Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთი ცდილობს, ადგილობრივი ბიზნესი დაიმონოს, სულ ცოტა, 10-წლიანი ვალდებულებები „შეტენოს“ საქართველოს და...

დასავლეთი ცდილობს, ადგილობრივი ბიზნესი დაიმონოს, სულ ცოტა, 10-წლიანი ვალდებულებები „შეტენოს“ საქართველოს და შემდეგ ამ ვალდებულებების უპირობო შესრულება მოითხოვოს

ფრანგ და გერმანელ სტუმრებს გაუკვირდათ, რატომ გააპროტესტეს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შეთავაზებულ კაბალურ პირობები

2014 წლის მიწურული იყო, როცა თქვეს, რომ ძალიან მალე ყველაზე დიდი პრობლემა სასურსათო ბაზარზე შეიქმნებოდა, რადგან დედამიწაზე ადამიანების რაოდენობის მატების  გამო საკვები პროდუქტი სულ უფრო ძნელად მოსაპოვებელი იქნებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, საჭმელი ყველას არ ეყოფოდა და მართლაც, პროდუქტებზე ფასები, პრაქტიკულად, ყოველდღიურად მატულობს და ვაი, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიოში ლიდერია. ჰო, საქართველო ევროპაში  ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც პროდუქტები ძალიან  ძვირია და, იმის მიუხედავად, რომ ცხოვრების აქაური დონე ახლოსაც ვერ მიდის ევროპულთან, პროდუქტების  ფასებს ცეცხლი უკიდია. ისე, სწორედ  2014  წლის შემდეგ  რუსეთმა აქცენტი სოფლის მეურნეობაზე გააკეთა და ისეთი შედეგი მიიღო, როგორსაც, ალბათ, არავინ ელოდა. სწორედ სოფლის მეურნეობაში ჩადებული უზარმაზარი ინვესტიციების გამო, რუსეთის ეკონომიკა სხვა ნიშნულზე და, რაც მთავარია, სხვა მიმართულებით გავიდა და, თუ რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის გარეშე ევროპელები არსებობას განაგრძობენ, საკვების გარეშე უჭირთ და იძულებულნი არიან, რომ პროდუქტებზე რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდეთ. არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება შესაძლებელია და ქვეყანას არნახულად წაადგება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ამ პროცესს ან ვიღაც აჩერებს შეგნებულად, ან, უკვე ათეული წლებია, ამ სფეროში არაკომპეტენტური ხალხი მუშაობს.

გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ფრანგ და გერმანელ სტუმრებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დადიოდა, მოსახლეობას ხვდებოდა და ბიზნესმენებს უმტკიცებდა:  თუ ფულს ხილის შესანახი მაცივრების მშენებლობაში დააბანდებთ, უზარმაზარ მოგებას ნახავთ, მომავალი სწორედ პროდუქტის შემნახველ მაცივრებს ეკუთვნისო. ეს მოსაზრება სიმართლესთან შორს არ არის, რადგან  მაგალითად  ჩვენი მეზობელი სომხეთი (რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთზე) გვეყოფა. ჰო, სომხეთში სამაცივრე მეურნეობები განავითარეს და ამის გამოა, ზამთარში იქიდან შემოტანილ გარგარსა და ყურძენს სისხლის ფასად რომ ვყიდულობთ,  პროდუქტი კი, რომელიც სეზონზე კაპიკები ღირს, ზამთარში ძვირად ფასობს, მაგრამ… მაინც იყიდება და იყიდება იმიტომ, რომ ადამიანი უარს ამბობს ბევრ რამეზე, კვების გარდა. ალბათ, კვებაზეც უარს იტყოდა, სიკვდილის რომ არ ეშინოდეს…

რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, მათ ერთი შეხედვით ძალიან სარფიანი წინაადადება ჰქოდნათ. ისინი მზად არიან, ბიზნესმენებს დაეხმარონ მაცივრების მშენებლობაში, მაცივრები აღჭურვონ ფრანგული თუ გერმანული ტექნიკით, უფასოდ გადაამზადონ ადგილობრივები, რომლებიც მომავალში მაცივრებში იმუშავებენ, გააცნონ სიახლეები, საჭიროების შემთხვევაში, ჩამოვიდნენ და უზრუნველყონ მაცივრის გამართული მუშაობა და, რაც მთავარია, ყველა პროდუქტი, რომლებსაც ამ მაცივრებში შეინახავენ ბიზნესმენები, ზამთარში თუ შესაბამის სეზონზე სწორედ მათ შეისყიდონ. ანუ, მთავარია, ფული იყოს, თორემ ფრანგები და გერმანელები ამბობენ, მაცივარსაც ჩვენ ავაშენებთ, ხალხსაც ჩვენ მოგიმზადებთ და პროდუქციასაც ჩვენ ვიყიდითო. რა თქმა უნდა, ქართველი ბიზნესმენები დასავლელი პარტიორებისგან ასეთ გულუხვობას ნაჩვევი არ არიან და ამიტომ იყო, დაკონკრეტება რომ გადაწყვიტეს და მეტიც, ქართული მხარე იქამდე „დაწვრილმანდა“, რომ კონკრეტული პროდუქტების ფასებიც იკითხა და ერთმა ბიზნესმენმა დასვა „მომაკვდინებელი“ კითხვა: გადაიხდიდნენ თუ არა გერმანელები და ფრანგები იმაზე მეტს, ვიდრე იხდის რუსული ბაზარი? მეტი სიცხადისთვის  უცხოელებისა და ქართველების საუბარს დიალოგის რეჟიმში შემოგთავაზებთ:

„- დავიწყოთ იმით, რომ რუსული ბაზარი არ არის სტაბილური, რუსეთი ომს წააგებს და მერე საერთოდ აღარ იქნება, ამიტომ ჩვენ არ მოგცემთ იმდენს ან იმაზე მეტს, ვიდრე ახლა იხდის რუსული ბაზარი, მაგრამ ჩვენ ვართ სტაბილური და მუდმივი ბაზარი…“

„- 30 წელი გვესმის, რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია, მაგრამ  30 წელია, ყველაზე კარგად მუშაობს. ომის ბედის განსაზღვრას კი  ექსპერტები ვერ ახერხებენ და „ხალადელნიკების“  ხელოსნებმა საიდან იცით?!“

„- შეიძლება რუსეთმა ომი არ წააგოს, მაგრამ მათი ბაზარი არასტაბილურია, ამიტომ გირჩევნიათ, ჩვენგან მიიღოთ ცოტა და მუდმივად, ვიდრე იმას ფიქრობდეთ, რომ ერთ დღეს გასაღების ბაზარი არ გექნებათ… და საერთოდ,  ეს ხალხი რატომ არ გვემორჩილება, ანუ რატომ არ თანხმდება იმას, რასაც ვთავაზობთ?!“ – ეს ბოლო ფრაზა ადგილობრივი მაღალჩინოსნის მისამართით იყო ნათქვამი, ანუ ევროპელებს  გაუკვირდათ, რატომ აპროტესტებდა ადგილობრივი ბიზნესი ევროპელების მიერ შეთავაზებულ კაბალურ პირობებს. ამ განცხადებამ ქართველი ბიზნესმენები გააღიზიანა და მათ ლამის ხელდახელ გაიწიეს სტუმრებზე. ისევ სტუმართ-მასპინძლობის ხათრმა იძალა, თორემ ყველა შეთანხმდა, რომ თავხედი  სტუმრები გასალახები იყვნენ, ქართველი მაღალჩინოსანი კი თავს იმართლებდა: თუ გგონიათ, ამათთან ერთად სიარული მომწონს, ძალიან ცდებითო. მეტიც, ერთმა ბიზნესმენმა ისიც უთხრა:  გერმანულ ბაზარზე შავ მოცვში რა ფასიც შემომთავაზეს, რუსულ ბაზარზე იმაზე 1,50 დოლარით მეტი გადამიხადეს კილოგრამშიო და… იმ გერმანელმა კი, –  სამაგიეროდ გაისად შეიძლება იქ ვეღარ გაყიდოთ, ჩვენთან კი ისევ მარტივად გაყიდითო… ეს „შეიძლება ვეღარ გაყიდოთ“,  30 წელზე მეტია, გვესმის და დაახლოებით მაინც ხომ ხვდებით, საქართველოს ალტერნატიული ბაზარი რომ არ ჰქონდეს, რა დღეში ჩაგვაგდებდნენ?! რას ნიშნავს და რას ჰქვია, მე იაფად მომყიდე, იმიტომ, რომ მუდმივად ვიყიდიო?!  იქნებ გაგვახსენოს ვინმემ, ვაჭრობაში ჩავარდნა როდის გვქონდა? ახლა, ვიღაც იმ პერიოდს გაიხსენებს, როცა ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა: რუსეთში ფეკალიები რომ გაიტანო, იმასაც გაყიდიო და მეზობელი გააბრაზა, თუმცა ოქრუაშვილს უფრო დიდი ცოდვა ადევს – ერგნეთის ბაზრობის გაუქმება სწორედ მისი დამსახურებაა, იმ ბაზრობის, სადაც ქართველები, ოსები და რუსები ვაჭრობდნენ, ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ, ენდობოდნენ ერთმანეთს და ნათელ-მირონობაც აკავშირებდათ. მტკიცებით ფორმაში ვიტყვით იმას, რომ, ეს ბაზრობა რომ არ მოშლილიყო, 2008  წლის ომი არ იქნებოდა და არ იქნებოდა იმიტომ, რომ იქვე გაერკვეოდნენ, ვის რა სურდა და არ გაისვრიდნენ. ჰო, არც ერთი მხარე ტყვიას  არ გაისვრიდა, მაგრამ… ახლა ხშირად ამბობენ, ერგნეთის ბაზრობის გაუქმება ოქრუაშვილის ინიციატივა კი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება ამერიკის საელჩომ მიიღოო, და რისთვის და რატომ, კი გამოჩნდა.

დასავლეთი ცდილობს, სულ ცოტა, 10-წლიანი ვალდებულებები „შეტენოს“ საქართველოს, ადგილობრივი ბიზნესი დაიმონოს და შემდეგ ამ ვალდებულებების უპირობო შესრულება მოითხოვოს. როგორ შეიძლება,  ადამიანს ეუბნებოდე, პროდუქტი მხოლოდ მე მომყიდე, მაგრამ ცოტას გადაგიხდი, მაგრამ … დამემორჩილეო. დასავლეთი ეკონომიკის მიმართულებით  საქართველოს დაჩოქებას რომ ცდილობს, ახალი ამბავი არ არის. ვერა და ვერ მოვიცილეთ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი,  ვერ დავიწყეთ ისეთი რამის წარმოება, რაც ჩვენი საფირმო ნიშანი იქნება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ  მსოფლიოში. რეალურად, სწორედ დასავლეთმა გააუფასურა ქართული ღვინოც და ქართული მინერალური წყლებიც. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი ღვინო კარგია, საერთაშორისო ფესტივალებზე ოქროს მედლებსაც აძლევდნენ, მაგრამ, როცა ევროპული ბაზრის დახლებზე მიდგა საქმე, აღმოჩნდა, რომ ჩვენი ღვინო, თუნდაც ოქროს მედალის მფლობელი, ვერ იყო ევროპული დახლებისთვის სასურველი სტუმარი. იგივე დაემართა მინერალურ წყლებს, მერე – ქართულ თაფლს და, საერთოდ, ყველაფერი ქართული კი იყიდება ევროპაში, მაგრამ მცირე რაოდენობით, დაახლოებით ისე, სუფრაზე რომ ფხალი დევს, არავის ახსოვს, მაგრამ დევს. თითოეული ევროპული ქვეყანა წლის განმავლობაში იმაზე ნაკლებ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს ყიდის, ვიდრე თვის განმავლობაში მოსკოვის ან სანქტ-პეტერბურგის დიდი სუპერმარკეტი, თანაც უფრო ძვირად და ამ დროს გვეუბნებიან, რომ იქაური ბაზარი არასტაბილურია და კეთილი ინებეთ, ჩვენ უფრო იაფად მოგვეცითო.

წინასაარჩევნოდ  ოპოზიციამაც კი დაიწყო  საუბარი,  რუსული ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანიაო. ისინი კარგად ხვდებიან, რომ არჩევნების წინ რუსულ ბაზარზე უარის თქმის კამპანიით შორს ვერ წავლენ და რიტორიკა გადაასხვაფერეს, მაგრამ, როგორც კი არჩევნები დასრულდება, დასავლეთის გასახარად, ისევ იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ რუსული ბაზარი ცუდია. სამწუხაროდ, ღირებულ განცხადებებსა თუ ქმედებებს არც ხელისუფლება ახორციელებს და გასაგებად და მკაფიოდ არ ამბობს, რომ ევროპული ბაზრის გამო რუსეთის ბაზარზე უარის თქმას არ აპირებს. პირიქით –  ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ხშირად იმეორებს, რომ თურმე რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და მერე იგივე ადამიანები გაბრწყინებული სახით გვამცნობენ ხოლმე, რომ ჭარბი მოსავალი სრულად დაბინავდა და… არ ამბობენ, რომ ყველაფერი სწორედ  რუსეთის „არასტაბილურმა ბაზარმა“ შთანთქა.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here