სერიოზულად, რადგან მეტასტაზები  არ უნდა გავრცელდეს.

    ამა წლის 20 ივლისს ერთ-ერთ გამოცემასთან აღვნიშნე, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. ვთქვი, რომ საქართველოში   არსებობდა მაფია, რომელიც გასული საუკუნის 30-იანი წლების ჩიკაგოს მაფიის მსგავსად მოქმედებს, რის გამოც საქართველო შეიძლება დაღუპოს-მეთქი. მადლობა ღმერთს, რომ პოლიტიკური მაფიოზები დააკავეს!

    დასჯა აუცილებელია, მაგრამ სამართალი ხომ არ იქნება შერჩევითი _ ვიღაცას აპატიებენ, ვიღაცას შეარჩენენ?

    _ ვინ დანიშნა ბურჭულაძე მინისტრად, შემდეგ ბურჭულაძეს ვინ დაანიშნინა შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი? ამაში ერთი და იგივე პირი მონაწილეობდა, ეს თავიდანვე შესამჩნევი იყო. რა მოხდა გორის მინიციპალიტეტში? იქ ფუნქციობდა იატაკქვეშა ქარხანა, რომელშიც ათასობით ფალსიფიცირებული სასმელი და სიგარეტი იყო გამზადებული სარეალიზაციოდ, ეს ადგილობრივმა სუს-მა არ იცოდა?  ეს არ ჰგავს სიცილიურ მაფიას, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა რგოლია ჩართული?

    მოვიდა შს ახალი მინისტრი გელა გელაძე, რომელსაც კარგად ვიცნობ. ამ ადამიანმა პენიცენტიური სისტემა ჩაიბარა გარდამავალ ეტაპზე _ 2012 წელს, დაამყარა წესრიგი, პატიმრების მოთხოვნები დააკმაყოფილა და ჯალათები განდევნა. გელაძემ დღეს სასწაულები ჩაიდინა _ ტონობით ნარკოტიკი ამოიღო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნარკომაფიას მფარველები ჰყავდა ხელისუფლების ქვედა თუ ზედა ეშელონებში, პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის…

    ხელისუფლებაში არიან ხელშეუხებელი ადამიანები, ასეთია, თეა წულუკიანი, რომელიც სწორი წესებით თამაშობს, წულუკიანისნაირებს არ ეხება ივანიშვილი, რომელმაც დაიწყო პროცესი. ადვილია ამ პროცესის კრიტიკა, მაგრამ გულშემატკივრობა ჯობია…

    სამ ყველაზე ფულიან უწყებაში _ ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროებში _ აღმოჩნდა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი პერსონა, რომლებიც კოორდინაციას უწევდნენ ერთმანეთის მუშაობას. ეს სამი უმდიდრესი სამინისტრო ასეულობით მილიონს ლექავდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. პრემიერმა კობახიძემ ამხილა თავისი ერთ-ერთი ყოფილი თანამებრძოლი, რომლის ვინაობაც ჯერ არ არის დასახელებული, მაგრამ მალე გაირკვევა. ეს ადამიანი ლევან ხაბეიშვილს აფინანსებდა ყოველთვიურად.

    ოქროს ზოდები და დოლარები იპოვეს, ამოიღეს. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ბიუჯეტიდან იქნებოდა მოპარული. ახლა საჭიროა, ზემოთ დასახელებულ სამინისტროებში დაიწყოს კონკრეტული ადამიანების იდენტიფიკაცია, ჩატარდეს რევიზია და გაირკვეს, ხდებოდა თუ არა დასავლეთის დირიჟორობით კოლექტიური ნაცმოძრაობისადა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლების შეთანხმებული მოქმედება ხელისუფლების გადანაწილების მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქმე უფრო რთულად არის, ვიდრე სეირის მაყურებლებს ჰგონიათ.

    ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეც არ არის ადვილი თემა. ეს კაცი იმედი იყო ბიძინა ივანიშვილისთვის. მისი როლი იმაზე დიდი იყო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ის იყო ხიდი აფხაზეთთან ურთიერთობის მოგვარების საქმეში. მისი მკვლელობა დიდი დარტყმა იყო… ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, კობახიძეს ბოლომდე მივაყვანინოთ საქმე, რომელიც დაიწყო.

    ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაც დიდია ამ აურზაურში. საქართველო ტურბულენტურ ზონაშია _ დასავლეთი ხელისუფლების შესაცვლელად მილიარდებს ხარჯავს. არ გამორიცხოთ, რომ ეს ღალატი ივანიშვილის კარზე სწორედ ამიტომ ხდებოდეს.

    _ ის, რაც ხდება, საქართველოს ღალატიახელისუფლებას ათიათასობით სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავს ქვეყანაში. ამის პარალელულად მილიონებს იპარავენრა, ამაში დამნაშავე არ არის ივანიშვილი?

    _ დიახ, პენსიონერებს უჭირთ, სოციალურად დაუცველები ისედაც გაჭირვებაში არიან… ეს საშინელებაა… ახლა საჭიროა, საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა, რადგან კონსტიტუციიდან ამოსაღებია 78-ე მუხლი, ამისთვის არ არის საჭირო ახალი არჩევნები… როცა 78-ე მუხლს ამოიღებენ კონსტიტუციიდან, საქართველოს გზა გაეხსნება  თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციისკენ, ბრიჩსისკენ, 3+3” ფორმატისკენ და საქართველო გახდება ხიდი  დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის… საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინიტიატივა წამოვა ყველა მხრიდან. 3+3” ფორმატის ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობა იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები და ფორმები. მოკლედ, ძალიან ახლოს ვართ ყველა ქართველის სანუკვარ ოცნებასთან, პატრიარქის სიტყვებთან, რომელმაც განაცხადა, ჩემს სიცოცხლეში მოხდება ტერიტორიების დაბრუნებაო. რუსეთის პროგრესული ძალები მზად არიან, ამას ხელი შეუწყონ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველო შეუერთდეს ჩრდილოეთ-სამხრეთის უწყვეტ მაგისტრალურ გზას. ეს არის დიდი პოლიტიკური განაცხადი საქართველოს ინტერესების დასაცავად.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here