17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, გარდაცვალებამ ერთ მუშტად შეკრა ქართველი ხალხი და საქართველო. დიდია მწუხარება, გარკვეულწილად ეპოქა დასრულდა, მაგრამ მსოფლიომ საქართველო სრულიად ახალი თვალით დაინახა, ასე წერდა უცხოური პრესა. თითქოს ყველამ დაივიწყა ომის ქარცეცხლში გახვეული ახლო აღმოსავლეთი და ყურადღება პატარა საქართველოს მიაპყრო.
რა აჩვენა მსოფლიოს მისმა უდიდებულესობა ქართველმა ერმა? ამ თემაზე პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
_ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებამ მსოფლიო აალაპარაკა. არ მეგულება ქართველი, რომელსაც უცხო ქვეყანასთან აქვს შეხება, მისთვის იქიდან არ დაერეკოთ და სამძიმარი არ გამოეცხადებინოთ. ათეულობით სამძიმარი მივიღე მეც. ეს გასაკვირი არ იქნებოდა, ომის ქარცეცხლში რომ არ ყოფილიყო გახვეული საქართველოს ზემოთ და ქვემოთ მდებარე ტერიტორიები. ამ ომების ფონზე, თითქოს არავის უნდა ეცალოს ჩვენი ტრაგედიისთვის, მაგრამ მსოფლიოს ყურადღება პატარა საქართველოზე გადმოვიდა, რადგან მისმა უდიდებულესობა ქართველმა ერმა მთელ მსოფლიოს აჩვენა საოცარი ერთსულოვნება. ქართველების ქმედება არის სარწმუნოებისადმი და მზრუნველი მამისადმი ერთგულება, ტრადიციების, ეკლესიის ერთგულება. ეჭვი მეპარება, მსგავსი რამ სადმე მოხდეს, არ მეგულება საქართველოს მსგავსი ქვეყანა.
ხალხის ულევი ნაკადი მიემართებოდა სამების ტაძრისკენ პატრიარქის დასატირებლად და უკანასკნელი პატივის მისაგებად…
_ საქართველოს ისტორიას თუ გადავხედავთ, მტრის წინააღმდეგ სწორედ რწმენა გვაერთიანებდა და გვიმაგრებდა გულს, ხშირად შიშის ზარსაც ვცემდით მომხვდურს. ახლა, როდესაც ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს უყურებენ, როგორ ფიქრობთ, ჩვენი ამ ქმედებით უხილავ და ზოგჯერ ხილულ მტრებს შიშის ზარს ვერ დავცემთ, შევძლებთ, რომ აღარ შეგვეხონ?
_ ქართველმა ერმა ერთსულოვნება გამოიჩინა და მოციქულეობრივი ღვაწლი აღასრულა, როგორც ერთმა სუბიექტმა, მონოლითურმა სხეულმა. მთელმა მსოფლიომ, მტერმა და მოყვარემ თვალნათლივ იხილა დიდებულება იმ ცივილიზაციური სიმდიდრისა, რომელიც აქვს უნიკალური დამწერლობისა და უძველესი ისტორიის მქონე ქართველ ერს. პატრიარქმა ,,მზიანი ღამე~ უწოდა თავის ღვაწლს…. ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ გვაქვს სიხარული ზეციური ახალი მფარველის მიღების. პატრიარქის მამობრივი ზრუნვა კიდევ უფრო დიდ ნუგეშად იქცევა იქ, ზეცაში, უფლის დახმარებით. ერი გაძლიერდა, გამთლიანდა _ ეს, რა თქმა უნდა, შიშის ზარს დასცემს მტერს და გაახარებს მოყვარეს…
პატრიარქი ილია II იქნება დიდი იმედი სიცოცხლისა და სიხარულისა მომავალში!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







