დაუშვებელია, სახელმწიფო  სოფლის მეურნეობის ერთ მიმართულებას აფინანსებდეს მუდმივად,  დანარჩენს კი  ყურადღებას არ აქცევდეს!

    არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, საქონლის დაავადება - ე.წ. თურქული გავრცელდა, ამიტომ, წესითა და რიგით, კარანტინი უნდა გამოგვეცხადებინა, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს

    საქართველოში მაისიდან მოყოლებული გვიან შემოდგომამდე სხვადასხვა ხილს ვიწევთ და ვყიდით, მაგრამ რეალურად ყველა ყურძნის მოსავალს ელოდება. რთველი ერთგვარი რიტუალია, ჩვენს იდენტობასა და სარწმუნოებასთან გადაჯაჭვული. სანამ ვაზი იქნება, მანამდე არაფერი გვიჭირს –  ასე ვფიქრობთ  და აკი, შემოსეული მტeრიც, მოსახლეობასთან ერთად, პირველ რიგში, ვაზს ერჩოდა…

    თუ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ვენდობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში წელს მიღებული მოსავალი რეკორდულია. 24 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში  331, 5 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა და  საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლაც იკრიფება. უფრო კონკრეტულად, გადამუშავებული ყურძნიდან 170 ათასი ტონა რქაწითელია, 134 ათასი ტონა – საფერავი, დანარჩენი კი – სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. რეკორდული მოსავალი ყოფილა რაჭაშიც, სადაც 3 ათას ტონამდე ყურძენი მოიწიეს  და ხვანჭკარა, ალბათ, დიდი რაოდენობით გვექნება. ეს ყველაფერი  ძალიან კარგია, მაგრამ…

    რთველის დაწყებამდე ორი განცხადება გაკეთდა: პირველი ის, რომ სუბსიდირება წელსაც იქნებოდა; მეორე კი ის, რომ ქარხნებში  ღვინის მარაგები  დაიცალა, მეტისმეტად იაფად გაიყიდა და ექსპერტები ამბობდნენ, ეს იგივეა, ღვინო  გადაგვეღვარაო. საუბარია დაახლოებით 100 მლნ ლარის ღვინოზე და, როგორც ამბობენ, სწორედ მარაგების დაცლის გამო ჩაიბარეს რეკორდულად ბევრი ყურძენი, მაგრამ… მარტივი კითხვა გვაქვს: თუ მოწეული რეკორდული მოსავლის რეალიზებას ერთ წელიწადში ვერ მოვახერხეთ, მერე რა მოხდება – ისევ სუბსიდირება, მარაგების ისევ იაფად დაცლა და ისევ ახალ რეკორდზე წასვლა? ასე ხომ აბსურდამდე მივალთ?!  არ შეიძლება, სახელმწიფო ერთ მიმართულებას  აფინანსებდეს მუდმივად, დანარჩენს კი  ყურადღებას არ აქცევდეს. რომ გავიძახით, ბაზარი თავისუფალია, ფასებში არ ვერევით, ფასები მოთხოვნის მიხედვით არისო, ახლა რა ხდება? ეს ყურძნის ბაზარს არ ეხება? მაშინ დავარეგულიროთ ფასები სხვა რამეზეც, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე –  ბურღულეულზე, ხორცზე… იმ ხორცზე, კილოგრამის ფასმა 30 ლარს რომ მიუკაკუნა და არავინ ხსნის, რატომ. ჩვენ აგიხსნით.

    საქმე ის არის, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ  რეგიონში საქონლის დაავადება ე.წ. თურქული გავრცელდა, ამიტომ, წესითა და რიგით, კარანტინი უნდა გამოგვეცხადებინა, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს, მთიდან ჩამოყვანილი საქონლის 80% სწორედ თურქულით არის დაავადებული.  რაც მთავარია, ეს დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ანუ საკუთარი საქონლის ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოლა გამოსავალი არ არის,  შეიძლება თურქულით მაინც დაავადდეს. ასეთი საქონლის ხორცი მეტად ლორწოვანია და გამყიდველები მას ამშრალებენ; ცდილობენ, მყიდველმა ვერ შეამჩნიოს, მაგრამ, თუ სურსათის უვნებლობის სამსახურმა  გამოავლინა დარღვევა, ჯარიმა დიდია, ამიტომ ერთეულები რისკავენ, დანარჩენები კი ცდილობენ, ჯანმრთელი საქონელი დაკლან, რაც  იშვიათობაა და ფასიც ამიტომ გაიქცა. გამოსავალი მალე თავისით მოვა – საკმარისია, ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდეს, რომ ყინვა ბაქტერიას მოკლავს, მაგრამ ორ რამეზე გვაქვს ეჭვი:  პირველი – 30 ლარამდე აწეულ ფასს დაბლა არავინ ჩამოსწევს, რადგან ეს საქართველოა და არ გვახსოვს, გაძვირებული პროდუქტი გაიაფებულიყოს; და მეორე – გაზაფხულზე, როცა დათბება, პანდემია ახალი ძალით იფეთქებს, ანუ საქონლის აცრა ზამთრის პერიოდში უნდა მოესწროს, რაც ამჟამად წარმოუდგენელია, რადგან ვაქცინა არ გვაქვს. ჰო, სახელმწიფოს კი შემოაქვს ვაქცინა, მაგრამ ის მხოლოდ ფერმებისთვის არის განკუთვნილი და,  როგორც გვითხრეს, მოსახლეობის საქონელს რომ აუცრან  უფასოდ, ახალ პარტიას ელოდებიან… უკვე მეორე თვეა. აღსანიშნავია, რომ ერთი აცრა არ არის საკმარისი, პირველი ნემსის გაკეთებიდან მესამე კვირის თავზე თუ არ აიცრა საქონელი, პირველი აცრა ფუჭად ჩაივლის. ჰო, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წლის დასაწყისში 11 ლარად ღირებული ღორის ხორცის ფასმა, წლის ბოლოს, ერთბაშად 5 ლარით მოიმატა და არც ეს ფასი შემცირდება. მოკლედ, წლების წინათ რომ ამბობდნენ, ცოტა ხანში ხორცი დელიკატესი გახდება და მას რიგითი მოკვდავები იშვიათად შეჭამენო, სიმართლესთან ძალიან ახლოს ყოფილა.

    გახსოვთ, რამდენიმეჯერ რომ დავწერეთ მწვანილის კატასტროფულად  გაძვირებაზე?  როგორც ჩანს, ვიღაცებმა ეს ყურად იღეს, ამიტომ მცირე მასშტაბით მწვანილი ბევრმა დათესა და ახლა ბაზარზე  კილოგრამის შეძენა 5 ლარად შეიძლება (შარშან ამ დროს 12 ლარი იყო). რაღა თქმა უნდა, ეს რიგითი ადამიანებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ნაადრევად ზეიმს ნუ დავიწყებთ. როგორც მცირე მეწარმეები ამბობენ, მათ მწვანილი, სათბურებში კი არა,  ღია მიწაზე მოიყვანეს და საკმარისია, აცივდეს, მწვანილი არა მხოლოდ ზრდას შეწყვეტს, არამედ ფერსაც შეიცვლის და მისი გაყიდვა შეუძლებელი იქნება. აი, სათბურებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, სოფლის მეეურნეობის განვითარების სააგენტო არ აპირებს არაფრის შეცვლას და სათბურების პროგრამას ისევე ტოვებს, როგორც არის. ჰოდა, „როგორც არის“ არავისთვისაა მისაღები. როგორ არ გავიხსენოთ ამ პროგრამის დაწყების წინ გაკეთებული განცხადებები: არიქა, განაცხადებზე იჩქარეთ, ბიუჯეტი მხოლოდ ოთხი მილიონია და ორ კვირაში ამოიწურებაო. ორი კვირა კი არა, წელიწადი გავიდა და ის 4 მილიონი ვერ ამოიწურა. არც ეს არის საკმარისი სააგენტოსთვის, დაფიქრდეს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის?  არც არავინ ეუბნება, რამე შეცვალეთ, პროგრამა არ მუშაობსო, ამიტომ ყველა ამბობს, რომ მწვანილზე ფასი უკვე ნოემბრის ბოლოს სოლიდურად მოიმატებს და 20 ლარამდე  ავაო.

    ყველაფრის თავიდათავი უკონკურენტო გარემოა. საქართველოში  ბევრს რომ ჰქონდეს სათბური, როგორც ახლა მოინდომეს ადამიანებმა და ეზოში მოიყვანეს მწვანილი, ისე მოიყვანენ სათბურშიც და უცხოური ინტერესი ნაკლებად იქნება, ირანულ და თურქულ პროდუქციას ნაკლებად მიეტანება ხალხი, მაგრამ ამას, პირველ რიგში, კეთილი ნება სჭირდება, მეორე რიგში – იმ ადამიანების დაოკება, რომლებიც მონოპოლისტები არიან. შესადარებლად გეტყვით – იცით, რომ საქართველოში სუფთა კარაქის მწარმოებელი კომპანია არ არსებობს? ჰო, ნამდვილ, სუფთა კარაქს საქართველოში არავინ აწარმოებს და ამიტომ შემოგვაქვს. აი, შემომტანი კი მხოლოდ ორია და მათ მარტივად შეუძლიათ ერთმანეთში შეთანხმება და კარაქზე ერთნაირი ფასის დადება, რამდენიც სურთ, იმდენის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც იძულებულია, კარაქის ნაცვლად სპრედი იყიდოს და დილით ბავშვებს ის აჭამოს. მოსახლეობას უჭირს, სხვა გამოსავალი არ აქვს და სპრედით ნაკვებ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები (ქოლესტერინს ვგულისხმობთ) მოზარდობაშივე რომ დაეწყება, ეს ცალკე უბედურებაა. იგივე შეიძლება ითქვას  სხვა პროდუქტებზეც, ანუ შემომტანი ამ შემთხვევაშიც 2-3 კომპანიაა, ისინი ერთმანეთში მარტივად მორიგდებიან და მორიგდებიან ჩვენს ხარჯზე. რით ვერ ამოიყორა ზოგიერთის სტომაქი, რომ ის პროდუქტები მაინც, რომლებიც ბავშვებისთვისაა აუცილებელი,ხელმისაწვდომ ფასად იყიდებოდეს? გასაგებია, რომ ნორვეგიული ორაგული 80 ლარი ღირს და არ ვამბობთ, რა ამბავიაო, მაგრამ წიწიბურასა და მაკარონს ხომ მაინც შეიძლება ნორმალური ფასი დაადოთ? ან ხომ შეიძლება რძე ღირდეს იაფი, ის რძე, რომელსაც მწარმოებლები ფერმერებისგან  ძალიან იაფად ყიდულობენ?

    ზამთარი კარს მოგვადგა და ჩანს, ძალიან მძიმე. როგორც წესი, მზად არც ამჯერად ვართ და მით უმეტეს, ზამთარში სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ბოსტნული და ბაღჩეული, ისე ძვირი ღირს, მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ყიდულობს. შედეგად, კარტოფილზე მოუწევთ გადასვლა, იმ კარტოფილზე, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე შემოგვაქვს და ადგილობრივი მოსავალი შემოდგომამდეც კი არ გვეყო. გამოსავალი დროზე თუ არ ვიპოვეთ, დროზე თუ არ დავიწყეთ ადგილზე სურსათის წარმოება, სასურსათო კოლაფსამდე და კატასტროფულ ფასებამდე ნაბიჯიც აღარ დაგვრჩა!

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                       

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here