გიორგი ხარიბეგაშვილი: თუკი ეს ხელისუფლება რამეს გადაჰყვება, ეს იქნება ,,არაბიზაციის პროცესი”

    ,,ეჭვის საფუძველს იძლევა ხელშეკრულების შინაარსის კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადება. თუ ასეთი სარგებლის მომტანია ეს ინვესტიცია, რა აქვთ დასამალი?!”

    ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს არაბული  ინვესტიციის სიკეთეში ქართველი საზოგადოების დასარწმუნებლად. ამ ინვესტიციისადმი მიძღვნილ სარეკლამო რგოლში თვითონ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა და განმარტა, რომ 6,6-მილიარდიანი არაბული ინვესტიცია საქართეელოს ბიუჯეტს გაზრდის, რომ 14 ათასზე მეტი ბინა აშენდება და ამ ბინების  მხოლოდ ნახევარს შეიძენენ უცხოელები. პრემიერმა ასევე გვითხრა, რომ კრწანისის ტყე-პარკი მოსავლელია, ამასაც არაბები გააკეთებენ… ამ სიკეთეების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილი ამ ინვესტიციის წინააღმდეგია. დაანონსებულია რამდენიმე აქციაც, მათ შორის კონსერვატორების…

     რა საფრთხეს ხედავენ ქართველები 6,6-მილიარდიან არაბულ ინვესტიციაში და რატომ აპროტესტებენ მას? ამ საკითხზე ანალიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი  ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:

    _ ამ ინვესტიციაში ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა ხელშეკრულების შინაარსის კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადება. თუ ასეთი სარგებლის მომტანია ეს ინვესტიცია, რა აქვთ დასამალი?! არაბი ინვესტორის, მოჰამედ ალი ალაბარის, თქმით, ,,იგლ ჰილსის” მიერ აშენებული ბინების 60 პროცენტი უცხოელებზეა გათვლილი. საიდან მოიტანა ინვესტორმა ეს  მონაცემი, თუ ბაზრის წინასწარი მოკვლევა არ ჩაუტარებია?! რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ აქ საცხოვრებლად აშშ-დან არავინ ჩამოვა და ჩამოსული უცხოელები მდიდარი არაბები იქნებიან. ამასთანავე, უკვე გაცხადებულია 30 000 კვალიფიციური მუშახელის ჩამოყვანა. გვითხრან, რომელი ქვეყნებიდან მოდიან ისინი, სად ვასახლებთ და რა პირობებით ან ამ ინვესტიციას ჩვენი ემიგრანტი მოქალაქეები რატომ ვერ ჩამოჰყავს, როგორი იქნება ახალაშენებული ქალაქების იურიდიული სტატუსი და ა.შ. ხელისუფლება ბევრს არაფერს  აკონკრეტებს და შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ გვამშვიდებს, სიტყვაზე გვენდეთო, მყარი გარანტიების გარეშე.  რატომ უნდა ვენდოთ სუბიექტს, რომელიც სხვა ცივილიზაციის ინტერესებს წარმოადგენს?

    _ პრემიერმა  და თბილისის მერმა განმარტეს, რომ ამ ინვესტიციიდან შემოსული თანხით დაფინანსდება ჯანდაცვა, გარკვეული ნაწილი მოხმარდება სოციალური პრობლემების მოგვარებას, მოიმატებს პენსიები, ამასთანავე, დასაქმდება 24 ათასი ადამიანი. თუ ეს ასე იქნება, რატომ არ მოსწონს ხალხს?

    _ ეს მხოლოდ დაპირებაა და ამ საკითხებზე არანაირი დოკუმენტი არ გვინახავს. ჯერ გაურკვეველია ინვესტიციის ჩადების სტრუქტურაც. შეიძლება ინვესტორმა დაპირებული თანხის 1 პროცენტი ჩადოს იმ დათქმით, რომ დანარჩენს წლების შემდეგ დაფარავს, ოღონდ ამასობაში მას დაკანონებული ექნება უზარმაზარი ფართობის მიწა. გარდა ამისა, ჩნდება ეჭვი, რომ ამ თანხების აკუმულირება ისევ ,,ოცნების” ფეოდალების ხელში მოხვდება…

    _ არაბული ინვესტიციის უკან რამე გარიგებას, სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას ხომ არ ხედავთ?

    _ არა მგონია, შეთქმულებასთან გვქონდეს საქმე. ეს დიდი ფულის სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფასა და გაწირვას უფრო ჰგავს. მოქმედ მაღალჩინოსნებს მხოლოდ მოკლევადიანი გათვლა აქვთ _ სურთ, შემოსული თანხის გარკვეული პროცენტი მათ ჯიბეში დაილექოს და ფულის გათეთრების ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდეს. რაც შეეხება გრძელვადიან შედეგებს, ეს მათ არ აინტერესებთ, რადგან თავიანთ მომავალს სხვა ქვეყნებს უკავშირებენ _ ნაშოვნი ფულით მდიდარ ქვეყნებში აპირებენ გადასახლებას. გრძელვადიანი შედეგი წლების შემდეგ იქნება ,,დიდი თურანის” პროექტისთვის სათანადო დემოგრაფიული სურათის შექმნა… ნეოოსმალურ იმპერიას აუცილებლად გაუჩნდება ,,გურჯისტანის ვილაიეთში” ერთმორწმუნეების დახმარებისა და ,,მჩაგვრელი ქაფირების” წინააღმდეგ ბრძოლის საბაბი.…

    _ იმედოვნებთ, რომ არაბული ინვესტიციის საწინააღმდეგო აქციაზე საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვა და შედეგად ხელისუფლება შეაჩერებს აღნიშნულ ინვესტიციას? ხელისუფლება  ამბობს, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ და ვერ მოხდება…

    _ ცხადია, საპროტესტო აქციაზე გამოსულთა რაოდენობაზე წინასწარ ვერ ვიმსჯელებთ, მგრამ ფაქტია, რომ ამ პროექტს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება,  რაც ჩანს როგორც სოციალურ ქსელებში გამოხატული რეაქციებიდან, ასევე იქიდან, რომ ხელისუფლებას უწევს პროპაგანდისტული მანქანის ამოქოქვა თავისთვის სასურველი განწყობების გენერირებისთვის. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: თუკი ეს ხელისუფლება რამეს გადაჰყვება, ეს იქნება ,,არაბიზაციის პროცესი”, რადგან ეს პრობლემა ყველას კარზე მიაკაკუნებს და მზარდ აგრესიას, დაგროვილ ბრაზს სწორედ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here