გურამ ნიკოლეიშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე ლტოლვილების შემოსვლა იქნება!

    ,,სასურველია, თუ სპეციალურ აკადემიებში არა, უმაღლეს სასწავლებლებში მაინც შემოიღონ სამხედრო სწავლება და აღზარდონ ოფიცრები”

    ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 8 მარტს ირანის უზენაეს ლიდერად აირჩიეს მოჯთაბა ხამენეი  _ 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმისას დაღუპული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი. მნიშვნელოვანი ობიქტების დაბომბვის მიუხედავად, ირანი უკან დახევას არ აპირებს…

    ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, არ არის გამორიხცული, ცეცხლის ხაზი საქართველოსაც მოუახლოვდეს. ასეთ შემთხვევაში რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყანა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლეიშვილი:

    _ ამ წუთას ცეცხლის ხაზი საქართველოს არ უახლოვდება და ჩვენი ქვეყანა არც სამიზნეში არ არის. პროცესებში ჩართული მხარეების პრობლემები ჩვენ არ გვეხება. ერთ მხარეს სურს, წესრიგი დაამყაროს, ხოლო მეორე თვლის, რომ არავის საქმე არ არის, მის ქვეყანაში რა მოხდება. ჩვენ ამ ყველაფერთან არაფერი გვესაქმება და არც ვერევით.

    საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც მიუმხრობლობით გამოიხატება, მართებულია. სულ რამდენიმე ქვეყანაა მიერთებული მიუმხრობლობას და ერთ-ერთი ჩვენც ვართ, თავს ვარიდებთ პროცესებს, რომლებიც საქართველოს არ ეხება. ეს ჭკვიანური მიდგომაა, ასე მოვიქეცით უკრაინის ომის მიმართაც.

    მიუხედავად იმისა, რომ ომში ჩვენი ქვეყნის ჩათრევის მცელობა ბევრია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. აი, ახლახან ყულევის პორტის სანქცირება სურდათ საქართველოს დასასჯელად, მაგრამ არ გამოუვიდათ, რაც კარგია. თვითონ ევროპას სჭირდება ეს პორტი. ეს სატრანზიტო გზაა ევროპასა და აზიას შორის, მასთან რუსეთს შეხება არ აქვს.

    ყველა ომი საფრთხეა. ახლო აღმოსავლეთი ჩვენი სამეზობლოა და, როდესაც მეზობლის სახლი იწვის, საფრთხე შენზეც გადმოდის. ტერიტორიების დაბომბვით  საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ, თუ სახმელეთო ოპერაციები დაიწყება, სიფრთხილე გვმართებს…  სახმელეთო ოპერაციები საფრთხეა ყველასთვის და ამის სურვილი არავის აქვს, მაგალითად, ჩინეთი სახმელეთო ოპერაციაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს.

    გარშემო ყველა ქვეყანას აშშ და ისრაელი მართავდნენ, მხოლოდ ირანი იყო დარჩენილი. ირანის დაპყრობით რუსეთისა და ჩინეთის გავლენას შეამცირებდნენ, მაგრამ ახლა ხედავენ, რომ საფრთხეები დიდია და ირანიც უკან დახევას არ აპირებს…

    _ ზოგიერთი ამბობს, რომ თბილისში ამერიკის საელჩოს ან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გამო შეიძლება სამიზნეში ამოგვიღონ…

    _ ეს გამორიცხულია, ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ნავთობსადენით ბევრი ქვეყანა მარაგდება. ჩვენი ხელისუფლების სწორი პოზიცია კი საფრთხეს აგვარიდებს. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ არ მომწონს ჩვენი ხელისუფლების და არც ვმალავ, მაგრამ ახლა სწორ პოზიციაზე დგას.

    ახლა მთავარი ირანის ომის შეჩერებაა. ამას თვითონ ევროპელებიც ხვდებიან.

    საქართველოსთვის მთავარი საფრთხე ლტოლვილების შემოსვლაა. ეს მართლაც დიდი პრობლემა იქნება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ლტოლვილების შესვლამ თითქმის მთელი ევროპა დაანგრია. ლტოლვილების შესვლა ქვეყანაში ომზე ნაკლები პრობლემა არ არის.

    _ ლტოლვილთა შემოსვლის ალბათობა დიდია?

    _ თუკი სახმელეთო ოპერაციები დაიწყება, თანაც მასშტაბური, მაშინ ამის ალბათობა დიდია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ აშშ-ს ეს ხელს არ აძლევს, რადგან სამხედროების პირადი შემადგენლობა არ ეყოფა ირანში საბრძოლველად, გზა შორია და ირანამდე დესანტის გადასხმა გაჭირდება. ტრამპს ეს გათვლილი არ ჰქონდა, ისევე როგორც ნაპოლეონს თავის დროზე  _ სანამ ადგილამდე მივიდა, მისი ჯარი განახევრდა. ანალოგიური რამ შეიძლება დაემართოს ტრამპსაც. ირანში საბრძოლო მოქმედებების ჩატარება რთულია.

    _ რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს, თუ სახმელეთო ოპრაციები დაიწყება?

    _ სახმელეთო ოპერაციის დაწყება ჩვენთვის, როგორც ირანის ახლო მეზობლისთვის, ძალიან ცუდი იქნება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ლტოლვილებისთვის ბანაკები უნდა შევქმნათ, გეგმა შევიმუშავოთ… აუცილებელია, გავარკვიოთ, ვინ დაიცავს საზღვრებს და რა გზებით შეიძლება შემოვიდნენ. ჩვენთვის საშიშია სომხეთის გზა და თურქეთი, რომელიც ყველა ლტოლვილს ჩვენკენ გამოუშვებს. აზერბაიჯანიდანაც შეიძლება შემოვიდნენ. თუკი შემოსვლას დაიწყებენ, მათ ვერავინ გააჩერებს.

    თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის ომის დროს სამმილიონიანი ბანაკი გააკეთა ლტოლვილებისთვის, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო.

    ჩვენი სახელმწიფო სწორ პოზიციაზეა, მაგრამ ახლა მთავარია, მომზადებული ვიყოთ, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, სად გაჩერდებიან ლტოლვილები. ბევრი ზონა უნდა გვქონდეს, მატერიალურ-ტექნიკურად უნდა  მოვემზადოთ.

    გენშტაბის უფროსი ვიყავი და კარგად ვიცი, რას ნიშნავს ასეთ ვითარებაში ჯარის მზადყოფნა. აუცილებელია თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ამუშავება, უნდა შეიკრიბონ და დაგეგმონ მოსალოდნელი საფრთხეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. ეს ერთდერთი ორგანოა, რომელმაც უნდა დაგვიცვას.

    ჩვენ არ ვიცით, რა განლაგება გვაქვს ბათუმი-ახალქალაქი-ახალციხის მიმართულებით, რა გვაქვს მარნეული-ლაგოდეხის მიმართულებით, ვინ გვიცავს ზღვის სანაპიროზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვისთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, ვინ იქნება ჩვენი მოკავშირე, რომელი ორგანიზაცია და გაერთიანება და ა.შ.

    საქართველოს პარლამენტში არც ერთი სამხედრო პირი არ ზის, არადა, გამოსცემენ კანონებს, რომლებითაც ჯარმა უნდა იხელმძღვანელოს და იმოქმედოს. თავდაცვის პირველი პირები სულ სამოქალაქოები არიან. არავის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ასე შორს  ვერ წავალთ.

    ჩვენ სპეციალისტები არ გვყავს. გორში მდებარე საქართველოს სამხედრო აკადემია სამოქალაქო აკადემიად აქციეს, ინჟინრებს ამზადებს და განათლების სამინისტროს ექვემდებარება. სამხედრო პირები იქ აღარ არიან. მათ არ შეუძლიათ ჯარის მართვა. გაუქმებულია საზღვაო აკადემია, სანაპირო ზოლი დაცული არ არის… საქართველოს არ ჰყოფნის ოფიცრები, არადა, 50 ათასი ოფიცერი უნდა გვყავდეს… ოფიცერს ციდან არავინ ჩამოგვიგდებს, ამიტომ აუცილებელია, კადრებზე  ვიზრუნოთ და სასურველია, თუ სპეციალურ აკადემიებში არა, უმაღლეს სასწავლებლებში მაინც შემოიღონ სამხედრო სწავლება და აღზარდონ ოფიცრები… წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა დაცული ვერ იქნება…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here