Home რუბრიკები საზოგადოება დასვენების საშუალება მოგვეცით, აღკვეთეთ ე.წ. ბაიკერების თავხედობა!

დასვენების საშუალება მოგვეცით, აღკვეთეთ ე.წ. ბაიკერების თავხედობა!

160

თქვენ გაზეთში დაიბეჭდა არმაზ სანებლიძის რეპლიკა ,,ძილღვიძილი და ჩვენი საზოგადოების დღევანდელი პრობლემები”. ღამის საათებში თბილისის ქუჩებსა და პროსპექტებზე როგორ აწყვეტილები დაჯირითობენ და დიდი სიჩქარით დაძრწიან ავტომოტო მოყვარულები, აყრუებენ დედაქალაქს და აფრთხობენ ქალაქის მობინადრეებს.

მოსახლეობა ისვენებს, მაგრამ ეს თავხედი, უზრდელი ბაიკერები არ აძლევენ ხალხს ნორმალურად დასვენების საშუალებას _ უფრთხობენ ძილს ადამიანებს, რაც მთავარია, ავადმყოფებს, ხანდაზმულებს, ბავშვებს, რომლებსაც ამ გრუხუნსა და ღრიანცელზე დაფეთებულებს შიშით ეღვიძებათ. ცნობილია, რომ უამრავ დაავადებას იწვევს ძილის რეჟიმის უეცარი დარღვევა და უძილობის ეპიდემია.

ისეთი შთაბეჭდილება გრჩება ადამიანს, რომ დედაქალაქის მესვეურები თბილისში არ ცხოვრობენ, ეს შემზარავი და გამაყრუებელი ღრიანცელი არ აწუხებს მათ ყურთასმენას, თუმცა ცნობილია _ “ხალხის მსახურნი” თბილისის თვალწარმტაც შემოგარენში განცხრომით ისვენებენ.

გაცილებით უარესი მდგომარეობაა საგურამოში, სადაც მე ვცხოვრობ. ამ ოაზისში თითქმის ყოველ საღამოს ღამის პირველ-ორ საათამდე გაისმის შაშხანების გამაყრუებელი სროლა ხან ერთი, ხან მეორე სახლიდან. ეს ყოვლად უტიფარი და ზნედაცემული ადამიანები არ აძლევენ არც ადგილობრივებს და არც მოაგარაკეებს (ბევრი სამკურნალოდ არის ჩამოსული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით), მშვიდად დაიძინონ ღამის საათებში. ამას ისიც ემატება, რომ ამ კაკაფონიაზე ძაღლები იწყებენ ყეფას. შეშინებული საგურამო იღვიძებს და შფოთავს (ეს სიტყვა შეგვაჯავრეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა).

ამ დროს დაბის შუაგულში პოლიციის განყოფილებაში, ადგილობრივ გამგეობაში მშვიდად და ღრმად ძინავთ ნაქეიფარ ჯანიან წესრიგის დამცველებს.

ბარაქალა მათ, ოპერატიულად ასრულებენ მოვალეობას! ნუთუ ხელისუფლებას არ შესწევს უნარი, ეს ბაკქანალია აღკვეთოს, ამასაც დიდი კაპიტალური დაბანდება ხომ არ სჭირდება?! ისეთი, როგორიც მცხეთის რაიონში და მთელ საქართველოში გასახმობად განწირული ხეების გადასარჩენად არის საჭირო. ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე არც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი და არც სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის სამინისტრო (დავითაშვილი) არავითარ ზომებს არ განახორციელებს. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა?!

ომარ მარგველაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here