საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ამერიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილის პასუხმა დააგვიანა. ამის თაობაზე პრემიერმა განაცხადა: „წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც პასუხია; ,,მეგობრული აქტი“ არის მტრული აქტი“.
ირაკლი კობახიძეს პირადად ამერიკის პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა, მაგრამ პასუხი გაისმა აშშ–ის სახელმწიფო მდივნისგან. ,,არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, მაშინ ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს”, _ განაცხადა მარკო რუბიომ აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენისას…
საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ ამერიკის პრეზიდენტისათვის მეორე წერილი გაგზავნა და ამის გასაჯაროება შეცდომა იყო თუ გარკვეული თადარიგის დაჭერა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:
_ ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღიარა, საჭირონი იმიტომ ვიყავით, აშშ-ს თავისი თანხები რომ დაეზოგა ქართველი ჯარისკაცების ხარჯზეო, თანაც ეს საკუთარი ხალხის წინაშე კი არ აღიარა, არამედ ოკეანისგაღმელ პრეზიდენტთან, რაც ძალიან ცუდია.
საქართველოს ხელისუფლებები საკუთარი ქვეყანის ინტერესებსა და ხალხს ღალატობდნენ. ეს ღალატი აღიარა ქვეყნის პრემერმინისტრმა კობახიძემ, რომელიც ახლაც ეხვეწება ამერიკელებს, ყურადღება მიაქციონ, რათა მონობა განვაგრძოთლ ოღონდ ერთი პირობით _ ესენი ხელისუფლებას არ უნდა ჩამოაშორონ, არ უნდა შეეხონ მათ და მათ ბელადს, დანარჩენი ყველაფრისთვის მზად არიან, როგორც ჩანს…
ამერიკისგან არ მოვიდოდა ის პასუხი, რომელსაც ესენი ელოდნენ. ამერიკის პრეზიდენტი მათ წერილს არც წაიკითხავდა. საქართველოს ამბები ამერიკელებისთვის აქტუალური არ არის. საქართველოს მიმართულებაზე ჯო უოლსონის გარემოცვა მუშაობს. მათ კონკრეტული ინტერესი აქვთ საქართველოში, საუბარია ანაკლიის პორტზე…
ეს ყველაფერი, წესითა და რიგით, ჩვენმა პრემიერმა და მისმა ამალამ უნდა იცოდნენ; უნდა იცოდნენ, როგორ იღებს ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს. ნუ გააწყალეს გული ამ ,,დიფსთეითით”, ,,დიფსთეითი” თავისთან მოიკითხონ, რადგან ეს ტერმინი სწორედ არაფორმალურ მმართველობას ნიშნავს და საქართველოში სწორედ ასეთი მმართველობა გვაქვს. ,,დიფსთეითი” ნიშნავს სიღრმისეულ სახელმწიფოს, ისეთს, რომელიც ინსტიტუციურად არ ჩანს. ეს არის სისტემა, ჩვენს პატარა ქვეყანაშიც არის ეს სისტემა _ ივანიშვილი არ ჩანს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე აქვს გავლენა. ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება. ამის შემდეგ ადამიანმა რა ნამუსით უნდა ილაპარაკო ამერიკასთან ,,დიფსთეითზე”, რომელიც საკუთარ ქვეყანაში არაფორმალური მმართველის პატარა პუდელი ხარ…
ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან კობახიძის წერილზე არ არის რეაქცია, რაც მოსალოდნელი იყო და საქართველოს პრემიერს ეს არ უნდა უკვირდეს. ამათი ღია წერილები მაგონებს საბჭოთა კავშირის ბოლო მმართველის, მიხეილ გორბაჩოვის, პერიოდს _ როცა მოსკოვიდან თავზე ლაფს დაგვასხამდნენ, თბილისში, გაზეთ ,,კომუნისტში” ქართულად გასცემდნენ ხოლმე პასუხს…
1991 წელიც მახსენდება. რუსეთი უკვე გამოცხადებულია დამპალ იმპერიად, გორბაჩოვს ვებრძვით, ელცინი ჯერ ვითომ მეგობარია, პარალელურად მზადდება ჩვენი მხრიდან ჩეჩნეთის აღიარება, რადგან დუდაევი ჩვენი მეგობარია, ამ დროს გამოჰყავთ ,,კარვის ქალები”, რომლებსაც ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით „ძირს ბუში!”. ახლა სწორედ ის დროა, დაიყვირონ ქოცებმა: „ძირს ტრამპი!” „ძირს ,,დიფ სთეითი”. ასე აიყოლიონ თავინთი მომხრეები და არჩევნებსაც მოიგებენ… საქართველო დაცლილია, ქალაქის ქუჩებში უცხოელების სიმრავლე იგრძნობა. არ ვიცი, ამ ქვეყანაში რამე გამოსწორდება თუ არა.
_ ჩემი რამდენიმე რესპონდენტის თქმით, ამერიკიდან მიღებული პასუხით მივხვდებით, მოხდა თუ არა გავლენის სფეროების გადანაწილება რუსეთსა და ამერიკას შორის… პრემიერმა თქვა, პასუხის მიუღებლობაც პასუხიაო. ხომ არ ფიქრობს, რომ ვალი მოიხადა და ახლა მიხედავს ეროვნულ ინტერესებს, მაგალითად, ჩაერთვება „3+3” ფორმატში, აღადგენს რუსეთთან ურთიერთობას და ა.შ. ის, რაც ამ წუთას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს?..
_ თუ ეს ასეა, მაშინ ბავშვური საქციელია. აი, მე ხომ გავგზავნე წერილი, არ მივიღე პასუხი? ნახეთ, რას ვიზამ, „3+3” ფორმატში წავალ… წავლენ თუ არა, მაინც არაფერს წარმოადგენენ ამ ვითარებაში, რადგან ყველაფერს აგვიანებენ.
„3+3” ფორმატში ჩართვას ეს ხელისუფლება ვერ გაბედავს, მაგრამ, თუ მაინც გადაწყვიტა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ამერიკამ დაიკიდა, ფასი აღარ გვაქვს და მივღოღავთ რუსეთისკენ. ჩვენ ისე თავდახრილები ვიქნებით რუსეთის წინაშე, როგორც ვიყავით ამერიკის წინაშე.
სანამ რუსეთი თანასწორივით გვიყურებს, სანამ ფასი გვაქვს, უნდა გადავდგათ ნაბიჯები რუსეთისკენ. დაგვიანება კაპიტულაცია იქნება.
ჩვენ ყველაფერი ერთად გვსურს _ რუსეთს ოკუპანტი ვეძახოთ, თან ლანგრით მოგვართვან ჩვენი ტერიტორიები, თან ამერიკასთან კარგად ვიყოთ და ა.შ. ასე არ გამოვა. ასე თუ აპირებენ გაგრძელებას, მაშინ გადადგნენ და ჩაგვაბარონ ხელისუფლება იმ ხალხს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას მოაგვარებს. ესენი არაფრის მომგვარებლები არ არიან. გამორიცხულია ეს!…
უგულო ადამიანი არ ვარ, მეცოდებიან, ვხედავ ცოდვილობენ, მაგრამ, როგორც კი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გადავხედავ, აღარ მაქვს შეცოდების განცდა. ვხედავ, როგორ ფუფუნებაში არიან თავად და ჩვენ, უბრალო მოქალაქეები, რამდენ პრობლემას ვაწყდებით უტვინო მაღალჩინოსნების გამო.
ვაგზლის ტერიტორია გადაწვეს, გიზგიზებდა ამხელა ტერიტორია და ხანძრის მიზეზი დღემდე ვერ დაადგინეს, გამოძიება დუმს. ასეთი მაგალითები მიტოვებს განცდას, რომ ეს სახელმწიფო არ არის. ყოველდღე რაღაც საშინელება ხდება… იმედოვნებენ, რომ ამ არჩევნებსაც გადააგორებენ, რაღაცები ჩაწყნარდება და რაღაც იქნება…
_ ვერანაირ ნიშანწყალს ვერ ამჩნევთ, რომ საქართველომ შეიძლება რუსეთისკენ ნაბიჯი გადადგას?
_ ვერა, ვერ ვამჩნევ. არის „3+3” ფორმატი, რომელსაც, თუ სურთ, უნდა შეუერთდნენ და მეორე _ რუსეთთან აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ეს ნაბიჯები არ ჩანს.
_ ის წერილი, რომელიც კობახიძემ გაგზავნა, არ იყო გაფრთხილება და თადარიგის დაჭერა?
_ კიდევ ვიმეორებ: ეს წერილი ნიშნავს იმას, რომ, როგორც სახელმწიფო, არაფერს წარმოვადგენთ და ვეძებთ პატრონს, მბრძანებელს. ქართველ ხალხზე ბატონობენ, სხვის მონობას ეძებენ, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნის პატრონობა.
ამბობენ სუვერენიტეტი დავიბრუნეთ, თავისუფლები ვართო. თუ ასეა, გადადგან ნაბიჯები რუსეთისკენ, იმოქმედონ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა უნდა გააკეთონ ეს, სხვა შემთხვევაში დაგვიანებული იქნება, დაგვიანებით ყველა ნაბიჯის გადადგმა კი მუხლებზე ხოხვით მოუწევთ. მათ ვეუბნები: დადექით ფეხზე და ისე მიდით, ხოხვით ნუ მიხვალთ, წელში გამართულები მიდით.
ტრამპისადმი მეორედ გაგზავნილ წერილზე დიდი გნიასის შექმნა პრემიერმინისტრ კობახიძის შეცდომა იყო, რადგან ამ წერილებს ამაერიკაში ყურადღებას არავინ აქცევს, ამაზე არ წერენ ამერიკული გაზეთები და ეს უნდა სცოდნოდა.
კობახიძემ ხვალ რომ განაცხადოს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების შესახებ, ამას ძალიან ცუდი ინტერპრეტაცია მოჰყვება, რადგან ყველა ჩათვლის, რომ მათ ძალაუფლების შენარჩუნება სურთ და არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. აი, ამიტომ არ იყო საჭირო წერილის გასაჯაროება…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი