Home რუბრიკები საზოგადოება “დიდპატარაობასა და მაღალდაბალობაზედ დაფუძნებული” სამართალი და “თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევა”

“დიდპატარაობასა და მაღალდაბალობაზედ დაფუძნებული” სამართალი და “თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევა”

103

კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის” _

ეს სიტყვები დიდი ხნის წინათ თქვა დიდმა ილიამ, ამას გაიძახიან დღეს ნაცრეჟიმის შემოქმედის უსამართლობის მომსწრე ადამიანები და გულისწყრომას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ბრალდებულის სკამზე მჯდომი მიხეილ სააკაშვილი სხვა პატიმრების ბედს არ იზიარებს _ მისთვის დასაშვებია ის, რაც სხვას ეკრძალება.

ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, კანონის უზენაესობაზე საუბრობდა ფილოსოფიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იმანუელ კანტი. მისი აზრით, სამოქალაქო მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია სამი რამ: საზოგადოების წევრთა თავისუფლება, თავისუფალ მოქალაქეთა კანონისადმი მორჩილება და თანასწორობა. შესაბამისად, კლასიკური გაგებით სამართლებრივი სახელმწიფო სამ უმთავრეს ელემენტს მოიცავს: პირველი _ სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს (და არა, მაგალითად, მმართველს); მეორე _ სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს თვითნებობის საშუალება; მესამე _ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს რაციონალური კანონების საფუძველზე.

კანონის უზენაესობის პრინციპის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ვაჟაფშაველა, სერგეი მესხი და სხვები. განსაკუთრებით საინტერესოა ილია ჭავჭავაძის წერილი კანონის უზენაესობის პრინციპის შესახებ, რომელშიც ის წერდა: “კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება”.

აი ეს წერილიც:

კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია

კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულება. იგი კანონი კანონი არ არის, თუ მის წინაშე დიდპატარაობას, მაღალმდაბლობას ადგილი და სავალი ექმნება კაცთა მოქალაქურ ცხოვრების გზაზედ. რაკი ერთისათვის ერთი კანონია და მეორესათვის მეორე, კანონი ჰკარგავს თვის უდიდეს მნიშვნელობას საყოველთაო მფარველობისას და შემწეობისას, რადგანაც თვის მადლს და თვის მსჯავრს ერთნაირად ვერ მოჰფენს ყველასა, ვინც კი მისკენ მიიმართება გაჭირების დროს.

ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე. ვერა წესიერად მოწყობილი მოქალაქური ცხოვრება ვერ შეიფერებს ამისთანა უსწორმასწორობას უიმისოდ, რომ თვით ზედ არ გადაეგოს, პირქვე არ დაემხოს და ამიტომაც არ არის ქვეყანაზედ არც ერთი იმისთანა განათლებული სახელმწიფო, საცა ყველას თანასწორობა კანონის წინაშე დედააზრად, სათავედ არ ედვას ყოველს კანონმდებლობას, ყოველს რჯულიერებას. რუსეთის სახელმწიფოშიაც ეს თანასწორობა ყველასი კანონის წინაშე ცხადად გამოთქმულია. განსვენებულის იმპერატორის ალექსანდრე II განსამართლების რჯულდებამ ეს თანასწორობა მტკიცე საფუძველზედ დააყენა რუსეთის იმპერიაში და აწ არსებული და მომქმედნი კანონები ყველას ერთგვარად და განურჩევლად უქადიან მფარველობას და შემწეობასა.

თუმცა რჯულიერება კანონის წინაშე ეგრე გვასწორებს ყველასა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, თვითონ ცხოვრება, რომელსაც ჯერ ვერ აღმოუფხვრია ძირიანად ძველნი ზნენი და წადილნი, ჯერ კიდევ ეურჩება კანონს და დიდი ჰბედავს შებღალვას პატარის უფლებისას მარტო იმ აზრით, რომ მე დიდი ვარ და ის პატარაო. ამ მავნებელის ზნის აყოლა მიეტევება გაუნათლებელს კაცსა, იმისთანა კაცსა, რომელსაც არ ესმის, რომელსაც ჯერ ვერ მიუგნია, რა დიდი მადლია ქვეყნისათვის, კაცთა საზოგადოების ბედნიერად ცხოვრებისათვის თანასწორობა კანონის წინაშე. ხოლო არ მიეტევება მას, ვინც გარეგანის ნიშნებით მაინც საგულისხმოა, რომ სწავლაში ყოფილა, განათლების შუქი ცოტად თუ ბევრად მოჰფენია და თვის საზოგადოებაშიც იმისთანას მდგომარეობა აქვს, რომ მოეთხოვება სამართლიანი მართებული ქცევა ყველგან და ყველას წინაშე, დიდი იქნება თუ პატარა.

ყოველივე ეს გვათქმევინა ერთმა შემთხვევამ, რომელიც დღეს ახალს ამბებშია დაბეჭდილი ჩვენს გაზეთში. ერთი იმერელი მოსამსახურე გაუგზავნია თავის პატრონს ფაეტონის მოსაყვანად. დიდხანს ჰცდილა ეს მოსამსახურე, მრავალს მეფაიტონეებს შეჰხვეწნია, მაგრამ არავინ გამოჰყოლია. ბოლოს, როგორც იყო უშოვნია ფაეტონი. იქაც მახლობლად მდგარა სამი სამხედრო წოდების კაცი, ერთს მათგანს უბრძანებია მოსამსახურის მიერ დაჭერილ მეფაიტონესათვის, მე წამიყვანეო, მოსამსახურე უარზედ დამდგარა, ძლივძლივობით ვიშოვე ფაეტონი, ჩემი დაჭერილია და ვერ დაგითმობთო. სამხედრო წოდების კაცს ბევრი აღარ ულაპარაკნია, ფაეტონი წაურთმევია, დაუძახნია პოლიციელისათვის და უბრძანებია, ურჩი მოსამსახურე სადმე გამაცალეო. ამისთანა ძალმომრეობა ხშირია ჩვენში, მაგრამ იშვიათად გამომჟღავნდება ხოლმე. სამართლამდე რომ მიაღწიოს ამ საქმემ, რასაკვირველია, ამ ძალმომრეობას, მარტო დიდპატარაობასა და მაღალდაბალობაზედ დაფუძნებულს, თავისი შესაფერი მსჯავრი დაედებოდა, მაგრამ საწუხარო ეს არის, რომ დიდმა იცის, პატარა ამაებს არ გამოუდგება და დანაშაული შერჩება დამნაშავესა. უსათუოდ ამისთანა ბოლოც ექმნება ამ საქმესა: მოსამსახურე არ იჩივლებს და ეს ამბავი ჩაილულის წყალს დალევს. ჩვენ კი არ შეგვეძლო ხმა არ ამოგვეღო ამ საგანზედ.

კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის. ამიტომაც იგი თანასწორობა ერთნაირად გასაფრთხილებელია, ერთნაირად საქომაგებელი, ერთნაირად დასაცველი, თუ კაცს ცოტა რამ ამ ქვეყნიერობისა შეუგნია და სიყვარული წესიერობისა და რიგიანობისა გულს ჩასახვია. დარღვევა ამნაირის თანასწორობისა თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევაა და ამიტომაც საქებურია გულწყრომა იმისი, რომელმაც ეს ამბავი გვაუწყა ჩვენ გაზეთში დასაბეჭდად და სამართლიანია იგი გულამღვრევაც, რომელიც ამის მოამბეს უგრძვნია ამ ამბავის მოხდენის დროს. ეგ თანასწორობა, ეგ საჯარო უფლება რომ დაუსჯელად ილახებოდეს, მაშინ ვერავინ კარშიაც ფეხს ვერ გამოჰყოფდა, რადგანაც პატარას დიდი არ დაელევა და დიდს კიდევ უფრო დიდი. ეს რომ ასე იყოს, მაშინ კაცთა საზოგადოება ცნობიერთა არსებათა კრებას კი არ წარმოადგენდა, არამედ შავის ტყის ნადირთა გროვას, საცა ვინც ძლიერია, მართალიც ის არის. ჩვენდა სასიამოვნოდ, ამისთანა ამბებს აწ არსებულნი კანონები არ იწყნარებენ და სანატრელია, რომ არც ამ ზემოხსენებულს შემთხვევაში შეიწყნაროს.

* * *

“დიდპატარაობასა და მაღალდაბალობაზედ დაფუძნებული” სამართალი არც ჩვენთვის არის უცხო. მსგავსი დამოკიდებულების შედეგად დატრიალებული ტრაგედიები გასცდა მხოლოდ ოჯახის ტრაგედიებს და საყოველთაო ხასიათი შეიძინა. დღეს საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გაგონილი არ ჰქონდეს გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის ოჯახების შესახებ…

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე მუხლის მიხედვით სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით”, ძლიერთა ამა ქვეყნისა მისი დარღვევისთვის არ ისჯებიან. კონსტიტუციითვეა განმტკიცებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი; იმ კონსტიტუციით, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

ილიაც გვეუბნება, რომ კანონის მიერ მონიჭებული თანასწორობა საჯარო უფლებაა, ერთნაირად კუთვნილი ყველასი და მაშასადამე, ერთნაირად ძვირფასი ყველასათვის”, ხოლოდარღვევა ამნაირის თანასწორობისა თვითვეულის ჩვენგანის უფლების დარღვევაა”. მაგრამ, “დიდპატარაობასა და მაღალდაბალობაზედ დაფუძნებული” სამართალი რაკი ძალაშია, ამაზე სააკაშვილის პრივილეგირებული პატიმრის სტატუსით სარგებლობაც მეტყველებს. არადა, ბუნებითად კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლება და, როცა იგი ერთს ერთნაირად ექცევა და მეორეს სხვანაირად, მაშინ იგი სხვა არა არის რა, თუ არ რჯულად შექმნილი უპირატესობა ერთისა მეორის წინაშე”. ეს კი საზოგადოების არა მხოლოდ სამართლიან გულისწყრომასა და იმედგაცრუებას იწვევს, არამედ ბრალდებულ სააკაშვილისთვის სამართლიანი განაჩენის გამოტანასაც ეჭვქვეშ აყენებს.

ნაცრეჟიმის დროსაც ასე იყო და ასეა ახლაც: ის, რაც არ ეპატიება ნემსის ქურდს, ეპატიება მილიონების გამფლანგველს.

სამართალმა პური ჭამაო, _ ამბობს ხალხური სიბრძნე. ჰოდა, ამას ელოდება დღეს ერი და ბერიოცნებისხელისუფლებისგან, რომლისთვისაც ღირსებისა და ნდობის აღსადგენად ეს ერთადერთი შანსია.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here