დიმიტრი ლორთქიფანიძე: გაიხსნა ფანჯარა, რომელიც სერიოზულ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთისთვის

    „ირანში დატრიალებული უკანონობა, რომელსაც აშშ უდგას სათავეში, მიმართულია იმისკენ, რომ ლტოლვილთა ნაკადმა უსაფრთხო ადგილებში მოიყაროს თავი. ჩვენ თავის დასაცავად მზად უნდა ვიყოთ!”

    10 მარტს გაიმართა სატელეფონო საუბარი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა ჟურნალისტებს ამ საუბრის დეტალები გააცნო. ,,ერთსაათიანი საუბრისას ყურადღება ირანის გარშემო არსებულ ვითარებასა და უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე გამახვილდა. ტრამპმა თავისი ხედვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ ვლადიმერ პუტინს გაუზიარა. რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ირანის კონფლიქტის სწრაფი პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარებისკენ მიმართული რიგი მოსაზრებები, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, სპარსეთის ყურისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან კონტაქტების გათვალისწინებით. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა რუსული ჯარების წარმატებული წინსვლა, რამაც კიევს მოლაპარაკებებისკენ უნდა უბიძგოს.  მან კიდევ ერთხელ შეაქო შეერთებული შტატებისა და პირადად ტრამპის შუამავლობის ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში. ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ინტერესი „ცეცხლის სწრაფად შეწყვეტისა და კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების” მიმართ. ლიდერებმა ასევე განიხილეს გლობალურ ნავთობის ბაზარზე შექმნილი ვითარება. საუბარს პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება ორი ქვეყნის შემდგომი მუშაობისთვის საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში”, _ განმარტა იური უშაკოვმა.

    28 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ

    ახლო აღმოსავლეთში ნავთობისა და ბუნებრივი არის ფასმა მკვეთრად მოიმატა. გავრცელებული ცნობით, აშშ  განიხილავს რუსეთის ენერგომომარაგების წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას ვითარების სტაბილიზაციის მიზნით.

    რა როლს ასრულებს რუსეთი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ  კონფლიქტში? _ ამ საკითხზე გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

    _ მსოფლიოსთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ეკონომიკური ფაქტორი. ორმუზის სრუტეში დატრიალებული ტრაგედია და ნავთობმომარაგების მსოფლიო ლოჯისტიკური ხაზის მოშლა სრულად აისახა რუსეთსა და ამერიკის შეერთებლ შტატებს შორის ურთიერთობაზე. რუსეთისთვის გაიხსნა ახალი შესაძლებლობები, რომლებიც მის უძლეველობას კიდევ ერთხელ ადასტურებს, გაიხსნა ფანჯარა, რომელიც ძალიან სერიოზულ გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს რუსეთისთვის. სანქციების მოხსნის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, ელოდებიან მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციას.

    _ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ტერიტორიაა. ამ განცხადების უკან ხომ არ იმალება რამე მზაკვრული, მაგალითად, ლტოლვილების დასაბანაკებლად ადგილის მონიშვნა?

    _ დასავლური გეოპოლიტიკა, თავისი არსით, ძალიან ცბიერია. ასეთი განცხადებების უკან იმალება შესაძლებლობა, რომელსაც დასავლეთი განიხილავს ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ რეგიონის მიმართ. ამიერკავკასია კი სწორედ ამ ტერიტორიაზეა და ჩვენ მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი აქვთ. ამიერკავკასია ევრაზიის გულია და საქართველოს 840-კილომეტრიანი საზღვარი რუსეთთან ძალიან მომხიბვლელსა და საინტერესოს ხდის დასავლურ გეგმებს საქართველოს მიმართ. ირანში დატრიალებული უკანონობა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უდგას სათავეში, მიმართულია იმისკენ, რომ ლტოლვილთა ნაკადმა ამ უსაფრთხო ადგილებში მოიყაროს თავი და ტრამპიც სწორედ ამაზე საუბრობს. ჩვენ თავის დასაცავად მზად უნდა ვიყოთ…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here