ნობელის პრემია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდაა აღიარებული. ნობელის პრემიის ერთი საინტერესო მიმართულებაა ჯილდო მშვიდობის განმტკიცების საქმეში. ვერსად ისე უსაზღვრო (თაღლითობამდე მისულ) ტენდენციურობას ვერ ნახავთ, როგორც ამ მიმართულებაში. ამ ნათქვამის დასადატურებლად ის ფაქტიც იკმარებს, რომ გერმანული ფაშიზმის დამარცხებაში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებასა და პლანეტაზე მშვიდობის დამყარებაში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო ნობელის პრემია არ მიუნიჭებიათ სტალინისთვის. ირკვევა, რომ იგი ორჯერ (1945-48 წ.წ.) წარუდგენიათ ამ ჯილდოზე, მაგრამ მას თვითონ უარი განუცხადებია.
ჩემთვის სტალინის პოზიცია სრულიად გასაგებია. დასავლეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში გამარჯვებისთვის მას დასავლური ჯილდო (თუნდაც ისეთი პრესტიჟული, როგორიც ნობელის პრემიაა) არ უნდა მიეღო. ეს პრემია მის ღირსებას კი არ აწევდა, პირიქით. გასათვალისწინებელია მეორე მომენტიც: თვით ნობელის პრემიის კომიტეტი თუ იქნებოდა მზად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ლიდერისა და უმაღლესი მთავარსარდლისთვის ჯილდოს მისანიჭებლად? ალბათ, არა! ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ არც ჩერჩილისთვის და არც რუზველტისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არ მიუნიჭებიათ. ფაშიზმის დამარცხებაში მათი როლიც ხომ იყო? საქმე ის არის, რომ, მათ თუ მიანიჭებდნენ ამ პრემიას, მათთან ერთად (პირველ რიგში) ამხანაგი სტალინიც უნდა ყოფილიყო. ამას კი დასავლეთი არ დაუშვებდა, ამიტომ 1945 წელს მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია აშშ-ის სახელმწიფო მდივან კორდელ ჰალს მიანიჭეს. თუ ამ დონეზე უნდა გაეცათ პრემია, რატომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან კორდელ ჰალს მისცენ და არა სსრკ–ის საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ მოლოტოვს? იმიტომ, რომ იმიტომ…
საბჭოთა კავშირიდან ეს პრემია ორ ადამიანს გადაეცა: საბჭოთა კავშირის დაუძინებელ მტერს, აკადემიკოს ანდრეი სახაროვსა და საბჭოთა კავშირის მესაფლავეს, პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს. გორბაჩოვმა მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ნობელის პრემია 1990 წელს, ანუ საქართველოში 9 აპრილის ტრაგედიის დატრიალების შემდეგ მიიღო. სხვათა შორის, იმხანად უკვე ბევრგან ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი დაღვრილი, მაგრამ ნობელის პრემიის კომიტეტში ამგვარი „წვრილმანები” არ აინტერესებდათ. მათთვის მთავარი იყო ის, რომ ამხანაგი, უკაცრავად, ბატონი გორბაჩოვი საბჭოთა კავშირს მიზანმიმართულად ანგრევდა.

ნობელის პრემიაზე სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ხომ ძალიან სურს ამ პრემიის მიღება? ამიტომ ცდილობს, მშვიდობის მტრედად მოაჩვენოს თავი მსოფლიოს. რამდენიმე ომს ასახელებს კიდეც, რომლებიც უშუალოდ მან „დაასრულა”. სად? როდის? რომელი?
2026 წლის 3 იანვარს დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელებით მსოფლიოს ამცნო შემდეგი: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“
მანამდე იყო ირანი. 2025 წლის 21 ივნისს თეირანში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შესახებაც ტრამპმა სოციალური ქსელებით ამცნო მსოფლიოს: „ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება შინ. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!“
ძველი ამბებიც გვახსოვს:
„2017 წლის 7 აპრილს, გამთენიისას, აშშ-მა სირიის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა. ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი საესკადრილიო ნაღმოსნიდან (USS Ross და USS Porter) სირიის მიმართულებით BGM-109 Tomahawk-ის ტიპის 59 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. ამერიკელების სამიზნეს შარიათის სამხედრო ავიაბაზა წარმოადგენდა. რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის ბრძანება პირადად გასცა”. ამას ტრამპის „საბრძოლო ნათლობა” უწოდეს.
ისიც გვახსოვს, როგორ მიაყენა ტრამპმა საზღვაო-სამხედრო არმადა ჩრდილოეთ კორეას, თუმცა, წააწყდა რა კიმ ჩენ ინის პრინციპულ პოზიციას, გასროლა ვერ გაბედა და უკან გაბრუნდა. ეს იყო ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის პერიოდში.
დონალდ ტრამპი მშვიდობის მსოფლიო ქურუმობას კი ეპოტინება, მაგრამ ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევას ისევ და ისევ ბომბების გამოყენებით ცდილობს, ამიტომ იგი ისტორიას დონალდ ტრამპზე მეტად, ალბათ, დონალდ ბომბდამშენის სახელით შემორჩება.

* დონალდ ბომბდამშენი დაბომბვით ერთდროულად ემუქრება ქვეყნების ჯგუფს: კუბას, კოლუმბიას, მექსიკას, ნიგერიას, ნიკარაგუას… ნობელის პრემიის კომიტეტი კი, რომელმაც უპასუხისმგებლო და სისხლიან გორბაჩოვს გადასცა მშვიდობის პრესტიჟული პრემია, ალბათ, ამჯერადაც ანალოგიურად მოიქცევა;
* დონალდ ბომბდამშენი აპირებს კანადის (ტერიტორიით მსოფლიოში მეორე, ანუ თვითონ აშშ-ზე დიდი სახელმწიფოს) შემოერთებას, რადგან ასე თვლის საჭიროდ მისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე;
* დონალდ ბომბდამშენი მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულის, გრენლანდიის, აშშ-ისთვის შეერთებას აპირებს, რადგან ასე თვლის საჭიროდ მისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე;
* დონალდ ბომბდამშენი აშშ-ისთვის პანამის არხის დაქვემდებარებას აპირებს, რადგან ასე თვლის საჭიროდ მისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე;
* დონალდ ბომბდამშენმმა არა მხოლოდ სახელმწიფოები, არამედ მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალიც დაბომბა: „მე არ მჭირდება საერთაშორისო სამართალი.
ჩემი საკუთარი მორალი, ჩემი საკუთარი გონება – ეს ერთადერთია, რასაც შეუძლია, შემაჩეროს“, – აცხადებს იგი.
მეორე მსოფლიო ომმა, რომელიც დასავლური იმპერიალიზმისა და დასავლური ფაშიზმის უკანონო შვილი იყო, სამოცდაათ მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო მსხვერპლი, რომელიც დასჭირდა ომის იდეოლოგიისა და ომის მანქანის ალაგმვას, რათა მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის რეალური მექანიზმები ამოქმედებულიყო გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს სახით. მას შემდეგ ოთხმოცი წელიწადი გავიდა. დღეს არც ერთი არსებობს და არც მეორე, სამაგიეროდ, გამოჩნდა კაცი, რომელმაც დაივიწყა სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა დემოკრატიული ფალას-ფულასი, რომლითაც აქამდე ამერიკულ ძალმომრეობას ფუთავდნენ და ბომბდამშენური სიამაყით გვაუწყა, რომ მსოფლიოს ბედს ამიერიდან საკუთარი გონებისა და მორალის შესაბამისად გადაწყვეტს.
ისღა დამრჩენია, რომ ამერიკული (საერთოდ, დასავლური) იმპერიალიზმითა და ცხოვრების წესით აღტაცებულ (როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის) იდიოტებს მივულოცო დასავლური პოლიტიკური აზროვნების ეს ლოგიკური ფინალი. ამ ფინალამდე ერთხელ უკვე მივიდა დასავლური აზროვნება. დასავლური პოლიტიკური მორალისა და აზროვნების მწვერვალი ადოლფ ჰიტლერი ამბობდა: „დიადი მიზნისთვის გაღებული ვერანაირი მსხვერპლი ვერ იქნება ძალიან დიდი!” დონალდ ბომბარდირიც ამ გზაზეა შემდგარი. ოღონდ ამერიკა იქცეს მსოფლიოს მბრძანებლად და ამ „დიადი მიზნის” მიღწევის გზაზე მისთვის მესამე მსოფლიო ომიც არ იქნება „ძალიან დიდი მსხვერპლი”.
ეს ყველაფერი საკითხის ერთი მხარეა. საკითხის მეორე მხარე კი არის ის,როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე. რა მდგომარეობაში აღმოჩნდება საქართველო იმ შემთხვევაში, როდესაც დონალდ ბომბდამშენის პრინციპით ამოქმედდებიან ის სახელმწიფოები, რომლებსაც თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში რაღაც დასჭირდებათ. მაგალითად: ერთ მშევენიერ დღეს მეზობელი თურქეთის პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთზე დაწერილი სენტიმენტალური ლექსის დეკლამაციით კი არ შემოიფარგლება, არამედ დონალდ ბომბდამშნივით გამოაცხადებს, რომ თურქეთის უსაფრთხოებისთვის სჭირდება აჭარის მიერთება. საინტერესოა, ოთხმოცდაათმილიონიან, კბილებამდე შეიარაღებულსა და ნატოს წევრ უზარმაზარ თურქეთს რას დაუპირისპირებს სამმილიონიანი, სუსტი და მოკავშირის გარეშე დარჩენილი საქართველო?! მეორე მეზობელმა, ათმილიონიანმა და ასევე კბილებამდე შეიარაღებულმა, მდიდარმა აზერბაიჯანმაც დონალდ ბომბდამშენივით რომ გამოაცხადოს, ქვემო ქართლის ტერიტორიები ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მჭირდებაო, თურქეთმა კი მას ამ საქმეში მხარი აუბას, ჩვენ სად მივდივართ? ჩვენ – ქართველები, რომლებსაც ვერც მსოფლიო წესრიგი და ვერც საერთაშორისო სამართალი ვერ დაგვიცავს, რადგან ერთიც და მეორეც მიწასთან არის გასწორებული, ვის მივადგებით დახმარების თხოვნით? ჩინეთს? სანამ ისინი მოჭუტულ თვალებს მოიფშვნეტენ და ჩვენკენ გამოიხედავენ, თურქები, აჭარას კი არა, გურიასაც გამოსცდებიან, აზერბაიჯანელები კი რუსთავიდან დაგვიქნევენ ხელს. ამასობაში სომხებსაც, თავიანთი ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზღვაზე გასასვლელის მადა გაეხსნებათ და, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს ვერც ძლიერებითა და ვერც სიმდიდრით ვერ შეედრებიან, რაღაცას მაინც შემოგვედავებიან… მძიმე სურათი იხატება ხომ? ჰოდა, მართლა რომ დაიხატოს ასე მძიმე სურათი, რას ვიზამთ-მეთქი, გკითხეთ. რუსეთი ხომ არ გაგახსენდათ, როგორც ბოლო იმედი? ვიცი, რომ გაგახსენდებოდათ, მაგრამ უფრო დავამძიმოთ სურათი და წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთმა ნატოსკენ გაგვგზავნა… თუმცა ეს რაღაც არ გამოდის, ნატო ოთხი ასოა, რუსებმა კი სამ ასოზე იციან-ხოლმე გაგზავნა. არა, რატომ, მშვენივრად გამოვა. დღეს ნატო ზუსტად ის არის, რასაც რუსები სამი ასოთი გამოხატავენ. ჰოდა, რუსებმა რომ გვითხრან, თქვენ ხომ მთელი ცხოვრება ნატოზე იყავით შეყვარებული და იმას მიმართეთო, ანუ მართლა სამ ასოზე გაგვაგზავნონ, ასეთ შემთხვევაში რას გავაკეთებთ? ვერაფერსაც ვერ ვიზამთ, ისე გაგვწეწავენ, როგორც ქორი წიწილებს. ეს გამოგონილი სიტუაცია როდია, კარს მომდგარი რეალობაა, ამიტომ რუსეთთან იმ დროს კი არ უნდა მივიდეთ, თურქები გურიას რომ გამოსცდებიან, აზერბაიჯანელები რუსთავიდან დაგვიქნევენ ხელს და სომხები ქობულეთიდან მოგვიკითხავენ, მანამდე, ანუ დღესვე უნდა მივიდეთ და ვუთხრათ: ჩვენ ჩვენი სულიდან და გულიდან განვაგდეთ სატანა და ვბრუნდებით იქ, სადაც ჩვენი ისტორიული და ღირსეული ადგილია – მართლმადიდებელ რუსეთთან, მართლმადიდებელ ბელარუსთან, რომელსაც აუცილებლად შეუერთდება მართლმადიდებელი უკრაინა. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ურთიერთპატივისცემის, მაღალი კულტურის, სოციალური სამართლიანობისა და კოლექტიური უსაფრთხოების კავშირი (ქოლგა), მაშინ ვერავინ გაგვიბედავს, ტერიტორია წაგვართვას, ღირსება შეგვილახოს, სულში ჩაგვაფურთხოს. ამ წინადადებით მისულებს არც ოთხ ასოზე გაგვაგზავნიან და, მით უფრო, არც სამ ასოზე; მოგვისმენენ, ყურადღებით მოგვისმენენ და გვეტყვიან – როგორც იქნა!
დროზე თუ მივალთ, რეაქცია ასეთი იქნება. დიახ, დროულად უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი. ორი რამ სჭირდება ამას – გონება და გაბედვა, რომელიც, არავინ იცის, აღმოგვაჩნდება თუ არა.
ვალერი კვარაცხელია







