რამდენიმე დღის წინათ სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ შედის სამების საკათედრო ტაძარში შორტიანი მოქალაქე, რომელსაც ტაძრის ერთ–ერთმა მოძღვარმა შენიშვნა მისცა. მოქალაქემ შენიშვნა არ მიიღო, პირიქით _ შეურაცხყო სასულიერო პირი, რომელსაც ეუბნებოდა, რომ ამერიკიდან ჩამოვიდა და ვიდეოს, რომელსაც იღებდა, სრულიად ამერიკას აჩვენებდა…
გაბრაზებული და წონასწორობადაკარგული სასულიერო პირისა და შორტიანი “მომლოცველის” მართლმადიდებლურ ტაძარში ლანძღვა–გინება ძალიან არასასიამოვნო სანახავი და მოსასმენი იყო… “ამერიკიდან ჩამოვედი”, “ამერიკას ვაჩვენებ ამ კადრებს” _ ეს არის სიტყვები ამერიკიდან ჩამოსული შორტიანი კაცისა, რომელიც საქართველოს ერთ–ერთი კუთხიდან _ გურიიდან ყოფილა წარმოშობით. სოციალურ ქსელში კომენტარები კი ასეთი იყო: “ის დემოკრატიული ქვეყნიდან ჩამოვიდა?”, “ამერიკის ტაძრებში შორტებით დადიან?”
სად გადის ზღვარი დემოკრატიას, თავისუფლებასა და ზნეობას შორის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პროზაიკოსი გიორგი გახიკიძე (გიგო რიონელი) გვესაუბრება:
_ რაც შეეხება ტაძარში მომხდარ ფაქტს, ის ჯიუტია, როგორც მიტოვებული თხა, რომელსაც ყველაფერი გასდის რქების წყალობით. ასეთი თხები შეესევიან ხოლმე ეკლესიის ეზოს და ცდილობენ, გადათელონ უფლის კარ-მიდამო. მათ ავიწყდებათ, რომ უფლის სახლს მწყემსი პატრონობს, მაგრამ ვაცობას მაინც ცდილობენ.
უცხო ეზოდან შემორეკილ და ქართულად მეტყველ თხებს არაფერი დარჩენიათ, გარდა ავად კუნტრუშისა.
სწორედ ასეთი “კუნტრუშა” რქიანი გამოგვეცხადა ჭკუის სასწავლებლად სამების საკათედრო ტაძარში. სანამ ტელეფონის კამერით ჩაწერას დაიწყებდა, ტაძრის საკურთხეველი შეურაცხყო თავისი ქმედებით. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, არ შეისმინა სტიქაროსანთა თხოვნა და ჯიუტად განაგრძობდა როგორც მართლმადიდებლური ტაძრის, ასევე რწმენის შეურაცხყოფას, რომელიც ქართველთათვის სიწმინდეა.
მას შემდეგ, რაც ჩაწერა დაიწყო, ჯიუტად აპელირებდა სამოსზე ანუ შორტზე, რომლითაც ტაძარში შესვლა დაუშვებელია ქართველი მამაკაცისთვის. მან შესანიშნავად იცოდა, რას სჩადიოდა. დავალება პირნათლად შეასრულა, რომელიც, ალბათ, დაუფასდება.
არსებობს ე.წ. დრესკოდები ( “სამოსის კოდექსი”) საზოგადოებრივი დაწესებულებებისთვის, როგორებიცაა სკოლა, ბანკი, რესტორანი, კლუბები, თეატრი და ა.შ., ამიტომ რა გასაკვირია, თუ საუფლო-სასულიერო დაწესებულებაში იმოქმედებს აკრძალვები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს იქ შესულმა პიროვნებამ?! საქმე არის არა დრესკოდში, არამედ მოძღვარსა და მოქალაქეში. “თხის” მცდელობა, მწყობრიდან გამოეყვანა მოძღვარი, შესრულებულია.
მინდა, დავით გურამიშვილის ციტატით მივმართო მას და მისთვის ტაშისმკვრელ საზოგადოებას: “ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?”
ერისთვის სამარცხვინოა ის საზოგადოება, რომლისთვისაც უსინდისობა ზნეობის საპირწონეა. სიხარბითა და უცხვირპირობით სიამაყე დასჩემდა მავანს. ადამიანობა დაუკარგავთ მათ. აბა, თხის ადამიანობა ვინ გაიგონა?! “ბაძვით მორცხვიც გაურცხვდების, უსირცხვილოს თუ არ არცხვენ!” _ ესეც გურამიშვილის ნათქვამია…
ეროვნებადაკარგულ არსებას ვერ უწოდებ ადამიანს, რადგან ის კი არ ცხოვრობს, არამედ არსებობს. ცხოვრობდე ნიშნავს, გქონდეს რწმენა, ფასეულობები და ადგილსამყოფელი, რათა რწმენით დაეყუდო და ფასეულობებით იცხოვრო. როცა ასეთი რამ ადამიანისთვის უცხოა, ის ბუტაფორიაა.
დემოკრატიის მამად წოდებული არისტოტელე თვლიდა, რომ დემოკრატია არ არის მმართველობის სრულყოფილი ფორმა, რადგან ხალხზე გათვლილი მმართველობის ასეთი ფორმა ანარქიამდე მიიყვანს სახელმწიფოს. განვმარტავ: როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების დაუხმარებლად, ეს ქაოსია.
ვერ გამოდგა ბერძნული დემოკრატია სახელმწიფოებისთვის სიკეთის მომტანი. სოკრატესაც არ მოსწონდა დემოკრატია.
პართენონის წინ პოლიტიკოსთა პოზირება ვერ მისცემს მათ სახელმწიფოებს დემოკრატიას. მათ, ხიბლში ჩავარდნილებს, მხოლოდ გემის შტურვალთან დგომა და მართვა ხიბლავთ. ამერიკულ დემოკრატიას წყალი შეუდგა და ახალ რელსებზე ლამობს გადასვლას, რაც ჯერჯერობით ძალიან მტკივნეული პროცესია აშშ-ისთვის, ხოლო მისი კოლონიებისთვის _ მომაკვდინებელი. განა მხოლოდ აშშ-ში, ბევრ სახელმწიფოში აღარ არის ის დემოკრატიაც კი, რომელსაც ბერძენი ფილოსოფოსები აკრიტიკებდნენ.
_ აშშ შეიძლება იყოს მართლმადიდებლური საქართველოს მეგობარი, იმის მიუხედავად, ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში?
_ უწინარესად, ვთქვათ: არსებობს თუ არა სახელმწიფოთებს შორის მეგობრობა? _ არ არსებობს! ამ ე.წ. მეგობრობით გვაქციეს თუ არა ისეთ სისხლისმსმელ სახელმწიფოდ, როგორიც ამერიკაა? _ დიახ! ჩვენში სახელმწიფო ებრძვის ხალხს, ადამიანები ებრძვიან ერთმანეთს.
ეს გვჭირს ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, უზრა ზეიას, ვიზიტმა ცხადყო, რომ არანაირი გადატვირთვის პოლიტიკა არ არსებობს და ამერიკელები მხოლოდ ბატონის პოზიციიდან ხელმძღვანელობენ. შესაბამისად, გადატვირთვის პოლიტიკაზე სიტყვის დაძვრაც კი მათი პრეროგატივაა და არა ქართული სახელმწიფოსი. როგორ შეძლებს ქართული სახელმწიფო აქედან თავის დაღწევას, ძნელი სათქმელია, მაგრამ გამოსავალი არის და ეს გამოსავალია კონსტიტუციური მონარქია. სხვა შემთხვევაში ჩვენ კვლავ განვაგრძობთ მოჯადოებულ წრეზე სიარულს.
_ ჩვენ დემოკრატიაზე გვესაუბრებიან, მაგრამ რა არის საქართველოს, როგორც მართლმადიდებელი სახელმწიფოს, არსი?
_ სრულმასშტაბიანი გადაწყობა ახალ მმართველობით ფორმაზე.
ამით მათ ხელ-ფეხი შეკვრებათ, მაგრამ დღეს ძლიერი დასაყრდენი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მართული მედიის სახით. მათი ძალისხმევა სწორედ ამ სექტორზე გადის და ყველა ბერკეტს აამუშავებენ, რათა გეგმა არ ჩაეშალოთ. ყრუნი და ბრმანი კი ძველებურად განაგრძობენ არჩევნებზე სიარულს და მონის ფსიქიკით ხმის მიცემას.
სოკრატე ამბობს, რომ ხმის მიცემა არის უნარი და არა, უბრალოდ, ინტუიცია, ამიტომ ის, როგორც სხვა ნებისმიერი უნარი, უნდა ისწავლებოდეს. მოქალაქისთვის განათლების გარეშე ხმის მიცემის უფლება ისეთივე უპასუხისმგებლობაა, როგორც მისთვის გემის საჭის ჩაბარება…
სოკრატემ თავის თავზე გამოსცადა ხმის მიცემის უფლების შემზარავი განაჩენი, როცა გაასამართლეს და ხალხისთვის მინიჭებული არჩევანის უფლებით ძვ. წ. აღ. 399 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა _ საწამლავი დალია. ანალოგიურად გაასამართლეს უფალი იესო ქრისტე _ მას უმრავლესობამ გამოუტანა განაჩენი. რას ჩავდივართ ჩვენ, როცა ვმოქმედებთ უპრინციპოდ და მხოლოდ ინსტიქტებით? განაჩენი გამოგვაქვს იმ სახელმწიფოსთვის, რომელშიც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვცხოვრობთ და სიკვდილსაც იქ ვაპირებთ.
ისე ნუ ვიზამთ, სანამ გარდავიცვლებით, საქართველო მოვკლათ!
_ ტაძარში ,,ტრუსიკით” შევარდნილი კაცი, რომელიც საკურთხეველშიც ცდილობდა შეღწევას, ამერიკაში მცხოვრები გურული აღმოჩნდა… რა დაემართათ ქართველებს?
_ რა და უღმერთობა, გაუნათლებლობა, უვიცობა, უკულტურობა, სმა-ჭამისა და ეროვნული ცეკვების ამარა დარჩენილობა!
რით ვიწონებთ თავს? გეტყვით: ის რაც ვერ წაგვართვეს, არის ძალა და ყიჟინა. ყიჟინას დავცემთ და გვესმის თუ არა, სხვას ხომ ვაწვდენთ, როგორც სიკეთის ისე სიბოროტის ხმას? რა დაგვემართა?
არა ერეკლეობა;
არა დავითობა;
არა სააკაძეობა;
არა თამარობა;
არა გიორგი ბრწყინვალეობა;
არა ამბროსი ხელაიობა;
არა მღვდელი თევდორეობა;
არა შუშანიკობა…
დაგვემართა: ბერძენიშვილობა, გირჩელობა, ლელოობა, ჯენზელობა, სააკაშვილობა, ბიძინობა, ყვარყვარიზმი, კიკუობა, კვაჭანტირაძეობა, თათქარიძეობა, ტარიელ მკლავაძეობა და ა.შ.
აი, ეს უბედურება გვჭირს. ახია ჩვენზე, ახი! და უფალიც საზღაურს გვივლენს მფარველობასთან ერთად.
გავიგებთ ოდესმე ამას, გადავრჩებით თუ არა, ჩვენც გლობალური მსოფლიოს სიბრტყეზე აღმოვჩნდებით, თუმცა უკვე ვართ.
ახალი სახელმწიფო ამოცანაა ამ სიბრტყეზე ახალი გეოპოლიტიკური არეალის პოვნა, რაც კიდევ ერთხელ იხსნის საქართველოს დაღუპვისგან.
საქართველოს სახელმწიფო დღეს ისეთი უპრინციპოა, როგორც არასდროს. ეს ილუზორულ-ტრანსული მდგომარეობა, სამწუხაროდ, არაფორმაციულია და ქვეყანა ჯიუტად, თხის მსგავსად, ეძებს მხსნელს. არადა, თუ უნდა ეძიებდე მხსნელს, რად ეძებ მას იმ მიწაზე, რომელზეც მხოლოდ ცოდვის ნაყოფის შვილნი იბრვიან ფიზიკურად გადარჩენისთვის?
ხსნა უფალშია და მის სიყვარულში. უფალმა დაადგინა მეფობა მიწიერი და ხალხს აღუთქვა მეფის ხელით ხსნა. ასეთი იყო დავითი, მოსე და დღემდე ყველა ერისა თუ ბერის კაცნი, რომელთა იმედითა და მეოხებითაც სისხლნაჟღენთ მიწად შემოვრჩით ამ წუთისოფელს…
ტრამპის ძალაუფლების რეანიმაცია არაფრის მომტანია ისეთი სტატუსის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. თუ გვინდა, გვეთქმოდეს სიტყვა, მაშინ ანგარიშგასაწევი ქვეყნის სტატუსი უნდა შევიქმნათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იერუსალიმს დიდებით შესვლა საქართველოსი!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი