Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამ ყველაფერმა საქართველო არც ისე შორეულ მომავალში შეიძლება მშიერ ბუნტამდე...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამ ყველაფერმა საქართველო არც ისე შორეულ მომავალში შეიძლება მშიერ ბუნტამდე მიიყვანოს

1089

18 დეკემბერს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მეათე მოწვევის პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა. დოკუმენტი სახელწოდებითევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”, რომლის შესახებაც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს მომავალში იმსჯელებენ, პირველ რიგში, პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევას, ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, განვითარებასა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ითვალისწინებს. “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვისძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუტურული რეფორმების გაგრძელება. პარალელურად, ქვეყანა კვლავ გადადგამს ნაბიჯებს დემოკრატიის კონსოლიდაციისა და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის”, _ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზემოაღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ახალი სამთავრობო გუნდის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ საკითხებზე: საგარეო პოლიტიკა _ უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; სახელმწიფო მმართველობა.

საფუძვლიანია თუ არა გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამა და შეძლებს თუ არა მომავალი მთავრობა მის განხორციელებას, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, 18 დეკემბერს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მეათე მოწვევის პარლამენტს წარუდგინა სამთავრობო პროგრამაევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”. დოკუმენტში აღნიშნულია მისი უმთავრესი მიზანი _ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებაპოლიტიკურ სპექტრში ამ პროგრამას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვარეალურია ამ დოკუმენტის განხორციელება?

_ პირველი, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ბატონ გახარიას მიმართ ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება არასდროს დამიმალავს. პირიქით, ყოველთვის საჯაროდ გამოვხატავ და მიმაჩნია, რომ მოქმედ მთავრობაში თუ ვინმე დადებით შეფასებას იმსახურებს, სწორედ პრემიერია, თუმცა აქ ასევე ხაზგასასმელია ერთი მომენტი _ დღეს, როცა ვხედავთახალსამთავრობო გუნდს, რომელიც სინამდვილეში, ახალი კი არა, დაკომპლექტებულია ძველი კადრებით, სრულიად ნათელია, რომ ეს შემადგენლობა გახარიას არჩევანი არ არის. ეს არ არის გახარიას გუნდი, ეს არის გარკვეული ინერციით გადმოსული ხალხი იმ არაფორმალური მმართველობის პირობებში, რომელსაც ქმნის ერთი პიროვნება _ ბიძინა ივანიშვილი. რისთვის სჭირდება ივანიშვილს ეს ხალხი და რატომ შეაჩერა არჩევანი ისევ მათზე, გასაგებია…

_ რატომ შეაჩერა?

_ ჩემი აზრით, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის საკუთარი პოლიტიკური გარემოცვის პოტენციალი და ხედავს, რომ ამ პარლამენტს მომავალი არ უწერია. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ეს მთავრობაც არ არის გრძელვადიანი.

_ თქვენი აზრით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია?

_ ყველა კარგად ვხედავთ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის მოცემულობა, რომელსაც ვერსად გაექცევა “ქართული ოცნება”, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ობიექტური თვალსაზრისით არ არის კარგი ქვეყნისთვის და ამას უკვე ყველა ხვდება, ვინაიდან პანდემიის პირობებში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე ამას აუცილებლად მოჰყვება რყევები. აი, ეს არის რეალობა, ამიტომ, ვფიქრობ, წინ გველოდება საკმაოდ მძიმე წელიწადი; და ძალიან მალე, ალბათ, მაისამდე, უკვე გამოიკვეთება ის პერიპეტიები, რომლებიც დაკავშირებული იქნება საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ჩატარებასთან.

_ დავუბრუნდეთახალსამთავრობო გეგმას. მასში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს დემოკრატიის კონსოლიდაცია და უმთავრესი _ 2024 წელს საქართველომ უნდა გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს ყველაფერი რეალურია?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. არ მინდა, რაღაც შეთქმულების თეორიებს დავეყრდნო, მაგრამ, რაც დრო გადის, ყველა კარგად ხედავს, რომ მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი დაკავშირებულია კოვიდ-19-ის მართვასთან. თავისთავად ეს პროცესი არ არის მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, არამედ ამ ყველაფერმა აშკარა პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვუსვამ ხაზს: მთელი რიგი რეგულაციებისა, რომლებიც სახელმწიფო პოლიტიკური ელიტების დონეზე ხორციელდება, მიმართულია მოქალაქეთა, როგორც სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების, ისე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით გარკვეული სტატუსების ცვლილებებისკენ. მეტიც, მიმდინარეობს საშუალო ფენის გაღატაკების შეუქცევადი პროცესი, რაც გამოიხატება ბიზნესების დახურვაში, გაკოტრებაში და .. აგერ გამოქვეყნდა კიდეც დასკვნა, რომ მსოფლიოში დასაქმებულ პირთა დაახლოებით 40% რჩება უმუშევარი

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს და აქ არსებულ ეკონომიკურ ვითარებას, მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი და, პრაქტიკულად, ყოველი მეორე მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა კრედიტის გამოტანის თუნდაც მცირე შესაძლებლობა, რაიონში, ქალაქში, დაბასა თუ სოფელში აკეთებდა სასტუმროებს. დღეს ეს ყველაფერი გაყინულია და თითოეული ის სასტუმრო გადაქცეულია კოვიდ-სასტუმროდ. ხდება ის, რომ პრაქტიკულად ყოველდღე ადამიანები კარგავენ სამსახურს. აი, ეს არის რეალობა და, როდესაც ასეთი მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვდგებით, რომელ ევროპულ ნათელ მომავალსა და კომკავშირულ ლოზუნგებზეა საუბარი?! ასეთი ფრთიანი ფრაზებითა და ბრტყელბრტყელი განცხადებებით აპირებენ ესენი, კვებონ საზოგადოება?! სხვათა შორის, ჰუმანიტარულ კატასტროფაზე ვსაუბრობთ და დაახლოებით ერთი კვირის წინათ რუსეთის ფედერაციამ გაავრცელა განცხადება, რომ გადადის ხორბლის ექსპორტის კვოტირების რეჟიმზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ადრინდელივით ადვილი აღარ იქნება რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის გატანა. არადა, საქართველო თითქმის ასი პროცენტით დამოკიდებულია რუსულ ხორბალზე. ისე, ძალიან მაინტერესებს, იმ პირობებში, როცა დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს მოსკოვთან, იმ პირობებში, როცა მოლაპარაკებები არ მიდის და პრაქტიკულად გაწყვეტილია ყველანაირი კავშირები, როგორ აპირებს ხელისუფლება ხორბლის იმპორტის მიმართ არსებული სირთულეების გადალახვას. ცალკე თემაა ის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტი უკვე საჯაროდ აცხადებს რუსეთს თავის პირველ მტრად. ჩვენ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები, ნატოსკენ სწრაფვის გაცხადებული პოლიტიკით… არაფერს ვამბობ იმაზე, რომ გვერდით გვყავს ახალი იდეოლოგიური პლატფორმის მქონე უზარმაზარი სახელმწიფო თურქეთის სახით, რომელმაც აზერბაიჯანთან დაამყარა ძალიან ახლო პარტნიორული ურთიერთობა და “დიდი თურანის” იდეის განსახორციელებლად არაფერს ერიდება…

_ სამთავრობო გეგმის წარდგენისას პრემიერმა რამდენიმეჯერ ახსენა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა. საუბარი იყო რეფორმებზე მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის სოციალური, დემოკრატიული, პოლიტიკური, ადამიანის უფლებების კუთხით და .. როგორ ფიქრობთ, ეს რეფორმები მცირედით მაინც არ შეცვლის ქვეყანაში ვითარებას?

_ “ქართული ოცნება”, რვა თუ ცხრა წელია უკვე, ხელისუფლებაშია. ამ ხნის განმავლობაში რამდენი რეფორმა იყო, მაგრამ რამე არსებითად შეიცვალა?! არანაირი ცვლილებები აქ არ არის და არ მგონია, რომ მომავალშიც იქნეს, იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგად ჩვენ, ფაქტობრივად, არაფრის ამარა დავრჩით. გვაქვს უზარმაზარი ვალი, რომელსაც შვიდი მილიარდი დაემატა შარშან და ახლა ემატება კიდევ ორი მილიარდი. რეალურად ჩვენ ახლა შევდივართ დეფოლტის ზონაში და, საქართველო იქნება თუ არა მზად ამ ვალების მომსახურებისთვის, არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში, თუ მზად იქნება, ეს ისევ და ისევ სოციალურეკონომიკური სიდუხჭირის გაძლიერების ხარჯზე. აი, ეს არის ის კრიზისი, რომელსაც უკვე თითოეული მოქალაქე გრძნობს საკუთარ მხრებზე, თუმცა, რაც ყველაზე სამწუხაროა, მმართველი გუნდი არათუ მდგომარეობის გამოსწორებაზე არ მუშაობს, ყველანაირად ცდილობს, ეს პროცესები გადაფაროს “ნაციონალურ მოძრაობასთან” კინკლაობით, რომელიც ყველას მობეზრდა… მერწმუნეთ, ამ ყველაფერმა საქართველო არცთუ შორეულ მომავალში იმ სტადიამდე შეიძლება მიიყვანოს, რომლამდეც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არასოდეს მისულა _ ეს არის მშიერი ბუნტი.

რაც შეეხება გამოსავალს, სიმართლე გითხრათ, ივანიშვილის გარეშე ახლო პოლიტიკურ მომავალს ვერ ვხედავ, ოღონდ ვერ ვხედავ არა იმიტომ, რომ ის დიდი პოლიტიკური მოვლენაა, არა. უბრალოდ, იმიტომ, რომ ობიექტურად ასეა. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, რომ ივანიშვილი, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ქვეყანა თავისი არასწორი ხედვებითა და მიდგომებით, თვითონ უნდა გამოვიდეს ობრაზცოვის (სერგეი ობრაზცოვი _ მოსკოვის თოჯინების თეატრის რეჟისორი, საბჭოთა კავშირის გმირი _ ..) როლიდან და შემოვიდეს რეალურ პოლიტიკაში რეალური ახალი წინადადებებით, რომლებიც დაფუძნებული იქნება დიდ გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის საქართველოს მყარი ხიდის როლის განსაზღვრაზე. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყოს მზადება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ იდეოლოგიაზე დამყარებული სუბიექტები გაფართოებული ფორმატით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ხაზი მინდა გავუსვა იმიტომ, რომ ასეთ პოლიტიკურ კონფიგურაციაში ისეთი დანაშაულებრივი პარტიებისთვის, როგორიცაანაციონალური მოძრაობათავის განაყოფებთან ერთად, ადგილები იქნება ძალიან მცირე. აი, ასე მესახება არსებულ რეალობაში ერთადერთი გამოსავალი, თუმცა არის თუ არა მზად ამისთვის “ქართული ოცნების” ლიდერი, სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში მე ამას ასე ერთმნიშვნელოვნად და გამოკვეთილად ვერ ვხედავ, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ახლო მომავალში შეიძლება რამე დადებითი ძვრები მოხდეს, საფუძველს მოკლებულია. ეს, ალბათ, ასე იოლად არ და ვერ მოხდება, რაც ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, სრულ უძრაობას ნიშნავს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here