დასავლეთს საქართველოში მხოლოდ ბაზარი კი არა, არც სიმშვიდე სჭირდება, რადგან მშვიდი ქვეყნის კონტროლი ძნელია

    განცდა იმისა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიძლება ომი დაიწყოს, უბრალოდ, არ არის და ეს აგიჟებს დასავლეთსა და ოპოზიციას. ქართველმა ხალხმა მშვიდობის გემო რომ იგრძნო და სტაბილურობას შეეჩვია, ეს მათთვის მიუღებელია

    19

    იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი, საზრუნავი ზაფხულში და შემოდგომაზე აქვთ. ზაფხულში ატმის, ვაშლატამისა და ვაშლის რეალიზაცია უნდა მოახერხონ, შემოდგომაზე კი რთველი იწყება და უკვე ყურძენია საზრუნავი. ჰოდა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საკონსერვო ქარხნები საკუთარი ხელით დავშალეთ და ჯართად გავყიდეთ, ჭარბი პროდუქციისთვის ბაზრებს ვეძებთ,  ჯერჯერობით კი ყველაზე რეალური ბაზარი რუსეთია. ჰო, პროდუქტის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთში გადის, ხოლო რუსეთიდან შემოგვაქვს ბევრი რამ, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი –  ფქვილი, რომლითაც პურ-ფუნთუშეულს ვაცხობთ და…

    ზვიად გამსახურდიას არ დასცალდა, ედუარდ შევარდნაძეს კი დასავლელმა პარტნიორებმა ბაზრად ევროპა-ამერიკა შესთავაზეს, თუმცა რეალურად საქმე შეთავაზებაზე წინ არ წასულა. მერე იყო მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ შემორბენილი ევროპული მარკეტები, აქაოდა, ქართულ პროდუქციაზე ევროპა ოცნებობს, ამერიკულ ბაზარს ჩვენი ღვინითა და მინერალური წყლებით გავაჯერებთ, რუსული ბაზარი, რომელიც არასტაბილურია, დავიწყებას მიეცემაო. სწორედ სააკაშვილის მთავრობის დროს გააუქმეს და დაშალეს ერგნეთის ბაზრობა – ერთადერთი ხიდი ქართველ და ოს ხალხს შორის, რომელიც ურთიერთობის შესაძლებლობასა და მომავლის იმედს გვაძლევდა. ამ გადმოსახედიდან გვგონია,  ერგნეთის ბაზრობა რომ ყოფილიყო, 2008 წლის ომი არ მოხდებოდა, სააკაშვილი ვერ და არ გაბედავდა გასროლას, მაგრამ, ალბათ, ჩანაფიქრიც სწორედ ეს იყო, რომ ჯერ ხიდი ჩაეტეხათ, შემდეგ კი სამხედრო კონფლიქტი მოეწყოთ.

    მიშას შემდეგ პრეზიდენტად მოსულმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, – ევროპულ ბაზარს დავიპყრობო; მერე სალომე ზურაბიშვილი გაიქაჩა: ისე როგორ იქნება, ჩემმა ფრანგებმა საფრანგეთის დახლებზე ქართული პროდუქციის შეტანაზე უარი მითხრანო.  საბოლოო ჯამში, ყველას ნაცარში კოვზი ჩაუვარდა – დასავლეთი მხოლოდ სიტყვებით იყო ძლიერი, საქმით კი… ახლა, წინასაარჩევნოდ, მთელი ოპოზიცია ერთ ხმაში გაიძახის: არასოდეს გვითქვამს, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთო. არადა, დასავლეთის წაქეზებით სწორედ ისინი ამბობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ერთადერთი ხსნა და შველა სწორედ რუსეთისთვის სანქციების დაწესება იყო. ხელისუფლებას ეს რომ გაეკეთებინა, არამარტო ქართული ეკონომიკა ჩამოიშლებოდა, არამედ შეიქმნებოდა ყველაფრის დეფიციტი და დასავლეთი, თუ რამეს გადმოგვიგდებდა, ისეთ ფასად, რომ მისი ყიდვა, საქართველოს მოსახლეობას კი არა, თავად ევროპელებსაც გაუჭირდებოდათ. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და, პროდუქტების ფასებით საქართველო ერთ-ერთი ძვირად ღირებული ქვეყანაა და ამ რეალობას ხელისუფლება ვერაფერს უხერხებს.

    წინასაარჩევნოდ იმის თქმა, რომ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, წამგებიანია, რადგან აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ეკონომიკის მიმართულებით სწორედ რუსეთზე ვართ დამოკიდებულნი, მისთვის სანქციების დაწესება კი რეალურად ჰარაკირის ნიშნავს და ახლა, არჩევნების წინ, ამას არავინ იტყვის. სამაგიეროდ, არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თითქმის 100%-იანი სიზუსტით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთს არა მხოლოდ სანქციებს დაუწესებს, არამედ, მეორე ფრონტსაც გაუხსნის და ქვეყანას დასავლეთის ინტერესს ზვარაკად შესწირავს.

    ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ზუსტად იცის, სად და როგორ იყიდება ჭარბი პროდუქცია, საიდან და როგორ შემოგვაქვს სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ და მაინც ცდილობს, ამის შესახებ ხმამაღლა არ ისაუბროს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გასულ კვირას ზარ-ზეიმით გვამცნეს: საქართველომ ფქვილის შემოტანის ალტერნატიული გზა მონახა და ახლა მხოლოდ რუსეთიდან კი არა, კიდევ ოთხი ქვეყნიდან შემოგვაქვსო . ამ სახელმწიფოების ჩამონათვალიც გაასაჯაროეს – თურქეთი, იტალია, საფრანგეთი, ლიეტუვა. ძალიან კარგია, როცა ერთ ქვეყანაზე არ ხარ დამოკიდებული და ჩამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია ამ ქვეყანას, როცა ალტერნატიულ გზებს პოულობ, როცა სათადარიგო ვარიანტი გაქვს, მაგრამ… როცა ეს ოთხი ქვეყანა ჩამოთვალეს, არ თქვეს ციფრები, ანუ არ გვითხრეს ის ოდენობა, თუ როგორ ჩაანაცვლა თურქეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა და ლიეტუვამ, რუსეთიდან შემოტანილი ფქვილის ოდენობა. ჰოდა, გავარკვიეთ, რომ რუსეთიდან ფქვილის 92% შემოგვაქვს, დანარჩენი 4 უმსხვილესი შემომტანი ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებია, მაგრამ ფქვილი კიდევ 5 ქვეყნიდან შემოგვაქვს, ანუ 9 სახელმწიფოდან ვიღებთ  საჭირო ოდენობის 8%-ს და… რატომ არ გიხარიათო,  გვეუბნებიან?!

    ცალკე საუბრის თემაა ატამი და ვაშლატამა. ოლიმპიადა რომ არა, ალბათ, მთავარი სასაუბრო თემა ის იქნებოდა, რომ საქართველოდან რეკორდული რაოდენობის ხილი გაგვაქვს, რომ შემოსავალი მილიონობით დოლარია, რომ ფერმერები კმაყოფილები არიან, რომ საშუალო ხარისხის ხილიც კი კარგად იყიდება, რადგან კლიენტი არის. ჰოდა, ამ ტაშისკვრის ფონზე ხმამაღლა და ამაყად გამოგვიცხადეს, რომ ქართულმა ხილმა უკვე 12 ბაზარი დაიპყრო და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება, რაც ძალიან კარგია. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდნენ ევროპელებიც, რომ ქართული ხილი კარგია, მაგრამ…

    ციფრებით ისევ დავინტერესდით და იმ სხვა ქვეყნების რა გითხრათ, მაგრამ რუსეთში გასულ ხილზე მთელი მოცულობის 96% მოდის, ანუ დანარჩენი 4% სხვა 11 ქვეყანაში იყიდება სამწუხაროდ, ციფრებზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ჰო, ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი არ ამბობენ, რომ გაყიდული პროდუქციის ლომის წილი სწორედ რუსეთზე მოდის, თითქოს წინასაარჩევნოდ ეშინიათ ამის თქმის, მაგრამ მათ ის არ იციან, რომ მოსახლეობა ისედაც ყველაფერს ხვდება, რომ იმ ფერმერებმა ზუსტად იციან, სად როგორი  მოთხოვნაა მათ პროდუქტზე და,  ამას ტელევიზიით თუ არ გამოაცხადებენ, დიდად არ დარდობენ, მაგრამ …

    მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართულ პროდუქტში ძალიან მოიმატა შხამ-ქიმიკატების ოდენობამ. ამას წინათ, ერთი მოხუცი ჩიოდა, მთელი ცხოვრება საზამთრო მომყავს, კომუნისტების დროსაც ამით ვიყავი დაკავებული, მამაჩემი და პაპაჩემიც ამ საქმეს მისდევდნენ და 10 კილოზე ზევით საზამთრო რომ გამოერეოდა, მთელი სოფელი მოდიოდა სანახავად, საზამთროს წონა ძირითადად 6-8 კილო იყოო. ახლა კი, სწორედ შხამ-ქიმიკატების წყალობით, 20 და 30-კილიოანი საზამთრო იშვიათობა არ არის და რას ვჭამთ, ღმერთმა იცის. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ქართულ პროდუქტებს უარი სწორედ ამ მიზეზით უთხრან და მერე დავიწყებთ წუწუნს: არ ვიცოდით, ჭკუის დამრიგებელი არავინ გვყავდაო.

    ისევ ბაზარს დავუბრუნდეთ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ატმისა და ვაშლატამის დაბინავება უკვე მოხერხდა (რუსეთში), ვაშლის შეკვეთებიც მიღებულია ისიც გაიყიდება, მერე შემოდგომა მოვა, ყურძენს დავაბინავებთ და… არც არაფერი  შეიცვლება. არჩევნების შემდეგ, ვინც  უნდა გაიმარჯვოს, ისევ მოვისმენთ დაპირებას, რომ ევროპული და ამერიკული ბაზრები უნდა ავითვისოთ და, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ხელში ისევ რუსეთი შეგვრჩება და ისევ ვიტყვით, რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. არადა, 30 წელზე მეტია, ჩვენი პროდუქცია სწორედ ამ ბაზარზე გადის და რით ვერ დავასტაბილურეთ და რით ვერ დავიჯერეთ, რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს? დასავლეთს საქართველოში მხოლოდ ბაზარი კი არა, არც სიმშვიდე   სჭირდება, რადგან მშვიდი ქვეყნის კონტროლი ძნელია. ძნელია, ისეთი ხალხი დაიმონო და ათამაშო საკუთარ ნებაზე, რომელსაც შიში და უბედურების მოლოდინი არ აქვს.

    აბა, დაფიქრდით, ნაციონალების პერიოდში, მოდელირებული ქრონიკის პირობებში, 2008 წლის სიგიჟის შემდეგ, რამდენს ჰქონდა იმის განცდა, რომ ერთ არცთუ მშვენიერ დღეს ისე მოხდებოდა, რომ სხვა ქვეყანაში, სხვა რეალობაში ან ომის ქარ-ცეცხლში გავიღვიძებდით. განცდა იმისა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიძლება  ომი დაიწყოს, უბრალოდ, არ არის და ეს აგიჟებს დასავლეთსა და ოპოზიციას.  ქართველმა ხალხმა მშვიდობის გემო რომ იგრძნო და სტაბილურობას შეეჩვია, ეს მათთვის მიუღებელია.

    დასავლეთი ყოველთვის ყველანაირად შეეცდება, რომ საქართველო ეკონომიკურად დამოუკიდებელი არ იყოს; იმდენი შემოსავალი და ისეთი ეკონომიკური ზრდა არ ჰქონდეს ქვეყანას, რომ საკუთარი თავის რჩენა დამოუკიდებლად შეძლოს და როგორც ახლა, ისე მომავალშიც, თამამად თქვას უარი დასავლეთის დახმარებაზე (რომელიც რეალურად ვალია) და სწორედ ამიტომ დასავლეთი  ახლა მიდის ვა-ბანკზე და დაუფარავად ამბობს, რომ ამ არჩევნებში მმართველ ძალას გამარჯვების უფლებას არ მისცემს. მერე კი… მერე მონობის უღელს საიმედოდ მოგვარგებს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here