ნავთობი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია პლანეტაზე. შეუძლებელია მისი როლის გადაჭარბებულად წარმოჩენა მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე. მე-19 საუკუნის ბოლოს პირველი ჭაბურღილის გათხრის შემდეგ ნავთობი იქცა არამხოლოდ ენერგიისა და სითბოს წყაროდ, არამედ სახელმწიფოთა ეკონომიკური განვითარების, მსოფლიო პოლიტიკაზე ზემოქმედებისა და საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უმთავრეს წყაროდ.
ნავთობს მრავალი ქვეყანა მოიპოვებს, მაგრამ მათ შორის არიან დიდი მწარმოებელი სახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო ნავთობის ინდუსტრიაში მთავარ როლს ასრულებენ და ენერგეტიკულ გეოპოლიტიკაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ.
ნავთობის მარაგის მიხედვით მსოფლიოს ათეული ასე გამოიყურება:
1. ვენესუელა – 17,17 პროცენტი;
2. საუდის არაბეთი – 15,14 პროცენტი;
3. ირანი – 11,82 პროცენტი;
4. კანადა – 9,24 პროცენტი;
5. ერაყი – 8,22 პროცენტი;
6. გაერთიანებული არაბული საამიროები – 6, 40 პროცენტი;
7. ქუვეითი – 5,75 პროცენტი;
8. აშშ – 4,74 პროცენტი;
9. რუსეთი – 4,53 პროცენტი;
10. ლიბია – 2,74 პროცენტი.
ნავთობის მოპოვებისა და წარმოების მიხედვით კი ათეული ასე გამოიყურება:
1. აშშ – 18,3 პროცენტი;
2. რუსეთი – 12,0 პროცენტი;
3. საუდის არაბეთი – 11,8 პროცენტი;
4. კანადა – 6,2 პროცენტი;
5. ირანი – 4,8 პროცენტი;
6. ერაყი – 4,7 პროცენტი;
7. ჩინეთი – 4,6 პროცენტი;
8. ბრაზილია – 4,1 პროცენტი;
9. გაერთიანებული არაბული საამიროები – 3,9 პროცენტი;
10. ქუვეითი – 3,1 პროცენტი.
ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ნავთობის დიდი მარაგის ფლობა და ნავთობის მოპოვება-გადამუშავება პირდაპირპროპორციული არ არის. კანადა, რომელიც ნავთობის მარაგით მდიდარი ქვეყნების სიის ათეულშიც ვერ შედის, მოპოვებითა და წარმოებით მეოთხე ადგილზეა, ვენესუელა კი, რომელიც მარაგის მიხედვით პირველ ადგილზეა, ნავთობის მოპოვებითა და წარმოებით, არათუ პირველ ადგილზე არ არის, მომპოვებელი და მწარმოებელი ქვეყნების ათეულშიც არ ჩანს. არანაკლებ საინტერესოა აშშ-ისა და რუსეთის პოზიციებიც. მარაგის მიხედვით აშშ მერვე ადგილზეა, მოპოვებისა და წარმოების მიხედვით კი – პირველზე. რუსეთი მარაგის მიხედვით მეცხრე ადგილზეა, მოპოვებისა და წარმოების მიხედვით კი – მეორეზე. აშშ-ისა და რუსეთის პოზიციები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ისინი მარაგის მხრივ ათეულის ქვედა პოზიციებს იკავებენ, მოპოვებისა და წარმოების მხრივ კი პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან. ეს მონაცემები ბევრი რამეზე დაგვაფიქრებს, მაგრამ ჩვენთვის უმთავრესი ის დაპირისპირებაა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის გამოიკვეთა. საუბარი მაქვს არა ეკონომიკურ კონკურენციაზე, რომელიც ჩვეულებრივი ამბავია, არამედ იმ წინააღმდეგობაზე, კონკურენციას რომ სცდება და კონფრონტაციაში გადადის. ნავთობის თემამ, რომელიც ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროს გასცდა, პოლიტიკასა და სამხედრო სფეროში გადაინაცვლა. იგი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ვაჭრობის, სპეკულაციის, ერთმანეთზე ზემოქმედებისა და ომების ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. საქმე სანამ ომებამდე მივიდოდა, ბევრნაირად აიწონ-დაიწონა, იყო მცდელობები შეთანხმებისა და კონსენსუსის მიღწევისა: რესურსების ნაციონალიზაცია; გეოპოლიტიკური ალიანსები; ენერგეტიკული დიპლომატია; ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია; საერთაშორისო კომპანიების ჩამოყალიბება და მრავალი სხვა ღონისძიება, მაგრამ საკითხის სიმწვავეს ვერ უშველა. შემდეგ დღის წესრიგში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლის საკითხი დადგა, რომელიც არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც უსაფრთხო იქნებოდა. სამწუხაროდ, ვერც ამან შეიტანა ამ საქმეში რევოლუციური გარდატეხა. ეტყობა, ნავთობი, როგორც ენერგიის უპირველესი წყარო, კიდევ დიდხანს გაჰყვება კაცობრიობას თანამგზავრად, ამიტომ ზესახელმწიფოთა ურთიერთობა ნავთობით მდიდარ ქვეყნებთან ვიღაცისთვის „ყელში გაჩხერილი ძვალი” იქნება ყოველთვის. დააკვირდით, ვის დაეტაკა ტრამპი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე – კანადას, რომელიც ნავთობის მწარმოებელია; გრენლანდიას, რომელიც არქტიკასთან (ნავთობის ყველაზე დიდ წყაროსთან) შემაერთებელი ხიდია; ვენესუელას, რომელიც მსოფლიო ნავთობის ყველაზე დიდი წილის მფლობელია; ირანს, რომელიც ნავთობით მდიდარი ქვეყანაა. განა აქედანაც არ ჩანს, რომ ნავთობი მსოფლიოში დაპირისპირების ერთ-ერთი დიდი მოტივატორია, მაგრამ ერთადერთი არ არის?!
მეორე მთავარი მოტივი მსოფლიო ჰეგემონიზმის საკითხია. ტრამპს, მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, ამ იდეაზე ხელი არ აუღია, პირიქით, ისეთი აღტყინებულია ამ თემით, რომ ყველა წინამორბედს გადააჭარბა. ამ ვითარებაში, როდესაც რუსეთისა და ჩინეთის ფაქტორი იმ დონეზეა წამოწეული, რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო წარსულის კუთვნილებადაა გამოცხადებული, ტრამპი არაადეკვატურად გამოიყურება. დღეს აშშ-ს არც ერთი რესურსი (პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, იდეოლოგიური, სამხედრო) არ ჰყოფნის მსოფლიო ჰეგემონობისთვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტრამპი მანიაკის შეშლილობითა და შეშლილის ენერგიით ისწრაფვის ამ საბედისწერო მიმართულებით, რომელმაც შესაძლებელია გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს.
ირანში ერთმანეთს დაემთხვა დიდ ნავთობზე კონტროლისა და რუსეთის პარტნიორ ქვეყანაში საკუთარი რეჟიმის დამყარების სურვილი. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: აშშ, სადაც მოქმედებს, ყველგან რუსეთს ებრძვის. ახლო აღმოსავლეთი, პოსტსაბჭოთა სივრცე, ამიერკავკასია, ავღანეთი, იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, ირანი, უკრაინა, საქართველო თუ თვით რუსეთი (ჩეჩნეთი), რომლებიც ამერიკელებმა ომის პოლიგონად აქციეს, რუსეთთან ომი იყო. ნავთობით მდიდარ რეგიონებსა და ქვეყნებზე კონტროლი ტრამპს ენერგეტიკულ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე მეტად რუსეთზე იმგვარი უპირატესობის მოსაპოვებლად სჭირდება, მსოფლიოს კვლავ ერთპოლუსიან რეჟიმში რომ გადაიყვანს. ამ კონტექსტში საკითხის განხილვა ბევრ რამეს ნათელს ჰფენს და გაცილებით უფრო გასაგებს ხდის, ვიდრე ამის გარეშე ჩანდა. რუსეთთან დაპირისპირების ფაქტორის გათვალისწინების გარეშე გაუგებარია ტრამპის მრისხანება ვენესუელასა და ირანში. ირანში სამხედრო ოპერაციას სწორედ ეს სახელი დაარქვა მან – „ეპიკური მრისხანება”.
რა იწვევს ამ მრისხანებას ან საიდან მოდის ეს გააფთრება-გამხეცება? ირანის ატომური პროგრამის პრობლემა, თუნდაც იგი ბირთვული შეიარაღების მიმართულებით მიდიოდეს, დიპლომატიით, ტრამპის საყვარელი სანქციებითა და სატარიფო პოლიტიკით უფრო გადაიჭრებოდა, ვიდრე ნგრევით, ომითა და ბავშვებისთვის მასობრივად გამოტანილი სასიკვდილო განაჩენით. რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს დონეზე ორგანიზებულ იმ საშინელ ტერორს, რომელსაც ტრამპი ირანში ეწევა? გამართლება არანაირი, მაგრამ ახსნა აქვს. ეს რუსეთისთვის უკრაინაში გამოცხადებული ომის გაგრძელებაა ირანში. ანალოგიური რამ თავისუფლად შეიძლებოდა საქართველოში განხორციელებულიყო (ან მომავალში განხორციელდეს), ვინაიდან სწორედ აქეთ ისწრაფვოდნენ და დღესაც ისწრაფვიან ჩვენი „კეთილისმსურველები” დასავლეთიდან და მათი აქაური აგენტურა. საქართველო არ არის იმ მასშტაბის ქვეყანა, რომ ფოთს ან ბათუმს ამერიკული ავიამზიდი მოაყენონ, თბილისი დაბომბონ და პირველი პირის ლიკვიდაციით რეჟიმის შეცვლა სცადონ. დასავლეთში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ამას ე.წ. აკაცუკების ხელითაც მიაღწევენ, თუკი ჩვენი ევროპელი „სტრატეგიული პარტნიორები” მათ იდეოლოგიური ხასიათის დივერსიებით გააძლიერებენ (უვიზო რეჟიმის გაუქმება; ეუთოს ბოლოდროინდელი დასკვნა წელიწად-ნახევრის წინანდელ არჩევნებზე; „ბიბისის“ ცილისმწამებელი ფილმი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ; ქართული ტელეარხებისთვის სანქციების დაწესება და სხვა ათასი სიბინძურე).
მოკლედ, ირანის ომი უკრაინის ომის გაგრძელებაა და ორივეს უკან ამერიკული სპეცსამსახურები და სამხედროები დგანან. ორივე ომი დასავლეთმაის დაიწყო და მესამე მსოფლიო ომის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ამერიკელების მიერ მთლად სწორად გააზრებული და დაგეგმილი არ ჩანს. სწორად დაგეგმილი არ ჩანს თუნდაც იმის გამო, რაც ცნობილმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ისრაელის სპეცსამსახურის ყოფილმა შეფმა იაკობ კედმიმ თქვა: „ამ ომის გაგრძელების შემთხვევაში, ირანი ნახევარ წელიწადში ბირთვულ შეიარაღებას მიიღებს”. როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, ანალოგიური რამ თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა: „ირანის მოვლენები დარტყმის ქვეშ აყენებს შეთანხმებას ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ”. ირანის ომი, რომელიც ტრამპმა ასე უთავბოლოდ წამოიწყო, შეიძლება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, ანუ ჩაფიქრებული მიზნის საწინააღმდეგო შედეგით დასრულდეს. ამ მოვლენებისგან მომავალში მრავალი სურათი შეიძლება გამოიკვეთოს, მაგრამ ერთი, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, დღესაც გამოკვეთილია: კოლექტიური დასავლეთი მისი ავანტიურისტული, უსამართლო და უპასუხისმგებლო ქმედებებით საქართველოს კუთხეში ამწყვდევს და, მისდა უნებურად, რუსეთის მიმართულებით უბიძგებს, უფრო ზუსტად, მიაქანებს რუსეთის მიმართულებით, ვინაიდან ყველა სხვა გზას უჭრის და მხოლოდ იმ არჩევანს უტოვებს, რომელიც ისტორიულადაც, სარწმუნოების მხრივაც და საღი აზრის თვალსაზრისითაც ერთადერთი და უალტერნატივოა.
ვალერი კვარაცხელია







