Home ახალი ამბები საქართველო დასავლური მსხვერპლშეწირვა

დასავლური მსხვერპლშეწირვა

ანუ დიდი სათქმელის პატარა მონახაზი

ახალი აღთქმა ძველი აღთქმისგან ორი არსებითი ნიშნით განსხვავდება:

1. ძველ აღთქმაში ზნეობრივი მაქსიმა ასე ჟღერს: ”გიყვარდეს მოყვასი შენი!” ახალ აღთქმაში რევოლუციური ნახტომია გაკეთებული და ძველი აღთქმის ეს ზნეობრივი მაქსიმა თვისებრივად სხვა სიმაღლეზეა აყვანილი: ”გიყვარდეს მტერი შენი!” (”თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც? ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც? მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.” მათე 5. 43-48).

2. ძველ აღთქმაში გვხვდება სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ეპიზოდები. ახალ აღთქმაში უარყოფილია სისხლიანი მსხვერპლშეწირვა, როგორც უძველესი და უბნელესი რიტუალი. ღმერთი შეიწირავს სიმართლეს, სიკეთეს, სიყვარულს, სანთელ-საკმეველს, გალობას, ლოცვებს, პირჯვარს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სისხლიან შესაწირავს – ფრინველებსა და ცხოველებს, მით უმეტეს – ადამიანებს.

სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ადამიანის ბნელი ვნებებიდან მოდის და მას არაფერი აქვს საერთო ღმერთის (უზენაესი სამართლიანობის) გაგებასთან. მიუხედავად ამისა, ეს რიტუალი არსად წასულა. სისხლიანი მსხვერპლშეწირვა ჯერ კიდევ გვხვდება, ერთი მხრივ, როგორც ცხოვრების წესი, მეორე მრივ კი, როგორც ცხოვრების ფილოსოფია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შემორჩენილია არა მხოლოდ საზოგადოებრივ ყოფიერებაში, არამედ საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც. საბოლოო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ, მიუხედავად მაცხოვრის მოსვლისა და ქრისტიანული სწავლების ორიათასწლოვანი ისტორიისა, კაცობრიობა ვერ ამაღლდა ვერც სისხლიანი მსხვერპლშეწირვის დაგმობამდე და ვერც მტრის სიყვარულამდე. ე.ი., კაცობრიობის ქრისტიანულმა ნაწილმაც კი ვერ მიიღო და ვერ შეისისხლხორცა ახალი აღთქმა, არა როგორც რელიგიური დოგმა, არამედ როგორც შინაგანი კონსტიტუცია და საკუთარი სულის (სინდისის) ხმა, მისი ამოძახილი. რაღაც უშლის ხელს ამაში და ეს რაღაც, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც პოლიტიკურ იდეოლოგიათა ჩამორჩენილობა და ზნეობისგან მოწყვეტით მათი არსებობაა; მეტიც, პოლიტიკურ იდეოლოგიათა ზნეობასთან დაპირისპირება და, კათარზისის გზით სიარულის ნაცვლად, კაცობრიობისთვის ძალადობისა და გარყვნილების მორევისკენ ხელის კვრაა ის, რაც ადამიანს (კაცობრიობას) განწმენდისა და ამაღლების გზაზე გადაულახავ ჯებირად ეღობება, რადგან პოლიტიკურ იდეოლოგიათა ავტორებისა და მათი გამტარებლების მიზნები ამ გზით გაცილებით უფრო ადვილად მისაღწევი ჩანს, ვიდრე ქრისტეს მოძღვრებით სიარულისა და გოლგოთაზე შედგომის გზით, ამიტომ (ამიტომაც) მოხდა ის, რომ ორი ათასი წელიც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, ადამიანი სისხლიან მსხვერპლზე უარის თქმამდე და მტრის სიყვარულამდე ამაღლებულიყო. და რაკი ადამიანი (შესაბამისად, კაცობრიობაც) შემზარავად ნელი ტემპით მიდის ზნეობის მიმართულებით, პოლიტიკა მით უფრო ვერ წავა ამ მიმართულებით, რადგან იგი სხვასთან ჭიდილში საკუთარი ინტერესების დაცვის სფეროა და არა სხვისი ინტერესების დაცვისა, რაც მას იმთავითვე (ავტომატურად) აშორებს ზნეობისგან, ჰუმანიზმისგან, ალტრუიზმისგან, ფილანტროპიისგან…

ოდნავ გამექცა სიტყვა, მაგრამ ვეცდები,  აზრი, რომლის განვითრებასაც ვცდილობ, კონკრეტული მაგალითებით განვამტკიცო. მეოცე საუკუნეში ადამიანის უფლებებზე ფორსირებულად დაწყებული საუბრები და ქმედებები დიდი ხნის წინანდელ ფუნდამენტზე იდგა. შორს რომ არ წავიდეთ, მეთორმეტე საუკუნის (თამარის ეპოქა) საქართველოში დემოკრატიის გარკვეული დონე არსებობდა. დაახლოებით იმავე პერიოდში (1215 წ.) ინგლისში გამოიცა თავისუფლების დიდი ქარტია (Magna Carta Libertatum). დიდი ქარტია თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით. დიდმა ქარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტია, შექმნა ის საფუძვლები, რომლებმაც წარმოშვა დასავლეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დღეს არსებული თავისუფლების წინაპირობები და კანონის უზენაესობა. ქარტიის შედეგად ეკლესია გათავისუფლდა მეფის კონტროლისგან, სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, აღიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებები და მემკვიდრეობის უფლება; აგრეთვე, გამოცხადდა გადაადგილების თავისუფლება და აიკრძალა სანქციის გარეშე ჩხრეკა. შვიდი საუკუნის შემდეგ (1975 წელს) ჰელსინკში ხელი მოეწერა ათი პუნქტისგან შემდგარ შეთანხმებას, რომლის მეშვიდე, მერვე და მეცხრე პუნქტები ღაღადებენ:

* ადამიანის უფლებების პატივისცემა, მათ შორის, სიტყვის, სინდისის, რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება;

* ხალხთა თანაბარი უფლებები და თვითგამორკვევა;

* სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა.

შესანიშნავია, მაგრამ ამ დეკლარაციამდე მისვლას მეორე მსოფლიო ომი და დასავლური ფაშიზმი უძღოდა წინ, რომელიც ენით აუწერელი უსამართლობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა. ჰელსინკის აქტზე ხელის მოწერის შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მსოფლიო, ჰელსინკის პრინციპების მიმართულებით სიარულის ნაცვლად, ფაშიზმის ხელახალი აღორძინებისა და გლობალური დაპირისპირების გზით წავიდა. სამწუხაროდ, ეს დასავლეთის პროვოცირებულია, სადაც გაუთავებლად ყბედობენ დემოკრატიაზე, მაგრამ მსოფლიოზე ერთპიროვნული გაბატონება განუზრახავთ, ამის მისაღწევ იდეოლოგიად ძალადობისა და გარყვნილების დაუფარავი პროპაგანდა და ადამიანის ქვენა გრძნობების წამოწევა მიუჩნევიათ, ბერკეტად კი ნატოს გაფართოება და ძალმომრეობა დაუსახავთ. აშშ-ის ამოცანაა კონკურენტი სახელმწიფოების ჩამოცილება მათი დასუსტების ან სულაც განადგურების გზით. საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მათ მოახერხეს ამ სახელმწიფოს დაშლა და გაქრობა; რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევაში ამ სახელმწიფოთა დასუსტების ტაქტიკა  აირჩიეს, რათა შეინარჩუნონ დომინანტური მდგომარეობა, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიცოცხლე გაუხანგრძლივონ ერთპოლუსიან მსოფლიოს, რომელიც სულს ღაფავს. სწორედ ამ საქმეს ემსახურება ის, რასაც უკრაინის კრიზისს ვუწოდებთ და რაც უშუალოდ აშშ-ის  პროვოცირებულია.

აი, აქ მოვედით იქამდე, რითაც ეს სტატია დავიწყე – სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალამდე. ის, რასაც აშშ უკრაინაში აკეთებს, რუსეთის დასუსტების საქმისთვის სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალია. ეს ისეთი მძიმე დანაშაულია, რომელსაც გერმანელი ფაშისტების მიერ მოწყობილი ჰოლოკოსტი და საკონცენტრაციო ბანაკების საშინელება თუ შეედრება. დასავლეთმა რუსეთის დასუსტების სამსხვერპლოზე უკრაინელი ხალხის ფიზიკური არსებობა მიიტანა, მათი ხორცი, მათი სისხლი და მათი ცრემლი მიიტანა. სხვათა შორის, ამ სამსხვერპლოზე მათ საგნებიც მიიტანეს, როგორც ამას წარმართული ეპოქების ადამიანები აკეთებდნენ. დღეს ეს საგნები სამხედრო შეიარაღებაა, საზენიტო დანადგარების, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, ტანკების, ავიაციისა და რაკეტების სახით. დასავლეთის ყოვლად უზნეო და აბსურდული ზრახვისთვის უკრაინელი ადამიანების (მილიონების) მსხვერპლად შეწირვა ის საშინელი რეალობაა, რომლის წინაშეც ჰელსინკის დასკვნით აქტზე ხელისმოწერიდან ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ მსოფლიო აღმოჩნდა.

რა უნდა მოხდეს, რომ ვითარება განიმუხტოს და მსოფლიო გადარჩეს? ეს შეკითხვა არამხოლოდ უკრაინისა და არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის კრიზისს ეხება, ეს უფრო გლობალური ხასიათის შეკითხვაა. რა ხდება ადამიანის სულში? რა ხდება მის ცნობიერსა თუ არაცნობიერში, მის ქვეცნობიერსა თუ ზეცნობიერში? ჯერ ადამიანს უნდა ეშველოს, რომ შემდეგ კაცობრიობასაც ეშველოს! ადამიანში ჩაბუდებულ სატანას არ დაადგა საშველი, ადამიანის სიხარბე, გაუმაძღრობა, სიძულვილი, ღალატისკენ მიდრეკილება ჰელსინკის აქტზე ხელის მოწერით არ აღმოიფხვრება. სიკვდილსშენაგებები და საკუთარი თავის გამომტირებელი თეოდორ დოსტოევსკი მეცხრამეტე საუკუნის რუსი ადამიანის შინაგანი სამყაროს ბნელ ხვეულებს გამადიდებელი შუშით როცა ათვალიერებდა, როგორი საოცარიც უნდა ჩანდეს, თანამედროვე ადამიანის სულშიც იხედებოდა, რომელი კონტინენტის მკვიდრიც უნდა იყოს იგი. მისი გენიალური რომანის მიმოხილვისას დიდი რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი წერდა: „ეშმაკნის“ ტრაგედია სიგიჟის ტრაგედიაა. ყველა ატანილია, ყველა ბორგავს, ყველა იკრუნჩხება და იკლაკნება. ერთადერთი სტავროგინი არ ბორგავს – ის შემზარავად მშვიდი, უსიცოცხლოდ ცივია; ის გაქვავდა, დამშვიდდა, დადუმდა. ამაშია ეშმაკნის არსი: სტავროგინმა შვა ეს მშფოთვარე ქაოსი, საკუთარი თავიდან გამოუშვა ეშმაკები და საკუთარი თავის გარშემო ბორგვაში გადაღვარა მისი შინაგანი ცხოვრება, სტავროგინის სურვილთა უზომობამ გარეთ გადმოაბიჯა და ბორგვა და ქაოსი შვა. იგი დაიფერფლა და გამოიფიტა, ამოიწურა ქაოსურ ბორგვაში, იდეათა ბორგვაში, ვნებების ბორგვაში, რევოლუციურის, ეროტიულის ბორგვასა და უბრალო ადამიანურ სისაძაგლეში…”

უბრალო ადამიანურ სისაძაგლეში კი არა, სახელმწიფოებრივ, კონტინენტურ და ტრანსნაციონალურ სისაძაგლეში ვიხრჩობით თანამედროვე ეპოქა და ადამიანები, მაგრამ ეს ყველაფერი გარედან არავის მოუხვევია თავს ჩვენთვის. მარქსი ადამიანებს განიხილავდა საკუთარი დრამის ავტორებადაც და აქტორებადაც. ყველა ის სისაძაგლე, რომლებიც საზოგადოებასა თუ პოლიტიკაში გვხვდება, სათავეს ადამიანური სისაძაგლიდან იღებს, ამიტომ საზოგადოებას, პოლიტიკასა და სახელმწიფოებს ვერავინ განკურნავს, თავად ადამიანი თუ არ განიკურნა. ბერდიაევის მსჯელობა, საიდანაც ამონარიდი მოვიხმე, ასე გრძელდება: ”სტავროგინის ტრაგედია განუკურნებელია ძველი რელიგიური რეცეპტებით, ამას კი დოსტოევსკი ღრმად გრძნობდა. ჯანმრთელებს არ შეუძლიათ იმ დაავადებათა შესახებ მსჯელობა, რომლებიც დოსტოევსკის სულს გაუცხადდა… დოსტოევსკის ღრმად ანტინომური დამოკიდებულება ჰქონდა ბოროტების მიმართ. ბოროტება, რადგან იგი ბოროტებაა, იგი უნდა დამარცხდეს, იგი უნდა დაიწვას. ბოროტება დაძლეული და გამოცდილი უნდა იქნას, მაგრამ მისი მეშვეობით რაღაც იხსნება, ისიც გზაა. სტავროგინის სიკვდილი, ისევე, როგორც ყველა სიკვდილი, – არის არა საბოლოო და მარადი სიკვდილი, არამედ მხოლოდ გზა”.

ბოროტებაც გზააო, გვეუბნება ბერდიაევი (დოსტოევსკიც!); გზა, მაგრამ საით, რისკენ? საით მიემართება ადამიანი, კაცობრიობა? რა არის მისი დანიშნულება და საბოლოო მიზანი? ურთულესი შეკითხვებია, რომლებზე პასუხი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ არის გაცემული ფილოსოფიასა თუ თეოლოგიაში, რელიგიასა თუ ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ მწერლობაში, შესაძლებელია, თქვას, რომ არ გვაქვს. ბერდიაევი კი განაგრძობს: ”ადამიანის შემოქმედების პრობლემა ვერ გადაწყდა და არც შეიძლებოდა, ძველ ცნობიერებაში გადაწყვეტილიყო, საიდანაც სტავროგინი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული. სადაც არ არის გამოსავალი შემოქმედებისთვის, იქ იწყება ბორგვა და გარყვნილება. თავად დოსტოევსკისთან გარყვნილების პრობლემა შეუდარებლად ღრმაა, ვიდრე ცოდვის პრობლემა. სიკვდილით, დაღუპვით მეტი ცხადდება, ვიდრე რელიგიური კეთილდღეობით. სტავროგინი არც მხოლოდ უარყოფითი მოვლენაა და არც მისი სიკვდილია საბოლოო”.

ეს არ არის მარტივი ამბავი, ძალიან ღრმა აზრია ამაში. სიკეთის გადარჩენა ბოროტების დაღუპვაში კი არ არის, მის განკურნებასა და გარდაქმნაშია. ბევრჯერ თქმულა და გამეორებულა: ბოროტებით ბოროტება არ ისპობა, მისი ახლით ჩანაცვლება ხდება. ესეც მართალია, მაგრამ თუნდაც ეს სიმართლე, რომელსაც ახლა მივადექით, უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებაა? ალბათ, არა. სათქმელს იმიტომ ვღეჭავ და ვტკეპნი, იქნებ ასე უფრო ადვილი იყოს გაგება ახალი აღთქმის ზნეობრივი მაქსიმისა: ”გიყვარდეს მტერი შენი!” არა მხოლოდ აქამდე, სხვა სათქმელამდეც მსურს მისვლა, მაგრამ ეს გზა თუ არ გავიარეთ, იმ სათქმელამდე მისვლა გაგვიჭირდება…

ჯერ ისევ ბერდიაევს მოვუსმინოთ: ”სტავროგინის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ იქნება ახალი დაბადება, იქნება აღდგომა. სტავროგინისადმი ჩვენი სიყვარულით ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ აღდგომას. თავად დოსტოევსკის ძლიერ უყვარდა სტავროგინი. იგი თავად აღავლენდა ლოცვებს მისი აღდგომისა და ხელახალი დაბადების შესახებ. მართლმადიდებლური ცნობიერებისთვის სტავროგინი სამუდამოდ დაიღუპა, იგი მარადი სიკვდილისთვის არის განწირული. მაგრამ ეს არ გახლავთ დოსტოევსკის ცნობიერება, ჭეშმარიტი დოსტოევსკის, რომლისთვისაც ცნობილია გამოცხადება. და ჩვენ, დოსტოევსკისთან ერთად, დაველოდებით ახალი ნიკოლაი სტავროგინის – ლამაზი, ძლიერი, მომხიბლავი და გენიალური შემოქმედის – დაბადებას. ჩვენთვის წარმოუდგენელია ის რწმენა, რომელშიც არ არის ხსნა სტავროგინისთვის,  არ არსებობს გამოსავალი მისი ძალებისა და შემოქმედებისთვის. იესო მთელი სამყაროს დასახსნელად მოვიდა და არა სტავროგინის დასაღუპად!”

სტოპ, სტოპ, სტოპ! აქ უნდა შევჩერდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ სული მოვითქვათ და თუნდაც იმიტომ, რომ ათასი მადლობა ვუთხრათ ბერდიაევს დიდებული და ჭეშმარიტად ქრისტიანული აზრის გამოთქმისთვის: ”იესო მთელი სამყაროს დასახსნელად მოვიდა და არა სტავროგინის დასაღუპად!” იესო არავის დასაღუპად არ მოსულა. მან საეჭვო ყოფაქცევის მაგდალინელიც კი არ დაღუპა, გარდაქმნა და გააწმინდანა! მან ავაზაკი იმიტომ კი არ შეიყვანა სამოთხეში, რომ იქ ავაზაკების ადგილი იყო, არამედ იმიტომ, რომ გარდაქმნილი ავაზაკი აღარ არის ავაზაკი, გარდაქმნილი და განწმენდილია! ეს დიდებული რამ არის. ეს ჭეშმარიტად ქრისტიანული სიმაღლეა, მაგრამ ვაითუ ადამიანისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია ეს სიმაღლე; ვაითუ ადამიანს მხოლოდ ის ძალუძს, რომ გონების ვარჯიშისა და ფილოსოფიური ჭვრეტის თვალი შეავლოს ამ სიმაღლეს, მაგრამ ხელებით ვერასოდეს შესწვდება მას, როგორც ცას.

აქ არ შემიძლია ერთხელ კიდევ არ დავიმოწმო ბერდიაევი, რომელიც სწორედ იმის შესახებ გველაპარაკება, რითაც ეს სტატია დავიწყე, მსხვერპლშეწირვა მაქვს მხედველობაში. დავუგდოთ ყური: ”ძველ ქრისტიანულ ცნობიერებაში ჯერ კიდევ არ ახსნილა აზრი სტავროგინის სიკვდილისა, როგორც ახალი ცხოვრების გზის მომენტი. ეს დაღუპვაც გოლგოთაზე გავლას გულისხმობს, მაგრამ გოლგოთა გზის უკანასკნელი ეტაპი არ არის. მხოლოდ ახალ გამოცხადებაში აიხსნება სტავროგინის მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა და მსვერპლშეწირვითი აზრი მისი სიკვდილისა, ვინც უძლური აღმოჩნდა გაცნობიერებული მსხვერპლშეწირვა შეესრულებინა. კვლავ შეკოწიწდება მისი გამოფიტული და დაშლილი პიროვნება, რომელიც რთულია, არ გძულდეს და შეუძლებელია, არ გიყვარდეს. სურვილებისა და სწრაფვების განუზომლობა ღვთიური ცხოვრების განუზომლობით უნდა იქნას გაჯერებული და განხორციელებული. ასეთი განუზომლობა ჯერ კიდევ ვერ განხორციელდა, მაგრამ შედგება მესიანური ნადიმი, რომელზეც სტავროგინს დაპატიჟებენ და იქ დაიკმაყოფილებს იგი განუზომელ წყურვილსა და შიმშილს”.

რის წყურვილსა და რის შიმშილს: ”უბრალო ადამიანური სისაძაგლისა” (როგორც ბერდიაევი დასაწყისში ამბობდა) თუ ”ღვთიური ცხოვრების განუზომლობისა” (როგორც ბერდიაევი ბოლოში გვეუბნება)? – რა თქმა უნდა, ”ღვთიური ცხოვრების განუზომლობის” წყურვილსა და შიმშილს, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? აი, აქ მივადექით იმ სათქმელს, რომელთან  მისასვლელადაც დიდხანს ვტკეპნე ადგილი: ადამიანის გარდაქმნით, უფრო ზუსტად, ახალი ადამიანის აღზრდით! ნაცნობი ლოზუნგია? დიახ, ნაცნობია. კომუნისტური პარტიის პროგრამაში ეწერა ეს სიტყვები: ”ახალი ადამიანის აღზრდა”. დღემდე ქირქილებენ ამის გამო, მაგრამ საქირქილო მოქირქილეთა ქირქილია მხოლოდ! მათ არც იციან, რის გამო ქირქილებენ. განა საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმები: მეცნიერება, ხელოვნება, ფილოსოფია, ეთიკა, თვით რელიგიაც კი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოცემული დოგმებით გვესაუბრება, უკეთესი ადამიანის, ზნეობრივი ადამიანის ანუ ახალი ადამიანის აღზრდის სულისკვეთებით არ იყო გამსჭვალული ყოველთვის?! განა მთელი ქრისტიანული მოძღვრება (სხვა კლასიკური რელიგიებიც) ადამიანის განწმენდისკენ ანუ ახალი ადამიანის აღზრდისკენ არ მოგვიწოდებს? ვინც კომუნისტების ამ ლოზუნგის გამო ქირქილებს, სინამდვილეში ქრისტეს გამო ქირქილებს! მათთვის საქირქილო ისაა, რომ,სანამ კომუნისტები არ მოვიდნენ, პოლიტიკოსები არასოდეს დაინტერესებულან ”ახალი ადამიანის” აღზრდის საკითხით, ვინაიდან მათთვის არჩევნებში გამარჯვება და ”ძველ ადამიანებზე” გაბატონებაც საკმარისი იყო. ახალი ადამიანის აღზრდა მხოლოდ კომუნისტებმა გამოაცხადეს საპროგრამო მიმართულებად. კომუნისტების წასვლის შემდეგ, ადამიანის აღზრდის მიმართულებით კი არა, ადამიანის მიზანმიმართული დეგრადაციისთვის კეთდება ყველაფერი. ვიღაც აუცილებლად აქაც ჩაიქირქილებს: კომუნისტებმა მიზანს მიაღწიეს? – ვერა, ვერ მიაღწიეს, მაგრამ იმას, რასაც ქრისტემ ორი ათასი წელიწადის განმავლობაში ვერ მიაღწია, კომუნისტები სამოცდაათი წლის განმავლობაში როგორ მიაღწევდნენ?! რატომ უნდა მოვთხოვოთ მათ ასეთი სასწაული?! მიზანი ხომ იყო სწორი?! ესაა მთავარი! ბოლოს და ბოლოს, აქ, ვადებში კი არა, მიმართულებაშია საქმე. კაცობრიობა ახალი ადამიანის აღზრდის მიმართულებით თუ ივლის, ალბათ, გადარჩება; ამ მიმართულებით თუ არ ივლის, შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაშიც გადარჩეს, მაგრამ მუდმივად ატომური ბომბების შექმნის გზით მიმავალი კაცობრიობის გადარჩენას აზრი და გამართლება აქვს ან ექნება?

აი, ამ შეკითხვით დავასრულებ სტატიას, რომელშიც დიდი, ძალიან დიდი სათქმელის მხოლოდ პატარა მონახაზის ჩადება ვცადე, მაგრამ რა გამომივიდა, არ ვიცი…

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here