აკაკი წერეთლის ნათქვამი ეს ერთი სიტყვა – „დაიგვიანეს” („პატარა კახი”) დღეს ისე ტევადია, თავად ავტორიც რომ ვერ წარმოიდგენდა. უდიდესი ვოკალისტების მიერ (ილია ზაქაიძე, ჰამლეტ გონაშვილი, თემურ ქევხიშვილი) სხვადასხვა დროს შესრულებულმა სიმღერამ კი ამ ერთ სიტყვას მაგიური ძალა და მიზიდულობა შესძინა. დღეს ეს სიტყვა ისმის, არა როგორც ყოვლად ბანალური შემადგენელი ჩვენი ყოველდღიურობისა, არამედ როგორც საბედისწერო შეცდომა, რომელზეც შესაძლებელია ეროვნული დრამა ან სულაც ტრაგედია აიკინძოს – „დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან…” აკაკი რაზეც წერდა, გასაგებია. მისთვის უმთავრესი თემა ის იყო, რომ ახლა, როდესაც „სხვა უდიდესი წინ გვიდევს ვალი”, რა დროს ცხვარში ყოფნა და სიყვარულია და არა ის, რომ დაიგვიანეს, მაგრამ მის მიერ გამოყენებული ეს სიტყვა ქართველთა ცნობიერსა და არაცნობიერს მაინც დღემდე აშფოთებს, თანაც არა იმდენად ისტორიულ კონტექსტში, რამდენადაც დღევანდელი გადასახედიდან. ვინ დაიგვიანა ან სად დაიგვიანა, ამ ფაქტს ასეთ მნიშვნელობა რომ მიენიჭა? რა დაგვიანებაზეა საუბარი?
საერთაშორისო ვითარება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ისე ირეკლება, როგორც გამოსახულება სარკეში. არაფერი არ ხდება და ვერაფერი ვერ მოხდება ქართულ პოლიტიკაში დიდი პოლიტიკის გვერდის ავლით. ეს გლობალიზაციის დამახასიათებელი ერთ–ერთი ნიშანია. მსოფლიოს მართვის უმთავრესი ბერკეტი ყოველთვის ძალა (ძალმომრეობა) იყო. ეს ასე დარჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და შედეგად ჩამოყალიბებული წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პირობებშიც კი, რომელიც ყველაზე უნივერსალური და სამართლიანი იყო იმ წესრიგთა შორის, რომლებსაც იქამდე უარსებია. გაეროს უშიშროების საბჭო იყო (არის) მსოფლიოს უმაღლესი ორგანო, რომელიც ხუთი ბირთვული სახელმწიფოთი (საბჭოთა კავშირი, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) არის წარმოდგენილი. დღეს, როდესაც პრაქტიკულად მსოფლიო წესრიგიც მოიშალა და საერთაშორისო სამართალიც, ბუნებრივია, რომ მსოფლიოში აბსოლუტური ძალმომრეობა გაბატონდა, გაბატონებული ძალმომრეობა კი ყოველთვის ომის ენით ლაპარაკობს. დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთი გამონაკლისი იყო ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ მშვიდობის პრეზიდენტად იყო მოვლენილი და, არათუ ომს არ დაიწყებდა, სხვის მიერ დაწყებულ ომებსაც უმოკლეს დროში დაამთავრებდა. ტრამპის ინაუგურაციიდან ანუ ოფიციალურ ძალაუფლებაში შესვლიდან ნახევარი წელიწადიც არ გასულა, მაგრამ გადავხედოთ, რა მდგომარეობა გვაქვს. ტრამპმა უკვე დაბომბა ირანი, თანაც სრულიად უსაფუძვლოდ, გამოგონილი საბაბით, ისევე, როგორც მისმა წინამორბედებმა დაბომბეს იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, სირია, ტუნისი, ეგვიპტე და სხვ. ტრამპმა ჯერ ისრაელს დააბომბინა ირანი, შემდეგ კი თვითონ ჩაერთო პროცესში. ეს კიდევ არაფერი. ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის გასახანგრძლივებლად იღვწის, იმ უკრაინაში, სადაც ომის შეწყვეტას პრეზიდენტად არჩევიდან ზუსტად ერთ დღეში გეგმავდა. გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა, პუტინი არ მომწონსო, – განაცხადა. პუტინი თუ არ მოსწონს, მისი აზრით, ეს სრულიად საკმარისი არგუმენტია, მაგრამ უკრაინის შეიარაღება კვლავ ათასებისა და მილიონების სიცოცხლეს რომ შეიწირავს, არაფერია? – ალბათ, არაფერი, რადგან ტრამპი შეუვალია: „ჩვენ ვაპირებთ, რომ ნატოს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა”. როგორც თვითონ აცხადებდა, მშვიდობის მოციქულად მოვლენილი ტრამპი ნახევარ წელიწადში ომის მონსტრად გვევლინება; თანაც არც ბიზნესმიდგომები ავიწყდება და არც ბუღალტერია: „ ჩვენ გავუგზავნით მათ (ნატოს – ვ.კ.) ბევრ ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ჩვენ გადაგვიხდიან 100 პროცენტს. ისინი გადაგვიხდიან იარაღის ღირებულების 100 პროცენტს”. ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებზეა ლაპარაკი. ამასთანავე, ტრამპმა განაცხადა, რომ ორმოცდაათ დღეში შეთანხმება თუ არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს: „ორმოცდაათდღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან არჩევანი არ დაგვრჩება. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება“.
ყოველივე ამის მოსმენამ ნორმალური ადამიანი შეიძლება გააგიჟოს. ამ მართლაც გამოთაყვანებულმა ევროპელებმა თავიანთი ბიუჯეტის (ხალხის) ფული უნდა გადაუხადონ ამერიკელებს, რათა მათგან შეიძინონ შეიარაღება, რომელიც შემდგომ უკრაინას უნდა გადასცენ. მერე კი მოვა ტრამპი და უკრაინიდან ძვირფას წიაღისეულს, ლითონებსა და მინერალებს გაზიდავს. კი მაგრამ ამ იდიოტებს (ევროპელებს) რა?! რისთვის აყენებენ საკუთარ ხალხს ამ მასშტაბის რისკისა და ზარალის წინაშე?! ხომ არის ეს სრული მარაზმი და გაუგებრობა, მაგრამ, აბა, სცადეთ ამ აზრის ევროპელებთან მიტანა. ისინი ისე არიან რუსოფობიით დაბრმავებულნი, რომ მზად არიან, საკუთარი ქვეყნები დაანგრიონ, ოღონდ რუსეთს რაღაც ავნონ. სიძულვილმა შეიპყრო ევროპა და საღი აზრი განდევნა კონტინენტიდან.
საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინას სისტემა „პეტრიოტის” ჩვიდმეტ ერთეულს ისრაელი მიაწვდის. ტრამპმა განაცხადა: ჩვენ გვყავს ერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ჩვიდმეტი „პეტრიოტი”. საინფორმაციო საშუალებები აკეთებენ არცთუ უსაფუძვლო დასკვნას იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში საუბარი ისრაელს ეხება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად საიდან და რომელი ქვეყნიდან შეზიდავენ მათთვისვე დამღუპველ და დამანგრეველ შეიარაღებას უკრაინაში, მთავარი ხომ ის არის, რომ საბოლოოდ გაბრიყვებულ უკრაინელებს ახალი დიდი და უგუნური მსხვერპლისთვის ამზადებენ?!
ტრამპის ულტიმატუმზე რუსეთის პოზიცია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რიაბკოვის პირით გაცხადდა, ასეთია: „პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ რუსეთისთვის მიუღებელია მოთხოვნების წამოყენება, მით უფრო ულტიმატუმისა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ღიაა უკრაინის პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისათვის. მოსკოვი ელოდება, რომ ვაშინგტონსა და ნატოში რუსეთის პოზიციის აღქმას სრული სერიოზულობით შეუდგებიან”.
აქვე მინდა გავიხსენო დიმიტრი მედვედევის ერთი ნათქვამიც, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ამ თემას არ ეხება. მან შეკითხვა დასვა: „სირიის თანამედროვე რეჟიმი კარგია თუ ტერორისტული? დასავლეთმა (მათ შორის აშშ–მაც) სირიის რეჟიმს „კარგი” უწოდა და სანქციები მოუხსნა. დღეს კი ისრაელმა, გამოაცხადა რა სირიის რეჟიმი ტერორისტულად, დამასკოს საპრეზიდენტო სასახლე და გენშტაბი დაბომბა. ამ შემთხვევაში ვინ არიან ნამდვილი ტერორისტები?” მის მიერ დასმულ ამ შეკითხვას მედვედევმა თავადვე უპასუხა: „გაფიქრებაც კი საშინელებაა, მაგრამ იქნებ ყველა ერთად – ვაშინგტონიც, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტებს ბომბავს; თელ–ავივიც, რომელიც ირანის პრეზიდენტის მოკვლას გეგმავს და ღაზას და სირიას ბომბავს; თანამედროვე სირიაც, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს კლავს” .
რიაბკოვის განცხადებას რომ ყურადღება არ მივაქციოთ, მედვედევის თუნდაც ეს ნათქვამი არ მეტყველებს, რომ რუსეთი არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს, ანუ არ აპირებს უკანდახევას? ეს შეეხება როგორც უკრაინის საკითხს, ასევე დანარჩენ მიმართულებებსაც. ეს დასკვნა მხოლოდ მე არ გამიკეთებია. ანალოგიური შეფასებით გამოვიდა „ნიუ–იორკ თაიმსიც”: „როგორც ჩანს, ტრამპის ახალი ულტიმატუმის გამო რუსეთი დიდად არ შეწუხებულა. რუსეთი უკრაინაში თავისი მიზნებიდან გამომდინარე ქმედებებს განაგრძობს და დარწმუნებულია, რომ დასავლური სანქციებს თავისუფლად გადალახავს”.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება უკიდურესად დაიძაბა და, სავარაუდოდ, უფრო მეტადაც დაიძაბება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებაში რუსეთი დამარცხდება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან ის აზრი, რომ რუსეთი დამარცხდება. ყველა თვალსაზრისით (პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური, ზნეობრივი) დამპალი დასავლეთი რუსეთის დამმარცხებელი ვერ არის. რუსეთი თუ დამარცხდება, ეს მოხდება მთელ მსოფლიოსთან ერთად. დასავლეთი, მისი უგუნური და უზნეო პოლიტიკით, მსოფლიოს სწორედ ამ მიმართულებით მიათრევს, მაგრამ მათთვის ესეც ზედმეტი ფუფუნებაა. დასავლეთის ყველა სტრუქტურა უკვე დაბზარულია და ჭრიალებს. ტრამპმა კი გადაწყვიტა, რომ რუსეთს ევროპის ხელით ებრძოლოს და ამაში ფინანსური მოგება ნახოს, მაგრამ ევროპაში აღმოჩნდნენ სახელმწიფოები და ლიდერები (იტალია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სხვები), რომლებმაც ამაზე უარი განაცხადეს. ნატო რღვევის გზას დაადგა, ისევე, როგორც ევროკავშირი. საბოლოოდ აშშ–იც ამ ხვედრს გაიზიარებს, რადგან ჯიუტად ადგას მსოფლიოზე გაბატონების ძველ იდეას, იმ დროს, როდესაც უკვე ფაქტია, მრავალპოლუსიანი მსოფლიო, მართალია ტანჯვა–წვალებით, მაგრამ აუცილებლად შობს ახალ მსოფლიო წესრიგს.
აი, აქ მივადექით საკითხს, რომლითაც სტატია დავიწყეთ: ჩვენ რას ვაკეთებთ, სამმილიონიანი პატარა საქართველო, რომელიც ოცდათხუთმეტი წლის წინათ არასწორი გეოპოლიტიკური არჩევანისა და (თავსმოხვეული) გაუაზრებელი საგარეო ორიენტაციის შედეგად სამ ნაწილად დაიშალა და, უმძიმეს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ვითარებაში აღმოჩენილი, სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა? ხომ არ დადგა დრო ჩვენს ისტორიულ მოკავშირე მართლმადიდებელ რუსეთთან ინტერესთა დაპირისპირების რეჟიმიდან გამოსვლისა და ინტერესთა ჰარმონიზების რეჟიმში გადასვლისა? ახლა კი არა, დიდი ხნის წინათ დადგა ეს დრო, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება, რომელიც შენარჩუნებული მშვიდობის გამო ბევრჯერ შევაქეთ, არათუ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმამდე, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებამდეც ვერ მივიდა…
ო, დიდო აკაკი, როდის და რა დროს წარმოსთქვი ის ჯადო სიტყვა, რომელიც ბედისწერად გვექცა და საუკუნეზე მეტია, მოგვსდევს, მოგვძახის, გვაფრთხილებს და გვევედრება, ნუ იზამთ ისე, როგორც ამ დიდებულ ტექსტშია ნათქვამი: „დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან…” სამწუხაროდ, დაიგვიანეს, ძალიან დაიგვიანეს, თუმცა მაინც რჩება მცირე იმედი, რომელიც აკაკის იმავე გენიალურ ტექსტში აქვს გამოთქმული: „მაგრამ სალამურს თუ მოჰკრეს ყური, ანდამატურის ძალით გამოსწევს აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური…” ბოლოს და ბოლოს, ესენიც მოჰკრავენ ყურს იმ უცნაურ ხმას, რომელიც გამოაფხიზლებთ და შეაჟრჟოლებთ. ხელისუფლება თუ ვერ გამოიღვიძებს, ხალხს მოუწევს ისტორიული ნაბიჯის გადადგმა. ეს გარდაუვალია, რადგან ის ხმა, რომელიც ხალხს „ანდამატურის ძალით გამოსწევს”, სულ უფრო ახლოს ისმის…
ვალერი კვარაცხელია