გიორგი ხარიბეგაშვილი: პუტინის განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენების აფეთქების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ,,გლობალურ დასავლეთს” დაეკისრება

    „რუსეთში საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება ისევ გაბუტული ბავშვის პოზაში დგას და არ ცდილობს ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყებას, რათა ის, რაც გარდაუვლად მოხდება, ჩვენთვის მომგებიანი პირობებით განხორციელდეს”

    გიორგი ხარიბეგაშვილი

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს. საუბარია შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენების შესაძლო აფეთქებაზე. ეს არის „თურქული  ნაკადი” და „ცისფერი ნაკადი”. ვერ ისვენებენ, ყველაფერს აკეთებენ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩასაშლელად“.

    ,,თურქული ნაკადი“ და „ცისფერი ნაკადი“ შავი ზღვის ფსკერზეა გაყვანილი და უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის  მიწოდებას თურქეთში, ხოლო შემდეგ _ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში…

    რა საფრთხე შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული გაზსადენებისთვის პრობლემების შექმნას? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:

    _ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენების _ „თურქული ნაკადისა” და „ცისფერი ნაკადის” შესაძლო აფეთქების შესახებ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს განცხადება სადაზვერვო მონაცემებს ეყრდნობა და არა რაღაც პროპაგანდას, როგორ ინტერპრეტაციასაც პროდასავლური მედიები აძლევენ.

    პუტინმა ამ განცხადებით დასავლელი პოლიტიკოსები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული უკრაინელი დივერსანტები გააფრთხილა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ამ გაზსადენების აფეთქების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ,,გლობალურ დასავლეთს” დაეკისრება და, სანამ ,,ჩრდილოეთის ნაკადის~ შემთხვევას გაიმეორებენ, კარგად დაფიქრდნენ.

    აღნიშნული გაზსადენები  ბუნებრივი აირით ამარაგებს თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპას. შესაბამისად, მათი აფეთქება ევროპის იმ ქვეყნების ინტერესშია, რომლებსაც გაზსადენებიდან პირდაპირი სარგებელი არ აქვთ. დიდი ხანია, ევროპაში აცნობიერებენ, რომ რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება მათთვის კატასტროფული იქნება. სანქციები არ  მუშაობს, ვერც რუსეთის გარშემო შეკრეს ცეცხლოვანი რკალი, ამიტომ ალტერნატიული გზების ძიებაში არიან. ასეთ გზად კი მათ, პირველ რიგში, რუსეთის ეკონომიკურად დაზარალება მიაჩნიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ, თუ რუსეთს ბუნებრივი აირისა და ნავთობის გაყიდვა მკვეთრად შეუმცირდება, მისი  ეკონომიკა ომის გაგრძელებას ,,ვეღარ გაუძლებს~ და იძულებული იქნება, მოლაპარაკებებში სერიოზულ დათმობებზე წავიდეს…

    _ რა შეიძლება მოიმოქმედოს ვლადიმერ პუტინმა დივერსიის წინააღმდეგ?

    _ ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება, ამ გაზსადენების აფეთქების მცდელობები აღკვეთოს, როგორც შავ ზღვაზე პატრულირების გაძლიერებით, ასევე დასავლეთის მიმართ ტონის გამკაცრებით. თუ გაზსადენებს ააფეთქებენ ან რუსეთის ტერიტორიაზე მოიმატებს დივერსიულ-ტერორისტული აქტები, დიდი შანსია, დასავლეთთან პოლიტიკური დაძაბულობა სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს.ვერ ვიტყვით, ეს რა მასშტაბის კონფლიქტი იქნება, ვერც იმას, ვის აქვს ეს განზრახული, მაგრამ კანონზომიერია, რომ დიპლომატიის არარსებობის პირობებში პოლიტიკური ესკალაცია ომით დასრულდება, ამის სურვილი მხარეებს სულაც რომ არ ჰქონდეთ.

    _ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

    _ ამ ეტაპზე რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩვენი ჩათრევის საფრთხე არ არსებობს, თუმცა იზრდება რუსეთის ლეგიტიმური ინტერესი სავაჭრო გზების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიმართ, ვინაიდან საერთაშორისო წესების გაუქმების პირობებში არ არსებობს რაიმე გზა მიწაზე თუ წყალქვეშ, რომელიც დაცული იქნება ტერორისტული თავდასხმებისგან. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ რუსეთში საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ალაპარაკდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხელისუფლება ისევ გაბუტული ბავშვის პოზაში დგას და არ ცდილობს ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყებას, რათა ის, რაც გარდაუვლად მოხდება, ჩვენთვის მომგებიანი პირობებით განხორციელდეს.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here