ერთ დღეს რომელიმე პოლიციელს ნერვები უმტყუნებს და…
რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თავდამსხმელები ნიღბებით სისხამ დილით მივიდნენ და, როგორც ამბობენ, დაახლოებით 3 ათასი ლარი წაიღეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და იმედია, სამართალდამცველები დამნაშავეების დაკავებას მოახერხებენ, მაგრამ… იქვე მყოფი გამომძიებელი ვიცანი, სწორედ ამიტომ გავჩერდი, მინდოდა, მეკითხა, – რა მოხდა, რატომ იყო იმდენი სამართალდამცველი. ჰოდა, ეს ჩემი ნაცნობი გამომძიებელი აშკარად უკმაყოფილო იყო და ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა კაცს, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო, მაგრამ ყოველი სიტყვის შემდეგ უკმაყოფილოდ იგინებოდა. ისიც ვიფიქრე, დილით ადრე რომ გააღვიძეს, ეგ არ მოსწონს-მეთქი, მაგრამ მერე, ცოტა რომ დამშვიდდა, მივედი, მივესალმე და მითხრა, ყაჩაღობა მოხდაო. რა თქმა უნდა, დეტალებზე არ უსაუბრია…
„ჩვენი ბრალია, ასე რომ ხდება, ჩვენი. ეს რა უბედურება გვჭირს, ვერ გამოვედით ამ ჯადოსნური წრიდან და ამ იდიოტიზმსაც ბოლო არ უჩანს. ციხე, ბიჭო, ციხე აქციეს გასართობ და საღადაო ადგილად. ვინც რუსთაველზე გაიარა და 10 წუთით დააბირჟავა, ყველა პოლიტპატიმარი როგორ არის? იცი, ახლა რა ხდება? ჩამოყალიბებული კრიმინალები, ნამდვილი „პრისტუპნიკები“, მიდიან საღამოობით რუსთაველზე, ცდილობენ, რომელიმე ოპოზიციური არხის კამერის წინ ჩაიარონ, კადრში მოხვდნენ და მერე ქურდობისთვის, ძარცვის ან ყაჩაღობისთვის რომ იჭერ, ეგრევე იმ კადრებს დებენ, აქაოდა, პოლიტპატიმარი ვარ, რა ქურდობა და ძარცვა, ყველაფერს მტენითო. ამას გარდა, ზოგიერთ ტელევიზიას გმირად გამოჰყავს ის პირები, რომლებმაც სამართალდამცველები დააზიანეს. აგერ, ქალმა პოლიციელს შემოარტყა და მთელი ევროპა და ამერიკა ამბობს, გმირიაო. იმაზე აკეთებენ აქცენტს, სასამართლოებზე ფეხზე დგას, არ ჯდება, ეგეც ერთგვარი პროტესტი ყოფილა. მჯერა, იმდენს მიუსჯიან, დაჯდომისა და ფიქრის დრო ექნება. მიშას დროს პოლიციელისთვის ხელი რომ დაგერტყა, მოგკლავდნენ, მართლა მოგკლავდნენ, ახლა კი გმირი ხარ. „მოლოტოვის კოქტეილი“ რომ გესროლა, უკან გაგიკეთებდნენ და ცეცხლს წაუკიდებდნენ, ახლა კი გმირი ხარ. როდემდე და სადამდე? ხალხს ციხის აღარ ეშინია, დაიბრალებს პოლიტპატიმრობას და მერე სასამართლოზე იტინგიცებს, გაერთობა. მე კი თავში ქვა უნდა ვიხალო და როგორმე გავხსნა ეს საქმე, მაგრამ როგორი გასახსნელია, აგერ კამერები თურმე სილამაზისთვის ყოფილა მარტო და არც ერთი არ მუშაობს, ნიღბები ეკეთათ, ის კაცი ისეა შეშინებული, ნიღბიანს კი არა, ცოლს ვერ ამოიცნობს ახლა“, – არ დამალა თავისი განწყობა და გასაჭირი მეგობარმა გამომძიებელმა. მის საუბარს მეორე ძალოვანმა მოჰკრა ყური და ხელი ჩაიქნია: უმადური საქმეა, გვაკრიტიკებენ, გვაგინებენ, მაგრამ, როცა გაუჭირდებათ, ჩვენ გვეძახიან, მართლა ამოვიდა ყელში ეს ყველაფერიო. ჰო, პოლიციელები არ მალავენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ და რატომღაც გვგონია, რომ მათი მოსაზრება რეალობასთან ახლოს არის. რამდენჯერ ვნახეთ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც სამართალდამცველებს აბულინგებენ? ჰო, სწორედ რომ აბულინგებენ, აქაოდა, თქვენ რომ კარგი ხალხი იყოთ, მომიტინგეებს არ დაიჭერდითო და იმას კი არავინ ახსენებს, რომ იგივე მომიტინგეები ამ პოლიციელებს ქვებს, ბლაგვ საგნებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან. ეს თურმე შეიძლება და, ამის გამო თუ ვინმე დააკავეს, ის პოლიტპატიმარია. საქართველოში დღეს ხომ არაფერს ჰქვია თავისი სახელი. უნიჭო იუმორს მიაქვს ტელევიზიების საეთერო დრო და ადამიანებს იუმორის აღქმის უნარიც კი წაართვეს. ახლა დაკავებულებს შორის არიან იუმორისტებად წოდებული პიროვნებები და ჰგონიათ, რომ მათი დაკავებით ქვეყანამ თენგიზ ჩანტლაძეები დაკარგა, სინამდვილეში კი უკბილო ხუმრობებს იზეპირებენ და, რადგან ტელევიზორში ორჯერ (კარგი, სამჯერ) გამოჩდნენ, თავი ჩარლი ჩაპლინითუ არა, როუენ ატკინსონი ( მისტერ ბინი) მაინც ჰგონიათ. ისინი თავხედურად იქცევიან სხდომათა დარბაზში ანუ იქ,სადაც ასე მოქცევა არ შეიძლება და ჯარიმით ისჯება, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტია – მოსამართლეები ერიდებიან „ცნობადი სახეების“ დაჯარიმებას და ეს მათაც კარგად იციან, ამიტომ აკეთებენ იმდენს, რამდენის შესაძლებლობაც აქვთ და, რაც მთავარია, საზოგადოებას წამებულებად აჩვენებენ თავს. სამწუხაროდ, ბევრს სჯერა, რომ ისინი მართლა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, სინამდვილეში კი არანაირი შეხება არ აქვთ ხელოვნებასთან, მასხარას დონესაც კი ვერ „ქაჩავენ“ და, რასაც „ქაჩავდნენ“ თავისუფლებაზე ყოფნისას, მათ საუბარს ეტყობა.
ასე მარტივად გადავვარდით ერთი უკიდურესობიდან მეორეში. თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხე ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, ახლა იქ მოხვედრის არავის ეშინია. არ ვამბობთ იმას, რომ ციხის გაგონებაზე ისეთი რეაქცია უნდა ჰქონდეს ხალხს,როგორც ნაციონალების ზეობის ხანაში, მაგრამ დამნაშავე, კრიმინალი დაკავებისას პოლიციელებს აგინებდეს, დაკავების შემდეგ სასამართლოზე მოსამართლეებზე იწევდეს და წყალს ასხამდეს, შემდეგ ციხის ბადრაგს უტყაპუნებდეს თავში – ეს მარაზმია. ნებისმიერმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გმირად კი არ გამოაცხადებენ, არამედ მიუსჯიან დამსახურებულ სასჯელს და არც იმის უფლება ექნება, პოლიციელებსა თუ მოსამართლეებზე კამერების წინ გაიწიოს და უშვერი სიტყვებით ლანძღოს. ის თუ იცით, რომ ხელოვნების სფეროს არაერთი წარმომადგენელი, მანამდე აქციას რომ არ „მაზავდა“ და დარწმუნებული იყო, ხელისუფლება შეიცვლებოდა, „ნაცები“ კი ერთგულებას დაუფასებდნენ, ახლა ჩადენილს ნანობს და მშვიდად განაგრძობს იმ საქმეს, რომელშიც ხელფასს უხდიდნენ. ნაწილს ოპოზიციამ გაუცრუა იმედი, ნაწილს – გონება გაუნათდა, მაგრამ ასეთი ადამიანები საშიშები არიან, რადგან, თუ ლეშის სუნს იგრძნობენ, სვავებივით დაესევიან და არავის დაინდობენ, მეგობარსაც კი.
გვახსოვს ის პერიოდი, როცა ძალაუფლება ხელში კრიმინალებს ჩავუგდეთ და სანაცვლოდ რა მივიღეთ, ყველამ იცის – დაყაჩაღებული და ქუჩაში დახვრეტილი ხალხი, გადამწვარი სოფლები, გატაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული არასრულწლოვანი ბავშვები… აქეთ მივდივართ ახლაც და, ვისაც ჰგონია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებული ნაციონალები ან ქუჩაში აღარ დახვრეტენ არავის, ან ზღვაში არ ჩააგდებენ ფეხებზე სიმძიმეშებმულს, ან ფულის წართმევის მიზეზით არ დაიჭერენ და ციხის ჯოჯოხეთს არ გაატარებენ, ძალიან ცდება. ეს იციან თვითონ ნაცებმა, ამას აცნობიერებენ ის ადამიანებიც, რომლებიც რეალურად მათ დაბრუნებას უწყობენ ხელს, მაგრამ იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მათ და მათი ოჯახის წევრებს არ შეეხება, ექნებათ ყველაფრის უფლება, როგორც ადრე ჰქონდათ ნაცმადიდებლებს.
ჯერჯერობით ერთადერთი, რაც ძალიან გვხვდება თვალსა და ყურში და მივესალმებით, ნარკომანიის წინააღმდეგ გამოცხადებული დაუნდობელი ბრძოლაა, მაგრამ მხოლოდ ეს აშკარად არ კმარა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაისჯება, თუმცა ამას ხელი დასავლეთმა და ოპოზიციამაც უნდა შეუწყონ – არ უნდა გამოაცხადონ გმირად ნებისმიერი, ვინც პოლიციელზე ხელს აღმართავს; არ უნდა თქვან, რომ სამართალდამცველებისთვის ხელის დარტყმა კარგია და მერე რა, თუ ამისთვის ვინმეს 5-6 წელს მისცემენ, მალე თურმე ხელისუფლებას შეცვლიან და დამნაშავეს ციხიდან ზარ-ზეიმით გამოუშვებენ. ამის იმედად მიდიან ციხეში ისინი, ვისაც, უბრალოდ, ჭკუა არ ჰყოფნის და წამითაც არ უშვებს იმას, რომ ხელისუფლება შეიძლება კიდევ კარგა ხანს არ შეიცვალოს და სხვისი წაქეზებით ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელის სრულად მოხდა მოუწიოს, ციხიდან კი გამოვიდეს უკვე აღარავისთვის საჭირო შეუმდგარი ადამიანი. რეალურად აქეთ მივდივართ. არცთუ ნიჭიერი ადამიანები წლების შემდეგ არავის დასჭირდება, იმ ადგილსაც დაკარგავენ, ახლა შემთხვევით რომ ჰქონდათ, და მერე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ: მე ვიბრძოდი და „კარგ პონტში“ სხვა რატომ არისო?! სანაგვეზე მოისვრიან პოლიტიკოსები, ზუსტად ისე, როგორც მანამდე მოუსვრიათ არა ერთი და ორი ადამიანი და, ვინც არ გაჩუმდება, ასე ზარ-ზეიმით და პირდაპირ ეთერში კი არ დააკავებენ, როგორც ბონდო შალიკიანს შეუვარდნენ ოჯახში, კამერების წინ საცვლებში დააყენებენ და დააპატიმრებენ. ეს არის ის რეალობა,რომელიც გველოდება, თუ რამეს არ შევცვლით დროულად და ამ გაბოროტებულ ადამიანებს როგორმე არ დავაწყნარებთ. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება, თორემ ერთ დღესაც რომელიმე პოლიციელს ნერვები უმტყუნებს და… მერე ვისი ბრალი იქნება?!
ბესო ბარბაქაძე