Home რუბრიკები საზოგადოება “დემოგრაფიული ორმოდან” ამოსასვლელად გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს

“დემოგრაფიული ორმოდან” ამოსასვლელად გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს

1374
დემოგრაფია

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!

ბატონებო, ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება მეტად მძიმე და საგანგაშოა. დრო აღარ ითმენს, აუცილებელია საგანგებო ღონისძიებების გატარება. აღსანიშნავია, რომ ქართველ დემოგრაფთა მონაწილეობით შემუშავდასაქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2016 წლის 24 ივნისს. პარლამენტმა დაავალა საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ივნისამდე დაემტკიცებინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას, მაგრამ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემით არავინ დაინტერესებულა და არაფერი გაკეთებულა, ამიტომ გადავწყვიტე, გაზეთის მეშვეობით მოგმართოთ და წარმოგიდგინოთ პროგრამა ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად.

საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა

წინამდებარე პროგრამა არის სამომავალო მუშაობის გეგმა, ძირითადი პრინციპების, ამოცანებისა და მიზნების, დემოგრაფიული პოლიტიკის პრაქტიკულად განხორციელების ღონისძიებების შემცველი დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ უნდა განიხილოს. არ ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა უნაკლოა. ალბათ, მასში დასამატებელი ან გამოსაკლები წინადადებებიც მოიძებნება, ღონისძიებათა სხვაგვარი ინტერპრეტაციაც იქნება საჭირო, მაგრამ მთლიანობაში პროგრამა თანამედროვე დემოგრაფიულ მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნის ეროვნულ ინტერესებთან შეხამებით შემუშავდა.

საჭიროა, შეიქმნას სპეციალისტთა 5-კაციანი კომისია, რომლის წევრებსაც შრომა აუნაზღაურდებათ და, რომელიც გონივრულ ვადაში საბოლოო სახეს მისცემს პროგრამას. პარალელურად, მედიის მეშვეობით პროგრამა საზოგადოების ფართო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რათა მოსახლეობამ სრულად გააცნობიეროს დემოგრაფიული საფრთხე. საბოლოოდ პროგრამა დასამტკიცებლად გადაეცემა მთავრობას, რომელმაც უნდა გამოავლინოს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამის პრაქტიკულად განხორციელების პოლიტიკური ნება.

უკვე წლებია, მთავრობა და საზოგადოებაც საუბრობს იმის შესახებ, რომ მრავალშვილიანობა გადაგვარჩენს, რომ მოხუცებს უნდა შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, ხოლო მრავალშვილიან ოჯახებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ საქმე საუბრის იქით არ მიდის. თუ ასეთ უნაყოფო საუბრებში დავკარგავთ დროს და არ მივხედავთ ყველაზე დიდ ეროვნულ სატკივარს, ქართველი თავის სამშობლოში სანთლით საძებნი იქნება. მოსახლეობის კვლავწარმოების პროცესების რეგულირების სფეროში დემოგრაფიული პოლიტიკა სახელმწიფო ორგანოებისა და არასახელმწიფო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზანმიმართული მოღვაწეობაა, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოების მოთხოვნებიდან. დემოგრაფიული პოლიტიკა ძირითადი ღონისძიებების ოთხ ჯგუფს გულისხმობს: პირველი ჯგუფი მოიცავს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს _ კანონებს, დადგენილებებს, ბრძანებულებებს, მაგალითად, როგორიცაა ქორწინების მინიმალური ასაკის დადგენა, აბორტის უფლება, ბავშვთა უფლებები და სხვ.; მეორე ჯგუფი მოიცავს დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების სოციალურ-ეკონომიკურ ღონისძიებებს; მესამე ჯგუფს მიეკუთვნება საინფორმაციო-პროპაგანდისტული ღონისძიებები; ხოლო მეოთხე ჯგუფი საორგანიზაციო ხასიათის ღონისძიებებია, როგორიცაა ალკოჰოლიზმსა და ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურები, ცალკეული დემოგრაფიული პრობლემების გადაწყვეტის სამთავრობო სტრუქტურები და სხვ.

საერთოდ, დემოგრაფიული პოლიტიკა უშუალოდ ორიენტირებულია დემოგრაფიული კვლავწარმოების მაჩვენებლების ცვლილებაზე, საოჯახო პოლიტიკა კი მიმართულია ოჯახის, როგორც სოციალური ინსტიტუტის, მხარდაჭერაზე, ოჯახთა გარკვეული ჯგუფების დახმარებაზე. დემოგრაფიული განვითარების პროგრამაში, გარკვეულწილად, საოჯახო პოლიტიკის პრობლემების გადაჭრის ღონისძიებებიცაა განხილული იმ ფარგლებში, რომლის საშუალებასაც მოგვცემს მოზიდული ფინანსური რესურსები.

საქართველოში დემოგრაფიული ვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე და აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის სრულყოფილად განსახორციელებლად აუცილებელია, შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაცია _ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრი (შემდგომ _ “ცენტრი”), რომელსაც ექნება ფილიალები და მთავრობის მხარდაჭერა.

უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების პირობებში საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგ, რაც უნდა დიდი სახსრები დავხარჯოთ ამ მიმართულებით, სასურველი შედეგი უმნიშვნელო ან, საერთოდ, არ იქნება.

დემოგრაფიული ვითარების სწრაფად გაუმჯობესება შეუძლებელია. ამას უაღრესად აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაშიც კი ორი თაობა მაინც სჭირდება. გაანგარიშებულია, რომ, როდესაც გოგონები მიაღწევენ დაახლოებით 28-30 წელს, მაშინ ხდება დედათა თაობის სრული ჩანაცვლება. ეს ნიშნავს, რომ დემოგრაფიულ ვითარებას მყისიერად ვერ გავაუმჯობესებთ, რაც უნდა დიდი ფინანსური სახსრები გავიღოთ, რადგან დემოგრაფიული პროცესები ინერტულობით ხასიათდება – დაქორწინება შეიძლება მხოლოდ გარკვეული წლოვანების მიღწევის შემდეგ, ბავშვი ვერ გაჩნდება ცხრა თვეზე ადრე და სხვ.

ამას ადასტურებს შემდეგი გაანგარიშება: 1980-1989 წლებში, 10 წელიწადში, 454 ათასი გოგონა დაიბადა. დავუშვათ, რომ ყველას შეეძინა 2-2 ბავშვი (ამჟამად ერთი ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ 2 ბავშვზე ნაკლებს აჩენს და თაობათა განახლება ერთი და იმავე რაოდენობით ვერ ხერხდება), მაშინ ამ 454 ათას გოგონას ეყოლება 908 ათასი ბავშვი. ორი ათწლეულის შემდეგ, 2000-2009 წლებში, ისევ 10 წელიწადში, დაიბადა 236 ათასი გოგონა. თუ გავატარებთ აქტიურ დემოგრაფიულ პოლიტიკას და ამ 236 ათას გოგონას ეყოლება 3-3 ბავშვი, მაშინ ქვეყანაში დაიბადება 708 ათასი ბავშვი, ე.ი., ზუსტად 200 ათასი ბავშვით ნაკლები, ვიდრე გააჩინეს 1980-1989 წლებში დაბადებულმა გოგონებმა. მხოლოდ შემდეგ თაობაში, თუ გატარებული ღონისძიებების შედეგად ნორმა იქნება 3-ბავშვიანი ოჯახი, დაიწყება მოსახლეობის გამრავლება.

დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება საუკეთესო ხელშეწყობის პირობებშიც კი, დროის მცირე მონაკვეთში (10 ან, თუნდაც 15 წელიწადში), სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს, მით უმეტეს, უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების პირობებში. თუმცა, რა თქმა უნდა, თანდათანობით დაიწყება დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, ამიტომ არის აუცილებელი დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება ხანგრძლივი პერიოდისთვის. საფრანგეთში სწორედ ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი დემოგრაფიული ღონისძიებების გატარების შედეგად გაუმჯობესდა დემოგრაფიული ვითარება და ამჟამად ევროპის ქვეყნებს შორის დემოგრაფიული მაჩვენებლები იქ თითქმის სხვებზე უკეთესია. აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ხელისუფლების მიერ დაწყებული დემოგრაფიული პოლიტიკის დადებით შედეგებს საბოლოოდ სხვა ხელისუფლება იღებს, დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების ინიციატორი ხელისუფლება კი მხოლოდ ნაწილობრივ იმკის გაწეული სამუშაოს შედეგებს, თუმცა საბოლოოდ მოგებული რჩება ერი. როცა ხელისუფლება უფრთხის მძიმე დემოგრაფიული ვითარების გასაჯანსაღებლად თანხების გაღებას, ამით უგულებელყოფს ეროვნულ ინტერესს. უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად გონივრული პოლიტიკის გატარებას იწყებს მხოლოდ პატრიოტიზმით გამსჭვალული ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა არის ერის გამრავლება და მისი ფიზიკური უწყვეტობის უზრუნველყოფა.

ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება, წარმატებული დემოგრაფიული პოლიტიკა ეკონომიკურ განვითარებას ეფუძნება. უახლოეს ათ წელიწადში, შეიძლება უფრო მეტი დროის განმავლობაშიც, ქვეყანა ვერ შეძლებს, მიაღწიოს ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს კატასტროფის პირზე მისული დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების საიმედო პერსპექტივას. ამ პერიოდში, ეკონომიკური ფაქტორის გარდა, თვით დემოგრაფიული ფაქტორიც არანაკლებ როლს შეასრულებს. ათ წელიწადში, მოსახლეობის ამჟამად არსებული დეფორმირებული ასაკობრივი სტრუქტურის პირობებში, მოსახლეობის დაბერების დონე და, შესაბამისად, პენსიონერების რაოდენობაც შესამჩნევად მოიმატებს. არც პენსია იქნება ერთ დონეზე და ათ წელიწადში იგი, წესით, ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს. დაბერებული მოსახლეობის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად მოიმატებს სახელმწიფოს მიერ მათ სამკურნალოდ გაწეული ხარჯებიც, რაც მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

პატივისცემით, ანზორ თოთაძე,

დემოგრაფი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here