თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გამო ატეხილი აჟიოტაჟი ნელ-ნელა ჩაცხრა. გაერთიანების შესახებ გამოცხადების პირველივე დღეს, 30 იანვარს, უნივერსიტეტების პროფესორები ქუჩაში გამოვიდნენ გასაპროტესტებლად, მაგრამ ახლა იქ იშვითად ჩნდებიან. 8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის მიერ უნივერსიტეტის დაარსებიდან 108 წელი შესრულდა და იქაც კი ვერ იდგნენ პროფესორ-მასწავლებლები მოწოდების სიმაღლეზე.
,,შეშინებული არიან პროფესორ-მასწავლებლები, მათ ლუკმაპურის დაკარგვის ეშინიათ”, _ წერენ სოციალურ ქსელში.
ეშინია თუ არა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პროტესტის გამოხატვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე გვესაუბრება:
_ შიში ადამიანის თვისებაა. ზოგს არაფერი რომ არ ემუქრებოდეს, მაინც ეშინია. დღეს მართლაც შეშინებულია ხალხი. ეს ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებებმა გამოიწვია. მატერიალურმა სიდუხჭირემ ხალხს შიში ჩაუნერგა, პურის ფულის დაკარგვის ეშინიათ.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველამ იცოდა, რომ ის იყო მტერი, რომლის მმართველობაც, ასე თუ ისე, დასრულდებოდა, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. ლოგიკურად არ მიმდინარეობს პროცესები, გაურკვევლობა კი უფრო დიდ შიშს იწვევს. ივანიშვილის გამოჩენამ, მისმა ფულმა კეთილდღეობის იმედი გააჩინა, მაგრამ იმთავითვე გაურკვეველი და არეული იყო ვითარება.
ივანიშვილი მყარად დაჯდა და დაიწყო საქმის კეთება, მან დიქტატურა დაამყარა ჯერ პარტიაში, შემდეგ _ საზოგადოებაში, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთა და არა სააკაშვილივით უცბად. ახლა გარე ძალამ, დასავლეთი იქნება ეს თუ ჩრდილოეთი, უნდა იმოქმედოს და ივანიშვილს სკამი შეურყიოს, შინგით ამას ვერავინ გააკეთებს, რადგან სააკაშვილის პერიოდისგან განსხვავებით ოპოზიცია არ ჩანს, დღეს ოპოზიციას არც ფული აქვს და არც ხალხის ნდობა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქვეყანა იღუპება, სწორი გზით არ მიდის, მაგრამ ბევრს ეშინია, დღევანდელი ლობიო არ დაკარგოს, ამიტომ ზედმეტი პროტესტით თავს არავინ იწუხებს.
_ ხელისუფლებამ სტუდენტები გააღიზიანა, ამით ცეცხლზე ნავთი შეგნებულად დაასხა? რიგგარეშე არჩევნებისთვის ხომ არ ემზადება და ამიტომ ხომ არ სურს ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება და მერე მათი იოლად მართვა?
_ გაღიზიანებულ სტუდენტებს ვერ ვხედავ. ახლა ქუჩაში ათასობით სტუდენტი უნდა იდგეს, მაგრამ არ დგანან…
რიგგარეშე არჩევნებზე ვერაფერს გეტყვით, თუ ასეა, ძალიან არაპოპულარული ნებიჯი გადაუდგამთ, ხელისუფლებას ხელს არ უნდა აძლევდეს ხალხის გაღიზიანება. ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს, კვლავ ე.წ. ევროპულ ორბიტაზე დგას და ჩვეულ რეჟიმშია.
_ ხელისუფლება ევროპულ ორბიტაზეო, ამბობთ, მაგრამ არაბულ ქვეყნებს უფრო ხშირად სტუმრობენ, ვიდრე დასავლურს…
_ არაბულმა ქვეყნებმა დაინახეს, რომ ბრიყვების ქვეყანაა საქართველო, აქ არის ბრიყვი ხელისუფლება და ნოყიერი მიწები, კარგი კლიმატი და თანაც ეს ქვეყანა ხალხისგან იცლება. მოკლედ, კარგი პლაცდარმია. მალე სანატრელი გახდება თუნდაც ის ჩასვრილი ევროკავშირი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია და, დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ეს გაერთიანება არაფერში გვჭირდება, მაგრამ შეიძლება ისეთ უბედურ დღეში ჩავცვივდეთ, ევროპა სანატრელი გაგვიხდეს.
გაერთიანებულ არაბულ საამიროებში პრემიერმინისტრის სტუმრობის შემდეგ იქ განათლების მინისტრი მიქანაძე ჩავიდა და იქაურ კოლეგას შეხვდა… არაბულ საამიროებზე ყველაფერი შეიძლება ითქვას, მაგრამ იქ განათლებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. ისინი ხალხს ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის ამზადებენ, რადგან მათთან განათლების დაბალი დონეა, მეცნიერება არ არის, მაგრამ ჩვენებს ფულის დანახვაზე თვალები აქვთ ,,დაყვლეპილი”. მთავრობას სურს, რაც დარჩენილია განათლების სისტემაში, მოსპოს და გააჩანაგოს, ჩამოიყვანენ არაბებს, დააფინანსებენ პროგრამებს, იქითაც გაუშვებენ ქართველ სტუდენტებს და აიწყობენ ცხოვრებას. საქმე ის არის, რომ ძალიან დაბალი დონის არაბული ქვეყნებიდან ჩამოიყვანენ სტუდენტებს, რადგან საამიროების მცხოვრებთ ფული აქვთ და აქ არ ჩამოვლენ. ჩამოიყვანენ, აგრეთვე, ინდოეთიდან და პაკისტანიდან, მათზე დიდი გავლენა აქვთ არაბულ ქვეყნებს, ჭარბი მოსახლეობის გადინებაში ეხმარებიან, ეს ხალხი სადღაც ხომ უნდა წავიდეს? ამით გაიზრდება არაბული ქვეყნების გავლენა, მათ თამამად შეეძლებათ თქვან, რომ ასწავლეს მათზე დამოკიდებული ქვეყნების ახალგაზრდებს. ჩამოვლენ სტუდენტები, ისწავლიან, ბევრი უკან დაბრუნდება, ბევრი დარჩება, სტუდენტების ნაკადს დაემატება ახალი ნაკადი და ბევრნი იქნებიან. ეს სურს საუდის არაბეთს, გაერთიანებულ არაბულ საემიროებს და ჩვენები ამაში ხელს უწყობენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ყველა გზა მოიჭრა, ახლა ეშინიათ, რომ ინფლაცია იქნება, ლარის კურსი არ უნდა დაეცეს, ამიტომ საჭიროა ინვესტიცია, არაბებს კი სურთ, ფული აქ ჩადონ, მათ თავისი ინტერესები ამოძრავებთ.
_ განათლების სფეროს რეფორმა რომ განსახორციელებელია, ყველამ იცის, მაგრამ რეფორმა ქვეყნის ორი უდიდესი უნივერსიტეტის გაერთიანებით არ უნდა დაეწყოთო, _ ამბობენ სპეციალისტები. რა გამოვა ამ საქმიდან, ხელისუფლება გაიტანს თავისას?
_ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქ სწავლება არ ყოფილა და არ არის. უნივერსიტეტების გაერთიანება გამოიწვევს ფაკულტეტების შემცირებას, კონტიგენტის შემცირებას. ხელისუფლებას კონცეფცია არ გამოუქვეყნებია, არავინ იცის, აღნიშნული სასწავლებლების გაერთიანებაში რა იგულისხმება, ასე არ შეიძლება მოექცე აკადემიურ საზოგადოებას. კი აპროტესტებენ, მაგრამ არ იციან, რას. აქ მთავარია, რომ არ წარმოადგინეს კონცეფცია. ეს ამ ხელისუფლების მეთოდია, ანალოგიური რამ გააკეთეს არაბულ ქალაქებზე _ კონცეფცია არ წარმოადგინეს, ყველაფერს ასაიდუმლოებენ.
ხელისუფლებას სურს, უნივერსიტეტში შემოიღოს წამყვანი პროფესორის თანამდებობა, რომელიც იქნება მორჩილი, ასე ვთქვათ, ,,ოდეერების” დანიშვნა სურთ, რათა სრულად დაიქვემდებარონ უნივერსიტეტი. ყველა უმაღლეს სასწავლებელს მიადგებიან. განათლების მინისტრი მიქანაძე ვინ არის, არ ვიცი, ამხელა საქმეს რომ მიადგა, ნიკო კეცხოველი ხომ არ ჰგონია თავი?
სწავლის ხარისხი არ მოიმატებს, ხელფასების მომატება სწავლების დონეს ვერ აამაღლებს… რუსულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები არ ეთვლებათ პროფესორებს, ეს ცუდია და ამაზე ხმა არის ამოსაღები, მიმდინარეობს რუსული ენის დისკრიმინაცია და ამით ახალგაზრდებს აიძულებენ, რუსული არაფერი მიიღონ, მე კი ახალგაზრდებს ვეტყვი: წადით, ბავშვებო, ისწავლეთ რუსეთში, იქ ცოდნას მიიღებთ, რაც მთავარია, გაეცალეთ ამ ქვეყანას!..
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







